რუს პილოტებს უკრაინის ცაში "სიურპრიზები“ მოელით - საბჭოთადროინდელ "ბუკებს“ ნორვეგიული "ნასამსები“ ენაცვლებიან... - კვირის პალიტრა

რუს პილოტებს უკრაინის ცაში "სიურპრიზები“ მოელით - საბჭოთადროინდელ "ბუკებს“ ნორვეგიული "ნასამსები“ ენაცვლებიან...

უკრაინის ცაში მიმდინარე საჰაერო ბრძოლების ანალიზმა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარების სარდლის მოადგილეს, პოლკოვნიკ ანდრეიჩუკს მასმედიასთან ინტერვიუში შემდეგი ათქმევინა: მიუხედავად იმისა, რომ „ს-300“-ები უფრო შორ მანძილზე მოქმედებენ, ბრძოლებში „ბუკებმა“ უფრო გაამართლეს, რადგან მეტად მობილურები არიან, მაგრამ მისი რაკეტების მარაგიც იწურება და კარგი იქნებოდა ეს საბჭოთადროინდელი "ბუკები“ ნორვეგიულ-ამერიკული „ნასამსებით“ ჩაგვენაცვლებინაო...

უკრაინელმა პოლკოვნიკმა იცოდა,რას ამბობდა, რადგან ნორვეგიამ მართლაც გადასცა თანამედროვე NASAMS -ები უკრაინის არმიას, რაც ძალიან ბევრ ახალ „სიურპრიზს“ ჰპირდება უკრაინის ცაში დაუსჯელად ფრენის „მოყვარულ“ რუს პილოტებს...

ნორვეგიული საზენიტო „ნასამსი“ იგივე კონცეფციით შეიქმნა, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ისრაელის წარმოების „სპაიდერები“, რომლებმაც ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დროს მიიღეს მეტ-ნაკლებად წარმატებული "საბრძოლო ნათლობა" ქართულ ცაში.

ეს კონცეფცია ითვალისწინებს „მიწა-ჰაერის“ კლასის საზენიტო რაკეტის სახით, უკვე არსებული „ჰაერი-ჰაერი“ კლასის საავიაციო რაკეტების გამოყენებას.

თუკი ისრაელის საზენიტო-სარაკეტო „სპაიდერი“ შეიარაღებულია „პითონისა“ და „დერბის“ ტიპის საზენიტო რაკეტებით, რომელთა წინამორბედი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი საავიაციო რაკეტა იყო, ნორვეგიულ-ამერიკული საზენიტო „ნასამსი“კარგად ცნობილ, საშუალო სიშორის ამერიკულ საავიაციო რაკეტას AIM-120 AMRAAM -ს იყენებს, რომელიც ყველა ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავის ძირითად სარაკეტო შეიარაღებას წარმოადგენს.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის უკვე არსებული „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტების გამოყენება განპირობებული იყო დიდი თანხების დაზოგვის სურვილით - აღარ იყო საჭირო ახალი საზენიტო რაკეტის სპეციალურად დაპროექტება, დამზადება, გამოცდა და სერიული წარმოების დაწყება.

ერთი ისაა, რომ თუკი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტის სტარტის მომენტში თვითმფრინავი რამდენიმე ასეული კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს, მიწიდან, უძრავი მდგომარეობიდან გაშვებისას ასეთ რაკეტას უფრო მეტი ენერგია და შეიძლება დამატებითი სასტარტო ძრავაც კი დასჭირდეს.

samx2-1651332754.jpg
„ამრაამის“ საავიაციო რაკეტა საზენიტოდ „გადანათლეს“

ისე შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ერთ-ერთი პირველები ვინც „ჰაერი-ჰაერი“კლასის მართვადი საავიაციო რაკეტის საზენიტო რაკეტად გადაკეთება და საბრძოლო გამოყენება სცადა... ქართველები ვიყავით!

1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს ქართველ სამხედროებს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე „სტრელა-2მ“-ზე თუ „იგლა-1“-ზე უფრო შორს და მაღლა მოქმედი გამართული საზენიტო საშუალებები არ მოგვეპოვებოდა (დედოფლისწყაროს შენახვის ბაზაში დაყენებული თვითმავალი საზენიტო „კუბ“-ების საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა ვერ ან არ მოხერხდა, ხოლო სტაციონალური „ს-125“-ების საზენიტო-სარაკეტო ბატარეები აფხაზეთში არ გვქონია).

ამ პრობლემის რამენაირად გადასაწყვეტად, თბილისის საავიციო ქარხნის ინჟინრებმა ერთგვარ გამოსავალს მიაგნეს, მათ ამ ქარხანაში წლობით წარმოებული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავის „რ-60მ“ ტიპის "ჰაერი-ჰაერი" კლასის ახლო მოქმედების საავიაციო რაკეტების (რომლებსაც ასევე ეს ქარხანა აწყობდა) გასაშვები მობილური საზენიტო დანადგარი დაამზადეს.

ეს დანადგარი შავი ზღვის სანაპიროზე გამოიცადა, მაგრამ იმედები დიდად ვერ გაამართლა, რადგან დამატებითი სასტარტო ძრავის გარეშე, ამ რაკეტის მიწიდან სტარტისას ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები არასახარბიელო აღმოჩნდა.

samx3-1651332754.jpg
„ნასამს-2“-ის მობილური მოდიფიკაცია

უფრო ძლიერი, „რ-73“ ტიპის რაკეტის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება უკეთესი შედეგი ყოფილიყო, მაგრამ საქმე აქამდე აღარ მივიდა.

სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქართველი ინჟინრები ნახევრადკუსტარულად ცდილობდნენ „ჰაერი-ჰაერი“ კლასის საავიაციო რაკეტის საზენიტო რაკეტად გადაკეთებას, ნორვეგიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თავისი აეროდრომების დასაცავად შეიარაღებაში მიიღეს „ნასამსის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, „ამრაამის“ საავიციო რაკეტებით.

საზენიტოდ გადაკეთებულ „ამრაამის“ 150 კგ-იან რაკეტას აღარ დასჭირდა დამატებითი სასტარტო ძრავის დაყენება მიწიდან გაშვებისას, რადგან მისი მყარსაწვავინი რაკეტული ძრავა ისედაც დიდი სიძლიერით გამოირჩეოდა.

samx4-1651332754.png
ქართული ცის დასაცავად ასეთი კომპაქტური „ნასამსი“ არც ჩვენ გვაწყენდა...

„ნასამსის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ბატარეაში შემავალი მობილური მრავალფუნქციური რადიოლოკატორი 60-75 კმ-ის სიშორეძე აღმოაჩენს „გამანადგურებლის“ ტიპის საჰაერო სამიზნეს, რის შემდეგაც სტარტაღებული საზენიტო რაკეტა საკომანდო-ინერციული სისტემით ემიზნება საფრენ აპარატს, ხოლო სამიზნესთან 20 კმ-ზე დაახლოებისას ამოქმედდება რაკეტის საბორტე თვითდამიზნების რადიოლოკაციური თავაკი, რომელსაც თვით ზებგერითი გამანადგურებელიც კი უკვე ვეღარ დაუსხლტდება ხელიდან...

„ნასამსის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გათვალისწინებულია 25 კმ-ის რადიუსსა და 16 კმ-ის სიმაღლეზე, არაუმეტეს 1 კმ/წმ სიჩქარით მფრენი ობიექტის ჩამოსაგდებად, რასაც რაკეტის 22 კგ-იანი საბრძოლო ნაწილი გარანტირებულად უზრუნველყოფს.

უკრაინის ცაში შეჭრილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ძირითადად 5-6 კმ-ის მაღლა დაფრინავენ (მოიერიშეების გარდა), რათა არ მისწვდეთ გადასატანი „იგლადან“ ან „სტინგერიდან“ გაშვებული საზენიტო რაკეტები.

მაგრამ ნორვეგიელების მიერ ნაჩუქარი და უკრაინელი მეზენიტეების მიერ გაშვებული „ნასამსებიდან“ რუსების „სუ“-ები და „მიგ“-ები ძნელად თუ დააღწევენ თავს...