"ომის დღეებში მღვდლები იდგნენ საოპერაციოს კართან და თავიანთი ხელით აჭმევდნენ ექიმებს, რომ არ წაქცეულიყვნენ"
2008 წლის 12 აგვისტო, ღამის 2 საათი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზო... ჩაბნელებულ საავადმყოფოში შემორჩენილი სამედიცინო პერსონალი, ეზოში სიგარეტის მოსაწევად გამოდის. რამდენიმე წამი და, "დაწექით!" - ისმის ყვირილი. ყველა მიწაზე წვება, მხოლოდ ერთი არ იძვრის. ჰოსპიტლის ეზო წამში კვამლში ეხვევა. გადარჩენილი მედპერსონალი ერთმანეთს ეხმიანება. მხოლოდ გოგა აბრამიშვილი არ იღებს ხმას. მისი უსულო სხეული სისხლში ცურავს... მაშინ კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე დასრულდა, მაგრამ დაიბადა აგვისტოს ომის გმირი გოგა აბრამიშვილი! ექიმი, რომელმაც არ დატოვა გორის ჰოსპიტალი და რუსული ვერტმფრენიდან გახსნილი ცეცხლით დაიღუპა. დღეს გორის ჰოსპიტალი მისი სახელობისაა.
ნანა გვერდწითელი, გოგა აბრამიშვილის მეუღლე: "გოგას ხშირად უწევდა მივლინებაში წასვლა, ამიტომაც გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წელს ველოდი, რომ დაბრუნდებოდა. ახლა აღარ ველოდები, დავუბრუნდი მწარე რეალობას. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის, უბრალოდ, ადამიანები ვსწავლობთ ტკივილთან ერთად ცხოვრებას".
ნათელა მირიანაშვილი, გოგა აბრამიშვილის დედა: "მხოლოდ შვიდი თვე გაატარა ჩემმა შვილმა გორში და ყველას დაამახსოვრა თავი. დღეს მისი კაბინეტი ხელუხლებელია, მისი კუთხე, კანდელი, სურათი და ის გადაჭრილი ხეც, რომელიც საჰაერო იერიშის დროს ჩემს შვილს დაეცა და წამში გაათავა. ვანთებ სანთელს და ვლოცულობ იქ, საიდანაც ჩემმა შვილმა ვერ გამოაღწია. სულ უცხო ადამიანები მოდიან და ისეთ რამეებს მიყვებიან გოგაზე, ნანამ, ჩემმა რძალმა მითხრა, რა საოცარია, გოგა სახლში არაფერს ამბობდა, თუ ამდენი რამ ჰქონდა გაკეთებული, არ ვიცოდიო. ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ვხვდები, ჩემი შვილისთანა ადამიანები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისე მიიწევენ სულიერი სრულყოფისკენ, რომ ამას არავის ახვევენ თავს, თავიანთი ცხოვრების წესით ახერხებენ ამას.
გოგას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხშირად უწევდა მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ერთხელ ყაზბეგის რაიონიდან ბეთლემის გამოქვაბულის ხილვით აღფრთოვანებულმა მომწერა: "მე ვარ მყინვარწვერზე. შეგეწიოს უფალი ოთხი ათასი მეტრის სიმაღლიდან" - ამ წერილის გამოგზავნიდან ძალიან მალე დაიღუპა.
ბავშვები არასოდეს სხდებიან მამის მოსახსენიებელ სუფრასთან. საფლავზე რომ გავდივართ, მაშინაც არ ვსაუბრობთ გოგაზე როგორც გარდაცვლილზე.
ჩემი შვილი 1967 წელს სიღნაღში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეორე კურსიდან ჯარში გაიწვიეს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქირურგად მუშაობდა ჯერ რესპუბლიკურში, შემდეგ პოლიკლინიკაში, მერე გვარდიაში გადაიყვანეს საველე-სამედიცინო ბატალიონის უფროსად. ერთხანს ეუთოში მუშაობდა, 2008 წლიდან გორის ჰოსპიტალში ტრავმატოლოგად".
ნანა გვერდწითელი: "სანამ ომი დაიწყებოდა, მე და ჩემი შვილები ჩემი დის ოჯახთან ერთად ვიყავით ზღვაზე. გოგა ვერ წამოგვყვა, შვებულება ვერ აიღო. 10 აგვისტოს რუსები ფოთშიც შემოვიდნენ და ჩვენ შინ დაბრუნება გადავწყვიტეთ. კოშმარი იყო, შვიდი ბავშვი გვახლდა. გზიდან გორში დავრეკეთ და გვითხრეს, გორის მაგისტრალზე, რუისთან, სამგზავრო-სამარშრუტო ტაქსი ააფეთქეს და არც იფიქროთ ჩამოსვლაზეო, ამიტომ ახლობლებთან ჩავედით ხარაგაულში. დროდადრო გოგას ვურეკავდით და სულ ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა, არ გაბედოთ და არ გამოიაროთ გორზეო".
ნათელა მირიანაშვილი: "ომის დღეებში მღვდლები იდგნენ საოპერაციოს კართან და ქირურგები გარეთ რომ გამოდიოდნენ, სანამ ახალ დაჭრილს მიიღებდნენ, თავიანთი ხელით აჭმევდნენ ექიმებს, რომ არ წაქცეულიყვნენ. ჩემს შვილსა და მის კოლეგებს იმის დროც არ ჰქონდათ, დაესვენათ, კედელს მიეყუდებოდნენ და 10 წუთით ატყუებდნენ თვალს. როგორც მითხრეს, ერთმა მოძღვარმა ჩემი შვილი წინადღეს აზიარა და მეორე დღეს დაიბომბა ჰოსპიტალი".
ნანა გვერდწითელი: "იმ საღამოს ჰოსპიტალში არ ჰყავდათ პაციენტი. გოგა იმიტომ დარჩა, ვინმე უცებ რომ შემოეყვანათ, დახვედროდა. როცა შენობაში შუქი გაითიშა, უკვე შებინდებული იყო და გოგა ორ თანამშრომელთან ერთად გარეთ მოსაწევად გამოვიდა, ხის ძირას იყო. ამ დროს ჰოსპიტლის თავზე ვერტმფრენმა გადაიფრინა, დააფიქსირა თეთრხალათიანი ადამიანი და მაშინვე დაიწყეს დაბომბვა!
გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ვესაუბრე. ისიც ჩემმა დამ დაიჟინა, მოდი, გოგას დავურეკოთ და ვუთხრათ, როგორ გვიყვარსო. მე სასაცილოდ არ მეყო მისი ნათქვამი, დავბერდი ქალი და გოგასთვის სიყვარული არასოდეს ამიხსნია-მეთქი, მაგრამ მაინც დავრეკეთ. ყველას ელაპარაკა, მათ შორის ბავშვებსაც. ახლა რომ მახსენდება, აბსოლუტურად სხვანაირი ხმა ჰქონდა, მაშინ ეს ვერ დავაფიქსირე. ისევ მამშვიდებდა, აქეთ სიწყნარეა, არაფერი ხდებაო. თუმცა მალე მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. სულ მჯეროდა, რომ გოგა სულ ჩემთან იქნებოდა...
როგორ მინდა აგვისტოს თვე ამოვშალო კალენდრიდან! მძულს ეს თვე. გოგას დაღუპვის წლისთავზე მამაჩემი გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაჰყვა. ბოლო ერთი წელი თითქმის აღარ ლაპარაკობდა. პირველად ჩემმა მშობლებმა გაიგეს გოგას დაღუპვის ამბავი, მათ გადმოასვენეს. მე არ მინახავს გოგას დასახიჩრებული სხეული. ყველაფერი ჩემმა მშობლებმა გააკეთეს".
ნათელა მირიანაშვილი: "მეუფე ჩამობრძანდა და წირვა ჩაატარა. უთხრეს, რომ მრევლს შორის მეც ვიყავი და მაშინ მოჰყვა ამბავს, რომლითაც გამამხნევა: ერთ მორწმუნე ქალს შვილი ჰყავდა, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, თან სხვებსაც ეხმარებოდა, მათ შორის მოხუცს, რომელიც სულ ეკლესიის კართან ხვდებოდა. ერთ დღეს ქალს მოხუცი აღარ დახვდა ეკლესიაში. არავინ იცოდა, სად გაქრა... წირვა დამთავრდა და ქალს საზარელი ამბავი შეატყობინეს - მისი შვილი ტრაგიკულად დაღუპულა. დასაფლავების ღამეს ქალმა უფალს შესჩივლა, ღმერთო, რატომ წაიყვანე ჩემი ერთადერთი შვილი, მარტო რატომ დამტოვეო. იმ ღამეს კი სიზმარი ნახა: მასთან თეთრწვერა მოხუცი მივიდა, რომელსაც წინ ახალგაზრდა მოუძღოდა. ქალმა თავისი შვილი იცნო და გახარებული შეეგება. მოხუცმა ბიჭს უთხრა, წადი დედასთან, მას ძალიან სჭირდებიო, მაგრამ ბიჭმა დედას უთხრა, აქ ძალიან კარგად ვარ, აქ მინდა დავრჩეო".
დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი გოგა აბრამიშვილის სახელობისაა. სიღნაღში ქუჩა, სადაც ბავშვობა გაატარა, მისი სახელობისაა. ამჟამად ნანა გვერდწითელიც მეუღლის სახელობის ჰოსპიტალში მუშაობს. სამსახურში მისულს ეზოში პირველად მისი ბიუსტი ხვდება...
რუსუდან შაიშმელაშვილი