მართვის მოწმობები ქუჩაში... - კვირის პალიტრა

მართვის მოწმობები ქუჩაში...

ამიერიდან, მართვის მოწმობის მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებშიც მოუწევთ

სათაურმა არ დაგაბნიოთ: მართვის მოწმობებს ქუჩაში არავინ დაარიგებს. მეტიც, "ოფიციალური მძღოლის" სტატუსის მოპოვება ახალბედებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება. 25 აპრილიდან მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა და გამოსაცდელებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ საგზაო მოძრაობაშიც მოუწევთ.

ცვლილება

ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად,­ კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში, საშუალოდ, რვა ათასი მართვის მოწმობა გაიცემა. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად გამოცდაზე გასული ასეულობით მსურველიდან მართვის მოწმობას დაახლოებით 700-800 პირი იღებს. თუმცა ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც 25 აპრილი­ მოახლოვდა, მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის გამოცდაზე გამსვლელთა ნაკადს ვეღარ აუდიოდა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა­ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაამტკიცა შსს-ს მიერ ინიცირებული კანო­ნპრო­ექტი, რომელიც­ ძალ­აში უკვე შევიდა. მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთისა და ბათუმის სამსახურებში შეძლებენ. რაც შეეხება ზუგდიდის სამსახურს, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე. ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე - რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე მარშრუტი, რომლებიც საქართველოს შს მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება. საგამოცდო ქალაქებში რამდენიმე შესაძლო მარშრუტი არსებობს. მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება მსურველს საინფორმაციო მაცნეს მეშვეობით შეუძლია. სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში (365-დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი­ შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას). არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არა უადრეს 30 დღისა.

ექსპერტების აზრით

მართვის მოწმობის აღების ახალ წესს მიესალმება საავტომობილო ექსპერტების უმეტესობა. თუმცა მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ამ სახის ცვლილება საკმარისი არ არის:

ეკა ლალიაშვილი ("საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", თავმჯდომარე): - აქამდე, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა მხოლოდ სპეციალურ, დახურულ მოედანზე იმართებოდა. გამოსაცდელები "იზეპირებდნენ" სხვადასხვა­ მოძრაობასა თუ მანევრს, მათი ნაწილი აბარებდა გამოცდას, იღებდა მართვის მოწმობას, მაგრამ რეალურად რუსთავიდან თბილისამდეც ვერ ახერხებდნენ ავტომანქანით გადაადგილებას. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გადატანა რეალურ საგზაო მოძრაობაში - შესაძლოა ზოგიერთმა­ პირველი ეტაპის გავლა მოახერხოს კიდეც რაიმე ხრიკის გამოყენებით, მაგრამ მეორე ეტაპზე ვეღარ დაიძვრენს თავს. რეალურ საგზაო მოძრაობაში მძღოლს სულ სხვა უნარ-ჩვევები სჭირდება და გამოცდაზე გასულსაც მეტი მომზადება და პასუხისმგებლობა ექნება. ამიერიდან მართვის მოწმობის მქონე ახალბედა მძღოლებს უკვე პრაქტიკულად ეცოდინებათ, როგორ პირობებში მოუწევთ ავტომანქანის მართვა, ეცოდინებათ საგზაო მოძრაობის წესები და შესაბამისად, ნაკლებად სახიფათონი იქნებიან. ცხადია, მხოლოდ ეს სიახლე ვერ მოაგვარებს ამ სფეროს პრობლემებს. აუცილებელია ავტოსკოლების ლიცენზირება და კონტროლიც - ვინ, რას, რა პირობებში ასწავლის ამ სკოლებში?

- ორეტაპიანი გამოცდა "ოროსნების" ანუ ჩაჭრილების რაოდენობას უფრო გაზრდის?

- აქამდე პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა უფასოდ ხუთჯერ იყო შესაძლებელი. მეორე ეტაპის დამატების შემდეგ გამოსაცდელებს აღარ ექნებათ ამხელა ფუფუნება. გაიზარდა გამოცდის ღირებულებაც. თეორიული გამოცდის საფასურია 57 ლარი (პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ხორციელდება საფასურის გარეშე), პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საფასური 90 ლარია. თუ მეორე ეტაპი წარმატებით ვერ დასძლია, გამოსაცდელს ყოველ მომდევნო ჯერზე მოუწევს 90 ლარის გადახდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დრო საკმარისზე მეტია - პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ გამოსაცდელს 365 კალენდარული დღე აქვს გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად... პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს. მათ შორის:

დაუსახლებელ პუნქტებში;

ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე, ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;

დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.

მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება. როგორც გითხარით, თეორიული გამოცდის საფასურია­ 57 ლარი (მათ შორის: 40 ლარი - თეორიული გამოცდის, 15 ლარი - მართვის მოწმობის დამზადების და საბანკო მოსახ­ურების 2 ლარი.). რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის (როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფის სატრანსპორტო საშუალებაზე) პირველ ეტაპზე დაშვება (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა) ხორციელდება საფასურის გარეშე, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური კი (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა) შეადგენს 90 ლარს.

- დაეხმარება თუ არა მომავალ მძღოლებს საგამოცდო ადგილებისა და მარშრუტების წინასწარ შესწავლა?

- პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი­ იმ ქალაქებში ჩატარდება, სადაც შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფისებია განთავსებული. ნაკლებად სავარაუდოა, საგამოცდო მარშრუტების წინასწარ ცოდნა გამოსაცდელებს რამეში დაეხმაროს - რაც უნდა კარგად დაიზეპირო ქუჩები და მარშრუტი, გამოცდისას მაინც ცოცხალ მოძრაობაში მოგიწევს გადაადგილება. წინასწარ ვერც ავტომანქანების ინტენსივობას განსაზღვრავ, ვერც ნაკადის მოძრაობის სისწრაფეს და სხვ. დახურულ მოედანზე ავტომანქანის ჩაყენებას და რეალურ მოძრაობაში მართვას განსხვავებული უნარ-ჩვევები სჭირდება.

როდის ვნახავთ ამ რეფორმის შედეგს? სტატისტიკასაც დრო დასჭირდება. ისე კი, საინტერესო იქნება, მაგალითად, რუსთავიდან თბილისამდე დამოუკიდებლად ჩასული­ ახალბედა მძღოლების გამოკითხვა - როგ­ორი შთაბეჭდილებები აქვთ, გრძნობენ თუ არა თავს საგზაო მოძრაობის სრულფასოვან წევრებად... მძღოლები, რომლებმაც აქამდე აიღეს მართვის მოწმობა, აღიარებდნენ, რომ კარგად არ იციან მართვა და დამოუკიდებლად მოძრაობა უჭირთ. საინტერესოა, რამდენად შეიცვლება ეს განწყობა.

მევლუდ მელაძე (ტრანსპორტის საკითხების ექსპერტი, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):

- აქამდე გამოცდის ჩაბარებისას კვალიფიკაციაზე არ იყო მოთხოვნა, მოთხოვნა იყო, გამოცდის ჩაბარებაზე. მასწავლებელს "საზეპიროს" უყვებოდი ნიშნის მისაღებად, მაგრამ არავითარ ცოდნას არ იღებდი. ორეტაპიანი გამოცდა, მინიმუმ, კვალიფიკაციას ითხოვს გამოსაცდელისგან. იმას მაინც, რომ რეალური მოძრაობის კონკრეტული მონაკვეთი მაინც გაიარო წარმატებით. გამოცდის ახალი წესი მისასალმებელია, მაგრამ საკმარისი არ არის. აუცილებელია სკოლების სისტემის რეგულირება! სკოლებს­ უნდა ჰქონდეთ სერტიფიკატი, თუნდაც მინიმალური სტანდარტები და სხვ.

- ევროპის ქვეყნების უმეტესობაში პრაქტიკულ გამოცდას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

- დიახ, საშუალოდ, 18-22 პრაქტიკული გაკვეთილია ის მინიმუმი, რაც მართვის მოწმობის მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ევროპაში ინსტრუქტორიც წყვეტს, არის თუ არა მისი მოსწავლე მზად გამოცდის ჩასაბარებლად. მომავალი მძღოლის უსაფრთხოების გარდა, ის თავის და მისი სკოლის რეიტინგზეც ფიქრობს - თუ ავტოსკოლის მოსწავლეთა უმეტესობა ვერ ახერხებს მართვის მოწმობის აღებას, ბუნებრივია, სკოლის პრესტიჟი ეცემა! სიჩქარის შემზღუდავ თუ სათვალთვალო ვიდეოკამერებს გარკვეული ეფექტი აქვს, მაგრამ არ აღმოფხვრიან, მხოლოდ აფიქსირებენ დარღვევებს. საბოლოოდ მთავარი მაინც ცოდნაა, საჭესთან მჯდომის კვალიფი­კაცია, საქართველოში­ მძღოლთა უდიდესი ნაწილი კი თვითნასწავლია. რაც დღეს საქართველოს გზებზე ხდება, სწორედ ათწლეულების განმავლობაში "ნასწავლის" გამოძახილია. ორეტაპიანი გამოცდა შედეგს დღეს-ხვალ ვერ მოიტანს, ეს გრძელვადიანი პროექტია, მაგრამ ამ ცვლილების შედეგად გაიზრდება მოთხოვნა ისეთ ავტოსკოლებზე, რომლებიც კვალიფიციურად შეძლებენ მოსწავლეების მომზადებას.

რობერტ იანტბელიძე (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი): - გამოცდის ქუჩაში გადატანას მივესალმები - აქამდეც უნდა დანერგილიყო და დადებითი­ ეფექტიც ექნება. გამოცდის მხოლოდ სპეციალურ მოედანზე ჩატარებას, რამდენიმემეტრიანი დისტანციის დაბალი სიჩქარით­ გავლას არაფერი აქვს საერთო რეალურ საგზაო მოძრაობასთან. აქამდე გამოსაცდელები მართვის მოწმობის აღებას კი ახერხებდნენ, მაგრამ უმეტესობამ ქუჩაში მოძრაობა არ იცოდა, დიდუბიდან სადგურის­ მოედნამდეც ვერ მიაღწევდნენ მშვიდობიანად. ახალი სისტემით გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი დამწყები მძღოლი გაცილებით უკეთ იქნება მომზადებული ქალაქის ქუჩებში არსებულ რთულ ვითარებასთან გასამკლავებლად. ჯერ დაზუსტებით არ არის ცნობილი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის გამოყოფილი ადგილები. სავარაუდოდ, გამოსაცდელებს პირდაპირ ისეთ ინტენსიურ მოძრაობაში არ უკრავენ თავს, სადაც გამოცდილ მძღოლებს უჭირთ გადაადგილება და ახალბედა ხომ მთლად ბრინჯივით დაიბნევა.

P.S. იმედია, ორეტაპიანი გამოცდა "ოროსანი" მძღოლების რაოდენობას მაქსიმალურად შეამცირებს.