როგორ აღმოვჩნდი დიდ რუსეთში, ანუ ჩემი მოსკოვური "მონა-პოვარი“ - კვირის პალიტრა

როგორ აღმოვჩნდი დიდ რუსეთში, ანუ ჩემი მოსკოვური "მონა-პოვარი“

ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო... ამ ჭეშმარიტებაში თავად დავრწმუნდი, როცა წარმოუდგენელი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში - 2008 წლის მერე რუსეთში­ თუ მომიწევდა წასვლა, იქ ცხოვრება და მუშაობა, ალბათ, ყველაზე კოშმარულ სიზმარში თუ ვნახავდი, მაგრამ როცა პრობლემათა ჯაჭვი ძალიან დაგრძელდა, როცა საქმე ჩემი შვილების კეთილდღეობას შეეხო, ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე: უნდა წავსულიყავი უცხოეთში და ფიზიკური შრომით ოჯახისთვის მეშველა. ვიმედოვნებდი, რომ ფინანსურ პრობლემებს 2-3 წელიწადში მოვაგვარებდი. მქონდა ორი ვარიანტი: ა) იტალია, სადაც მეგობარი მელოდებოდა დროებითი სამუშაოს შეთავაზებით; ბ) რუსეთი, სადაც ბიძა-ბიძაშვილები ცხოვრობდნენ და მთავაზობდნენ ქართველთა სათვისტომოში სამუშაო ადგილის გამოძებნას. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ არჩევანი რუსეთზე შევაჩერე, სადაც არც ენის ბარიერი და არც ბინის პრობლემა არ მექნებოდა... მოსკოვში ყოფნისას ყველაზე მძიმე წუთებშიც ვიცოდი, რომ მყუდრო ნავსაყუდელი მელოდა ბიძაშვილის ოჯახის სახით და მაინც, რუსეთში ცხოვრება უაღრესად გამიჭირდა­. ასე მეგონა, უცხო პლანეტაზე მოვხვდი და სიცოცხლისთვის მიწევდა ბრძოლა. ემიგრაცია ყველგან მძიმე ხვედრია და დიდ ემოციურ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ოკუპანტ ქვეყანაში არალეგალად ყოფნა ყოველგვარი საბუთის გარეშე, კატასტროფა ყოფილა.­ ყოველი დღე ბეწვის ხიდზე მიწევდა გავლა. სავარაუდო 3 წელი კი 6 წელზე მეტხანს გაგრძელდა და 2018 წლის აგვისტოში­ დაღდასმული, სულში იარებითა და შერყეული ჯანმრთელობით დავბრუნდი საქართველოში. წამოსვლის წინ იქაურ ქართველებს დავპირდი, რომ აუცილებლად გამოვაქვეყნებდი რუსეთში გადახდენილ ამბებს, მაგრამ ეს კარგა ხანს ვერ შევძელი - ურთულესი აღმოჩნდა იმ დღეების გახსენება. ჩანაწერები­ კი არა, მოსკოვურ პერიოდზე ფიქრიც ავუკრძალე საკუთარ თავს. მივხვდი, ჩემს ფსიქიკას სჭირდებოდა მყუდრო გარემოში, ჩემს შვილებთან, დედასთან, ძმასთან და ახლობელ ადამიანებთან ხანგრძლივი ყოფნა, რომ როგორმე გავთავისუფლებულიყავი იმ წნეხისა და სუსხისგან, რაც რუსეთისგან მერგო. თუკი მოსკოვური მოგონებები აქამდე ტაბუდადებული მქონდა, უკრაინაში წამოწყებული ომით იმდენად შევზანზარდი, ისე ამოხეთქა პროტესტის უკიდურესმა გრძნობამ, რომ გადავწყვიტე, როგორც უნდა მტკენოდა, დამეწერა, რაც გამოვიარე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ იმპერიალისტურ სახელმწიფოსთან თანაცხოვრება არ შეიძლება. პუტინის რუსეთთან ყოფნა კატასტროფის ტოლფასია, ეს ნიშნავს - დაკარგო იდენტობა (თავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია!), აიზილო იმ ჭაობში, რასაც პოსტსაბჭოთა კავშირი ჰქვია. ამ გადასახედიდან რომ ვაანალიზებ, იქ მყოფი მარინა (ანუ მე) მტრის ზურგში შეპარულ პარტიზანს უფრო ჰგავდა, ვიდრე პრობლემების მოსაგვარებლად გადახვეწილ ადამიანს.

ბეწვის ხიდი

დიდი შეცდომა რომ დავუშვი და თავი შარში მქონდა გაყოფილი, ამას მალევე მივხვდი, მაგრამ ქვეყნიდან დროებით წასული ადამიანი იმედს ებღაუჭება, იბრძვის გადარჩენისა და თავსმოხვეული პრობლემების მოსაგვარებლად. პირველი სტრესი თვითმფრინავშივე მივიღე. ეს გახლდათ თბილისი-მინსკის თვითმფრინავის ღამის რეისი, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა ჯურის ადამიანებით, "ჩემი დედას" ტიპებით, რომლებიც ორსაათ-ნახევრის მანძილზე დადიოდნენ თვითმფრინავის ვიწრო გასასვლელში და უმისამართოდ იგინებოდნენ. ეს ის კატეგორია გახლდათ, დიდი ამნისტიით რომ გამოვიდა 2012 წელს. მაშინ ჯერ კიდევ შეუძლებელი გახლდათ ახლო ნათესავისთვის მოწვევის გამოგზავნა (მხოლოდ ერთი გვარის ნათესავის მოწვევა იყო დაშვებული), ამიტომაც არალეგალური­ გზის გავლამ მომიწია, რაც ბელორუსებისთვის სარფიან ბიზნესად იყო ქცეული. მინსკში ჩასულს ერთი ქართველი დაგვ­ხვდა, რომელმაც უცებ შეკრიბა ჯგუფი (ოთხი ქართველი, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი 2 წლის ბავშვით და ორიც - თბილისელი სომეხი), ჩვენი თავი ერთ ბელორუს მძღოლს ჩააბარა და დაგვემშვიდობა. თავის მხრივ, ამ მძღოლსაც ჰყავდა შეფი, რომელიც ფულს უნაწილებდა გრძელ გზაზე განლაგებულ პოლიციის ტეკებს, რათა არ გაეჩერებინათ მოსკოვში მიმავალი მგზავრები. მინსკი-მოსკოვის ტრასით რომ წავსულიყავით, ალბათ, 3-4 საათი­ დაგვჭირდებოდა, ჩვენ კი შემოვლითი­ გზით, ტყე-ტყე ვიარეთ. 12-საათიანმა გზამ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. ბავშვი,­ რომელიც მთელი გზის მანძილზე სულ ტიროდა, ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ჩემთვის - მოსკოვში ყოფნის ხანგრძლივმა პერიოდმა­ ცრემლების ფონზე ჩაიარა... ბელორუსის არალეგალურმა გზამ პირველი უსიამოვნო შტრიხი მაშინვე გაავლო ჩემს ცხოვრებისეულ დავთარში. როგორია, უცნობ მძღოლთან და ადამიანებთან ერთად ყოფნა, თან როცა კოკისპირულად წვიმს, ხარ ბელორუსის ტყეში, უკუნ სიბნელეში (თუ არ ჩავთვლით მანქანის ფარებს) და ელოდები, როდის შეიცვლება მომდევნო ტეკზე ავტოინსპექცია... ბოლოს და ბოლოს, გრძელი და დამღლელი გზა ექსცესების გარეშე განვვლეთ და ჩავაღწიეთ მოსკოვში. იქ უკვე ბიძაშვილი მელოდა. თითქოს თავისუფლად ამოვისუნთქე, მაგრამ მეორე განყოფილება აწი იწყებოდა...

marina2-1651414985.jpg

როგორ გავხდი "პოვარი"

ორი დღის შემდეგ დავიწყე სამსახურზე­ ზრუნვა. ერთ-ერთი ვარიანტი ქართული სათვისტომო გახლდათ, სადაც იოლად შეიძლებოდა ჟურნალისტისთვის ადგილის გამოძებნა, თუმცა იმდენად მიზერული ხელფასი შემომთავაზეს, უარი ვთქვი. ის ხელფასი ჩემს პრობლემებს ვერ წაადგებოდა. იქვე მირჩიეს - აქ ბევრი უმაღლესდამთავრებული მუშაობს რესტორანში, სამარცხვინო და უხერხული სულაც არ არის, იქნება,­ შენც გეცადაო. სხვათა შორის, თბილისშიც ბევრმა მითხრა, ევროპაში მოხუცებულის მოვლას, რუსეთში სარესტორნო საქმეში ჩართვა გერჩივნოს, ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირში დაბადებულ-გაზრდილი იქ უცხოდ არ გრძნობს თავს, მეორეც, ენის ბარიერი არ გექნებაო... ეს ყბადაღებული "ენის ბარიერი" იმდენჯერ გამაგონეს, ვიფიქრე, უმთავრესი პრობლემა ეგ იყო! რახან სათვისტომოშიც იგივე მოვისმინე, გადავწყვიტე დრო აღარ დამეკარგა. მართალია, საერთოდ არ ვიცოდი სარესტორნო საქმე, მაგრამ იმედი მქონდა, როგორც სხვა, მეც ვისწავლიდი... გამახსენდა ერთ დროს ცნობილი ჟურნალისტი, გურამ ჟვანია, ტაქსის მძღოლი რომ გახდა და დროდადრო საინტერესო რეპორტაჟებს­ აკეთებდა ტელეეთერით. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი პროფესიისთვისაც გამოვძებნიდი დროს და მოსკოვში მცხოვრებ ქართველებზე დავწერდი.

ქართველთა სათვისტომოდან იმედგაცრუებულმა დავიწყე რესტორნებში ადგი­ლის ძიება, მაგრამ ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას­ ჩემმა სკოლელმა, რომელიც მოსკოვში უკვე სტაჟიანი მზარეული გახლდათ, დამაიმედა: თუ შენს სფეროში სამუშაოს ვერ მოძებნი, ჩემთან წაგიყვან, ერთად­ ვიმუშავებთ, ჩემს ბინაში იცხოვრებო... მოკლედ, იმ ჩემს სკოლელს დავუკავშირდი და დამიბარა რესტორანში, სადაც თავად მუშაობდა. მეორე დღესვე მასთან გავჩნდი ქართული სუვენირებითა და ნობათით, მაგრამ... აქედან უნდა წავიდე, ცუდი კოლექტივია, შენთვისაც თუ რამე ვნახე, გაგაგებინებო, მომახალა მალევე. "თუ რამე ვნახე" იმას ნიშნავდა, რომ მისი იმედი არ უნდა მქონოდა. წამოვედი გულმოწურული. ჩემთვის ერთი დღეც კი მნიშვნელოვანი იყო - რომელი ბანკი შესულა შეჭირვებულის მდგომარეობაში, რომ თუნდაც დაგვიანება ეპატიებინათ?!

ბიძაშვილებმა მთელი სანაცნობო ჩართეს, რომ რაც შეიძლება მალე ეშოვნათ ჩემთვის­ სამუშაო, მაგრამ ამაოდ. მივდიოდი­ მითითებულ ადგილზე და პირველი კითხვა,­ რასაც მომაგებებდნენ, იყო: "გამოცდილება­ გაქვთ?" რა მექნა, ტყუილს ვერ ვეტყოდი... ერთმა­ ზუგდიდელმა შეფმა დამცინა კიდეც: აბა, თუ გამოცდილება არ გაქვს, აქ მოყვარულთა კლუბი კი არაა, ჩვენ ნამდვილი "პოვრები" გვჭირდებაო. ნერვიულობისგან ხან ალმური ამდიოდა, ხან ხელ-ფეხი მეყინებოდა, აღარ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი.

ყველას გახსოვთ პუტინის ცნობილი "მეგობრული ჟესტი", ქართველები რომ დაადეპორტა და სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვა საქართველოში. ამის შემდეგ ერთხანს შეწყდა ქართული რესტორნების მუშაობა, მაგრამ ძალიან მალე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს პირის გემო არ ღალატობთ და ქართული სამზარეულოც განსაკუთრებულად უყვართ, 2008 წლის შემდეგ სოკოებივით, ერთმანეთის მიყოლებით აღმოცენდნენ ქართული რესტორნები.

საბჭოთა კავშირის დაშლის მერე მოსკოვში აღარ ვყოფილვარ. პირველი, რაც ქუჩებში სიარულისას თვალში მომხვდა, იყო ის, რომ აღარსად ჩანდა საბჭოეთის დედაქალაქისთვის დამახასიათებელი­ კილომეტრიანი რიგები, მის გარეშე კი რაღაცნა­ირად მეხამუშებოდა ეს ქალაქი.

მეტროში, სადაც მგზავრების ნაკადი დიდი გახლდათ, რიტმი იმდენად სწრაფი იყო, რომ თუ არ ავყვებოდი და ნაბიჯს­ არ ავუჩქარებდი, ისე გადამთელავდნენ, უკან არც მომხედავდნენ. ნათქვამია, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და მეც ამ მხრივ „მოვერგე“ მოსკოვურ რიტმს. ერთ თვეში მოვიარე ასე "აჩქარებულმა" მოსკოვის ყველა უბანი, ბევრზე ბევრი კვებითი ობიექტი, უკვე ნერვიულობის პიკზე ვიყავი, როცა მოულოდნელად მხსნელი გამომიჩნდა - ჩემი ბიძაშვილის კლასელი, ცნობილი მომღერალი, რომელიც მოსკოვს დროდადრო სტუმრობდა და ცნობილ ქართულ რესტორნებშიც მართავდა კონცერტებს. მანანამ ჩემს გასაჭირზე შესჩივლა და ისიც დაჰპირდა, რომ რესტორანში ადმინისტრატორის ადგილს მიშოვიდა. მართლაც, მეორე დღესვე მომცეს მისამართი და გავქუსლე მოსკოვის ერთ-ერთი ცენტრალური უბნისკენ. წილად მხვდა პატივი ნეგლინკაზე დამეწყო მუშაობა.­ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრატორზე მეტი ანაზღაურება­ "პოვარს" ჰქონდა, იმ მომღერლის წყალობით კი "პოვრის" შეგირდად მიმიღეს. მოსკოვში ტერმინები: "რესტორატორი" და "მზარეული" არ არსებობს. ყველას პირზე­ "პოვარი" აკერია. ჰოდა, გავხდი მეც "პოვარი"­. შეგნებულად არ ვასახელებ იმ რესტორანს, სადაც მომიწია ნამდვილ სამზარეულო ომებში მონაწილეობამ (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით). პერსონალი რატომღაც წარბაწევით დამხვდა. თურმე იქ მოხვედრა მხოლოდ ჩაწყობიYთ ხდებოდა. ძირითადად, იღებდნენ პროფესიონალებს, რომლებსაც გადაამზადებდნენ და სხვადასხვა ფილიალში ამწესებდნენ. მე კი, არაპროფესიონალი, ნულიდან ვიწყებდი სწავლას (ჰო, მართლა, ქართველთა სათვისტომოში წინდაწინ გამაფრთხილეს, რომ ჩემი ნამდვილი პროფესია არ გამემჟღავნებინა).

ნეგლინკა და ცრემლიანი დღეები

პერსონალმა გაიგო თუ არა, ახალი თანამშრომელი მიიღესო, ყველამ სათითაოდ მომინახულა. უმეტესობა ქუთაისიდან იყო, მეორე ადგილს მეგრელები იკავებდნენ. ჩემი თბილისელობა ისე გაუკვირდათ, გეგონება, მარსიანელი ვიყავი. ერთი ყმაწვილი, რომელიც მიმტანად მუშაობდა, გახარებული მომეჭრა, საზეიმოდ ჩამომართვა ხელი და ღიმილით მითხრა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ პატარა ქუთეისშიო. მოგვიანებით მივხვდი მისი სიხარულის მიზეზს - ისიც თბილისელი გახლდათ... მერე იყო ცხვირის აბზუება "თეთრხელება" თბილისელის მიმართ, რომელსაც თურმე არაფერი სცოდნია... იყო ჩემს გასაგონად ჩურჩული: "ნუთუ სახლში არაფერი გაუკეთებია, ახლა რომ ნულიდან სწავლობს ყველაფერს?", იყო ყელში გაჩხერილი ბურთი და ამ ყველაფრის თმენა... იყო ცრემლები, მოზღვავებული ნოსტალგია, შვილების,­ დედის, ახლობლების, საყვარელი საქმის უსაშველო მონატრება, იყო უკიდეგანო სევდა, დაღვენთილი თვალები და რეპლიკები ჩემი მისამართით: "რა ცხვირ-პირი ჩამოსტირის?!"

პირველივე დღეს ქსელის დირექტორმა­ მითხრა, რომ ბედმა გამიღიმა, რადგან მოვხვდი ყველაზე მაგარ ადგილას, რომელსაც "შკოლა პოვაროვს" ეძახიან და რომ არა ის ცნობილი მომღერალი, ალბათ, უარით გამისტუმრებდნენ.

ყველაზე მეტად რაც გამიჭირდა, იყო სისწრაფე. წარმოიდგინეთ, 4-5 შეკვეთა ერთად რომ შემოდიოდა, 15-20 წუთში უნდა გამზადებულიყო კერძი. დამწყებისთვის ეს უკიდურესად ძნელი აღმოჩნდა. სარესტორნო ტემპმა ისე დამაბნია და დამსტრესა, ხელები მიკანკალებდა, სამუშაოს დამთავრების მერე კი, გარეთ გასული ჰაერს ღრმად ჩავისუნთქავდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მაგრამ ლამპიონებით განათებულ ქუჩაში, თავჩარგული მტირალი ქალი არავის­ აინტერესებდა.

იმ პირველ წელს ისეთი ცივი ზამთარი დადგა, ნოემბერშივე მოთოვა და -19-დან -22 გრადუსამდე ყინვამ დაარტყა. ამ ყინვაში ნაკადულებად წამოსული ცრემლები ლოყებზევე მეყინებოდა. რაც შეეხება­ კერძების მომზადებას და შეკვეთის გაშვ­ებას, იმისთვის, რომ არ შემშლოდა, კონსპექტი შევადგინე. რვეულში რეცეპტების ჩაწერამ და თეფშზე კერძის გაფორმების ჩანახატებმა ერთობ გაამხიარულა "ელიტური პოვრები". მოდიოდნენ და ნახულობდნენ, რას ვწერდი­ ან ვიხატავდი დილაუთენია ან გვიან ღამით, როცა სტუმრების რიცხვი იკლებდა. ჩაიჭყიტავდნენ ჩემს შპარგალკა-კონსპექტში და ფხუკუნით გადიოდნენ მოსაწევად. იმ მოსაწევ ადგილზეც ყველა ბრუნვაში მახსენებდნენ, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ასე გაგრძელდა იქამდე, სანამ მოწმენდილ ცაზე არ დაიქუხა, ახალმოსული თურმე ჟურნალისტი ყოფილაო (მანამდე ყველას მასწავლებელი ვეგონე რატომღაც). ეს კი სრულიად შემთხვევით მოხდა.

ნეგლინკის "შკოლა-რესტორანი"­ 24-საათიანი გახლდათ. ღამე ბევრი სტუმარი­ არ შემოდიოდა, მაგრამ ღამის ცვლა ე.წ. ზაგატოვკებს ამზადებდა მეორე დღისთვის. მე მეორე ცვლაში არ ვმუშაობდი. ერთი თვე უკვე გასული იყო და ასე თუ ისე, ჩავები იმ ქარბორბალაში, რასაც "პოვრის" ყოველდღიურობა ჰქვია. ერთხელაც, ჩვეულებისამებრ, ღამის 10 საათზე მოვიდა მეორე ცვლა, რომლისთვისაც უნდა გადამებარებინა ცივი საამქრო (ასე უწოდებენ ცივი კერძების კუთხეს). ეს ქალბატონი ამ ქსელის­ სხვა ფილიალში მუშაობდა და არ ვიცნობდი. გამომელაპარაკა. ჩემი გვარი რომ გაიგო, დაინტერესდა ქუთაისელი ხომ არ ვიყავი. იმედი გავუცრუე, თბილისელი ვარ-მეთქი. ის კი არ მომეშვა:

- დედა, რას ამბობ?! შენი მოგვარე­ რომაა "კვირის პალიტრაში", იმის გვერდიდან ვიწყებდით კითხვას მთელი ოჯახი, ერთი სული მქონდა, ორშაბათი როდის მოვიდოდა, რომ "თქვენთვის, ქალბატონებო"­ წამეკითხა. ერთი წელია აქ ვარ, ინტერნეტი­ არა მაქვს, ჩემი გოგო მიგროვებს და მიგზავნის ხოლმე გაზეთებს. ხომ არ იცნობ იმ შენს მოგვარეს, ან ახლობელი ხომ არაა შენი? - მკითხა და გახარებული იმით, რომ საყვარელი ჟურნალისტის მოსახელე და მოგვარე აღმოაჩინა, ინტერესით მომაჩერდა.

ვერ გეტყვით, რა დამემართა. ამდენი­ სტრესის, დარდის და ცრემლის შემდეგ სრულიად უცნობი ადამიანისგან ჩემი, როგორც ჟურნალისტის გახსენება უსაშველოდ ემოციური აღმოჩნდა. ისევ ის ნაცნობი შეგრძნება - ყელში გაჩხერილი ბურთი... ერთადერთი, რაც უცებ მოვიფიქრე, შევტრიალდი და ვეცადე, ცრემლები შემეკავებინა, მაგრამ არ გამომივიდა. ქალს გაუკვირდა პასუხგაუცემელი რომ დავტოვე­ და ზურგიც შევაქციე... მომიახლოვდა, პირისპირ დამიდგა, დაიხარა და ქვემოდან ამომხედა: - რა გჭირს, დაია?

ვერ ვპასუხობდი, ვერც ვერაფერს ვხედავდი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ეს იყო ერთად დაგროვილი ყველა ემოცია, რაც კი ემიგრაციის დროს თავს დამატყდა: სამშობლოს, შვილების, დედის, ახლობლების, საყვარელი საქმის მონატრება და ის უსაშველო სევდა, რომელიც ვერაფრით ვერ დავძლიე... ქალი დაიბნა, სკამი­ დამიდგა, დაჯექიო, სამზარეულოს ვასასებს ხელით ანიშნა - რა სჭირსო. ერთმა ისევ მწლაკედ ჩაილაპარაკა, ვერ ეგუება აქაურობას, სულ ასეაო. ცოტა რომ დავმშვიდდი, ფრთხილად მკითხა, შენი ვინაა ის ჟურნალისტი, რამე ხომ არ დაემართაო? ამაზე მეტი რაღა უნდა დამართნოდა, რუსეთშია სამუშაოდ წამოსული და აგერ შენ წინაშე ზის დასტრესილი-თქო. ახლა ეს ქალი გაშეშდა, თვალებგაფართოებული მომაჩერდა და... შენა ხარ იგიო? - აღმოხდა გაოგნებულს. თავი დავუქნიე. ეცა ტელეფონს და თავის შვილს დაურეკა ქუთაისში: "ნათი, დედიკო, აქანე იცი ვინაა? ჩვენ რომ გვიყვარს "პალიტრის" ჟურნალისტი, მარინა ბაბუნაშვილი, იგია აქ... აბაა... ჩამოსულია და მუშაობს "პოვრად"... კი, დედა, გამოვართმევ, აბა, რას ვიზამ! გკოცნი... კარგად!"

მერე მომიტრიალდა და მითხრა, ხვალ გაზეთს წამოვიღებ და წამიწერე რამე სამახსოვროდო... იმ დღეს პირველი ცვლის მოქილიკე ვასასები, სხვა დროს რომ ფართხაფურთხით გარბოდნენ სახლებში, კარგა­ ხანს შეყოვნდნენ. მიეცათ სალაპარაკო. იმ საღამოს ჩვეულებრივზე მეტად ჩახუთული მეჩვენა სამზარეულოს ჰაერი.

რუსული მილიცია და კორუფცია

რუსეთში მილიციას კარგა ხნის წინ შეუცვალეს სახელი და პოლიცია დაარქვეს­, მაგრამ შინაარსითა და მენტალობით ისევ იმ მილიციად დარჩა, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს (ალბათ, გაუარესებულიც). მოსკოვის ქუჩებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი მეტროპოლიტენში, ღიპიანი­ მილიციელები ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილდებოდნენ. მათ დანახვაზე ელეთმელეთი მეწყებოდა, რადგან ჩემი არასლავური გარეგნობით მათთვის კარგ საკბილოს წარმოვადგენდი. იქ ჩასულ ქართველს ცოტას თუ ჰქონდა ოფიციალური მოწვევა და საბუთები. ამიტომაც, როგორც კი ცოტა მოშავგვრემანოს მოჰკრავდნენ თვალს, წინ გადაუდგებოდნენ და ჩვეული რუსული რიხით სთხოვდნენ: „ваши документы“. დოკ­უმენტის ნაცვლად, არასლავი 500­ ან 1000 რუბლს დააძრობდა და მილიციელიც, კმაყოფილი იმით, რომ ანკესს თევზი ამოჰყვა, უშვებდა "დაჯარიმებულს". ჩემი ნაცნობებიდან ბევრი გააჩერეს და ფულიც აართვეს. ყოფილა შემთხვევა, რომ 1000 რუბლსაც არ დასჯერებიან და თამასა 5.000 რუბლამდე­ აუწევიათ. მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ, აძლევდნენ. თუ მავანს ფული არ აღმოაჩნდებოდა, პოლიციაში მიჰყავდათ, ე.წ.„აბეზიანკაში და მეორე დღეს თანხა უკვე ორმაგდებოდა. განსაკუთრებით დიდ ფულს კრებდნენ ქართულ რესტორნებში, სადაც ბევრი არალეგალი მუშა­ობდა. რესტორნის მეპატრონეებს­ ამ საგანგებო სიტუაციისთვის ყოველთვის ჰქონდათ სოლი­დური თანხა გადადებული, მაგრამ ზოგჯერ ცდილობდნენ იოლად გასულიყვნენ ფონს, ამიტომ გაფრთხილებული­ ვყავდით, თუ უშიშროების ან საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლები შემოვიდოდნენ, მაშინვე მეორე კარიდან გავსულიყავით და დაგვეტოვებინა რესტორნის ტერიტორია. ასეთი­ შემთხვევა­ სამჯერ მაინც განმეორდა ნეგლინკაზე. თითქმის მთელი რესტორანი იცლებოდა. ერთხელ, გვერდით მდებარე ჰიპერმარკეტის საქვაბეში დაგვმალა უკრაინელმა კაცმა, რომელსაც მოსკოველი ცოლი ჰყავდა და საქვაბის უფროსად მუშაობდა. 12-მდე თანამშრომელი შუაღამემდე ვიყავით იქ. ისე ვინერვიულე, იმდენად შეურაცხმყოფელი სიტუაცია იყო, რომ მაშინ პირველად გავიფიქრე, ყველაფერი მიმეყარა და შინ დავბრუნებულიყავი.

რუსული მილიციისთვის სულ ერთი გახლდათ, მოზარდს გააჩერებდა, ქალს თუ კაცს, მათთვის მთავარი ხელის მოთბობა­ და ჯიბის შევსება იყო. მსგავსი კორუფცი­ული ქვეყანა, სადაც ყოველ ფეხის გადადგმაზე ფორმიანს მოჰკრავ თვალს, არსად მინახავს, არც გამიგონია. მიკვირდა, რომ ჩემ ირგვლივ ბევრი დააკავეს, ბევრსაც წაჰგლიჯეს, ბევრიც განყოფილებაში წაიყვანეს, მე კი ყოველ ჯერზე ექსცესების გარეშე ვბრუნდებოდი შინ, სადაც გულგახეთქილი ბიძაშვილი მელოდა...

ერთ დილას, როცა მეტროში ჩასულმა­ ოსტატურად ავუქციე გვერდი მილიციის სამ ჯგუფს და ბაქანზე ჩამომდგარი მატარებლის ვაგონში გახარებული შევვარდი, მოულოდნელობისგან გავშეშდი - ვაგონი მილიციელებით იყო სავსე. დილის საათებში მილიციის ჯგუფები მეტროპოლი­ტენის სადგურებში ნაწილდებოდნენ ხოლმე,­ ალბათ, ეს დიდი ჯგუფიც რომელიმე სადგურზე ჩასვლას აპირებდა. სანამ მოვიფიქრე­, რომ სამსახურში დაგვიანება სჯობდა მათ­თან საქმის დაჭერას, კარიც დაიხურა და პირისპირ აღმოვჩნდი უნიფორმაში გამოწყობილ გაყინულსახეებიან მილიციელებთან. დასაჯდომი ადგილი არც მიძებნია, ნერვიულობისგან ფეხზე ძლივს ვიდექი,­ კართან სახელურს მოვეჭიდე... ასე მეგონა, ჩემი გულის ბაგაბუგი იმ ვაგონს კი არა, მთელ მოსკოვს ესმოდა. ვდგავარ და ვფიქრობ, თუ ამჯერადაც გადავრჩი, აუცილებლად ჩავალ შემდეგ სადგურზე, ჯანდაბას, დამაგვიანდეს, ხოლო თუ საბუთები მომთხოვეს,­ ჩანთაში 500 რუბლამდე მეგულებოდა და გონებაში ტექსტს ვადგენდი, რა მეთქვა. ამ ფიქრებში ვარ და უცებ მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. გული ჯერ ამომიხტა და მერე გაჩერდა. ფილმებში რომ არის შენელებული კადრი, ხომ იცით? აი, ზუსტად ისე ავხედე გვერდით მდგარ ფორმიანს. 30 წლამდე­ მილიციელი ღიმილით მთავა­ზობდა ადგილს. უარის თქმა გადავწყვიტე, მაგრამ ვაითუ ამაზე უფრო დაეჭვებულიყვნენ, ამიტომ იხტიბარი არ გავიტეხე, მადლობა გადავუხადე და ორ მილიციელს შორის ჩავეჭეჭყე. მათ სამი გაჩერების შემდეგ დაცალეს ვაგონი, მე კი სამსახურში დროზე მივედი და იმ დღის გმირადაც გამომაცხადეს...

მშვიდობით, ნეგლინკა

ქუთაისელ ქალთან საუბრის შემდეგ, თანამშრომლებმა ზემოდან ცქერა საშუალო­ სიმაღლეზე შეაჩერეს, აღარც ძველებურად ენამწლაკობდნენ. ცოტა ხანში მოსკოვში მოღვაწე ქართველებთან ინტერვიუ ჩავწერე...­ დაბეჭდილმა სტატიებმა ("კვირის პალიტრასა" და "გზაში") თბილისიდან მოსკოვამდე რომ ჩამოაღწია, მერე უფრო პატივცემული გავხდი. დირექციამაც„სხვა თვალით შემომხედა და რადგან სამზარეულო საქმესაც უკვე კარგად ვართმევდი თავს, ჩემი სახელი ყველას პირზე ეკერა. მოშურნეს და ღვარძლიანს რა დალევს? ერთ-ერთი­ გადამეკიდა, დირექციის პირად ჟურნალისტს მეძახდა ზურგს უკან. ნეგლინკაზე სამთვიანი მუშაობა კი იმით დამთავრდა, რომ ამ ადამიანმა რესტორნის მეპატრონესთან დამასმინა­: "პოვარი" კი არა, ჟურნალისტია, დირექტორის ოჯახზე წერილი გამოაქვეყნა და იმიტომაც აჩერებენ, თორემ­ საქმეს ვერ აკეთებსო. "პოვრებს" შორის პროფესიონალებთან ერთად ექიმებიც მუშაობდნენ, მასწავლებლებიც და მუსიკოსებიც, რაღა მაინცდამაინც ჩემი ჟურნალისტობა გაუკვირდა იმ დალოცვილს?! ასე უთქვამს ბატონ­ გ-ს: მე სამზარეულოში­ ჟურნალისტი კი არა, "პოვარი" მჭირდებაო. რას ერჩი? ვერ შეედავები. ყველაზე გულსატკენი კი ქართველისგან მეორე ქართველის ჩაძირვა იყო. დირექტორის "მარჯვენა ხელი" კოტე, რომელიც პირველ დღეებშივე დამიმეგობრდა და მპირდებოდა, ბევრ ცნობილ ქართველს შეგახვედრებ და ინტ­ერვიუს ჩაგაწერინებო, როგორც კი ვითარება დაიძაბა, ეგრევე დამშორდა. როცა ვკითხე, ჩემი გათავისუფლების მიზეზი რა არის-მეთქი, ძლივს წაიბლუკუნა: არაფერი პირადული, ეს ბიზნესია და ბატონ გ-ს ნათქვამს აქ ვერავინ შეეწინააღმდეგებაო. ყოვე­ლგვარი კონფლიქტის გარეშე ჩავყლაპე ცრემლები, ღიმილით დავუქნიე ხელი ჩემთან დაშორებით გულდაწყვეტილ ადამიანებს და კარი გამოვიხურე. იმ ჭორიკნების პარალელურად, კარგი ადამიანებიც შერჩა ჩემს მეხსიერებას: მზია, ნანა, ეკა, ალდონა,­ ლალი, ფისო, ილო, გიორგი, ჯული - მძიმე წუთებში რომ გვერდში მედგნენ და მეხმარებოდნენ. ამის მერე იყო დიდხნიანი პაუზა. ვისაც ემიგრაციაში უცხოვრია, კარგად იცის, რას ნიშნავს სამუშაოს გარეშე ყოფნა, მაგრამ ისევ იქ დამეგობრებული ადამიანების წყალობით ვშოულობდი სამსახურს.

მარინა ბაბუნაშვილი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)