"როდესაც სიკვდილთან ახლოს ხარ, ყველანაირ ნიღაბს იხსნი და ნამდვილ სახეს აჩვენებ“ - კვირის პალიტრა

"როდესაც სიკვდილთან ახლოს ხარ, ყველანაირ ნიღაბს იხსნი და ნამდვილ სახეს აჩვენებ“

"ხშირად საზღვარზე იწყებდნენ ტირილს, მანამდე თავს ამის უფლებას არ აძლევდნენ, რადგან უნდა გამოქცეულიყვნენ და სიმტკიცე მართებდათ“

„ფოტო ის დოკუმენტია, რომელსაც შეხედავს თვალებისა და გულის მქონე ადამიანი და იგრძნობს, რომ მსოფლიოში ყველაფერი კარგად როდია.“

რობერტ კაპა

- როდის გაგიტაცა ფოტოგრაფიამ? - ვეკითხები ჩემს რესპონდენტს, ფოტოგრაფ ტბელ აბუსერიძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინიდან დაბრუნდა, ლვივი და მედიკა (ქალაქები უკრაინა-პოლონეთის საზღვართან) კი მის ობიექტივში მოხვდა. - აქამდე პატარ-პატარა ლექსები, ანუ ფოტოები მქონდა, მაგრამ აქტიურად ხუთი წელია, ვიღებ. ამერიკაში, სადაც ვსწავლობდი, იმ კოლეჯის ფოტოგრაფიც ვიყავი, თუმცა ჩემი დიდი ფოტოგრაფიული პოემა აჭარის პროექტია, რომელიც ერთი წლის წინ გადავიღე. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე კი გადავწყვიტე, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე წავსულივაყი. ახალი ემოციების, გამოცდილების მიღების სურვილით ტბელი უკრაინაში გაემგზავრა. იქ გატარებული დღეები მუდამ ემახსოვრება, თუმცა სულ სხვაა იმ ადამიანების მიმართ თანაგრძნობა,­ რომლებიც ფირზე აღბეჭდა. როგორია ომის ეპიცენტრში ყოფნა, განგაშის სიგნალის ხმის თანხლებით ცხოვრება და ომგამოვლილ ადამიანთა თვალები? ამ ყველაფერზე ტბელ აბუსერიძე "კვირის პალიტრას" მოუთხრობს.

- ომი ახალი დაწყებული იყო, როდ­ესაც­ წასვლა გადავწყვიტე. ძალიან მინდოდა გამეგო, სამყაროს ამ ნაწილში რა ხდებოდა. ერთადერთი, რაც მაფერხებდა, იყო ის, რომ ომში წინა ხაზზე ვერ წავიდოდი, რადგან ამას გამოცდილება უნდა, მხოლოდ ფოტოგრაფიის სიყვარული საკმარისი არ არის, ომის ჟურნალისტიკა უნდა გესმოდეს,­ სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდე, რას არ დაადგა ფეხი. ჩემგან ეს რისკი გამართლებული არ იქნებოდა. ქალაქ მედიკაში ჩავედი ჩემს მეგობარ ფოტოგრაფ საბა გორგოძესთან ერთად. მედიკა პატარა ქალაქია უკრაინის საზღვარზე. 5-6 დღე იქ დავყავით. იქ ომი არ იყო, თუმცა იგრძნობოდა, რა ხდებოდა ქვეყანაში. მედიკაში ომს ხალხის ნაკადი ირეკლავდა. მე იქ ვნახე მათი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა - ვიღაცამ ტანსაცმელი ვერ წამოიღო, ვიღაცას საჭირო ნივთები დარჩა... ამას რომ ხედავ, ხვდები რა ხდება მოვლენათა ეპიცენტრში. ხალხი, ვინც ვნახე, გამოქცეული იყო უკრაინის ყველა მხრიდან - ხარკოვიდან, მარიუპოლიდან, ირპინიდან, კიევიდან... სამი-ოთხი დღე გზაში იყვნენ, 5-6 ტრანსპორტის გამოცვლამ მოუწიათ და ძლივს ჩამოაღწიეს მედიკაში. წარმოიდგინეთ, ოჯახში არის ოთხი ან ხუთი წევრი, ავტობუსში კი სამი ადამიანის ადგილია. ხომ ვერ დატოვებ ოჯახის წევრებს? ასეთ დროს სხვას უთმობენ რიგს, მათ, ვისაც ამდენი ადგილი ჰყოფნის და სხვა ავტობუსს ელოდებიან, ამ ლოდინში კი ზოგჯერ 18-20 საათი გადის... უკრაინიდან საზღვარზე­ რომ გადმოდიოდნენ, ვუყურებდი და ემოციას ვაკვირდებოდი. ხშირად საზღვარზე იწყებდნენ ტირილს, მანამდე საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევდნენ, რადგან უნდა გამოქცეულიყვნენ და სიმტკიცე მართებდათ. ზოგი ხმას არ იღებდა. შენს სახლში, სულ მცირე, ნახევარი წელი ვერ დაბრუნდები, შეიძლება უკვე დაბომბილიცაა... ამ ყველაფრის გააზრებამ ზოგიერთი მთლად დაადუმა. მათმა ემოციამ კარგად დამანახვა­ ვითარების სიმძიმე. ექვსი დღე მედიკაში ვიყავი, 5-6 დღე - ლვივში. ხშირად მახსენდება განგაშის ზარი ლვივში, როდესაც ყველა სარდაფებში ჩავრბოდით. ხშირად მახსენდება ავტობუსში ჩამსხდარი ხალხის - დედებისა და შვილების სახეები...

bebo2-1651412437.jpg

ისინი მედიკიდან მიდიოდნენ ევროპის სხვადასხვა ქალაქში, სადაც უნდა დაბინავებულიყვნენ... გაქვავებული, შეშინებული, დაძაბული, ზოგჯერ უმეტყველო სახეები ჰქონდათ... ხანდახან ისე ცდილობდნენ ავტობუსში შესწრებას, თითქოს ისევ ბომბავდნენ, არადა იქ უსაფრთხოდ იყვნენ. ფანჯრებიდან უყურებდნენ ბაქანზე დარჩენილებს, რომელთა სახეებს მინები ირეკლავდა... ამ მომენტში იწყება გააზრება, რომ ყუმბარებს კი გამოასწარი, მაგრამ როგორ შეიძლება იყო მშვიდად, როცა იქ დატოვე ქმარი, მამა, დედა, ძმა, მეგობარი... რომ ჩამოვედი, მერე მომეძალა ემოციები. იქ თავს უფლებას არ ვაძლევდი, ემოციები გამომეხატა. მივდიოდი ხოლმე ლვივის თეატრში. შთამბეჭდავი კადრები თეატრს უკავშირდება, რადგან სცენა, რომელიც პერფორმანსისთვის არის განკუთვნილი, გადაკეთებული იყო და ზედ საწოლები­ იდგა, ბავშვები კი თამაშობდნენ. ეს თითქოს სიმბოლური იყო: მთელი ცხოვრება ხომ თეატრია და ომი - მისი ერთ-ერთი ეპიზოდი.

2008 წლის ომის დროს 13-14 წლის ვიყავი და ყველაფერმა ისე ჩაიარა, ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა...

თეატრიდან ყველაფერი გატანილი იყო, უკრაინელები თავიანთი ხელით ფუთავდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ექსპონატებს. როდესაც მთელი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, ადამიანები ყველაზე წრფელები არიან. როდესაც სიკვდილთან ახლოს ხარ, ყველანაირ ნიღაბს იხსნი და ნამდვილ სახეს აჩვენებ. ეს ხალხი ერთიანია, ყველა ერთ გემში ზის და ერთმანეთს მეგობრობის ხელს უწვდის. აქ მნიშვნელობას კარგავს, ვინ ხარ, საიდან, სად მუშაობდი, რა გებადა, რადგან ომი ყველას აერთიანებს. იქ ყველა ერთმანეთის იმედად და ერთმანეთისთვის ცოცხლობს.