მარიუპოლის მერი: "მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას, რომ უკრაინას ასე უჭერენ მხარს“ - კვირის პალიტრა

მარიუპოლის მერი: "მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას, რომ უკრაინას ასე უჭერენ მხარს“

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მარიუპოლისკენ არის მიპყრობილი. ქალაქის დამცველები ამბობენ, რომ დაიხოცებიან და ოკუპანტის წინაშე თავს არ დახრიან. ჩვენს კითხვებს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო უპასუხებს.

- მადლობას მოვახსენებთ ყველა საერთაშორისო მისიას: წითელ ჯვარს, გაეროს, ყველას, ვინც ერთი მიზნისთვის გაე­რთიანდა - ჩვენი საყვარელი მარიუპო­ლელების გადასარჩენად. ისინი 60 დღეზე­ მეტია, სხვადასხვა თავშესაფარში არიან და ცდილობენ, თავი დააღწიონ ავიაციის დაბომბვას, საარტილერიო ცეცხლ­ს. მაინც გვაქვს იმედი, რომ მოსახლეობა მოახერხებს­ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას­.

- როდისთვის ველოდოთ სასიხარულო ამბებს მარიუპოლიდან, რომელსაც ქართველებიც მსოფლიოსთან ერთად ვგულშემატკივრობთ?

- მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას, რომ უკრაინას ასე უჭერენ მხარს. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი დიდი მხარდაჭერა და დახმარება. ვსულდგმულობთ იმედით, რომ დადგება წუთი, როცა მივიღებთ სასიხარულო ცნობას, რომ ასობით ადამიანს, მათ შორის - უამრავ დაჭრილს, გადარჩენის შანსი მიეცა. დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ თითოეული მარიუპოლელის გადარჩენაა.

- რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა­ პესკოვმა განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შეუძლია გამოვიდეს "აზოვსტალიდან"­, მაგრამ აზოველებმა იარაღი უნდა დაყარონ, არადა, ისინი იარაღის დაყრას არ აპირებენ.

- ჩვენ ვემხრობით "აზოვის", ეროვნული გვარდიის, ყველა შეიარაღებული შენაერთის პოზიციას. ის პოლკი, რომელიც ახლა "აზოვსტალის" ტერიტორიაზეა, ჩვენს სამშობლოს იცავს, ისევე, როგორც ყველა სხვა შენაერთი. სწორედ მათი თავგანწირვის წყალობით ვაკავებთ მტრის მრავალრიცხოვან ჯარს და უკუვაგდებთ კიდეც.

მარიუპოლში 20 ათასზე მეტი ადამიანი­ დაიღუპა, დარჩენილ მოსახლეობას კი შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ სამუშაოს ასრულებინებენ. ამის წყალობით ისინი თავიანთ სამხედრო დანაშაულს ნიღბავენ. 24 თებერვლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 800-ზე მეტი სამხედრო დანაშაული დაფიქსირდა. მზადდება მასშტაბური სისხლის სამართლის საქმე რუსეთის, კერძოდ, პუტინის წინააღმდეგ... მარიუპოლში ყოველ მეორე ადამიანს, შეიძლება ითქვას, რუსული ფესვები აქვს, ყოველი მეორე რუსულად ლაპარაკობს და არმიამ, რომელიც თავს განმათავისუფლებელს უწოდებს, აქ 20 000-ზე მეტი ადამიანი მოსპო და გაანადგურა ინფრასტრუქტურის 40%, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. საინტერესოა, ვისგან ათავისუფლებენ უკრაინას?!

- ბევრმა არ იცის, რომ მარიუპოლის თეატრის დაბომბვის დროს თქვენი ოჯახის­ წევრებიც იქ იყვნენ. საბედნიეროდ, გადარჩნენ.

- დედა ამბობს, რომ არასდროს დაავიწყდება ის საშინელება და განსაკუთრებით, ჩემი ძმისშვილის ტირილი, რომელიც პურს ითხოვდა... დღეს ხალხი გამოდის ნანგრევებიდან, მაგრამ საზარელ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის. დედაჩემიც ასე იყო. ის გაგლეჯილი კუჭით გამოვიდა ოკუპირებული ტერიტორიიდან და ოპერაცია დასჭირდა. მადლობა ღმერთს, გადარჩა...

- თქვით, რომ მარიუპოლის მახლობლად­, თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსებს მოწყობილი აქვთ საფილტრაციო­ ცე­ნ­ტრები, რაც სინამდვილეში საკონცენტრაციო­ ბა­ნაკებია. რამდენი მარიუპოლელია ამ ბანაკებში?

- მარიუპოლი ბლოკადაშია. ჩვენ მხოლოდ 13 მარტს მოვახერხეთ პირველი დერეფნის გაკეთება და ამის წყალობით 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გამოვიყვანეთ. სამწუხაროდ, დღეს მარიუპოლში დაახლოებით ამდენივე მოქალაქეა, რომლებიც ევაკუირებას ელოდებიან, მაგრამ ისინი შეზღუდული არიან ოთხი, ე.წ. საფილტრაციო ცენტრით. რუსები სწრაფად ახდენენ უკრაინელების დეპორტაციას დონბასის რესპუბლიკისაკენ, მაგრამ ძალზე ნელა მიმდინარეობს ევაკუირება უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

- თქვენ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ რუსები სწავლობენ თითოეული მარიუ­პოლელის­ მონაცემებს. არის შემთხვევები, როცა დედებს ნაციონალისტობაში ადანაშაულებენ და ჩვილ ბავშვებს ართმევენ...

- ათასობით ასეთი მაგალითი გვაქვს.­ მადლობელი ვარ იმ მოქალაქეების, რომ­ლებიც ასეთი სიმხეცის დამადასტურებელ ინფორმაციას გვაწვდიან. ახალგაზ­რდა ქალს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობს, ორი წლის შვილი­ ჰყავს,­ ემუქრებიან, რომ შვილს ჩამოართმევენ, რადგან ნაცისტია. ჩვენი მოხალისეები­ მარიუპოლში შედიან, რომ მშობლები, მეზობლები გამოიყვანონ, მაგრამ მათ ციხეებში­ ათავსებენ და აწამებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საწინააღმდეგო ყალბი­ ინფორმაცია ათქმევინონ. მოხალისეებით სავსე ათი ავტობუსი გავგზავნეთ და უკან მხოლოდ ორი დაგვიბრუნდა, დანარჩენები­ ციხეებში გამოამწყვდიეს... ჩემი დაპატიმრებაც სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ამისთვის მადლობა ჩვენს სპეცსამსახურებს. სწორედ მათ გადამარჩინეს, რომ რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. დონბასის რესპუბლიკის­ ხელისუფალთა ხელში არ ჩავვარდნილიყავი.