"ნიკოლაევში პრორუსული განწყობა იყო, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა“ - კვირის პალიტრა

"ნიკოლაევში პრორუსული განწყობა იყო, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა“

დათო და თამარი ომს 6 და 4 წლის გოგონებთან ერთად გამოექცნენ. ქართული­ ოჯახი ნიკოლაევის რაიონში, ხერსონის ახლოს ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, თუ მათ დასახლებაში რუსეთი დაამყარებს კონტროლს, უკან დაბრუნება აღარ ღირს... როგორ ცხოვრობდნენ ქართველები უკრაინელებსა და რუსებთან ერთად, რას ფიქრობენ უკრაინის მოქალაქე რუსები რუსეთზე, ამის შესახებ დათო კაცაძე გვესაუბრება:

- ღამის 5 საათი იყო, თამუნას დამ რომ დაგვირეკა, ნიკოლაევს ბომბავენო. ჩავ­რთეთ ტელევიზორი და შევიტყვეთ, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მაშინვე ავტომობილის ავზი გავავსე, ბავშვები სამშვიდობოს უნდა გამეყვანა. მერე მეგობარ ფერმერს შევუარე. უკრაინელი კაცია, საქართველო ძალიან უყვარს და დიდ პატივს გვცემდა. დაბომბვა რომ დაიწყებოდა, ცოლ-შვილი მის სარდაფში­ ჩამყავდა. ელექტროენერგიაც რომ გაი­თიშა, ყინვა იყო და ბავშვები გაგვიცივდნენ, ტემპერატურა 39 გრადუსზე აუვიდათ. მაღაზიები ნელ-ნელა ცარიელდებოდა.­ იძულებული გავხდით,­ წამოვსულიყავით. თავიდან­ არ მჯეროდა,­ რომ რუსები მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას ბომბავდნენ, ვფიქრობდი, ამაზე საუბარი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია-მეთქი. მალე თავად გავხდი მოწმე, თუ როგორ დაბომბეს რუსებმა სკოლები და ტაძრები... ჯერ პერნოპოლში­ ჩავედით, 5 დღე სასტუმროში­ გავჩერდით, იმედი გვქონდა, რომ შეთან­ხმებას მიაღწევდნენ, მაგრამ... საჰა­ერო განგაშები­ პერნოპოლშიც დაიწყო. ღამით ოთხ-ხუთ­ჯერ­ გვიწევდა სარდაფში ჩასვლა. საბოლოოდ რუმინეთი-ბულგარეთი­-თურქეთი გამოვიარეთ და აქ ჩამოვედით.

- როგორც ვიცი, თქვენ რუსულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ რაიონში ცხოვრობდით, როგორი იყო მათი განწყობა?

- კი, მოსახლეობის 99% რუსულენოვანია. გამგეობასა და სხვა საჯარო დაწესებულებაში ყველგან რუსულ ენაზე ურთიერთობენ, ტაძარშიც რუსულ ენაზე ტარდებოდა წირვა. პრორუსული განწყობა იყო, მაგრამ ამ ომმა ყველაფერი შეცვალა. ჩემს დასახლებაში უმეტესად ფერმერები ცხოვრობდნენ. გამოდიოდნენ თავიანთი ჯიპებით, სანადირო თოფებით, დანებით, მოლოტოვის კოქტეილებით და პატრულირე­ბდნენ. მოსახლეობამ საე­რთო ჩატი შექმნა, თუ ვინმე რაიმე საეჭვოს დაინახავდა, მაშინვე დაპოსტავდა. ერთხელ რუსული­ ტანკების კოლონას სამი ტანკი ჩამორჩა და გზა აერია. ერთ ტანკს ჩემი მეზობელი­ ორ მეგობართან ერთად გადააწყდა. ბიჭებმა­ მოლოტოვის კოქტეილი­ ესროლეს, საპასუხოდ რუსებმა სამივე ჩაცხრილეს. მოსახლეობამ ამ გზააბნეული ტანკების ძებნა დაიწყო და მალე იპოვა. ერთმა დაწერა­ ჩატში, ჩემი სახლის წინ ჩამოიარა და ამა და ამ გზით წავიდაო, მეორემ დაწერა, ახლა ჩემს სახლთან არიანო და ასე დააკვალიანეს ერთმანეთი. სამივე ტანკი გაანადგურეს.

არავის სჯეროდა, რომ ომი დაიწყებოდა.­ შარშან, შარშანწინ ავრცელე­ბდნენ ხმებს, აი, ახლა დაიწყება ომი, ახლა დაიწყებაო... რვაასი ათასი ტონა მზესუმზირა, ხორბალი ეყარათ ფერმერებს სახლში­. ჩემს მეგობარს ნახევარი­ მილიონი დოლარის მზესუმზირა გაუფუჭდა.­ რომ ვკითხე, ამდენ­ ხანს რატომ­ არ გაყიდე­-მეთქი, მითხრა, ფასის აწევას ველოდი, რას წარმოვიდგენდი, ომი თუ დაიწყებოდაო­. ტოქშოუებში ხშირად ტარდებოდა გამოკითხვები, გჯერათ თუ არა, რომ ომი დაიწყებაო? მაყურებლის 80% ამბობდა, რომ არ დაიწყებოდა. ომი რომ დაიწყო, კაცი და ქალი გამოვიდა გარეთ, მტერი ჩვენს სახლში­ მოდის და არ მოვუშვებთო. ყველგან მოხალისეების რიგები იდგა..

- მათ შორის რუსებიც იყვნენ?

- კი, ბევრი. ამ ხალხს ევროპა და ცივილიზაცია უნდა, არ უნდათ ძირგამომპალი­, წარსულისკენ მომზირალი რუსეთი. ყველამ­ იარაღს მოჰკიდა ხალხი. ჩემს რაიონში ისეთი­ ხალხი ცხოვრობდა, პოლონეთში­ რომ ჰქონდათ სახლები და ბიზნესები. ისინიც კი არ იხევდნენ უკან, პოლონეთში კი არ გარბოდნენ, მოხალისეებად ეწერებოდნენ, იარაღს საკუთარი ფულით ყიდულობდნენ და საკვების გარეშე დარჩენილ მეზობლებსაც აპურებდნენ. ვისაც მაღაზიები ჰქონდა, გამოჰქონდა პროდუქტი, ტანსაცმელი და ხალხს ურიგებდა. ვისაც ომში წასვლა არ შეეძლო, მაგალითად, ქალების დიდ ნაწილს, მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებდნენ, სისხლის ბანკში დადიოდნენ სისხლის ჩასაბარებლად. ასეთი ერთსულოვნება არასდროს მინახავს, თან იცით, როგორ არიან დარწმუნებული გამარჯვებაში? სიმართლე ჩვენს მხარეს არის და აუცილებლად მოვიგებთო! გზად მთლად­ საოცრებები ვნახე - მოსახლეობას ბლოკპოსტები ჰქონდა მოწყობილი და ფიწლებით იდგნენ.

- თქვენი სახლის შესახებ რა იცით?

- ჯერ არ დაუბომბავთ, იმედია გადა­რჩება. ხშირად ვურეკავ მეგობრებს და გაოცებული ვარ, რუს ჯარისკაცებზე ისეთ რაღაცებს მიყვებიან. ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი გამათხოვრებული არმია­ ეყოლებოდათ. დადიან თურმე, ხალხს საჭმელს, სიგარეტსა და ფეხსაცმელებს­ სთხოვენ. პურის მანქანის მძღოლი მოუკლავთ­ და პური წაუღიათ. ასე სამარცხვინოდ იქცევიან.

- აქ დროებით ჩამოხვედით?

- თუ ჩვენს რაიონში რუსეთმა დაამყარა კონტროლი, არ ღირს დაბრუნება. არადა, სახლი გვაქვს, სამსახური, ბავშვები რუსულად კი ლაპარაკობენ, მაგრამ რუსეთი არ უყვართ. ამბობენ, პუტინმა ომი დაიწყო და ბაღში არ გვიშვებსო.

ხათუნა ბახტურიძე