"პრეზიდენტი იუშჩენკო და მისი ოჯახი ისე დამიახლოვდნენ, ოჯახურ ბორშჩის წვეულებაზეც კი დამპატიჟეს“ - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი იუშჩენკო და მისი ოჯახი ისე დამიახლოვდნენ, ოჯახურ ბორშჩის წვეულებაზეც კი დამპატიჟეს“

ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე­ რუსეთ-უკრაინის ომს ძალიან მტკივნეულად განიცდის. მას უკრაინელ ხალხთან, ქვეყნის ყოფილ პირველ პირსა და მის ოჯახთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებს.

- ათი წლის განმავლობაში მოსკოვის მოდის კვირეულში დიზაინერების საუკეთესო ათეულში შევდიოდი. 2008 წელს, როგორც კი რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, თანამშრომლობა აღარ გავაგრძელე და მოდის ასოციაციის კალენდრიდან გამოვედი, ჩემთვის მორალურად მიუღებელი იყო, ყველაფერი ძველებურად გამეგრძელებინა.­ ცხოვრებაში დგება დღე, როცა თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანზე უარი უნდა თქვა.უარი ვთქვი იმ პოპულარობაზე,­ რაც იმ ქვეყანაში მქონდა - ნებისმიერი თანხა, რასაც გამოიმუშავებ, სუფთა სინდისით მოპოვებული უნდა იყოს! მოსკოვის მოდის კვირეულთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში გადავინაცვლე და მალე ძალიან პოპულარული გავხდი. ჩემი მაღაზიები ბევრგან იყო, დიდ წარმატებას მივაღწიე, საზოგადოებამ ძალიან გულთბილად მიმიღო. არანაკლებ პოპულარული ვიყავი, ვიდრე საქართველოში...

- თქვენ ქვეყნის პირველი პირი ვიქტორ იუშჩენკოც დაგიახლოვდათ...

- ვიტალინა იუშჩენკო ჩემი კოლექციის ჩვენებას დაესწრო, დიდი ნაწილი­ იყიდა, შემდეგ ახალი რაღაცები შემიკვეთა­ და ასე დავმეგობრდით... ოჯახებით ისე დავახლოვდით, რომ პრეზიდენტმა შინაურულ გარემოშიც მიმიწვია. წარმოიდგინეთ, ბორშჩი მოამზადეს და დამპატიჟეს... შემდეგ როგორც პრეზიდენტის, ისე მისი მეუღლის დაბადების დღეებზე დავდიოდი... ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით...

- დღეს გაქვთ ურთიერთობა?

- ყველა უკრაინელ მეგობართან მაქვს ურთიერთობა, მათთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. დღესაც ყოველ წუთს საქმის კურსში ვარ, როგორ არის თითოეული მათგანი. საბედნიეროდ, ყველა უვნებლადაა.­ რაც შეეხება ვიქტორ იუშჩენკოს, მას - ვერა, მაგრამ ვიტალინას ერთხელ დავუკავშირდი, მოვიკითხე...

- თქვენ ძალიან კარგად იცნობთ რუსებსაც და უკრაინელებსაც... რა განსხვავებაა ამ ორ ერს შორის?

- ყველა ერი განსხვავებულია, თუმცა ხელოვანი ადამიანები ყველგან ყველასგან გამოირჩევიან. მე, ძირითადად, იმ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც ჩემს სულიერ სამყაროსთან ახლოს არიან, მიუხედავად ეროვნებისა... რუსეთში მეგობრები მყავდა. დღეს თითქმის აღარავისთან მაქვს ურთიერთობა, თუმცა როცა იქ ვიყავი, იქაურ ხელოვანებთან ურთიერთობა ჩემთვის სასიამოვნო იყო. იმავეს ვიტყოდი უკრაინაზეც, საფრანგეთზეც, იტალიაზეც, იაპონიაზეც - ნებისმიერ ქვეყანაზე... ადამიანებს, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან, ცხოვრების განსაკუთრებული ხედვა აერთიანებთ. ეს მართლაც რადიკალურად განსხვავებული სამყაროა...

- ითქვა, რომ მსოფლიოს მოდის სამყარ­ოზე უფრო აისახა რუსეთ-უკრაინის ომი და მათ თანაგრძნობაც უფრო გამოხატეს, ვიდრე­, ვთქვათ, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე...

- დიახ... საქართველოში მე ყველა ქართველი დიზაინერი შევკრიბე, საქველმოქმედო მარათონი გავმართეთ და უკრაინელ ბავშვებს სოლიდური თანხით დავეხმარეთ... რაც შეეხება მსოფლიო მოდას, რუსეთ-უკრაინის ომის ტკივილი ყველაზე მკაფიოდ დემნა გვასალიამ გამოხატა... მილანსა და პარიზში მოდის კვირეულები მიმდინარეობდა, მაგრამ დემნას ჩვენება განსაკუთრებით ბევრის მთქმელი იყო... თუ არ ვცდები, "არმანის" ჩვენება მუსიკის გარეშე ჩატარდა, თუმცა დემნა გვასალიას მესიჯი უკიდურესად მძაფრი აღმოჩნდა. მოდის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით მართლაც ძალიან საამაყო ადამიანი გვყავს!

- ახსენეთ, რომ თქვენ ჩაუდექით სათავეში­ საქველმოქმედო მარათონს... საქართველოდან­ უკრაინის მიმართ თანადგომა იგრძნობა?

- ხალხმა ძალიან დიდი თანადგომა­ გამოხატა... რაც ხდება, ჩვენ განსაკუთრებულად გვტკივა, რადგან საუკუნეებია, რუსეთი სხვადასხვა ფორმით გვესხმის თავს... უკრაინასთან რუსეთს არაფერი გამოუვა... უკრაინელები საოცარი ხალხია, ასეთი ერთიანობა, თავგანწირვა განსაცვიფრებელია! ახალ ისტორიას წერს ეს ხალხი! მთელ მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო!