ბირთვული მუქარა - დამარცხების შიშით ნაკარნახევი გზა თუ რეალური საფრთხე? - კვირის პალიტრა

ბირთვული მუქარა - დამარცხების შიშით ნაკარნახევი გზა თუ რეალური საფრთხე?

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ბირთვული საფრთხე რეალურია და მისი "არასწორი შეფასება არ შეიძლება". 26 მარტს მან მსოფლიოს ბირთვული ომის რისკები შეახსენა და თქვა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დასავლეთის რუსეთთან მარიონეტულ ომში ჩართვას ნიშნავს. მანამდე კი პუტინი მსოფლიოს დაემუქრა, რომ თუ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში ჩაერთვებიან, რუსეთის საპასუხო დარტყმა "ელვისებური იქნება":­ "ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, ისეთი, როგორითაც ახლა ვერავინ დაიტრაბახებს. ჩვენ კი ტრაბახს არ ვაპირებთ, ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ საჭირო გახდება და მინდა ამის შესახებ ყველამ იცოდეს". ამის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს "რუსეთის მარცხის დასტურია". ბაიდენის თქმით, "ეს რუსეთის სასოწარკვეთას ცხადყოფს". აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა CNN-თან საუბრისას ბირთვულ ომთან დაკავშირებულ რუსეთის ბოლოდროინდელ რიტორიკას "ბირთვული შანტაჟი" უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკა ამას არ შეეგუება.

ბირთვული/ატომური იარაღი

ბირთვული იარაღი, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან ერთად, მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღების ჯგუფს.­ მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ფეთქებადი­ მოწყობილობა, რომელშიც ენერგიის წყაროა ბირთვული რეაქცია, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა: ატომის ბირთვების დაყოფა და ატომის ბირთვების სინთეზი.

პირველ შემთხვევაში პრინციპი მძიმე­ ელემენტის ბირთვის გახლეჩის ეფექტის გამოყენებაა (ეს პრინციპი ეყრდნობა აინშტაინის­ ფარდობითობის თეორიას). დაყოფის ეფექტით ბირთვული იარაღის წარმოებაში ძირითადად გამოიყენება ურანი ან პლუტონიუმი (შესაძლებელია­ სხვა ნივთიერებათა გამოყენებაც). რეაქციის დასაწყებად დიდი საწყისი ენერგიაა საჭირო­. ამისათვის ურანის იდეალური ფორმის ბირთვს ათავსებენ ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერების ცენტრში და აფეთქებენ. ამასთან, ურანი უნდა იყოს გამდიდრებული და მინარევებისაგან სრულად გაწმენდილი. ურანის გამდიდრება ნიშნავს ურანის დიდი მასიდან "იზოტოპ U235"-ის გამოყოფას. თვითონ რეაქცია მიმდინარეობს ჯაჭვურად, ზვავის ეფექტის პრინციპით - ანუ ურანის ბირთვი დაშლისას გამოასხივებს ნეიტრონებს, რომლებიც ეჯახებიან ურანის სხვა ბირთვებს და ხლეჩენ მას. ისინიც გამოასხივებენ ნეიტრონებს და ა.შ. სწორი დაგეგმარების შემთხვევაში რეაქცია მიმდინარეობს დიდი აფეთქების სიჩქარით.

რაც შეეხება მეორე, ატომური ბირთვების სინთეზის მეთოდს, მას თერმობირ­თვულ რეაქციას უწოდებენ და მასში გამოიყენება მსუბუქი ელემენტის ბირთვების სინთეზის ეფექტი, რის შემდეგაც წარმოიქმნება ერთი შედარებით მძიმე ელემენტის ბირთვი. მსუბუქ ელემენტად გამოიყენება­ წყალბადის ბირთვი. ამ რეაქციაში გამოიყენება წყალბადის იზოტოპები, დეიტერიუმი (მძიმე წყალი) ან ტრიტიუმი (ზემძიმე წყალი). ეს იზოტოპები იშვიათად გვხვდება ბუნებაში და მათი განსაზღვრული რაოდენობის მიღება ურთულესი ტექნოლოგიური საკითხია. რეაქციის არსი მდგომარეობს შემდეგში: წყალბადის ბირთვებს ენიჭება იმდენად დიდი ენერგია, რომ ურთიერთშეჯახებისას ისინი გადალახავენ ბირთვული ველის წინააღმდეგობას და ხდება ბირთვების სინთეზი, რის შედეგადაც მიიღება ჰელიუმის ბირთვი. ამ დროს გამოყოფილი ენერგია რამდენიმე თანრიგით აღემატება ბირთვების გახლეჩის რეაქციის ენერგიას.

შესაბამისად, ბირთვული მუხტის მიხედვით განასხვავებენ თერმობირთვულ იარა­ღსა და ნეიტრონულ იარაღს. გამანადგურე­ბელი ეფექტი ორივეს მსგავსი აქვს და ესენია: დასხივება, იონური გამოსხივება, დამრტყმელი ტალღა, რადიოაქტიური დაბინძურება და ელექტრომაგნიტური იმპულსი.

ბირთვული იარაღი დანიშნულების მიხედვით იყოფა ტაქტიკურ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ ჯგუფებად.

ბირთვულ იარაღზე მუშაობა ჯერ კიდევ ჰიტლერის ინიციატივით დაიწყო, თუმცა ეს ვერ მოახერხეს და პირველი ატომური ბომბი აშშ-მა "მანჰეტენის პროექტის" ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და კანადის დახმარებით შექმნა. თავდაპირველად ეს პროექტი ამერიკელი და ევროპიდან გაქცეული მეცნიერების, მათ შორის, ალბერტ აინშტაინის ინიციატივით დაიწყო იმ მოტივით, რომ ჰიტლერს არ დაესწრო შექმნა­ ("მანჰეტენის პროექტის" ფარგლებში 130 000 მეტი კაცი მუშაობდა ოცდაათზე მეტ სამეცნიერო ინსტიტუტში და მისმა ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა).

პირველი ბირთვული ბომბი, რომელსაც უბრალოდ Gadget-ი ერქვა, 1945 წელს ნიუ-მექსიკოს შტატში ალამოგორდოს პოლიგონზე გამოცადეს, მეორე და მესამე ბომბები კი - ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი Little Boy ჰიროსიმაში ჩამოაგდეს, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე, Fat Man, ნაგასაკიში. მიჩნეულია, რომ ბირთვული დაბომბვისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 კაცი დაიღუპა, ხოლო 74 000 - ნაგასაკიში.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დღეს ატომურ იარაღს 9 ქვეყანა ფლობს და აქედან 3 ნატოს წევრია. 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 13 000-ზე მეტი ხელმისაწვდომი ბირთვული ქობინი არსებობს. მათი ქვეყნებს შორის განაწილება ასეთია: ნატო - 6 065, რომელიც წევრ ქვეყნებზე ასე ნაწილდება: აშშ - 5 550, აქედან 1 389 აქტიურია, 2 361 ხელმისაწვდომი და 1 800 გამოუსადეგარი; საფრანგეთი - 290, საიდანაც ყველა ხელმისაწვდომია; დიდი ბრიტანეთი - 225, ყველა ხელმისაწვდომია; რუსეთი - 6 257, აქედან 1 458 აქტიურია, 3 039 ხელმისაწვდომია და 1 760 გამოუსადეგარია.

დანარჩენ ქვეყნებს რაც აქვთ, აქტიური არც ერთი არ არის და ყველა ხელმისაწვდომ მდგომარეობაშია. მათ შორის განაწილება ასეთია: ჩინეთი - 350; პაკისტანი - 165; ინდოეთი - 156; ისრაელი - 90 და ჩრდილოეთ კორეა - 50.

რამდენად რეალურია საფრთხე და რას აპირებს დასავლეთი ამის პრევენციისთვის, "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების ქართველ სპეციალისტებს ესაუბრა:

"თუ უკრაინა შეტევაზე გადავიდა, რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ქიმიური იარაღი"

თორნიკე შარაშენიძე: - რუსეთი ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება,­ რათა დასავლეთსა და ნატოს სამხედრო მოსამსახურეები არ გაეგზავნა უკრაინაში­ საომრად. ეს არ მოხდა და არც არავინ აპირებდა ჯარების გაგზავნას. რაც შეეხება­ იარაღის მიწოდებას, ეს რუსეთს არ აბედნიერებს, მაგრამ ამის გამო მსოფლიო ომს არ დაიწყებენ. თუმცა შესაძლებელია გააძლიერონ დაბომბვა, მაგალითად, რკინიგზის ხაზების და ჩემი აზრით, ეს ნამდვილად მოხდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე გადავლილია.

- რუსეთს ძალიან აღიზიანებს, რომ უკრაინას მხარდაჭერა აქვს, რათა გადავიდეს შეტევაზე რუსეთის ტერიტორიაზე.

- თუ უკრაინა შეტევაზე გადავა, რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს მასობრივი განადგურების რომელიმე ტაქტიკური იარ­აღი, მაგალითად, ქიმიური. ბირთვული მაინც მეეჭვება. ვფიქრობ, გლობალური ომის დაწყებას მაინც ყველა მოერიდება, რადგან გასაგებია, როგორც დამთავრდება.

"რუსეთი რაც მეტად დაიმუქრება, მით მეტად დაეხმარება დასავლეთი უკრაინას"

გიორგი რუხაძე: - რუსეთმა მუქარა ბოლო დროს გაახშირა და ეს მანიშნებელია იმისა, რომ რუსეთი მიზანს ვერ აღწევს. უკრაინის სამხედრო ძალების შეიარაღების ტემპი, სანქციებით წნეხი რუსეთის ეკონომიკაზე და ა.შ. მეტ-ნაკლებად მუშაობს და რუსეთი ცდილობს შანტაჟით შეამცირებინოს დასავლეთს ეს წნეხი. ამის მანიშნებელია მისი მუქარა და ამას უკვე უპას­უხეს კიდეც დასავლეთში. თავისთავად ის, რომ რამშტაინის ბაზაში 40-ზე მეტი ქვეყნის­ თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა, სადაც შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დამარცხდეს რუსეთი უკრაინაში, რეალურად ეს არის პასუხი რუსეთის მუქარაზე. რუსეთის მუქარის შედეგად არ შემცირებულა­ შეიარაღების ტემპი. რაც მეტად დაიმუქრება, მით მეტად დაეხმარება დასავლეთი უკრაინას.

- თუ ბირთვული იარაღის გამოყენების რაიმე ალბათობა არსებობს, დასავლეთის ქმედება როგორი უნდა იყოს?

- თუ ჩავთვლით, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს ავტომატურად გადაიყვანს ნატოსთან ომში, მაშინ ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია - თუ ნატო ერთვება ომში თავისი ბირთვული პოტენციალით, მაშინ რუსეთს გამარჯვების შანსიც კი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე და რაც მთავარია, იმის გათვალისწინებით, რომ ბირთვული შეტევა უკრაინაზე თავად რუსეთსაც დააზარალებს და მისი შეკავება უკრაინის ფარგლებში შეუძლებელი იქნება, რაც მერე უკვე სხვა ქვეყნების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას გამოიწვევს, იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი ამას მხოლოდ სიტყვის მასალად იყენებს, იქნებ შეაშინოს დასავლეთი.­ ვფიქრობ, ამას რეალურად არ განიხილავს, რადგან მაშინ ომი აბსოლუტურად სხვა სივრცეში გადავა. ხომ წარმოგიდგენიათ, ნატოს შეიარაღებული ძალები თუ ჩაერთვებიან, რა იქნება.

"ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ განცხადებები აღქმულია როგორც ბლეფი"

ვანო მაჭავარიანი: - რუსეთი უკრაინაში ტოტალურ ომს აწარმოებს - ანუ მისთვის სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეები სულერთია. მისი მიზანია უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის განადგურება. პუტინს მიაჩნია, რომ ისტორიული მისია აქვს, რომ უნდა დაამარცხოს დასავლეთი უკრაინაში, ის აღარ იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამის მისაღწევად ყველა საშუალებას მიმართავს. ის, რომ ომის პირველი ფაზა წააგო, კიევი ვერ აიღო, დიდი მარცხი­ განიცადა და თავისი გეგმის შეცვლა უწევს, სწორედ ამით არის განპირობებული პუტინის მუდმივი მუქარა, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ემუქრება ყველას, ვინც კი ჩაერევა ამ ომში. არადა, დასავლეთი არათუ ჩარეულია, არამედ მონაწილეობს კიდეც უკრაინისთვის ყოველგვარი დახმარებით.

- ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარაში რას გულისხმობს პუტინი, ეს შეიძლება­ იყოს სტრატეგიული თუ ტაქტიკური იარაღი?

- თუ მუქარაზე ვისაუბრებთ, ორივე, მაგრამ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ აშშ-ის თავდაცვის უწყებისგან, რომ რისკი მსგავსი ქმედებისა არის 1%. ამიტომ ყურადღებით აკვირდებიან პუტინის ნებისმიერ სიტყვას. კრემლის მსგავსი განცხადებები, აღქმულია როგორც ბლეფი. რუსეთის მიზანია, დააშინოს უკრაინა და დასავლეთი, თუმცა რას და როგორ გამოიყენებს, პროგნოზირება ძნელია, საფრთხე არის, მაგრამ რისკები მართვადია. ასევე, საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, გამოყენების მასშტაბიც შეიძლება ძალიან ლოკალური იყოს. სწორედ ამისთვის აჩვენა დასავლეთს, რომ შეიძლება­ გამოიყენოს ახალი სარაკეტო ქობინები, რომელთაც აქვთ უნარი მსგავსი დარტყმა მიაყენონ მოწინააღმდეგეს. რუსეთმა­ კარგად იცის, თუ სტრატეგიულ ატომურ იარაღს გამოიყენებს, მაშინვე ამოქმედდება ორმხრივი განადგურების რეჟიმი, რითაც თავად რუსეთი შეიქნება ატომური შეტევის ობიექტი. ამიტომ ამ ეტაპზე ეს მუქარა უფრო შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

- დასავლეთის პასუხი როგორი შეიძლება იყოს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ უკრაინაში ომის მიმდინარეობის ეტაპებს. თუ პირველ ეტაპზე ლაპარაკი იყო უკრაინის სამ დღეში აღების შესაძლებლობაზე, ქვეყნის ჩამოშლაზე და ასე შემდეგ, მოვლენები რადიკალურად სხვაგვარად განვითარდა - რუსეთი დამარცხდა და არა უკრაინა. შემდეგ ეტაპზე დაიწყო უკრაინის არმიისა და ხელისუფლების მოქმედება სწორედ დასავლეთის დიდი დახმარებითა და მხარდაჭერით, რაც სულ უფრო ძლიერდება. უკვე შეკავებაზე კი არა, რუსეთის დამარცხებაზე დაიწყო საუბარი. მოვისმინეთ რამშტაინის ბაზაში განცხადება, რომ რუსეთი კი არ უნდა შეკავდეს, არამედ დამარცხდეს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ უნდა მოიგოს და დასავლეთი ძალიან ბევრს აკეთებს საამისოდ, მით უმეტეს, ხედავენ, რომ უკრაინას აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც, რომ იომოს და მოიგოს.

მესამე ეტაპი, შეკავებისა და დამარცხების შემდეგ, არის სამხედრო განადგურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს არა მხოლოდ შეაკავებენ, რაც ომის პირველ ეტაპზე იყო, მესამე ეტაპზე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ისეთი ზარალი მიაყენონ, ისეთი დამარცხება განიცადოს, რომ აღარ ჰქონდეს მსგავსი­ აგრესიის შესაძლებლობა. აქ მოიაზრება საქართველო და მოლდოვაც.

უკრაინაში მიმდინარეობს ომი თავისუფლებისთვის და ვისაც ამის არ სჯერა, ისინი რუსული იმპერიალიზმის მონები არიან - მე სხვა ტერმინს ვერ გამოვიყენებ.

რუსა მაჩაიძე