"ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ძალა, მათ შორის დასავლეთშიც, დაინტერესებულია უკრაინაში ომის გახანგრძლივებით“ - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ძალა, მათ შორის დასავლეთშიც, დაინტერესებულია უკრაინაში ომის გახანგრძლივებით“

"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო ქვეყანაში სიტუაციის აჭრა, ხელისუფლების გადატრიალება და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავის პარტნიორებთან - გახარიასა და "ლელოსთან" ერთად ომში ჩართვა საქართველოს სახელით", - აცხადებს "ქართული ოცნების"“თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.მისი თქმით, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც„"ომის პარტიას" ჩაეშალა. "2008 წელს სააკაშვილმა თავის მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორსა და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები და ახლა ეცდებოდა თბილისშიც გვენახა. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. "ომის პარტიას" გეგმა ჩაეშალა". შეთქმულების, ომში ჩართვის ვერსიებსა და რუსეთ-უკრაინის ომის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრა:

- სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ფორმა თავიდანვე საეჭვო იყო. რამდენადაც მას კარგად ვიცნობდი, შემიძლია ვთქვა, რომ აქ ციხეში ჩასაჯდომად ჩამომსვლელი არ იყო. ციხეში ჩაჯდომა რომ ნდომოდა, თვითმფრინავით ჩამოვიდოდა და მისი ტრაპთან დაკავება გაცილებით ეფექტური, ხმაურიანი იქნებოდა. მისი ჩამოსვლის ფორმა მეტყველებს, რომ ის კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის მისიით ჩამოვიდა.

- თქვენ იმასაც ვარაუდობდით, რომ სააკაშვილი ვიღაცებმა მოატყუეს.

- კი, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ ბათუმში და კიდევ რამდენიმე ადგილას თანამოაზრეები უნდა დახვედროდნენ. არსად არავინ დახვედრია. ამის გამო ვფიქრობდით, რომ ან თავისიანებმა მოატყუეს, ან სპეცსამსახურებმა შემოიტყუეს. ასე იყო თუ ისე, მთავარი მაინც შედეგია - ის ციხეში აღმოჩნდა. რაც შეეხება კობახიძის ვერსიას, მე ფაქტების შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა პროცესების განვითარების ლოგიკა გვკარნახობს, რომ შეიძლება ეს მართალი იყოს და სააკაშვილს მართლაც სურდა უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოში შესაბამისი ფონის შექმნა. საბოლოოდ, რისთვისაც უნდა ჩამოსულიყო, ყველა შემთხვევაში კონტექსტი უარყოფითია.

- შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ზელენსკი მაინცდამაინც აქტიურად არ ითხოვდა სააკაშვილის გათავისუფ­ლებას. ალექსეი არესტოვიჩის განცხადება, რომ საქართველოსა და მოლდოვას დღევანდელ ხელისუფლებაში ომის ადამიანები­ არ არიან და სააკაშვილი ამას გააკეთებდა, კრავს თუ არა წრეს საქართველოს ომში ჩართვის ვერსიასთან დაკავშირებით?

- მოდი, ახლა მხოლოდ ლოგიკას კი არ დავეყრდნოთ, ფაქტებით ვილაპარაკოთ. უკრაინის ხელისუფლებას მართლაც არაფერი გაუკეთებია სააკაშვილის ექსტრადირებისთვის. მიშამ ჯერ უკრაინის კანონი დაარღვია, როდესაც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. უკრაინელებმა კი აღძრეს საქმე, მაგრამ ფორმალურად. შორიდან ჩანდა, რომ უკრაინელები კმაყოფილი იყვნენ სააკაშვილის მოშორებით. ზელენსკის პოზიციიდან გამომდინარე, სააკაშვილი მისთვის ხელის შემშლელი­ ფიგურა უნდა ყოფილიყო. ჯერ კიდევ შარშან, თებერვალში, სააკაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნიდან გამქრალია უზარმაზარი­ თანხა - 37 მილიარდი დოლარი. მართალია, პოროშენკოს მმართველობის პერიოდიც­ იგულისხმა, მაგრამ ზელენსკისაც გადასწვდა. ეს ინფორმაცია მალე ენტონი ბლინკენმაც დაადასტურა, მან მეტი - 40 მილიარდი თქვა. უკრაინა რომ უაღრესად კორუმპი­რებული ქვეყანა იყო, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობდნენ. სააკაშვილი თავისი აქტიურობით უკრაინის ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნიდა, ყოველთვის ცდილობდა საკუთარი განსაკუთრებულობისთვის გაესვა ხაზი. ლოგიკა გვკარნახობდა, რომ ზელენსკისთვის ნერვების მომშლელი უნდა ყოფილიყო ეს და წესით, წინააღმდეგი არ უნდა ყოფილიყო, სააკაშვილი თუ საერთოდ გაქრებოდა უკრაინის პოლიტიკიდან. ასე ვფიქრობდით საწყის ეტაპზე, მაგრამ მერე, როცა უკრაინულ ელიტაში ფრონტის გაშლისა და ომში საქართველოსა და მოლდოვას ჩართვის იდეა გაჩნდა, პაზლი სხვაგვარად აეწყო.

- განა საქართველოს რამდენ ხანს შეეძლო რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომ ჩვენი მიმართულებით ფრონტის გაშლა უკრაინისთვის ხელსაყრელი ყოფილიყო?

- საქართველოსა და მოლდოვას ომში ჩართვა რუსეთის რეალურ სახეს უფრო წარმოაჩენდა. მნიშვნელოვანი იქნებოდა ძალების გადანაწილების თვალსაზრისითაც, თუნდაც იმიტომ, რომ 58-ე არმია (აგვისტოს ომში ჩვენ გვიტევდა და დღეს უკრაინას უტევს, რუსულ შეიარაღებულ ძალებში ყველაზე ძლიერი არმიაა) მთლიანად უკრაინაში არ იქნებოდა,­ ნაწილი საქართველოში დაკავდებოდა. მესმის თქვენი, როცა ამბობთ,­ რომ ჩვენ რუსეთის ავიაციით აღჭურვილ არმიას დიდი ხნით წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ, მაგრამ თუ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას მოახდენდა, ეს კიდევ დამატებითი არგუმენტი იქნებოდა რუსეთის წინააღმდეგ. ახლა მოლდოვა დგას ასეთი საფრთხის წინაშე. რუმინეთმა­ უკვე დაიწყო თავისი ჯარების კონცენტრაცია მოლდოვის საზღვარზე.­ სხვათა შორის, მოსკოვში იყვნენ ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვის ამოცანა ჰქონდათ, უბრალოდ, სხვა შედეგებზე იყვნენ ორიენტირებული. პატრუშევის გეგმა ასეთი იყო: რადგან უკრაინაში საომარ მოქმედებებში ვართ და მაინც დისკრედიტირებული ვართ, ბარემ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთის გარდა) მოვაგვაროთ ეს საკითხიო. ისე, თუ გაძლებაზე მიდგება საქმე, შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში 11 თვე ვებრძოდით რუსეთს შეუიარაღებელი ხალხი. ასე რომ, გავძლებდით, მაგრამ გავნადგურდებოდით.

- ომის დაწყების საფრთხე ავირიდეთ?

- ყოველ შემთხვევაში, დიდი დროით მაინც გადავწიეთ. აშკარად ჩანდა, რომელი­ ქვეყნებისთვის შეიძლებოდა დაერტყა რუსეთს. ესენია მოლდოვა, საქართველო, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. დღეს ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მოლდოვა და თურქმენეთი არიან.

- მას შემდეგ, რაც ივანიშვილისა და პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერის ვლადიმირ ევტუშენკოვის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, ოპოზიციამ გაააქტიურა ვერსია, თითქოს "ოცნების" ლიდერებს ომის არიდება საკუთარი ბიზნესების გადარჩენის მიზნით სურთ.

- ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელთა გამოც მმართველ გუნდს მშვიდობის შენარჩუნება სურს. რადიკალურ ოპოზიციას რომ ჰკითხო, ომი არც მას სურს, მაგრამ მისი ქმედება ომის დაწყებას უწყობს­ ხელს. მართლა რომ არავის უნდოდეს ქვეყანაში ომი, დაძაბულობა, პოლარიზება და კრიზისი ქვეყანას ასუსტებს. ამბიციურ მეზობელს კი ყოველთვის უჩნდება დასუსტებული მეზობლის ფეხქვეშ მოგდების ცდუნება.

- რა მოხდება, თუ რუსეთი უკრაინაში­ დამარცხდება და დასავლეთის ზურგით გაძლიერებული უკრაინა ჩვენ პასუხს მოგვთხოვს?

- ამ ომის ახლო მომავალში დამთა­ვრების­ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ძალა, მათ შორის დასავლეთშიც, დაინტერესებულია ომის გახანგრძლივებით. იმიტომ კი არა, რომ დასავლური პოლიტელიტა რაღაცას თაღლითობს, არა, მათ უკრაინის გამარჯვება ნამდვილად სურთ, მაგრამ არსებობს სხვა ინტერესები და ძალები. ეს ომი ისტორიაში­ შევა დაუნდობელი, სასტიკი და უცნაური ომის სახელით. უცნაურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთი ომში მონაწილე უკრაინასაც უხდის ფულს და რუსეთსაც - უკრაინას მაქსიმალურად ეხმარება ფულითა და იარაღით, რუსეთს კი ენერგომატარებლებში უხდის ფულს. გასული წლის განმავლობაში დასავლეთმა რუსეთს 12 მილიარდი დოლარი გადაუხადა, წელს, იანვრიდან აპრილამდე - 62 მილიარდი. რუსული ენერგომატარებლების­ ევროპაში შეტანა კი შემცირდა, მაგრამ სანაცვლოდ ფასები ძალიან გაიზარდა. ამასთან, ის ენერგომაგისტრალი, რომელიც ევროპას ამარაგებს, უკრაინის ტერიტორიაზე გადის. ესე იგი, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე ატარებს ენერგომატარებელს, რომელშიც აღებული ფულითაც რუსეთი ქმნის იარაღს და ხოცავს უკრაინელებს. აი, ეს არის ამ ომის უცნაურობა.

- რუსეთმა ამ ომს დიდი სამხედრო და ადამიანური რესურსი უკვე შეალია. რას მოიგებს მოსკოვი ამ ომში გამარჯვებით?

- ვერ წარმომედგინა, რომ მოსკოვში ასეთ ალოგიკურ ნაბიჯს გადადგამდნენ. საბოლოოდ გაირკვა, რომ რუსებს არასწორი ინფორმაცია ჰქონიათ, არასწორად ჰქონიათ გათვლილი უკრაინელი ხალხის დამოკიდებულება, უკრაინული არმიის საბრძოლო პოტენციალი და რაც მთავარია, გეგმა იყო არასწორად შედგენილი.

- რუსულმა დაზვერვამ ვერ იმუშავა?

- ვერც დაზვერვამ იმუშავა და კრემლშიც ვერ წარმოიდგინეს, რომ დასავლეთი ასეთ კონსოლიდირებას შეძლებდა. ფუფუნების მოყვარულმა დასავლეთმა რუსეთს შეუქმნა განწყობა, რომ თუ ერთი რიხიანად­ შეუძახებდი,­ მაშინვე უკან დაიხევდა. მთელ ამ ამბავში დიდი როლი ითამაშა დიდმა­ ბრიტანეთმა. ისიც გაირკვა, რომ ბრექსითიმ ბრიტანეთი მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ დააბრუნა. აშშ-ის დაზვერვაც კი, რომელიც ძალზე­ წინ არის რუსულ დაზვერვაზე, არ იყო მზად ასეთი განვითარებისთვის.

- ომის საბოლოო შედეგი როგორი წარმოგიდგენიათ?

- რუსეთი ვერ მოახერხებს გამარჯვებას, მაგრამ პოლიტიკურად გამარჯვებული­ უკრაინა შეიძლება ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდეს. ეს შავი დღეები უკრაინელი ხალხის ისტორიაში ღრმა კვალს დატოვებს­, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომმა დაუტოვა­ რუსეთის მოუშუშებელი იარა. იმ ომში იმდენად ძლიერი დემოგრაფიული­ და საკა­დრო დარტყმა მიიღო, რომ ეს ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმად დარჩა. რუსეთმა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა დღემდე­ ვერ მოახერხა. საბჭოთა კავშირის დანგრევა დიდწილად განპირობებული იყო დემოგრაფიული და საკადრო დეფიციტით. რუსეთის მდგომარეობა კატასტროფული იქნება იმისდა მიუხედავად, გამოიყენებს თუ არა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. თუ მასშტაბურს გამოიყენებს, რუსეთი საერთოდ შეწყვეტს არსებობას, თუ ტაქტიკურს, მხოლოდ ლოკალურ წარმატებას მიაღწევს, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდება. რუსეთი დღეს ჩიხშია.

ხათუნა ბახტურიძე