"ჩვენი მეზობელი აფხაზების ოჯახმა ორჯერ გადაარჩინა ჩემი მშობლები სიკვდილს“ - კვირის პალიტრა

"ჩვენი მეზობელი აფხაზების ოჯახმა ორჯერ გადაარჩინა ჩემი მშობლები სიკვდილს“

უკვე მესამე წელია, ლიეტუვაში მუშაობს როგორც საქართველოდან მიწვეული თეატრის საერთაშორისო ექსპერტი და ქვეყნის წამყვან თეატრებში სადადგმო რეჟისორია. ბადრი წერედიანის ცხოვრება ახლა ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს, თუმცა მანამდე ბევრი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია. აფხაზეთი, სოხუმი, გაგრა, ოქროთი ნაყიდი მშობლები... "კვირის პალიტრა" მას ლიეტუვაში დაუკავშირდა.

- მოგესალმებით, ახლაც რეპეტიციაზე შევდივარ, ახალ პიესაზე ვიწყებთ მუშაობას.ასე მგონია, ზღაპარია ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობ. ადრე ხშირად მესიზმრებოდა აფხაზეთი, ჩემი სახლი... მე ხომ აფხაზეთიდან ვარ, გაგრელი!

გაგრაში იყო ასეთი მშვენიერი დასახლება "იფნარი", სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. ინტერნაციონალური დასახლება იყო, ვის არ ნახავდით: ქართველს, სომეხს, რუსს, აფხაზს... სოხუმში დავიბადე, მაგრამ გაგრაში გავიზარდე. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გავატარე. გვიან გავაცნობიერე, რამხელა ბედნიერება იყო ჩემი ბავშვობა და რამდენად კარგ ადგილას ვცხოვრობდი.

ერთი აფხაზი ბიჭი, ჩვენი მეგობარი, როგორც კი ომი დაიწყო, რუსეთში წავიდა, თქვა: მე ქართველებს იარაღს ვერ ვესვრი, ამას მირჩევნია, საერთოდ დავტოვო ჩემი კუთხეო და წავიდა კიდევაც. ჩემმა სომეხმა მეზობელმაც, რომელსაც აიძულებდნენ იარაღი აეღო ხელში და ეომა, იგივე თქვა, ამას ვერ ვიზამო, და იძულებული შეიქნა სომხეთში წასულიყო. ბევრი იყო ასეთი. მეტსაც გეტყვით, ჩვენი მეზობელი აფხაზების ოჯახმა ორჯერ გადაარჩინა ჩემი მშობლები სიკვდილს. ორჯერ მიუცვივდნენ ჩვენებს სახლში, დახვრეტით დაემუქრნენ და ორჯერვე გადაეფარა ოჯახის უფროსი. დღემდე მაქვს ურთიერთობა მათთან. სამწუხაროდ, ის კაცი გარდაიცვალა და ახლა მის შვილთან მაქვს კავშირი.

12 წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო. ბავშვები სოხუმში ვიყავით ბებია-ბაბუასთან და მეორე დღეს მივდიოდით გაგრაში, მაგრამ ზუსტად წინადღეს ომი დაიწყო და ჩვენი მშობლები 6 თვით ჩარჩნენ გაგრაში. იმ ჩვენმა მეზობელმა აფხაზმა უთხრა მამას, სიტუაცია რთულდება და შევეცდები გაგიყვანო აქედან, რადგან მეშინია ვერ დაგიცვაო, ამის შემდეგ სამი დღის განმავლობაში ვაგროვეთ ოქრო და მშობლები ას-ასი გრამი ოქროთი გამოვისყიდეთ.

მაშინ იყო ასეთი შემთხვევები - აფხაზები ოქროს იღებდნენ ქართველების უვნებლად გადმოსაყვანად საზღვარზე. მაგრამ ხშირად ოქროს აიღებდნენ და ხალხს შუა გზაზე ხვრეტდნენ. ჩვენ გაგვიმართლა - სანდო აფხაზი ვიპოვეთ, მაგრამ ინციდენტი მაინც მოხდა. ჩვენი მეორე აფხაზი მეზობელი, რომელიც ჩვენს ოჯახში ხშირად ყოფილა, ჩემი დედ-მამა საზღვარს რომ მიადგა, აყვირდა, ამათ როგორ უშვებთ, ამათი შვილები ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ ომშიო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემი მშობლები საბოლოოდ მშვიდობიანად გადმოვიდნენ საზღვარზე.

ამ ჩვენი აფხაზი მეზობლის ცოლს ომში ძმა დაეღუპა და სახლში მიასვენეს. მშობლების მონაყოლიდან ვიცი, რომ ძალიან უჭირდათ სამძიმარზე მისვლა, მაგრამ მაინც მივიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, იქ უამრავი აფხაზი მეომარიც იქნებოდა და ასეთი რამ მოხდა: წარმოიდგინეთ, შედიან ოთახში და ამ დროს ჭირისუფალი ქალი მიუტრიალდა დედას და გარდაცვლილ ძმას ასეთი სიტყვებით დაატირა, მოვიდა ჩვენი უსაყვარლესი ხალხი, ჩვენმა უახლოესმა მეზობლებმა დაგვაფასესო. დედამ უთხრა, პირველივე დღეს გვინდოდა­ მოსვლა, მაგრამ არ გვინდოდა უხერხული მდგომარეობა შეგვექმნაო. რას ამბობთ, ჩვენ როგორც და-ძმები, ისე ვართ. რას იზამ, ეს ომიაო. არც ერთ აფხაზს, ვინც იქ იყო, იარაღისკენ არ წაუღიათ ხელი, სიტყვაც არ დაუძრავთ. აი, ასეთი საშინელებაა ომი.

მე მქონია ურთიერთობა ქალთან, რომელსაც ომში მოუკლეს ქმარი და ისეთი რამეები უთქვამს ჩემთვის, მიფიქრია, ეს ქალი ქართველმა პოლიტიკოსებმა მრჩევლად უნდა აიყვანონ, რათა კარგად დაგვანახოს, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს აფხაზ ხალხთან-მეთქი.

- როგორ წარიმართა თქვენი­ ცხოვრება?

- ერთხანს ნათესავებთან ვცხოვრობდით. შემდეგ შეგვიშვეს ერთ მიტოვებულ, დანგრეულ შენობაში, სადაც მხოლოდ კედლები იყო, და მამამ თავისი ხელით გაალამაზა იქაურობა. მეზობლებსაც ეხმარებოდა.­ დიდი გაჭირვება გამოვიარეთ, მაგრამ მაინც შევძელით ცხოვრების გაგრძელება. ქალაქში ხშირად კილომეტრები გამივლია ფეხით, რადგან ტრანსპორტის ფული არ მქონდა, მაგრამ იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე, რეჟისურა, თეატრი, რომ აღარაფერს ვაქცევდი ყურადღებას. მე გამიმართლა და ღმერთმა შემახვედრა ქართული თეატრის მეტრს, ბატონ თემურ ჩხეიძესა და მის მეუღლეს, ქალბატონ ნანი ჩიქვინიძეს, რომელთა ამაგს ვერასოდეს გადავიხდი. პირველი სერიოზული ნამუშევარი ბატონ თემურთან ერთად იყო ლეგენდარული სპექტაკლი: "ზღვა, რომელიც შორია", სადაც ბატონი თემურის ასისტენტი ვიყავი. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რის შემდეგაც ჩემი ცხოვრება წინ და წინ წავიდა.­ დღეს თუ პროფესიონალი ვარ, ბატონი თემურის დამსახურებაა.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ ვითარებაზე, რაც დღეს ხდება უკრაინაში...

- ის, რაც ხდება უკრაინაში, იდენტურია იმისა, რაც ხდებოდა გაგრაში, სოხუმში.... ჩვენთვის ეს არ ახალია. დღეს უკრაინას ისტორიული ფუნქცია აქვთ დაკისრებული. უკრაინელები გმირები არიან. მათ მსოფლიოს დაანახეს, როგორ უნდა უყვარდეს ერს თავისი ქვეყანა და თავისუფლება!

მინდა ჩემს აფხაზ მეგობრებს მივ­მართო:­ თუ კარგად გავაანალიზებთ, რაც მოხდა, აუცილებლად გამოვნახავთ ერთმანეთთან მისასვლელ გზას. ამ გლობალურ მომენტში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, მინახავს ქართველები, რომელთაც უფრო მეტი სიძულვილი აქვთ, ვიდრე თავად აფხაზებს. გურამ ოდიშარიას სიტყვებს გავიხსენებ: "ჩვენ ყოველდღე უნდა მოგვეძებნა გზები და დღეს შეიძლება სულ სხვა სიტუაცია გვქონოდა, რადგან აფხაზები უკვე ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა საფრთხის წინაშეც დგანან დღეს და ამას ყველაფერს დაფიქრება და დიალოგი სჭირდება, ყველანაირი ემოციის გარეშე".

რუსუდან შაიშმელაშვილი