"რით და როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი" - რას წერს ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"რით და როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი" - რას წერს ამერიკული გამოცემა

ამერიკულ ჟურნალ „ნეიშენელ ინთერესთში“ (The National Interest) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "რით და როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი", რომლის ავტორები არიან სტივენ სიმბალა - პენსილვანიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი და ლოურენს კორბი - საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე.

დღეს საკმაოდ ბევრი პროგნოზი ქვეყნდება რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივისა და მისი დასრულების ვერსიების თაობაზე. ამ პუბლიკაციის ავტორებს საკუთარი ხედვები აქვთ, თუ როგორ შეიძლება ომი მშვიდობამ ჩაანაცვლოს და რა უნდა გააკეთოს ამ მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობამ. გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

„თუ ჩვენ ისტორია რაიმეს გვასწავლის, ერთ-ერთი გაკვეთილი ისაა, რომ ომის დასრულება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მისი დაწყება. ეს სრულად ეხება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყო და დასასრული არ უჩანს. ორი თვის ბრძოლების შემდეგ მხარეები ძალთა გადაჯგუფებას ახდენენ, რათა ერთმანეთს კიდევ უფრო მძლავრად დაეჯახნონ. რუსეთის სამხედრო მიზნებს ამ ეტაპზე ყირიმსა და დონბასს შორის წინა თვეების ბრძოლების შედეგად შექმნილი სახმელეთო დერეფნის განმტკიცება-გაფართოება წარმოადგენს, ხოლო უკრაინის სამხედრო მიზნებს - დღეისათვის კონტროლირებული ტერიტორიის შენარჩუნება და მისი გაფართოება.

რით და როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს?

არსებობს ოთხი ალტერნატიული სცენარი, რომელთა სუბიექტები შეიძლება იყვნენ როგორც თვითონ უკრაინა და რუსეთი, ასევე საერთაშორისო საზოგადოება:

პირველი - ერთ-ერთი მეომარი მხარე მეორეს გადამწყვეტ სამხედრო დამარცხებას აყენებს და ისეთ ომისშემდგომ წესრიგს კარნახობს, რომელიც გამარჯვებულის ინტერესებში შედის;

მეორე - სამხედრო მოქმედებები ჭიანურდება, ბრძოლებში პერმანენტულად ახალ-ახალი ძალები მონაწილეობენ, თუმცა მუდმივად მზარდი დანაკარგები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიური მოლაპარაკების მაგიდისაკენ უბიძგებს;

მესამე - ხდება ომის ესკალაცია, რაც საბრძოლო მოქმედებების ხასიათს მკვეთრად ცვლის: ეს გამოვლინდება ან ჰორიზონტალურად (ომში სხვა ქვეყნებიც ერთვებიან), ან ვერტიკალურად (ერთ-ერთი მხარე მასობრივი მოსპობის იარაღს იყენებს);

მეოთხე - ევროპული კრიზისის ექო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებზეც ახდენს გავლენას, რაც აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს ეხება (მაგალითად, ჩინეთი თავს ესხმის ტაივანს).

პირველი სცენარი, ანუ ერთი მხარის სრული კაპიტულაცია და მეორის გადამწყვეტი გამარჯვება ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა. ნატოს შეუძლია მუდმივად აწოდოს იარაღი უკრაინას, რუსეთის დიპლომატიური და ეკონომიკური იზოლაცია კი ნაკლებად ეფექტურია ომის შესაწყვეტად. სავარაუდოდ, უკრაინელი მეომრების გამოცდილება, რაც დრო გავა, მით უფრო გაუმჯობესდება, მაგრამ უკრაინას, ნატოს დახმარებითაც კი, რუსეთის ჯარების განდევნისა და კრემლის სრული კაპიტულაციისათვის ძალა არ შესწევს: დონბასი რუსეთს უშუალოდ ესაზღვრება, რაც ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის უწყვეტ განახლებას უზრუნველყოფს.

მეორე სცენარი ანუ გაჭიანურებული ომი, შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატიური მოლაპარაკება სრულიად შესაძლებელია, ვიდრე პირველი, მაგრამ ეს ვარიანტი მხოლოდ მაშინ განხორციელდება, თუ საერთაშორისო შუამავლები აქტიურად ჩაერევიან და ყველა მხარე მშვიდობის აუცილებლობაში დარწმუნდება. აქტიური როლი უნდა შეასრულონ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. როცა მხარეები დიპლომატიური მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, მტკიცედ უნდა იყოს დაცული ცეცხლის შეწყვეტის პრინციპი: „ნუ ისვრი და იდექი იქ, სადაც დგახარ“. მოლაპარაკების დროს დღის წესრიგში დადგება ორი კომპრომისული ალტერნატივა - უკრაინის სტატუსი ავსტრიის 1955 წლის ნეიტრალიტეტის ხელშეკრულების მსგავსად და დონბასის „დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ სტატუსი „მინსკი-2“-ის ფორმულის მიხედვით

მესამე სცენარი ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ რომელიმე მხარე საბრძოლო მოქმედებებს სხვა სახელმწიფოზეც გაავრცელებს, ან შეატყობს, რომ მარცხის საფრთხის ქვეშ დგება და მასობრივი განადგურების იარაღით ისარგებლებს. რუსეთი შეიძლება შეიჭრეს მოლდოვაში ან რომელიმე მოსაზღვრე ქვეყანაში. თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუნდაც მცირე ძალის მქონეს, ეს მსოფლიოზე უდიდეს პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოახდენს. მაგრამ როგორი იქნება ნატოს რეაქცია? აი, სამი სავარაუდო თეორიული ვარიანტი: ა) ფართომასშტაბიანი საპასუხო ავიასარაკეტო დარტყმა ჩვეულებრივი იარაღით რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე, თან მკაცრი გაფრთხილებით, რომ ამას ბირთვული დარტყმაც მოჰყვება; ბ) პროპორციული ბირთვული დარტყმა - ისეთივე სიმძლავრისა, როგორსაც რუსეთი უკრაინაში გამოიყენებს; გ) რუსეთის ასიმეტრიული ბირთვული პასუხი ნატოსადმი, კოსმოსური თანამგზავრების განადგურებით და კიბერშეტევების თანხლებით. არავინ იცის, მივა თუ არა საქმე ბირთვულ ომამდე. ჯერ-ჯერობით ამ საკითხში მხოლოდ სპეკულაციებისა და სიმულაციების ფაქტებს ვხედავთ.

რაც შეეხება მეოთხე სცენარს: თუ ვივარაუდებთ იმას, რომ მესამე სცენარი თავიდან იქნება აცილებული, მაშინ მეოთხე სცენარი პრობლემების არანაკლები შემქმნელი იქნება. ჩინეთის შეჭრა ტაივანზე სერიოზულ საერთაშორისო კრიზისს გამოიწვევს. მართალია, ამერიკას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე რეგიონული სამხედრო ამოცანის გადაწყვეტა, მაგრამ შეძლებს ამერიკა თავისი სამხედრო პოტენციალის ისე განაწილებას, რომ ძლიერ ჩინეთსაც დაუპირისპირდეს და რუსეთთან ომში უკრაინის მფარველადაც გამოვიდეს? ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად იქნებიან მზად მოსკოვი და პეკინი თავიანთი შორს მიმავალი მიზნების რეალიზებისათვის. სიტუაცია, როცა ჩინეთი თავს ესხმის ტაივანს, რუსეთი კი ევროპაში ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ესკალაციას ახორციელებს, ამერიკის სამხედრო პოტენციალს დასუსტების ზღვრამდე მიიყვანს...

შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დასარეგულირებლად მაინცდამაინც დამარწმუნებელი ვარიანტი არ არის, მაგრამ მისი ალტერნატივა - გააფთრებული ბრძოლები გეოგრაფიული ექსპანსიის პერსპექტივით - კიდევ უფრო უარესია. და თუ რუსულს ჩინური სამხედრო კამპანიაც დაემატება, მაშინ ყოველგვარი პროგნოზი უაზრობა იქნება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ