დაკავებულია 6 პირი - პოლიციამ თბილისში, სამეგრელოში, გურიისა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - კვირის პალიტრა

დაკავებულია 6 პირი - პოლიციამ თბილისში, სამეგრელოში, გურიისა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 6 პირი.ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაცით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ჟ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 15 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული ჯ.ჯ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ, ჯ.ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ვინჩესტერის ტიპის სანადირო თოფი, მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა.

ამავე დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ორლულიანი სანადირო თოფი, რევოლვერი და 15 საბრძოლო ვაზნა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ზესტაფონში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"