„ტვინგამორეცხილ რუსებსაც ესმით, რომ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, მას უპასუხოდ არ დატოვებენ“ - კვირის პალიტრა

„ტვინგამორეცხილ რუსებსაც ესმით, რომ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, მას უპასუხოდ არ დატოვებენ“

უკრაინისთვის დასავლეთის უპრეცედენტო სამხედრო დახმარებით გაღიზიანებული პუტინი კვლავ ელვისებური დარტყმით, ბირთვული იარაღით იმუქრება. გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ომის გაგრძელების შესაძლო სცენარებზე გვესაუბრა:

- კიევთან მარცხის შემდგომ რუსეთი აღმოსავლეთში გადმოჯგუფდა და ცდილობს ფართომასშტაბიანი ომი დაბალი ინტენსივობის კონფლიქტად აქციოს. ფართომასშტაბიან ომს დიდი ხარჯი სჭირდება, მას კი მასშტაბური სამხედრო ოპერ­აციების­ თავი არა აქვს. ამიტომ აღმოსავ­ლეთ უკრაინაში გაცილებით მცირე ტერიტორიაზე­ თავდაცვა და ნაწილობრივი­ შეტევა მისთვის ბევრად მომგებიანი იქნება­. მცირე ინტენსივობის კონფლიქტის არაერთი­ მაგალითი გვაქვს, თუნდაც მთიანი ყარაბაღი - სანამ აზერბაიჯანი გაათავისუფლებდა, სროლა და აფეთქებები იყო, ხალხი იღუპებოდა. წლების განმავლობაში ასე გრძე­ლდებოდა და ფართომასშტაბიან ომში არ გადაზრდილა. კრემლი შეეცდება აღმოსავლეთ უკრაინაშიც იგივე გაიმეოროს - სვლა შეანელოს, მაგრამ დაკავებული ტერიტორიები არ დატოვოს და უკრაინა დააზარალოს. ახლა ეს არის პუტინის მიზანი­ და არა მოგება, იცის, უკვე დამარცხდა. თუმცა­ მცირე­ ინტენსივობის კონფლიქტის საფრთხე­ მისი გაყინვაა. შესაძლოა ამის წინა პირობად უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის საზავო ხელშეკრულებაც კი შესთავაზოს. მსოფლიო რუსეთის არაერთ საზავო შეთანხმებას იცნობს, რომელსაც არასდროს ასრულებს. ომში ვითომ­ "მშვიდ­ობისმყოფელები"­ შეჰ­ყავთ და შემდეგ როგორც სჭი­რდებათ, ისე მანიპულირებენ. უკრაინაში დარჩენილ სამხედრო ნაწილებს "სამშვიდობო ძალებს"­ ალბათ, ვერ დაარქმევენ­. არც ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის ოლქებში ჰყოლ­იათ ასეთი კონტინგენტი. შეიძლება ადგილ­ობრივ რეჟიმებს დაარქვან სახელები - ანუ შეიძლება კიდევ ერთი დე ფაქტო წარმონაქმნი ჩამოაყალიბონ, რითაც უკრაინელების დაშანტაჟებას შეეცდებიან, ამასობაში კი ახალი კონფლიქტისთვის მოემზადებიან.

- უკრაინა პარტნიორებისგან მუდმივად იღებს ახალ შეიარაღებას და რუსეთის გეგმა შეიძლება ჩაიშალოს...

- ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცეს. უკრაინის ხელისუფლების­ დაჟინებული მოთხოვნისა და მიღებული თავდაცვითი სისტემების შემდგომ რუსეთი ძველებურად ვეღარ აყენებს საჰაერო­ დარტყმებს. დიდი ქალაქების სიღრმეებში ვერ უტევენ, რადგან უკრაინის გაძლიერებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს რუსული ავიაციის შეტევაზე პასუხის გაცემა შეუძლია. თუმცა რუსები ჯერ კიდევ ფლობენ სარაკეტო უპირატესობას და ისვრიან კიდეც უაზროდ. გასულ კვირას კიევს, ხარკოვს, ოდესას ესროდნენ, მაგრამ ამას არავითარი სამხედრო ღირებულება, ტაქტიკა და სტრატეგია არ გააჩნია, მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯას ემსახურება. მაგრამ საჰაერო დაბომბვა მაშინ არის ეფექტური, როდესაც ტერიტორიის დასაკავებლად ქვეითი ძალაც იბრძვის. ახლა უკრაინას უფრო მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, რათა თავდაცვის ძალების გადაადგილებისას მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო მეტი შეტევითი იარაღიც. ვფიქრობ, მართებული იქნება, თუ ხერსონის მიმართულებას შეუტევენ, რადგან იქ უკრაინას უპირატესობა აქვს. იმავდროულად, ძალიან სწრაფად უნდა გადაიჭრას მარიუპოლი-ყირიმის დამაკავშირებელი ხაზის საკითხი და ქალაქის ალყის გარღვევაზე ფიქრი დაიწყონ. ჩემი არჩევანი რომ იყოს, ყირიმს ბოლოსთვის მოვიტოვებდი, ხერსონისა და მარიუპოლის მიმართულებით მოქმედების­ დაწყება კი შესაძლებელია. გამარჯვება შეუძლია ხარკოვის მიმართულებითაც - შეტევითი ძალისხმევა იქ უნდა დაიხარჯოს, სადაც ამის შანსი არსებობს. უმძიმესი ვითარებაა მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაში, რაც უკრაინელების შეუპოვრობის მაგალითია. ეს ცხადყოფს, თუ რამდენად გამოიბრძმედნენ უკრაინელები ამ ომში - ალყაში მოქცეულები ძალიან მცირე რესურსითაც კი რუსებს არაფერს უთმობენ.

- არსებობს მოსაზრება, რომ მოლდოვა რუსეთის შემდეგი სამიზნეა...

- ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დნესტრისპირეთის კონფლიქტი ყველაზე მსუბუქია. იქ არ არის იმხელა დაძაბულობა და ანტაგონიზმი, როგორიც ყარაბაღში, აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში იყო. დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეჟიმის მცხოვრებს შეუძლია კიშინიოვში შევიდეს, ნივთები იყიდოს და შინ მშვიდობიანად დაბრუნდეს. გალელებს კი ენგურს აქეთ გადმოსვლა­ და მერე შინ დაბრუნება ზოგჯერ სიცოცხლის დაკარგვად უჯდებათ. სეპარატისტულ­ რეჟიმებს ყოველთვის აქვთ შიში, რომ ხვალ-ზეგ ვითარება შეიცვლება. ეს ეტყობოდა კიდეც ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობას - პირველ დღეებში დაინახეს, რომ რუსეთი მარცხდებოდა და თვითგადარჩენისთვის პროვოკაციები დაიწყეს. კონფლიქტის სიმსუბუქიდან გამომდინარე, მოლდოვას დაძაბულობის შექმნა არ სურს. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოსგან­ განსხვავებით, მას ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მშვიდობიანად მოგვარების ბევრად დიდი შანსი აქვს. როდესაც რუსული სამსახურები­ ავრცელებენ, რომ დნესტრისპირეთში არეულობა უკრაინელებს­ სურთ, ეს უკვე საეჭვოა, თან მეორე ფრონტის გახსნა­ კიევში სულაც არ აწყობთ, რადგან მთელი ძალები აღმოსავლეთით უნდა მიმართონ­. თუ მოლდოვაში არეულობა­ დაიწყება, ამაზე რეაგირება მოუწევთ. არადა, მოლდოვაზე­ ყურადღების გადატანა არ სჭირდებათ. ეს არის დნესტრისპირეთის­ სეპარატისტების ჩანაფიქრი, მათ რეალობის შეცვლის ეშინიათ, რუსული­ სპეცსამსახურების დახმარებით პროვოკაციებს აწყობენ, რათა ვინმემ მიაქციოს ყურადღება, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში მოლდოვამ უომრად არ "გადაყლაპოს".

- პუტინი ისევ ელვისებური დარტყმით, ბირთვული იარაღით იმუქრება.

- რუსეთს ჯერ იმის ეშინოდა,­ დასავ­ლეთი და ამერიკა უკრაინას სამხედრო ძალით არ დახმარებოდნენ და ბირთვული იარაღით იმუქრებოდა, ახლა იმის ეშინია, რომ იარაღით ეხმარებიან. ცოტა ხანში რომელიმე ევროპელი ლიდერი რომ უკრაინაში­ ჩავიდეს, ბირთვული იარაღზე­ დაიწყებს ლაპარაკს. ევროპასა და ამერიკაში ამ საკითხს არ უყრუებენ, რადგან მართლაც შეიძლება რუსეთმა გარისკოს და ბირთვული ან მასობრივი დაზიანების იარ­აღი გამო­იყენოს. ამიტომაც დასავლეთის სპეცსამსახურების დიდი რესურსი ამ საფრთხის ნეიტრალიზებისკენ არის მიმართული. თუმცა­ ტვინგამორეცხილ რუსებსაც ესმით, რომ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, მას უპასუხოდ არ დატოვებენ. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტირანს, ადოლფ ჰიტლერს, უამრავი სახეობის­ ქიმიური იარაღი ჰქონდა, მაგრამ არასდროს გამოუყენებია, რადგან ნაცისტურ რეჟიმსაც­ კი ესმოდა, რომ ამას პასუხი მოჰყვებოდა. მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას დიდი მიზეზი უნდა ჰქონდეს. ეს ვერ იქნება რუსეთში ხანძრები და აფეთქებები, თუ უკრაინა არ გადავიდა შეტევაზე,­ ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არსებობს. ამით მანიპულირება პუტინის სისუსტეა. არ შეუძლია ეს პროცესები სხვა რამით დააბალანსოს... ბორის ჯონსონი ამბობს, ბირთვული იარაღით ჩვენც ვუპასუხებთო, ზოგი ამისთვის დასცინის, მაგრამ დარწმუნებული ვარ დასავლეთს საფრთხე გააზრებული აქვს და მოქმედებს კიდეც.

- ამერიკის კონგრესმა ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად გადასცეს. ეს გარდატეხას შეიტანს?

- ამ პროგრამით ამერიკის ხელისუფლება თავისუფლად, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მოქმედებას იკანონებს. ლენდ-ლიზი მთავრობასა და პრეზიდენტს ხელ-ფეხს უხსნის, სწრაფად დაეხმაროს უკრაინას, ამის შედეგი მალე გამოჩნდება, რადგან ომში დრო გადამწყვეტია.