"ბირთვული იარაღით პუტინი იმდენჯერ დაგვმუქრებია, რომ ძველებურად შიშის მომგვრელად აღარ აღიქმება“ - კვირის პალიტრა

"ბირთვული იარაღით პუტინი იმდენჯერ დაგვმუქრებია, რომ ძველებურად შიშის მომგვრელად აღარ აღიქმება“

"პუტინის განცხადება ნიშნავს, რომ ამ ომს ვერ იგებს, მაგრამ თავისი მოსახლეობის წინაშე სჭირდება მაგარი ბიჭობის გამოჩენა, რომ ცხენს შიშველი აჭენებს, ქვეყანას აზანზარებს, მაგარია და დასავლეთს მაინც დაამარცხებს...“

"ჯიპას" პროფესორის გიორგი კობერიძის აზრით, უკრაინის ომში ახალი ფაზა დაიწყო, ეს კი ნიშნავს, რომ ომი მალე არ დასრულდება.

- რუსეთის ე.წ. სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით არ მიდის. მათი გათვლებით, კიევი ძალიან მალე უნდა დაცემულიყო და უკრაინის სახელმწიფო რუსეთის პროტექტორატად ჩამოქვეითებულიყო.­ ახლა რუსეთს პროგრამა-მინიმუმი აქვს - დონეცკისა და ლუგანსკის დაკავება,­ ოღონდ ამასაც დიდი კითხვის ნიშანი აქვს დასმული­, თუმცა ლუგანსკის რაიონში დიდი წინსვლა აქვს, ქალაქებისა და სოფ­ლების 90% დაიკავა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან საკვანძო ქალაქს, რუბეჟნოეს, ლისიჩანსკის, სევერედონეცკსა და პოპასნაიას. რუსეთს რესურსი კიდევ აქვს, მხოლოდ რეგულარული არმია­ კი არა, ე.წ. დნრ-სა და ლენრ-ს ომში იძულებით გაწვეული მოსახლეობაც, რომელსაც საზარბაზნე ხორცად იყენებს. ფაქტობრივად, დღეს თუ ლუგანსკში რაიმე აქვს დაკავებული, იმიტომ, რომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ სეპარატისტული რესპუბლიკების ხარჯზე. მას შეუძლია ბრძოლა საკუთარი რესურსებით, რეგულარული ჯარებითაც გააგრძელოს, თუმცა უკრაინელების წინააღმდეგობა დინამიკურად მატულობს. იქ ახლა დამატებითი ძალების მობილიზაცია დაიწყო. რაც მთავარია, ეს პროცესი ფაზებად იყო დაყოფილი. ტერიტორიული დაცვის რაზმების ჩამოყალიბება, რომლებიც ყველა ქალაქსა და სოფელს დაიცავენ, დროებითი ღონისძიებაა, საჭიროა მობილიზებული რაზმების ფრონტის ხაზზე განთავსება. ამისთვის უკრაინელებს დრო სჭირდებოდათ. ახლა მობილიზაციის მესამე ფაზას ასრულებენ და სამხედროებს აღმოსავლეთის მიმართულებით უშვებენ. ამის საფუძველზე, ვფიქრობ, ომი მალე არ დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს შესაძლოა ძალიან უნდოდეს, მაგრამ უკრაინელები ომს არ აგებენ, ამიტომაც უკრაინის ხელისუფლება დათმობაზე რომც წავიდეს, ხალხი და სამხედროები არ დათმობენ. გარდა ამისა, რუსეთი ამ ომისთვის უნდა დაისაჯოს და ეს ესმით როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთშიც და კრემლის კარნახით დასრულებული ომი არავის უნდა. დასავლეთში ამ საკითხს ასე უყურებენ - რუსეთი საბრძოლო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ გამოეთიშება, როდესაც ძალიან მძიმე დანაკარგს მიიღებს­ და იძულებული გახდება უკრაინის ტერიტორია დატოვოს. თუმცა კრემლისგან ყველაფერია მოსალოდნელი და შეიძლება ეს ომი თავის მოსახლეობას ისე შეასაღოს, როგორც გამარჯვება.

- თავად რუსეთშიც დაძაბულობაა.

- რუსეთში ძალაუფლება თავმოყრილია როგორც პუტინის, ასევე ვიწრო ელიტის, ოლიგარქებისა და ხისტი ძალაუფლების მქონე პირების ხელში. მათ შორის არის ეფ-ეს-ბეს სამსახური და საგარეო დაზვერვა. თუ თავად მათ "სასახლის" პუტჩი­ არ მოახდინეს და არ ჩამოაგდეს პუტინი­, არა მგონია, მოსახლეობა იმ მასშტაბით გამოვიდეს ქუჩაში, რომ ხელისუფლება დაამხოს. მეორე მხრივ, საინტერესო ტენდენციაა, როცა პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანაში გაჭირვება და კრიზისი იყო, ახლა იმ კრიზისს უბრუნდებიან,­ შესაბამისად, თუ ხალხში, ჯარში, ძალოვნებში მომწიფდა აზრი, რომ პუტინმა ქვეყანა­ იქ დააბრუნა, საიდანაც გამოიყვანა, დაიწყება­ მწვავე შიდა დაპირისპირება. გავლენიანი ძალოვნების უკან ოჯახები დგანან, მოსკოველი და პეტერბურგელი ელიტა, თუ სანქციები მათ ძალიან დაარტყამს, ეს უკვალოდ არ ჩაივლის. სანქციების შედეგების პირველი ნაწილი შემოდგომაზე იქნება,­ როდესაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა დაბ­ლოკავს რუსეთის საზაფხულო ღონისძიებებს. ეს დასაწყისი იქნება. თუმცა არა მაქვს იმედი, რომ მოსახლეობა ქუჩაში მასობრივად გამოვა და ტირანიაზე უარს იტყვის.

- პუტინი მაინც იმუქრება ელვისებური დარტყმებით. არსებობს საფრთხე, რომ ეს ომი უკრაინის ტერიტორიას გასცდეს?

- ეს ირიბი ბირთვული მუქარაა. პუტინს მსგავსი რამ იმდენჯერ უთქვამს, უკვე ძველებურად შიშის მომგვრელად აღარ აღიქმება. ეს არის აგრესიული­ სამხედრო თავდასხმა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის თანახმად, თავდამსხმელს უფლება არა აქვს მოთხოვნა დააყენოს, იარ­აღი არ მიაწოდოთ, თორემ ზომებს მივიღებო. რუსეთის ქმედება იმდენად სახიფათოა, რომ დასავლეთმა თუ არ დასაჯა, ეს იქნება პრეცედენტი სხვა აგრესიული სახელმწიფოებისთვის, რომ ძალა აღმართს ხნავს. ასეა, მართლაც ხნავს ძალა აღმართს, მაგრამ თუ ამ ძალის უკან სამართლიანობა არ დგას, მხოლოდ ძალა სხვების პირისპირ­ ყოველთვის უმცირესობაში აღმოჩნდება. ვფიქრობ, პუტინის განცხადება ნიშნავს, რომ დასავლეთის დახმარების გამო ამ ომს ვერ იგებს და ვერც მოიგებს, მაგრამ თავისი მოსახლეობის წინაშე სჭირდება მაგარი ბიჭობის გამოჩენა, რომ ცხენს შიშველი აჭენებს, ქვეყანას აზანზარებს, მაგარია და დასავლეთს მაინც დაამარცხებს.

- დნესტრისპირეთში დაძაბულობაა, რაშიც­ უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებს, რომ კრემლი ცდილობს დნესტრისპირეთის გამოყენებას მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის.

- არა მგონია, რუსეთი კიშინიოვისკენაც გაიქაჩოს, თუმცა იქიდან ოდესის მიმართულებით მეორე თუ მესამე ფრონტის გახსნა გამორიცხული არ არის. გასათვალისწინებელია, რომ დნესტრისპირეთი­ ოპერატიულ ალყაშია - რუსეთი მას ვეღარ ამარაგებს და თუ უკრაინამ ეს ომი მოიგო­, დნესტრისპირეთის საკითხი დასრულდება. ეს იქ კარგად აქვთ გააზრებული და იციან, რომ ფსონი ძალიან მაღალია, ამიტომ მიაჩნიათ, რომ დნესტრისპირელი სეპარატისტებისა და რუსი სამხედროების ერთობლივი აგრესიული სამხედრო კამპანია უკრაინის ან უარეს შემთხვევაში მოლდოვის წინააღმდეგ გაამართლებს. ამას აქვს მიზეზი - რუსეთის ხელისუფლებამ თავის მოსახლეობას ვერც ერთი მიმართულებით რეალური­ გამარჯვება ვერ აჩვენა და შესაძლოა ამის დასაბალანსებლად აგრესიული კამპანია მოლდოვაშიც წამოიწყოს. კრემლის ქმედებაში ლოგიკის ძებნა ძნელია, მაგრამ დამარცხებული რუსეთი რომ თავის გამოჩენას სხვაგან შეეცდება, ამის ლოგიკა არსებობს. გაბედავს თუ არა კრემლი ამას? უკვე გაბედა, დასაკარგავი არაფერი აქვს. თუმცა, თუ მოლდოვაშიც წამოიწყო სამხედრო კამპანია, ეს მის ჯარს გაანადგურებს.

- ინტერესს იწვევს რუსეთში სტრატეგიულ­ ობიექტებზე გაჩენილი ხანძრები. ნაწილი ამაში უკრაინის ხელს ხედავს, თავად უკრაინა დუმს.

- სწორადაც იქცევა. რუსეთს ომი ოფიციალურად არ გამოუცხადებია და უკრაინა არ აძლევს კრემლს საშუალებას, რომ შიდა კამპანია გააჩაღოს, აგრესიული უკრაინა ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა, იძულებული ვართ ომი გამოვუცხადოთ და საჭიროა საყოველთაო მობილიზაციაო. ასე რომ, უკრაინა სწორად თამაშობს, იცავს საერთაშორისო თამაშის წესებს.

- უკრაინაში საომარი მოქმედებების კვალდაკვალ რუსული "გაზის ომი" დაიწყო ევროპაში. "გაზპრომმა" ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა ევროკავშირის წევრ ბულგარეთსა და პოლონეთს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე.

- ეს არის მინიშნება კონკრეტულად გერმანიისთვის, რომ მასაც იგივე ბედი ელის და მისი ინდუსტრია დაზარალდება, თუ კვლავაც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. ამასთან, თუ რუსული გაზის ექსპორტი შეწყდა, რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანასაც დააზიანებს, რადგან თავის თავსაც დაადებს სანქციას - ის ფინანსები, რომელიც ევროპიდან შესდიოდა, აღარ შეუვა.

მეორე მხრივ, პოლონეთი და ბულგარეთი მარტო არ არიან, ევროკავშირი ერთიანი სივრცეა და რუსეთის აგრესი­ული ქმედება ლოკალურად, მხოლოდ ერთი ქვეყნის, თუნდაც პოლონეთის წინააღმდეგ ვერ განიხილება. ეს კარგად ესმით გერმანიაში და საფრანგეთშიც. შესაძლოა ამ დაშინებას რაღაც ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ თუ გერმანია რუსეთის მიმართ ისევ ლოიალური იქნება, პოლონეთი იკითხავს, რაშია საქმე, ეს ხომ ღალატიაო.

იქით ბრიტანული გამოცემები გერმანელებს ისეთი ეპითეტებით ამკობენ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კამპანია გეგონებათ. ასე რომ, ეს პროცესი აიძულებს გერმანიას რუსეთთან თავის მიდგომას გადახედოს, რა უფრო მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევით გადარჩენა თუ რუსეთზე მიტ­მა­სვნა. მით უფრო, რომ არსებობს გამოსავალი - თხევადი გაზი, რომლის საფასური არ აღემატება რუსული გაზისას, თუმცა მას დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავდა ევროპა, რადგან ამერიკაზე ჩამოკიდება­ არ უნდოდა, განსაკუთრებით, საფრანგეთსა და გერმანიას. ბრიტანეთი და ნორვეგიაც დიდი მწარმოებლები­ არიან, სხვა რესურსებიც არსებობს და შესაძლებელია რუსეთის გვერდის ავლით პრობლემის მოგვარება.

- უკრაინელი მაღალჩინოსნების საქართველოს ხელისუფლების შესახებ განცხადებებზეც საინტერესოა თქვენი აზრი.

- უკრაინა სხვა ქვეყნის ლიდერებსაც საყვედურობს, მაგრამ მათ განცხადებებს არავინ ეკიდება, რადგან სხვა თუ არაფერი, ეს სახელმწიფო ახლა ომშია, ჩვენი ლიდერები კი პრესკონფერენციებს მართავენ, ეს ამისიანია, იქ ვიღაცა მართავს პროცესებსო და სხვა... ამან შექმნა არაჯანსაღი გარემო, რომლითაც უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყანა წარმოჩნდება როგორც არასანდო პარტნიორი­. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ომში და მისი, როგორც პარტნიორის, დაკარგვა კატასტროფა­ იქნება. ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობა არ გაწყდება, მაგრამ საერთაშორისო კავშირებს ხომ ხელისუფლებები­ ქმნიან.

საერთაშორისო ურთიერთობების­ საქმეში არც ოპოზიციაა­ დადებითად ჩართ­ული, მაგრამ ხელისუფლებას მეტი მოეთხოვება. უკრაინაში კი არა, საქართველოში რას აკეთებენ, ის მაინც წარმოაჩინონ. არაფერს ამბობენ იმ ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა. ანგარიში მაინც წარედგინათ, რა მოხდა ქართულ სოფლებში, გუფთაში, კეხვში, თამარაშენში... ეთქვათ, ჯერ კიდევ მაშინ გეუბნებოდით, ომი ვინ დაიწყო, ჩვენთვის­ დაგეჯერებინათ და უკრაინის ომსაც თავიდან ავირიდებდითო. ეს ჩვენთვისაც შესაძლებლობაა, საერთაშორისო­ საზოგადოებრიობამ ყველაფერი ახლიდან დაინახოს.