"რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლია "უმცროს ძმებს“ თავში წამოარტყას და დამოუკიდებელი არსებობა აუკრძალოს“ - კვირის პალიტრა

"რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლია "უმცროს ძმებს“ თავში წამოარტყას და დამოუკიდებელი არსებობა აუკრძალოს“

ორ თვეზე მეტია, რაც უკრაინა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.­ ომმა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ყველა სხვა მოვლენა გადაფარა. იღუპება უდანაშაულო ხალხი: ქალები, ბავშვები, მოხუცები, რაც დიდი სტრესია. ამ მტკივნეულ საკითხზე ფოტოჟურნალისტ გოგა ჩანადირს ვესაუბრეთ:

- ეს სასტიკი, დაუნდობელი ომია, რომელსაც დავითისა და გოლიათის შებრძოლებას შევადარებდი. ძალიან განვიცდი, რაც უკრაინაში ხდება, რადგან ეს ქვეყანა განსაკუთრებით მიყვარს და მეძვირფასება. ჩვენ საერთო პრობლემები გვაქვს, თავად ავირჩიეთ გზა, რომ საკუთარი ქვეყანა თვითონ უნდა ვმართოთ და არა - სხვისი მითითებით. საუბედუროდ, რუსეთმა "უფროსი ძმის" კომპლექსი ვერა და ვერ მოიშორა. ის ფიქრობს, რომ შეუძლია "უმცროს ძმებს" თავში წამოარტყას და დამოუკიდებელი არსებობა აუკრძალოს. იცით, გული რაზე მწყდება? რომ ამ ურთულეს სიტუაციაში ქართველები ერთმანეთთან კინკლაობას გადავყევით, ჩვენი პოლიტიკოსები უკრაინაშიც კი ცალ-ცალკე წავიდნენ... განსხვავებული პოზიცია გვაქვს თითქმის ყველა საკითხში, არადა, ჩვენი სახელმწიფოს მთავარი დევიზია "ძალა ერთობაშია". ოდესმე ხომ უნდა დადგეს დრო, როცა ეს დევიზი სინამდვილედ იქცევა?

- თქვენი აზრით, რით აიხსნება ის სისასტიკე, რომელსაც რუსი ჯარისკაცები უკრაინელების მიმართ იჩენენ?

- რუსული ჯარი ყოველთვის ველურივით იქცევა იმ ტერიტორიაზე, სადაც შეიჭრება. ასე მოხდა თავის დროზე საფრანგეთში, მეოცე საუკუნეში კი - გერმანიაში. 2008 წელს საქართველოში ნაკლები ბოროტება ჩაიდინეს? სხვათა შორის, ბაგრატის ტაძრის დანგრევაც მათ სინდისზეა: რუსებმა პირდაპირ დაუშინეს ზარბაზნები იქ გამაგრებულ თურქებს და ეს უძველესი ტაძარი ნანგრევებად აქციეს. მათთვის ფასეულობა არ არის არც ადამიანის სიცოცხლე, არც - ეკლესია, არც - კულტურული მემკვიდრეობა. ამ ურდოს მხოლოდ მიზნის მიღწევა აინტერესებს და ვერც კი ხვდება, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. რუსული არმიის მორალი არ ეფუძნება ადამიანურ ღირსებას და თავისუფლებას. მითი, რომ ეს არმია უძლეველია, უკრაინელებმა დაამსხვრიეს.

- სამწუხარო ის არის, რომ ამ ომს უცოდველი ბავშვები, მოხუცები და ქალები ეწირებიან, თუმცა დასავლელი პოლიტიკოსები უკრაინელთა გენოციდს ჯერ არ აღიარებენ.

- რუსული არმიისთვის უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მოხუცების დახოცვა პრობლემა არ არის. ისინი ქალაქებსა და სოფლებს განურჩევლად ბომბავენ და უკრაინელებს აიძულებენ, თავიანი საცხოვრებელი მიატოვონ. ეს გენოციდია, აბა, რა არის? გენოციდია ის, რაც ბუჩაში, მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში მოხდა, თუმცა, არ მიკვირს, რომ დასავლეთი ჯერ არ ჩქარობს ამის აღიარებას. ის ცდილობს, ყველაფერი სამართლებრივად, ფაქტების საფუძველზე დაამტკიცოს. ადრე თუ გვიან, ბევრს მოუწევს თავის მართლება ჰააგის სასამართლოს წინაშე და დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის პუტინიც იქნება.

- უჩვეულო არ არის, რომ რუსულმა­ არმიამ უკრაინაში მცხოვრები რუსებიც არ დაინდო?

- ადამიანი რა ეროვნებისაც უნდა იყოს, თავის კარ-მიდამოს და ქვეყანას ყოველთვის დაიცავს. ამიტომ არ მიკვირს, რომ რუსულ არმიას თეთრი ბაირაღებით არ შეეგებნენ. თქვენ რომ ქართველი დაგესხათ თავს, თქვენს სახლ-კარს არ დაიცავთ? იგივე მოხდა უკრაინაში - რუსულენოვანმა მოსახლეობამ პუტინის ლაშქარს იმედი გაუცრუა და თავისი ქვეყნის მხარეს დადგა. განა რუსეთს არ შეეძლო სადავო საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარება, მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ ძალის პოლიტიკას ცნობს. სწორედ ამიტომ რუს ჯარისკაცებს შეუძლიათ სხვისი უფლებები ფეხქვეშ გათელონ. მათი მთავარი დევიზია: "მოკალი! წაართვი! მოპარე!" ეს მათი პროპაგანდის ბრალიცაა. რუსეთის მოქალაქეები ვერ იგებენ სწორ ინფორმაციას. ისიც ვერ გაიგეს, რომ რუსული ჯარი, აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, მოსახლეობას ბომბავდა და ამის გამო სამი თვის ბავშვი დაიღუპა! როგორ შეიძლება ამის ჩამდენ ხალხს ქრისტიანობაზე ელაპარაკო?!

- დღეს ხშირად გაიგონებთ საყვედურს, დაბომბვის გამო სირიელი და ქურთი ბავშვებიც იღუპებიან და მათ რატომ არ ვეხმარებითო?

- ამაზრზენია, როცა ბავშვებს ასე ექცევიან! სიტყვები არ მყოფნის, როცა ამ საკითხზე გესაუბრებით. თუ შეგვიძლია, ყველა პატარას უნდა დავეხმაროთ, რომელიც ახლა განსაცდელშია. რა მნიშვნელობა აქვს, რა ეროვნებისაა? უბრალოდ, უკრაინელებს ახლა ყველაზე მეტად უჭირთ და სანამ შევძლებთ, მანამდე უნდა დავეხმაროთ. თქვენ რა გგონიათ, პოლონეთში გაჭირვებულები­ არ არიან? მაგრამ პოლონეთმა 2 მილიონამდე უკრაინელი შეიფარა. მადლობა ღმერთს, რომ ამ საკითხში მთელი ევროპა და დასავლეთი ერთიანია. მართალია, დასავლეთის ქვეყნები ერიდებიან რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას და მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას, მაგრამ უკრაინას მაქსიმალურად ეხმარებიან.

- რას ეტყოდით ზელენსკის კრიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მან უკრაინელი ხალხი ამ განსაცდელისგან ვერ დაიცვა?

- ზელენსკიმ კი არა, უკრაინა დასავლეთმაც ვერ დაიცვა ამ საშინელი ურჩხულისგან. ვინც ამას ამბობს, იმან პოლიტიკა არ იცის, ან კრემლის პოლიტიკის მიმდევარია. ზელენსკი საუკეთესო პრეზიდენტი აღმოჩნდა. მან პოლიტიკა გაცილებით ადამიანური გახადა და თავის კოლეგებს ცივი, დიპლომატიური მსჯელობის ადგილი არ დაუტოვა; უკრაინელები ერთ მუშტად შეკრა და თავისუფლების იდეის ირგვლივ გააერთიანა. თუ რუსეთს მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარება უნდა, დიპლომატიის ენით უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ ამ ქვეყნის პოლიტიკა უცვლელია - თავში ხელი უნდა წამოგარტყას და გაიძულოს, მის ძალას პატივი სცე. მგონი, ყველა ხვდება, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ იქ ნორმალური ხელისუფლება მოვა.

- აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები, რომლებიც ამ ომს შეეწირნენ.

- კამერა და ფოტოაპარატი საომარ სიტუაციაში ყველაზე ბასრი იარაღია. მედია ყველაფერს აკეთებს, რომ მსოფლიოს სწორი, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. სამწუხაროდ, რუსული არმია ჟურნალისტებსაც არ ინდობს, ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომში უკვე რვა ჟურნალისტი დაიღუპა. ეს ის ხალხია, რომლის გამო რუსეთი­ საინფორმაციო ომს პირწმინდად აგებს. 21-ე საუკუნეში ინფორმაციას ვერ დამალავ და არა მგონია, ადამიანების ტვინის რეცხვა რუსეთშიც დიდხანს გაგრძელდეს. ეს ხალხი, ადრე თუ გვიან, ხომ იკითხავს და გაიგებს, რა სისტიკე ჩაიდინეს უკრაინაში პუტინმა და მისმა დამქაშებმა?!

უკრაინელმა ერმა სრულად შეიგრძნო თავისუფლების ფასი, დასავლეთის სრული მხარდაჭერა მოიპოვა და მორალურად უკვე გამარჯვებულია. ერთი ან ორი ქალაქის აღება გამარჯვებას არ ნიშნავს. შეიძლება ეს ომი გაჭიანურდეს, მაგრამ უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს წართმეულ ტერიტორიებს და გაიმარჯვებს. ჩემი ნატვრაა, ამ სანუკვარ მიზანს ქართველებმაც მივაღწიოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე