"ამ ეპოქამ უკვე იპოვა თავისი "გმირი" - ალექსი არესტოვიჩი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებასა და ომის მსხვერპლზე ერთნაირი თვითკმაყოფილი ღიმილით ილაპარაკოს" - კვირის პალიტრა

"ამ ეპოქამ უკვე იპოვა თავისი "გმირი" - ალექსი არესტოვიჩი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებასა და ომის მსხვერპლზე ერთნაირი თვითკმაყოფილი ღიმილით ილაპარაკოს"

„ამ ეპოქამ უკვე იპოვა თავისი „გმირი“ - ალექსი არესტოვიჩი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებასა და ომის მსხვერპლზე ერთნაირი თვითკმაყოფილი ღიმილით ილაპარაკოს“

უკრაინის ომი და საქართველო, ევროკავშირის კითხვარი და ქვეყნის ევროპული მომავალი - ეს არის თემები, რომელთა შესახებ პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრა:

- ველოდი, რომ უკრაინის ომი გაჭიანურდებოდა, მასშტაბიც გაიზრდებოდა, რადგან აგრესორ რუსეთსა და ამერიკას დიდი ფსონები აქვთ დადებული. თუ რუსეთი წააგებს, თავის იმპერიულ განზრახვასა და მარცხს სხეულის დაშლად აღიქვამს, ხოლო, თუ უკრაინა დამარცხდება, ამერიკა სამყაროს დემოკრატიული ლიდერის მოსასხამს კარგავს. ასე რომ, ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და შესაბამისად, მალე ვერ დასრულდება. დიდი სიფრთხილე და გონივრულობა გვმართებს, რომ უეცრად სხვა რეალობაში არ აღმოვჩნდეთ. საქმე ის არის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ამ ომში თავის სარგებელს ეძებს. ამდენი ადამიანის დაღუპვის ტრაგედია, თითქოს თან გააზრებულია და თან არა. გააზრებული რომ იყოს, ვიღაცები პოლიტიკურ კარიერაზე აღარ იფუსფუსებდნენ და ამდენ მარიფათს არ გამოიჩენდნენ. საბედნიეროდ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ძალიან მკაფიოდ უპასუხა ხელისუფლებამ, რომ ამას არ დაუშვებს, რაც სწორია, რადგან ჩვენ რუსეთის საარტილერიო დაბომბვების ასატანად და გადასატანად არც ადამიანური რესურსი გვაქვს და არც სამხედრო. შესაძლოა ეს საქართველოს დაღუპვასაც კი უქადდეს. მეორე ფრონტის მომხრე ოპოზიცია, მცირე ნაწილს თუ არ ჩავთვლით, არც ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს. ქვეყნის მოსახლეობას ახლა თუ რამე გააერთიანებს, ეს არის შეძახილი "არა ომს!"

magradze.png

ამას წინათ "პროექტის მოქალაქეები" ვახსენე, რაშიც, უნაციო, უსამშობლო ხალხს ვგულისხმობდი. მათ სამშობლოს განცდა არა აქვთ და მზად არიან რაღაც პროექტში პატივმოყვარეობის, ამბიციის, უთავმოყვარეობის გამო ჩაერთონ-მეთქი. სწორედ ეს ეპოქა დგას ახლა. ამ პროექტს თავისი მოქალაქეები ჰყავს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა, მაგალითად, პროექტთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაც ეკრძალებათ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ამ ეპოქამდე, ადამიანი სრულყოფილებისკენ ისწრაფოდა, ოღონდ ამ გზაზე თავისი ვნებებისა და ცოდვა-ბრალის გამო ბარიერები ექმნებოდა, მაგრამ იცოდა, რომ პრობლემა მასშია და არა სრულყოფილებაში. ახლა კი მორალი შეტრიალდა, პროექტის მოქალაქემ ჩათვალა, რომ პრობლემა ღირებულებებშია. ორი უკიდურესობაა - რუსეთი თავის ერთადერთობასა და განუმეორებლობაში პოულობს ბედნიერებას, ცივილიზებული სამყარო რუსეთში პოულობს თავისი უბედურების ყველა მიზეზს. ეს არის მორალური ქაოსი, რომელმაც სამყარო მოიცვა.

ამ ეპოქამ უკვე იპოვა თავისი "გმირი" - ალექსი არესტოვიჩი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებასა და ომის მსხვერპლზე ერთნაირი თვითკმაყოფილი ღიმილით ილაპარაკოს. არ გამიკვირდება, რომ მალე თავი ქრისტედ ან ანტიქრისტედ გამოაცხადოს, იმიტომ, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი ორი სამყარო მისი ამბიციებისთვის თანაბრად მისაღებია. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების არაერთი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ არესტოვიჩის პერსონაზე შევჩერდი როგორც პროექტის ეპოქის გმირზე... ჩვენ კი ასეთი ქარიშხლის მიუხედავად, უკრაინელ ხალხს სრული თანადგომა და თანაგრძნობა უნდა გამოვუცხადოთ, ისე, როგორც ვაკეთებთ კიდეც. ორ თვეზე მეტია, ქართველი საზოგადოება, რომელსაც­ თუნდაც ბოლო ოცდაათი­ წლის განმავლობაში არაერთი ომი უწვნევია, სუნთქავს და ცხოვრობს უკრაინის ომზე განცდებით, მისი ტკივილით, თანაგრძნობით. უდანაშაულო ადამიანებზე მიშვებულ ყველა ტყვიას საკუთარ სულსა და სხეულზე ვგრძნობთ. თავად უამრავი­ პრობლემის მქონე ხალხი ვცდილობთ მათ Yლუკმაპური გავუყოთ; მათი ტკივილი, ცრემლი და პატარ-პატარა სიხარული გავიყოთ. ამ ადამიანური ტრაგედიების ასე გათავისება ყველას არ შეუძლია, ეს ერის ნიჭია და ამას აფასებს კიდეც უმა­გალითოდ შეუპოვარი უკრაინელი­ ხალხი... როდესაც­ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს მთავრობაზე ცინიკურ­ად საუბრობენ, რუსეთში დარეგისტრირებული უკრაინაში მოქმედი კომპანიების ფართო სიასაც გადახედონ. ამ ომით რუსეთი სამყაროს ახალ რეალობას სთავაზობს, მაგრამ ამერიკა არ იღებს და ცდილობს ეს ასპარეზი წაართვას. აქ გადის ზღვარი­ დასაშვებსა და დაუშვებელს შორის. იმედია, რუსეთს გავლენიანი თამაშის შესაძლებლობა არ მიეცემა.

- რუსი ხალხის ნაწილი თავად ამბობს, რომ შემგუებელი ერი აღმოჩნდა...

- რუსეთის ხელისუფლება ამ განზრახვაზე ხელს არ აიღებს, რადგან მისი ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება და არა მგონია, ფრაგმენტულად გამოხატული საზოგადოებრივი აზრი და ომის გაპროტესტება იმდენად ძლიერი იყოს, კრემლმა პოზიცია შეცვალოს. რუსეთში სამოქალაქო ომი მოხდა მაშინ, როდესაც იმპერატორი დაამხეს, რა დროსაც არისტოკრატია დიდწილად დახოცეს. ვინც გადარჩა, ემიგრაციაში წავიდა, მაშინ სასწაულებრივად გადარჩენილი სახელოვნებო სამყაროს წრეები 1936-37 წლებში დახვრიტეს. ამას უკვალოდ არ ჩაუვლია და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას დიდი დაღი დაასვა. ასე რომ, სტალინმა ახმატოვას რუსეთი ჩაიბარა და დატოვა მოროზოვის რუსეთი, რომელიც თავს მშობლების დაბეზღებით იწონებდა...

დღევანდელობა მე-20 საუკუნის დასა­წყისს მაგონებს. ამ საუკუნის 20-იან წლებში­ ჩამოყალიბდა საერთაშორისო პროექტი, რომელიც ახალი ტიპის ადამიანის შექმნას­ გულისხმობს. მაშინაც რუსეთში დაიწყო რევოლუცია. როგორც ერთმა რევოლუციონერმა თქვა, რუსეთის მოსახლეობა და ხალხი ფიჩხია, რომლისგანაც მსოფლიო ხანძარი უნდა აინთოსო. ახლაც რაღაც მსგავსი პროექტის შექმნის ცდას ვუყურებთ.

- ქართველი საზოგადოება ინტერესით ელოდება ევროკავშირის კითხვარის შევსებას. თქვენი განწყობა როგორია?

- საქართველო დე­მოკრატიული­ ქვეყანაა, სადაც თითქმის ყველა პარტიას საკუთარი ტელევიზია აქვს. შესაბამისად, ახლანდელ ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ აბრალებენ პრორუსობას თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრორუსული დემოკრატია არ არსებობს. საქართველო თავისი ორიენტაციით, კულტურის ისტორიით, აზროვნების კატეგორიით ევროპული ქვეყანაა.

- თუმცა ევროკავშირის ოფიციალური წევრობისთვის ქვეყანა სხვა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო...

- ამ ხელისუფლებას უამრავი გადაცდომა აქვს, დამოუკიდებელი სასამართლო ყველაზე თვალსაჩინოა, მაგრამ კითხვარის შემოთავაზება უკვე დასტურია იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი აქვს. ვფიქრობ, საქართველო ევროპისგან მეტ მხარდაჭერას იმსახურებს. რაც შეეხება სასამართლოს, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს და არ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის მოთხოვნა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი­ სასამართლოს ინსტიტუტის ტრადიცია დიდი ხანია არ ჰქონია. საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში ასეთი ინსტიტუტი არ გვქონია. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი შესაძლოა იმაში გამოიხატოს, რომ ერთად ვცადოთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ჩამოყალიბება და ეს ჩვენი ევროკავშირისგან გარიყვის საბაბად არ იქცეს, მით უფრო, რომ ჩვენი და ევროკავშირის ინტერესები საერთოა. ყველა სფეროში მოწესრიგებული და დალაგებული ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება იმ ხარვეზების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რომლებიც ახლა საქართველოს აქვს. თუკი ერთი ოჯახის წევრობაზე ვსაუბრობთ, პრობლემებისა და ბარიერების გადალახვაში უნდა დაგვეხმარონ, რათა განვითარებისკენ ვიაროთ.

2012 წელს ქართველი საზოგადოების არჩევანით ის პროექტი ჩაიხსნა, რომლის მიხედვითაც ახლა თბილისი, თელავი, ქუთაისი და სხვა ქართული ქალაქები უნდა დაბომბილიყო. ასე რომ, ამ ქვეყანას სრული უფლება აქვს საკუთარი ხალხის გაჟლეტა არ სურდეს... უკრაინას რუსეთი დაესხა და თავს იცავს, ჩვენ კი რას გვირჩევენ, რომ ამასობაში რუსეთს დავესხათ თავს?.. საქართველო იმ საერთაშორისო გადაწყვეტილების მხარდამჭერი, ხელის მომწერი ან ინიციატორია, რაც რუსეთის წინააღმდეგ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რუსეთთან საერთო საზღვარი გვაქვს, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული, ფაქტობრივად, ტანკის ლულის პირისპირ ვცხოვრობთ და მეტი რაღა უნდა ვიაქტიუროთ?.. თუ ვინმეს განზრახული აქვს აქ მეორე ფრონტის გახსნა, შევახსენებ, რომ 2012 წელს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება მოხდა - ეს პროექტი ჩავარდა.

როდესაც "ნაცმოძრაობის" პერიოდზე ვსაუბრობთ, იმ რეჟიმის დახასიათებისას, იმ წამებას, ადამიანის სიცოცხლის არაფრად ჩაგდებას, ბიზნესის რეკეტს, ადამიანების გაუპატიურებას, მკვლელობებსა და სხვა მრავალფეროვან დარღვევებს ვიხსენებთ იმ რეჟიმის თვალსაჩინოებისთვის. თითქოს გვგონია, რომ მისმა მხარდამჭერებმა­ ეს არ იციან და თუ გაიგებენ, პოზიციას შეიცვლიან. საბედნიეროდ, მათ მოსახლეობის მცირე ნაწილი უჭერს მხარს... კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ყველა დიდი უსამართლობა ხომ დიდი სამართლის სახელით არის ჩადენილი, ესპანურ ინკვიზიციას თომას დე ტორკვემადა რომ უძღვებოდა, საშინელებებს ქრისტეს სახელით სჩადიოდა. ახლაც ლიბერალურ ლოზუნგებს ამოფარებულ ადამიანებს შავი განზრახვა აქვთ. რაც შეეხება საქართველოს დემოკრატიას, პოლიტიკური პარტიების საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებზე რომ არაფერი ვთქვათ, აგერ იმაზე მსჯელობენ, პატიმარ სააკაშვილს ბადენ-ბადენში ურჩევნია თუ სეიშელის კუნძულებზე, რომ ერთი მსახიობის თეატრი უფრო ეფექტურად გააგრძელოს.

- როგორი გახდა დღეს მსოფლიო რუსეთის აგრესიის პირისპირ?

- ყველა ქვეყანას პატარ-პატარა ინტერესი აქვს რუსული ბოროტების დასამარცხებლად, მაგრამ რაც მთავარია, გაერთიანდნენ, გაზის მიმართაც კი შეიცვალა პოლიტიკა, რუბლზე არ ყიდულობენ გაზს, თუმცა საფრთხე მაინც დიდია. მთელი გულით მინდა ეს სისხლის ღვრა მალე დასრულდეს, ეს ჯოჯოხეთი შეწყდეს, მაგრამ ამის იმედი არა მაქვს. ამერიკა და დასავლეთი არ იღებენ რუსეთის შეთავაზებულ რეალობას. დასავლეთი ასეთი ერთიანი 2008 წელს რომ ყოფილიყო, ახლა მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა...

კიდევ ერთი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სამხედრო აგრესიაზე საუბარი დანაშაულია. ჩვენ, აფხაზებსა და ოსებს ერთმანეთში არც მაშინ უნდა გვეომა, ახლა მით უმეტეს, ეს სახელმწიფოს განადგურების ტოლფასი იქნება. ჩემი წიგნი ეთნიკურად აფხაზებმა და ოსებმა თარგმნეს. ეს ბიუჯეტის ფორმატში არ გაუკეთებიათ, უანგაროდ იმუშავეს, რაც როგორც პოეტისთვის და ამ ქვეყნის შვილისთვის დიდი პატივია. თუმცა მათ ასაჯილდოებლად პრეზიდენტმა ჯერჯერობით ვერ მოიცალა.