"ეს ომი, რომელიც რუსებმა უკრაინას თავს დაატეხეს, გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ჩერნობილი“ - კვირის პალიტრა

"ეს ომი, რომელიც რუსებმა უკრაინას თავს დაატეხეს, გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ჩერნობილი“

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას­ სულ უფრო ხშირად ახსენებენ ჩერნობილს. 1986 წლის აპრილში ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგებს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მსოფლიო დღემდე იმკის. მართალია, ჩერნობილის მსხვერპლთა­ რაოდენობას საბჭოთა კავშირში მალავდნენ, მაგრამ ამ აფეთქების შედეგად რადიაციამ რამდენიმე ათასი კაცი შეიწირა. აფეთქების პირველივე დღეებში დაიღუპა 28 მეხანძრე. ომის მიმდინარეობისას ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსმა ჯარისკაცებმა შეაღწიეს, რამაც რადიაციის ახალი ტალღის წარმოქმნის საფრთხე შექმნა. პარალელურად, რუსები ბირთვული იარაღის გამოყენებითაც იმუქრებიან. ამ საშიშროებას განსაკუთრებით ის ადამიანები აცნობიერებენ, ვისაც რაღაც კავშირი მაინც ჰქონია ჩერნობილთან, სადაც ადამიანების შესვლა 20 წლის განმავლობაში იყო აკრძალული. მათგან ერთ-ერთი­ მხატვარი და ფოტოგრაფი ნატალია ზვიადაძეა. ის ჩერნობილში ხუთი დღე ცხოვრობდა და ფოტოებზე აღბეჭდავდა იმ საშინელებას, რაც აღარ უნდა განმეორდეს.

- ბევრი ექსტრემის მოყვარული ვიცი, ვისაც ჩერნობილის ნახვა სურდა, მაგრამ რადიაციის მაღალი დონის გამო გადაიფიქრა. მამაცი ყოფილხართ, შიში რომ დაძლიეთ.

- ორმა ფაქტორმა დამაძლევინა: ჩემმა ხასიათმა, რომელსაც მძაფრი მოვლენები არ აშინებს და უკრაინულმა სისხლმა. ჩემმა ბებია-ბაბუამ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლა 1933 წელს მოახერხეს. ეს უკრაინის ჰოლოდომორის - იმ სასტიკი შიმშილობის წელია, რომელიც რუსეთმა უკრაინელების გასანადგურებლად მოაწყო. ამ დროს უკრაინაში დაახლოებით სამი მილიონი კაცი დაიღუპა, ჩემები კი საქართველომ გადაარჩინა. სისხლი უძლიერესი ფენომენია. 2015 წელს მინდოდა სევასტოპოლში წასვლა, ჩავედი კიდეც უკრაინაში, მაგრამ ჩემი უკრაინელი ნათესავები გადამიდგნენ წინ და ძალიან მთხოვეს, არ წავსულიყავი. ეშინოდათ, რომ ეს საბედისწეროდ დამთავრდებოდა. არც ჩერნობილში წასვლა მირჩიეს, ეშინოდათ, რამე ცუდი არ მოხდესო, მაგრამ ჩერნობილში საერთაშორისო ჟურნალისტების ექსპედიციასთან ერთად მაინც წავედი. მართლაც უმძიმესი სანახავია იქაურობა. ხუთი დღე ვიყავი და ეს ტრაგედია თითქოს ჩემს თავს ხდებოდა. აქაურობა ისეთი სახიფათოა, სასტუმროც კი გისოსებშია მოქცეული. იქ 9 საათიდან არავის უშვებენ, ჩერნობილის დათვალიერება, რომელიც დაახლოებით 10 კილომეტრის რადიუსში მკვდარია, მხოლოდ გიდის თანხლებით შეიძლება. ეს არის ქალაქი მიტოვებული სახლებით. ყველაფერს ისეთი­ იერი აქვს, თითქოს პატრონი ყოველ წუთს გამოჩნდება და სახლის ღიად დარჩენილ კარს მიხურავს, პატრონი კი არა და არ ჩანს.

chernobili6-1651406541.jpg

აქ ბაგა-ბაღების შენობებში ჩუსტებს ნახავთ, რომლებიც პატარებს, ალბათ, აფეთქების დღეს ეცვათ. ფერფლით დაფარულ სახლებში ისევ ყრია თოჯინები, რომლებიც ბავშვებს მიატოვებინეს. Iიცით, ასე რატომ არის? იმიტომ, რომ ხალხმა მართლაც არ იცოდა, რა მოხდა. მათ უთხრეს, რეაქტორზე ხანძარი გაჩნდა და ცუდი რაღაც რომ არ მოხდეს, მხოლოდ სამი დღით გაგიყვანთ, მერე კი უკანვე დაგაბრუნებთო, ამიტომ ადამიანებმა ისეთი ნივთებიც კი ვერ გაიყოლეს, რომლებიც თუნდაც საყვარელ ადგილებს გაახსენებდათ. სწორედ მიტოვებული თოჯინის ნახვამ შემძრა ყველაზე მეტად. თითქოს ის გოგონაც კი წარმოვიდგინე, რომელიც ამ თოჯინით თამაშობდა. აქ შესვლა 20 წლის განმავლობაში არავის შეეძლო. დღეს, ტრაგედიიდან 35 წლის თავზე, აქაურობის ნახვა შეიძლება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიდი გახლავს და გიხსნის, რას შეეხო და რას - არა. თან აუცილებლად რადიაციის მზომიც უნდა გქონდეს და ყველა საეჭვო წერტილში გაზომო რადიაცია. განსაკუთრებით მცენარეებია საშიში. ზოგიერთი ჯიში რადიაციას უფრო შთანთქავს, აგროვებს და ასხივებს კიდეც. მაღალი რადიაციის ზონაში მოხვედრისას სამოსის გამოცვლაა საჭირო, რადგან რადიაციის კვალი სამოსზე რჩება. ხშირად მეფიქრება იმ ხალხზე, ვინც აქ თუნდაც სპეციალური კოსტიუმითა და ანაზღაურებით მუშაობს. ჩემზე ძალიან იმოქმედა აქაურობამ. აქ სულ სხვა სამყაროა. თითქოს საშინელებათა ფილმის პერსონაჟი ხარ, რომლის თვალწინ მცენარეები მიტოვებული სახლების ფანჯრებში მიცოცავენ და ყველაფერს ედებიან, ყველა ნივთსა და კედელს იპყრობენ, მერე კი ისევ ფანჯრებიდან მეზობელ სახლებში "გადადიან"... თითქოს აქაური ხეებიც ძალიან სწრაფად იზრდებიან.

chernobili4-1651406541.jpg

- ცნობილია, რომ ჩერნობილში უამრავ მუტანტ ცხოველს ან მცენარეს წააწყდები, რაც სწორედ რადიაციით არის გამოწვეული.

- ალბათ. ისე, აქაურობის სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ცხოველები არღვევენ. ჩვენც შეგვხვდა ზოგიერთი მათგანი, რომლებიც მართლაც უცნაური და გიგანტური მეჩვენენ. მაგალითად, ველური ცხენი რომ დავინახე, თვალს არ დავუჯერე.A ვერ მივხვდი, საიდან გაჩნდა - ის ხომ მხოლოდ წითელ წიგნში ან ზოოპარკშია! ხარირემმაც ძალიან შემაშინა: უცებ, სამარისებურ სიჩუმეში, ყურისძირში სუნთქვა მომესმა და შეშინებულმა რომ მივიხედე, ხელთ გიგანტური ხარირემი შემრჩა.

chernobili5-1651406541.jpg

აქ ადამიანები აფეთქების ზონიდან ხუთ კილომეტრში ცხოვრობენ. თითო სოფელში სამი-ოთხი მოხუცია, რომელთაც თავის დროზე მშობლიურ ადგილებთან განშორება ვერ აიტანეს და უკან დაბრუნდნენ. როგორც ჰყვებიან, დაბრუნდნენ იმიტომ, რომ აღსასრულს მალე ელოდნენ, ამასობაში კი აღმოჩნდა, რომ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი. რადიაციამ მათ, პირიქით, სიცოცხლე გაუხანგრძლივა. ამ მოხუცებიდან ზოგიერთი 90 წელზე მეტისაა და ისევ აქტიურად შრომობს. თავინთი დაყენებული უკრაინული სასმელიც კი დაგვალევინეს. დიდი გაოცება მელოდა მათ სასაფლაოზეც - ყველაზე უმცროსი ასაკის მიცვალებული 92 წლისა აღმოჩნდა.

chernobili2-1651406541.jpg

- ალბათ, რადიაციის პირველი ტალღის გადატანის შემდეგ, სხვა დაავადებებისადმი იმუნიტეტი გამოიმუშავეს, თორემ როგორც ცნობილია, ჩერნობილის ავარიის­ ლიკვიდაციაზე მომუშავე პირებს ცხრა წლის განმავლობაში შვილის გაჩენაც კი აუკრძალეს...

- დიახ, ასეა. უკრაინელმა ხალხმა სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად ჩერნობილის უბედურებასაც გაუძლო. ნუთუ აღარ უნდა ეყოს უკრაინელ ხალხს ამდენი ტანჯვა და უბედურება?! ეს ომი, რომელიც რუსებმა თავს დაატეხეს, გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ჩერნობილი. მან უკვე დაანგრია უკრაინა. ნათესავები ნანგრევებად ქცეული ქალაქის, ირპენის, ფოტოებს მიგზავნიან, რომლის შემხედვარე თითქოს ვკვდები. რატომ არის ვიღაცისთვის საჭირო უკრაინელი ხალხის განადგურება?! მაგრამ ჩემი უკრაინელების იმედი მაქვს. ეს ხალხი არაფრით ჰგავს ბარბაროს რუსებს.

chernobili3-1651406541.jpg

ტყუილია, რომ რუსები და უკრაინელები ძმები არიან. უკრაინელი ხალხი საოცრად შრომისმოყვარე და მშვიდია. როცა მშვიდობა დადგება, ისევ ერთად იშრომებენ და უკრაინასაც აღადგენენ. უამრავი განსაცდელის გადამტანები ამ ომსაც გადაიტანენ და ფეხზე დადგებიან. მთავარია, ომი სწრაფად დამთავრდეს, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და რომ დაბრუნდებიან, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ამ ხალხს თავისი ქვეყანა უყვარს. ასე რომ არ იყოს, მისთვის ასე თავგანწირვითაც ვერ იომებდა.