"საშინელება ხდება, მაგრამ პუშკინის ძეგლის დანგრევა, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის აკრძალვა დიდი სისულელეა!“ - კვირის პალიტრა

"საშინელება ხდება, მაგრამ პუშკინის ძეგლის დანგრევა, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის აკრძალვა დიდი სისულელეა!“

"...მე იმ ასაკის კაცი ვარ, სამამულო ომიც რომ მახსოვს. მაშინ 7 წლის ვიყავი­ და იმ ასაკის ბავშვს რაც უნდა დამახსოვრებოდა, ყველაფერი კარგად მახსოვს... მაშინ ნამდვილად არ ხდებოდა ასეთი საშინელება და სისასტიკე, რისი მომსწრეც დღეს გავხდით. წამოყო თავი ამ ურჩხულმა და ირგვლივ ყველაფერი გაატიალა!" - ამბობს მსახიობი ჯემალ ღაღანიძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომზე გვესაუბრა.

- 89 წლის კაცი ვარ და ვერაფრით წარმოვიდგენდი, ამას თუ კიდევ მოვესწრებოდი, ამ ეპოქაში ვინმე თუ გაბედავდა ეს ამბები დაეტრიალებინა! რომელი საუკუნეა?! ნამდვილი ომი გააჩაღო და ქვეყნიერება ამოწყვიტო?! ეს როგორ შეიძლება?! ძალიან განვიცდი, რაც ხდება...

ქართველი ხელოვანები, რუსთაველის თეატრი ძალიან ხშირად ჩავდიოდით უკრაინაში. დღეს სულ მახსენდება ის გასტროლები,­ შეხვედრები, ხალხი რომ თვეებით ადრე იძენდა ბილეთებს და გველოდებოდა. ყოველი ჩვენი იქ ჩასვლა ძალიან დიდი დღესასწაული იყო. ვერც მოვთვლი, რამდენჯერ ვართ ნამყოფი კიევში, უკრაინის სხვა ქალაქებში. საოცრად თბილი და კარგი ხალხია.

- რუსეთშიც ძალიან ხშირად ყოფილხართ. ამ ქვეყანასა და ხალხზე რას იტყვით?

- იქაც არის კარგი და ცუდი, ვერაფრით გამოვყოფ და ვერ ვიტყვი, რომ მთელი რუსეთი ცუდია. მთელი უბედურება­ ის არის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მთავრობას აყვნენ და საშინელებაში ჩაერთნენ. რუსეთის მთავრობას რაც სურს, მაგას რაღა ლაპარაკი უნდა, მაგრამ არა მგონია, ყველა იქაურს მოსწონდეს ეს ჯოჯოხეთი. ერთი ხელის მოსმით ყველას ერთ ყუთში ვერ ჩაყრი! ეროვნება არაფერ შუაშია! რომ ამბობენ, 80% მხარს მთავრობას უჭერსო, მართალი არ მგონია. ეტყობა, ძალიან დაშინებულია ხალხი.

- აფხაზეთის ომის დაწყებისას თქვენ აფხაზეთში იყავით კულტურული პროგრამით...

- აფხაზეთში რაც მოხდა, იმაზე საუბარი­ დღესაც მიჭირს და ვერაფრით ვეგ­­უები, ჩვენი რომ აღარ არის, თუნდაც დროებით... რაც რუსთაველის თეატრში მივედი, იმის შემდეგ ხშირად მიხდებოდა აფხაზეთში ყოფნა. ეს იყო ულამაზესი­ პერიოდი ჩემს ცხოვრებაში - განსაცვიფ­რებელი სილამაზე, ნამდვილი წალკოტი,­ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩვენს აფხაზ კოლეგებთან... მოუშუშებელი ტკივილია, რაც მოხდა. აფხაზეთი საქართველოს ბაჯაღლო იყო. იყო-მეთქი, ვამბობ, თუმცა იმედი არასოდეს დამიკარგავს, რომ აფხაზეთი ისევ საქართველოსი იქნება!

სოხუმი თითქმის ჩაბარებული იყო, ჩვენ რომ კონცერტებით აფხაზეთში წავ­ედით. მხოლოდ სამხედროები იყვნენ იქ და, ფაქ­ტობრივად, მათთვის ჩავატარეთ კონცერტები. "მღერიან, ცეკვავენ და ხუმრობენ მსახიობები" - ასეთი პროგრამა გვქონდა ფილარმონიაში, ჯემალ ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და ეს პროგრამა ჩავიტანეთ. მერე ატყდა უბედურება... ოთხი სამხედრო თბილისში ჩამოასვენეს და კინოს სახლიდან გაასვენეს. ნამდვილი კოშმარი იყო...

ახალმა თაობამ აღარც იცის, როგორი იყო აფხაზეთი და ეს ყველაზე ცუდია! 2008 წელს რაც გადავიტანეთ, ესეც ცალკე საშინელებაა! როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მშვიდად ვერ ვიყოთ და არეულობას გვიწყობდნენ, გვაოხრებდნენ?!

ისე, აფხაზეთი ყოველთვის რთული რეგიონი იყო, სულ იგრძნობოდა დაძაბულობა და ბოლოს იფეთქა კიდეც! იქ სულ რუსული ლაპარაკი ისმოდა, რაც გულს ძალიან მტკენდა. მახსოვს, ბენზინის დეფიციტი იყო და იქაურ მთავრობას მივაკითხეთ. ჩვენმა წარმომადგენელმა ქართულად ლაპარაკი რომ დაიწყო, სთხოვეს, რუსულად გველაპარაკეთო. ამითაც იგრძნობოდა, რომ იქ დიდი არეულობა იწყებოდა.

ახლა ძალიან მეშინია, რაც უკრაინაში­ ხდება, საქართველოშიც არ გადმოვიდეს, არადა, ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს - კიდევ ერთ ომს ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს! ამხელა სახელმწიფოები ვერ უძლებენ, ხომ ვხედავთ, რა უბედურებაც ტრიალებს!

მე იმ ასაკის კაცი ვარ, სამამულო ომიც რომ მახსოვს. მაშინ 7 წლის ვიყავი და იმ ასაკის ბავშვს რაც უნდა დამახსოვრებოდა, ყველაფერი კარგად მახსოვს. მაშინ ნამდვილად არ ხდებოდა ასეთი საშინელება და სისასტიკე, რისი მომსწრეც დღეს გავხდით. წამოყო თავი ამ უბედურებამ, ურჩხულმა და ირგვლივ ყველაფერი გაატიალა!

ყური მოვკარი, სადღაც პუშკინის ძეგლი­ დაანგრიეს, რახმანინოვის, ჩაიკოვსკის მუსიკა აკრძალესო და დიდი სისულელეა ეგ, კაცო! იმათ რას ერჩიან?! ასე გაგრძელება ყოვლად შეუძლებელია! რახმანინოვის და ჩაიკოვსკის მუსიკაზე უარი როგორ უნდა თქვა?! მსოფლიოს განძია ეგ ხალხი და თუ მათი ყველაფერი უარვყავით, საით წავა ჩვენი ცხოვრება?! ამ გენიოსების ეროვნების მიხედვით დაყოფა არ შეიძლება. როგორც ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, ისე მათ შემოქმედებას - ეროვნება!