"ოდესმე, როცა ჩემს დანგრეულ ქვეყანაში დავბრუნდები, აუცილებლად დავწერ ქართველების სიკეთეზე" - კვირის პალიტრა

"ოდესმე, როცა ჩემს დანგრეულ ქვეყანაში დავბრუნდები, აუცილებლად დავწერ ქართველების სიკეთეზე"

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი,­ ალბათ, დიდხანს დარჩება დაუმარცხებელი უკრაინის ლეგენდად. ორ თვეზე მეტია, რუსული მედია აცხადებს, რომ ქალაქს რუსები აკონტროლებენ, სინამდვილეში კი "აზოვსტალის" ქარხანაში თავშეფარებული მოსახლეობა და "აზოვის" ბატალიონი გმირულად უძლებენ აგრესორთა შეტევებს.

მარიუპოლის ჯოჯოხეთი დედასთან ერთად გამოიარა და საქართველოში ჩამოაღწია ლეილა ნანავამ. ის ახლა თბილისის სასტუმროში ცხოვრობს. ამბობს, რომ იმ ტანჯვის შემდეგ, რაც გამოიარა, ქართველი ხალხის მზრუნველობა იმდენად სასიამოვნოა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შენახვა ჩანაწერებად გადაწყვიტა.

- ოდესმე, როცა ჩემს დანგრეულ ქვეყანაში დავბრუნდები, აუცილებლად დავწერ ქართველების სიკეთეზე, რომლებიც ლუკმას გვიყოფენ. ვხედავ, უმუშევრობაა, ბევრს მუდმივი სამსახური არა აქვს, ლუკმაპურისთვის ნახევარი ქვეყანა უცხოეთშია გადახვეწილი, მაგრამ თავიანთ პრობლემებზე არასდროს გეწუწუნებიან. სანამ მერია სასტუმროში დამაბინავებდა, რამდენიმე დღე ახლობლებთან ვიყავი. არ უჭირდათ, მაგრამ არც იმდენი ჰქონდათ, რომ ჩემთვის სრული კომფორტი შეექმნათ, თუმცა მაინც არაფერს მაკლებდნენ. ღამე მოითათბირებდნენ და დილით გამომიცხადებდნენ, სად, რის დასათვალიერებლად მივდიოდით. ცდილობდნენ იმ კოშმარზე არ მეფიქრა. მხოლოდ ნაცნობები კი არა, უცნობებიც ზრუნავენ, როდესაც იგებენ, რომ უკრაინელი ვარ, თანაგრძნობა უჩნდებათ თვალებში.

დედა უკრაინელი მყავდა, მამა - ქართველი. რამდენიმე წელი საქართველოში­ იცხოვრეს, შემდეგ კი მამას სამსახურის გამო მარიუპოლში მოუწია გადასვლამ. ზღვიდან 4 კილომეტრში ვცხოვრობდით. მამამ სოფელში სახლი ძმასა და ნათესავებს­ გადააბარა, მაგრამ ყოველ წელს ჩამოვდიოდით,­ სახლ-კარს შეძლებისდაგვარად ვუვლიდით. მიწას ვამუშავებდით, ბოსტანი გვქონდა... წლების შემდეგ მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც მისი სურვილი იყო, საქართველოში დავასაფლავეთ. დედას მის გარეშე ჩამოსვლა აღარ უყვარდა. მე და ჩემს დას უკვე ოჯახები გვყავდა და იმ სიხშირით ვეღარ ჩამოვდიოდით, ინტერნეტით ვკონტაქტობდით... როდესაც ეს წყეული ომი დაიწყო, დღეში რამდენჯერმე გვირეკავდნენ ჩვენები. ნერვიულობდნენ, გვეხვეწებოდნენ, ჩამოდით, ყველაფერში დაგეხმარებით, საჭმელ-სასმელი მაინც გექნებათო. სროლის ხმა კი ისმოდა ხან ახლოს, ხან შორს, მაგრამ მაინც არ ველოდით, რომ ერთხელაც საშინელ რეალობაში აღმოვჩნდებოდით. პირველად სარაკეტო იერიშები­ ხშირი არ ყოფილა და რატომღაც გვეგონა, რომ უდანაშაულო მოქალაქეებს არ შეგვეხებოდნენ. ყველა ამბობდა, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტების განადგურება იგეგმებოდა. რამდენიმე დღეში მაღალსართულიან კორპუსებს დაუშინეს ჭურვები. ქუჩებში დივერსიული ჯგუფები, მაროდიორები გამოჩნდნენ და დამიზნებით გვესროდნენ. დროს უმეტესად სარდაფებში­, თავშესაფრებში ვატარებდით. მე და ჩემი ოჯახის წევრები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით და განგაშის სიგნალის ჩართვისას ერთად ჩავდიოდით თავშესაფარში. მაინც დავკარგე და. დედა ასაკში იყო და ჩემთან გადმოვიყვანე­ საცხოვრებლად. მეუღლეL გარდაცვლილი მყავს, შვილი იბრძვის, რძალმა შვილები დროებით თავის სახლში წაიყვანა, სადაც შედარებით სიმშვიდე იყო. ერთხელაც გამთენიას მე და დედა ძლიერი აფეთქების ხმამ ლოგინიდან წამოგვყარა. დედას შიშისგან გული ასტკივდა. ვიგრძენით, რომ შენობა გვერდზე გადაიხარა. მობილური არ იჭერდა. სარდაფში ჩავედით, სადაც რამდენიმე დღე გავატარეთ. მას შემდეგ ჩემი სახლი აღარ მინახავს. ერთი სარდაფიდან მეორეში გადავდიოდით. ქალაქში ტყვიის, დამწვრისა და მტვრის სუნი ტრიალებდა... მშვიდობიან მოსახლეობას რუსი სამხედროები თუ სადმე მოგვიხელთებდნენ, დამიზნებით გვესროდნენ, "აზოველებთან" ჩვენზე ინფორმაცია მიგაქვთო. არადა, დღედაღამ სარდაფში ვიყავით შეყუჟული და ოჯახის წევრებზეც არაფერი ვიცოდით.

- არც შვილზე?

- შვილზე საქართველოში ჩამოსვლამდე­ არაფერი ვიცოდი. სარდაფში შეფარებულ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს რუსული ავიაცია და არტილერია ფეხდაფეხ დაგვყვებოდა. დედა ხშირად ამბობდა, რომ გული სტკიოდა, მაგრამ წამალი არც მოუთხოვია, მე კი არა, ახალგაზრდებს არ აქვთო, იტყოდა. როდესაც მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, იქ ვიყავით, სარდაფში, რომელმაც გაუძლო, მაგრამ უმეტესობას კონტუზია გვქონდა. მაშველებმა მე და დედა ნანგრევებიდან მეორე დღეს გამოგვიყვანეს. შემდეგ სხვა თავშესაფარში გადავედით, მაგრამ არც იქ ვიყავით უსაფრთხოდ. მწვანე დერეფანი თითქმის არ ფუნქციონირებდა, ერთადერთი გამოსავალი ყირიმის გავლით გამოსვლა იყო.

ომი ბევრ რამეს გასწავლის, ვის უნდა ენდო და ვის არა. ვიღაცები ბევრს შეჰპირდნენ, სამშვიდობოს გაგიყვანთო და რუსეთში გადაიყვანეს. ოჯახის წევრებმა დღემდე ვერ მიაგნეს. ასე მოექცნენ ბავშვებსაც. დივერსანტები, რომლებიც მანამდე ახლობლები გვეგონა, დედებს, რომელთა ქმრები იბრძოდნენ, ეუბნებოდნენ, ჯერ ბავშვებს გავიყვანთ სამშვიდობოს, დავბანაკდებით, მერე კი თქვენთან დავბრუნდებითო. ბევრმა გარისკა და გაატანა. აღარ დაბრუნებულან, ბავშვები მოიპარეს. ერთ დღეს ჩემი შვილის მეგობარი დამიკავშირდა, როგორმე უნდა წახვიდეთო, დედაჩემზე ნერვიულობდნენ, ვერ გაუძლებსო. შვილის დატოვება არ მინდოდა, დასა და დისშვილზეც არაფერი ვიცოდი, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, დედა უნდა გადამერჩინა. 14 კაცი სამი მანქანით ძლივს გავედით მარიუპოლიდან ყირიმში. მანამდე 17 დღე ბეტონზე დაფენილ პლედებსა და ლეიბებზე გვეძინა, ტანთ არ გამოგვიცვლია, ხელ-პირი არ დაგვიბანია... დედა ამბობდა, თუ სიკვდილი მიწერია, საქართველოში მოვკვდები, ქმრის გვერდით დამმარხავენო.

- რუსეთში როგორ შეგხვდნენ?

- ერთი ღამით კრასნოდარის რომელიღაც სასტუმროში გადავწყვიტეთ გაჩერება. პირველივე სასტუმროში დაცვამ უარი გვითხრა, უკრაინული ნომრებით მანქანებს ვერ შემოგიშვებთ, პრობლემები არ მინდაო, აქაურები აგრესიულები არიანო. მეორეში, ადგილი არა გვაქვსო, გვიპასუხეს, მივხვდით, მოგვატყუეს. მესამეში პირდაპირ მოგვახალეს, იქ თქვენები ჩვენს ბიჭებს ხოცავენ, აქ რა გესაქმებათო. ისტერიკა დამე­მართა, დაგვესხით თავს, ბომბებს გვიშ­ენთ, ბავშვები დაგვიხოცეთ, სადაც 150-ს ამბობენ, იქ სამჯერ მეტია დაღუპული, რადგან ნანგრევებში რამდენია მოყოლილი, არავის დაუთვლია და კიდევ ჩვენ გიხოცავთ ხალხს-მეთქი? მენეჯერმა მიპასუხა, ნატოში გინდოდათ შესვლა, რომ შემდეგ რუსეთს დასხმოდით თავს, თქვენ გაავრცელეთ კორონავირუსი, ამერიკელებს თქვენს ლაბორატორიებში რუსების დასახოცად ვირუსები გამოჰყავდათო. თავი ვეღარ შევიკავე,­ ლამის გამაკავეს და ისე გამომიყვანეს, დედა მეხვეწებოდა, დამშვიდდიო. მარიუპოლიდან ლარსის საზღვრამდე ისე მოვედით, ერთი ბოთლი წყალი არ გვიყიდია, პროტესტის ნიშნად აღარ გავჩერდით. საქართველოს საზღვარზე გრძელი რიგი დაგვხვდა, თუმცა მსუბუქ მანქანებს უშვებდნენ. მე არ ვიცი, როგორია ჯოჯოხეთი, მაგრამ რაც გამოვიარეთ, ის გზა ძალიან ჰგავს. იმ არაადამიანური დღეების შემდეგ საქართველოში შემოსვლა სამოთხედ მოგვეჩვენა. მესაზღვრეები ძალიან თბილად გვესაუბრებოდნენ, ყველას სათითაოდ გვკითხეს, ხომ არაფერი გჭირდებათო. გვამხნევებდნენ, ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენთან ვართ, მალე ყველაფერი დასრულდება, სამშობლოში დაბრუნდებითო. პატარა მონაკვეთი გავიარეთ თუ არა, ჩვენს მანქანას უცნობი მამაკაცი მოუახლოვდა, უკრაინელები ხართ, ნომრებით ვიცანიო. მძღოლმა თავი დაუქნია. გვკითხა, დახმარება ხომ არ გჭირდებათო. გულზე ხელი დაიდო პატივისცემის ნიშნად, მერე კი უეცრად გამოგვეკიდა და ფული ამოიღო, მძღოლს საჭეზე დაუდო, ჩემს სახელზე ცხელი ჩაი დალიეთ, მეც ახლომახლო ვიქნები, თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთო, სავიზიტო ბარათი მოაყოლა. ამდენი უბედურების შემდეგ აქ ჩვენი ესმოდათ, თურმე ჩვენზე დარდობდნენ, ყველას ცრემლები წაგვსკდა - გმადლობთ, ქართველებოო, აღმოხდა ჩვენს მძღოლს... ის იყო, თავი სამშვიდობოს მეგონა, უეცრად დედა ჩემკენ მოტრიალდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, ერთი ამოისუნთქა და ხელებში ჩამაკვდა. დანარჩენი ბუნდოვნად მახსოვს. ქართველებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა, პატრულიც მოვიდა. არ ვიცოდი, როგორ დამერეკა ნათესავებთან, სარდაფში ტელეფონი გამიფუჭდა და ნომრები წაშლილი მქონდა. პატრულის თანამშრომელმა გვარ-სახელით მონაცემთა ბაზაში მიპოვა ჩემი ნათესავის ნომერი და თავისი ტელეფონით დაურეკა. მაწყნარებდა, ვიცი, რასაც გრძნობთ, მეც ხელებში ჩამაკვდა დედაო... მგონი, ყაზბეგის საავადმყოფოში მივდიოდით. ძალიან დიდი თოვლი იყო. საქმეში სამთო პატრული ჩაერთო, რომელმაც ციგით ატარა დედაჩემის ცხედარი, ჩვენც ძლივს აგვათრიეს. იქიდან თბილისში წაიყვანეს, ექსპერტიზაზე. პატრულის თანამშრომელ ბიჭებს ბოდიშს ვუხდიდი, რომ ასე გაწვალდნენ ჩვენ გამო. ასე მეგონა, ამ ერთ თვეში ყველაფერი ვნახე ცხოვრებაში, სადაც ერთ ნაჭერ პურსა და ერთ ლიტრ წყალს 30 კაცი ვიყოფდით, თურმე არ მინახავს - ნამდვილი სიკეთე, ადამიანური თანადგომა საქართველოში უნდა მენახა, რომ ცხოვრების გაგრძელების ძალა მეპოვა, თანაც იმიტომ, რომ ამ ხალხისთვის მადლობა მეთქვა. ნახევრად ქართველი ვარ, მაგრამ ქართველები სულ სხვანაირად დავინახე... ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ დედამ საქართველომდე ჩამოაღწია, რუსეთში რომ დაღუპულიყო, სადმე ქუჩაში, გაყინულ მიწაზე, შიშველი ხელებით მოგვიწევდა მისთვის საფლავის გათხრა. დედას ოცნება იყო მამის გვერდით დასაფლავება. მხოლოდ ეს ოცნება აუხდა.

- დაზე რა იცით?

- ჩემმა ახლობელმა, რომელიც მარი­უპოლიდან რუსეთში გადმოიყვანეს, გზად, რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე­, კედელზე გაკრულ იმ პირთა სიაში, რომ­ლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ, მისი გვარ-სახელი წაიკითხა და იმედი გვაქვს, რომ გადარჩა... ხავსს ვებღაუჭებით. იქნებ საქართველოში ჩამოაღწიოს. როდესაც შვილმა მკითხა, როგორ ხარო, ემოციისგან ავტირდი, იმდენად კარგად გვექცევიან, თავად იკლებენ და ცდილობენ ჩვენ კომფორტი შეგვიქმნან. როგორც კი გაიგებენ, უკრაინელები ვართ, ცდილობენ როგორმე გვასიამოვნონ, მრცხვენია კიდეც-მეთქი. ვიცი, აქ მგლებივით ქართველები გვყავს, მათ გვერდით არსად შეგეშინდესო. გმადლობთ, ქართველებო ყველაფრისთვის, სითბოსთვის, მზრუნველობისთვის, თანადგომისთვის. ამას უკრაინა არასდროს დაგივიწყებთ!..

ლალი პაპასკირი