"უკრაინის ომი 99%-ით­ წყვეტს კავკასიის ბედს“ - კვირის პალიტრა

"უკრაინის ომი 99%-ით­ წყვეტს კავკასიის ბედს“

"დღეს უკრაინელი ერი ერთიანია, რაც მათ წარმატებაში ეხმარება. არც საქართველოში და არც ჩეჩნეთში არა ვართ ასეთი ერთიანი, არადა, მთავარი ერთობაა,­ თუ ის დაირღვა, ერის დამარცხება ადვილია. ადამიანი, რომელიც იტყვის, "რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ...", იქ მთავრდება ყველაფერი. რუსეთი ოკუპანტია და ამას "მაგრამ" არ სჭირდება. ერთ მუშტად უნდა ვიყოთ შეკრული და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს", - გვეუბნება ზურაბ ხანგოშვილი,­ რომელიც ძმასთან, ზელიმხანთან ერთად ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე გახლდათ; ომის, რომელიც სისასტიკით არაფრით ჩამოუვარდებოდა რუსეთის "განმათავისუფლებელ სპეცოპერაციას" უკრაინაში.

- როდესაც ჩეჩნეთში ომი დაიწყო, მთელი ოჯახი გროზნოში ვცხოვრობდით, 1991 წელს წავედით და პერიოდულად ჩამოვდიოდით საქართველოში. მამა ავადმყოფობდა და მშობლები პანკისში გამოვგზავნეთ, მე და ჩემი ძმა ზელიმხანი გროზნოში დავრჩით, ჩავთვალეთ, რომ ქვეყნისთვის დახმარება შეგვეძლო. შატილით ქალების, ბავშვებისა და დაჭრილების გამ­ოყვანა მევალებოდა, ერთადერთი გზა იყო, საიდანაც ლტოლვილებს ვგზავნიდით ხევსურეთში, იქიდან კი - პანკისის ხეობაში.

ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ ნათლად გამოჩნდა რუსების მეთოდები, სამწუხაროდ, ჭკუას ვერ ვსწავლობთ და ისევ ვებმებით ხაფანგში, ისევ ვნადგურდებით, ისევ გვიყენებენ და მიზანსაც აღწევენ. ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ (1994-1996) რუსეთი მეორისთვის კარგა ხანს ემზადებოდა. გრძელდებოდა ხალხის მოტაცებები, აწყობდნენ პროვოკაციებს, ხალხში­ ნიჰილიზმს თესავდნენ, რომ არსებული მთავრობის ხელში სახელმწიფო ვერ შედგებოდა... მოსკოვიდან ჩამოიყვანეს ჩეჩნების კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც დაიწყეს ადამიანების გატაცება, ფულის გამოძალვა, ყაჩაღობა, პროვოკაციები, ყოველივე ეს ვითარების­ ესკალაციას ემსახურებოდა. მათ ეფ-ეს-ბე აკონტროლებდა. იმხანად რამზან კადიროვის მამა იჩქერიის მუფთი იყო. პირველი ომის მერე მათი დავალებით მოეწყო­ რეიდები. იყო ასეთი შარიათის გვარდია, რომელშიც, ძირითადად, ისლამის მიმდევ­რები შედიოდნენ, მეორეში კი, ვითომ ტრადიციულები - კადიროველები. ჰყავდათ პროვოკატორებიც და ეს ხალხი გამო­იყვანეს რეიდებზე­. მაშინ ზოგი ქუჩაში­ ბენზინს ყიდდა, ორ კაპიკს შოულობდა. გადაღებულია მომენტები,­ როგორ­ სცემდნენ ბენზინის გამყიდველებს,­ უმსხვრევდნენ ქილებს­, ზოგს მანქანას ართმევდნენ და ეს ფირები აჩვენეს ჩეჩნებს, აი, ნახეთ, რა დაჯგუფებაა, ერის მტრები არიან, ხალხს­ რას უშვრებიანო. ეს ხალხის­ დასაპირისპირებლად გაკეთდა და ამ ვიდეომ მართლაც დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე. იყო ერთი მომენტიც - გუდერმესის რაიონში იამადაევის დაჯგუფებამ მაჰმადიანი ბიჭი მოკლა ავტობუსის გაჩერებაზე, ვიღაცამ ამოიცნო, რომ ის მუსლიმანურ დაჯგუფ­ებაში იყო, ამიტომ­ მოკლეს და მის დაჯგ­უფებას შეუთვალეს, გვამი­ წაიღეთო. ამ პროვოკაციის შემდეგ ისე დაიძაბა სიტუაცია, ისეთი დაპირისპირება წავიდა, მთელი ურუს-მარტანის რაიონი ალყაში მოაქციეს. კადიროვს, ვინაიდან ეფ-ეს-ბეს კაცი იყო და რუსეთზე მუშაობდა, ამ პროვოკაციების მოწყობაც ევალებოდა. მერე მთელი ერი ორ ნაწილად გაიყო - მასხადოვისა და შამილ ბასაევის მომხრეებად. მასხადოვმა­ სცადა მოლაპა­რაკებით განემუხტა ვითარება,­ რათა ჩეჩნებს ერთმანეთისთვის არ ესროლათ. მახსოვს, აჰმედ კადიროვი (რამზანის მამა) ტელევიზიით გამოდიოდა, ყვიროდა და ზიზ­ღით ლაპარაკობდა მასხადოვზე, სანამ იარ­აღს არ დაყრიან, ცოცხალი არავინ­ გაუშვათო. ანუ ყველა დაჯგუფებას, ბასაევისა და სხვების, რომლებიც ისლამის მიმდევრები იყვნენ (ვიდრე კადიროვის მიმდე­ვრები), იარაღი უნდა დაეყარა. როგორც ჩეჩნეთის მუფთი, მასხადოვს ურჩევდა, სანამ იარაღს არ დაყრიან, ხოცეთო. მან კარგად იცოდა, იარ­აღს არ დაყრიდნენ და სისხლი დაიღვრებოდა­. ეს დაპირისპირება წინასწარ იყო დაგეგმილი. მერე ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელიც ეფ-ეს-ბეზე მუშაობდა, რუსებში "ძმები" იპოვეს...

ომი ჩეჩნეთში აგვისტოში დაიწყო. მოსკოვში რუსები კორპუსებს აფეთქებდნენ და ჩეჩნებს აბრალებდნენ. ალბათ, ეს იმისთვის სჭირდებოდათ, ევროპა-ამერიკისთვის ეთქვათ, გვაფეთქებენ, ტერაქტებს გვიწყობენ­ და ამას ვერ მოვითმენთო. ეს კეთდებოდა მათი მოსახლეობისთვისაც - წინა ომში ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და მშობ­ლებისთვის რომ ეთქვათ, იძულებული­ ვართ ისევ ვიომოთ, ტერა­ქტებს გვიწყობენო. მე მქონდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან ჩეჩნეთში გამოგზავნილი საიდუმლო ბრძანების ქსეროასლი, სადაც ეწერა: "უნდა ჩატარდეს მორიგი ტერორისტული აქტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - სკოლებში, საავადმყოფოებში, მეტროებში, ბაზრებში, საბავშვო ბაღებში, ავტოსადგურებში და დატოვეთ­ ვაჰაბიტების კვალი". თითქოს ტერაქტებს ჩეჩენი ვაჰაბიტები აწყობდნენ. რუსები ამზადებდნენ პლატფორმას, რომ თავიანთი ქმედება გაემართლებინათ. თავად­ ააფეთქეს სამი კორპუსი რუსეთში და დატოვეს "ჩეჩნური კვალი" ეს პოპულარული ფრაზა ჰქონდათ. თავის ხალხს ამით უმტკიცებდნენ, აგერ, ჩეჩნები გვანადგურებენ და იძულებული ვართ შევიდეთ, ისე თავს არ დაგვანებებენო.

- როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის ომი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა...

- სადაც რუსები შედიან, მაშინვე შენობებს ანადგურებენ, წინ სულიერი რომ არავინ დახვდეს. საქონელიც კი გაწყვიტეს. როცა ეკითხებოდნენ, პირუტყვს მაინც რატომ ესვრითო, პასუხობდნენ, ბრძანება გვაქვს, რაც მოძრაობს, ყველაფერს ესროლეთო. მომსწრე ვარ, როგორ დაიბომბა სასაფლაო სოფელ ძველ ატაგიში­. გროზნოში დაბომბვისას მოკლული­ ქალი ჩამოიყვანეს დასაკრძალავად - თუ არ მეშლება, ზელიმხან იანდარბიევის და იყო. უცებ მოფრინდა თვითმფრინავი და პირდაპირ დაბომბა ხალხი, მანქანებს ცეცხლი წაეკიდა...

დღეს რასაც უკრაინაში ვხედავთ, იგივე­ ხდებოდა ჩეჩნეთშიც. მაშინ არ იყო ინტერნეტი და გადაღების­ საშუალება, თორემ­ იქაც ხოცავდნენ ბავშვებს, ქალებს აუპატიუ­რებდნენ. ძველი ალდის უმძიმესი ვიდეო დევს "იუთუბზე"... სადაც რუსები­ შევიდნენ, საწოლებში ხოცეს ბავშვები,­ ქალებს­ სამკაულებს აგლეჯდნენ და მოკლულებს ოქროს კბილებს აძრობდნენ, თუ ეტყოდნენ, არ გვაქვსო, ქალებს იქვე ცხრილავდნენ. მოხუცებსაც მუსრი გაავლეს. როგორც საქართველოდან, რუს მაროდიორებს ჩეჩნეთიდანაც გაჰქონდათ ყველაფერი, მიწის ქვეშ ბუნაგები ჰქონდათ მოწყობილი და მოპარული ხალიჩებითა და ტექნიკით აწყობდნენ ოთახებს.

ჩეჩნეთშიც ბევრი სოფელი გაანადგურეს, მაგრამ სოფელი სამაშკი (ინგუშეთის საზღვართან), განსაკუთრებით. იქ არაფერი დატოვეს ცოცხალი - ფრინველი და ცხოველიც კი გაწყვიტეს, მიწისაგან აღგავეს... მერე ჩეჩნეთის ომი პარტიზანულში გადაიზარდა, რომელიც 2015 წლამდე გაგრძელდა. საბოლოოდ, რუსეთმა ჩეჩენი­ ერის მესამედი ამოწყვიტა: 300 ათასზე მეტი მოსახლე, 42 ათასამდე ბავშვი. შატილიდან მარტო ჩვენს ხეობაში 14 ათასამდე ლტოლვილი ამოვიყვანეთ. დაღესტნისა და ინგუშეთის მხარესაც გადავიდნენ ლტოლვილები.

- რამზან კადიროვსა და ჩეჩნეთში მის რეპუტაციაზე რას იტყვით?

- კადიროვი ყოველთვის გამყიდველი იყო, უტვინო კაცი. მამის დაცვაში იყო. მეორე ომი როგორც კი დაიწყო, რუსეთს დაუახლოვდა, თავისი ხალხი გაყიდა, წავიდა და მერე იქიდან დაიწყო რუსეთში მცხოვრები ჩეჩნების მობილიზება. მათ ადგილობრივი ჩეჩენი მებრძოლების წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ. კადიროვმა თანდათან ჩართო ომში ჩეჩნური ბრიგადები ისევ იჩქერიის წინააღმდეგ. ასე რომ, რუსეთის წინააღმდეგ ომში მათ არც მიუღიათ მონაწილეობა. კადიროველები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან, გამყიდველები და არაკაცები არიან. წლების განმავლობაში მათ ყველა­ მოკლეს, აწამეს და გაანადგურეს.

- აფხაზეთის ომში ჩეჩნების რა კატეგორია იბრძოდა?

- აფხაზეთის თემა სულ სხვაა. ეფ-ეს-ბეს მიზანი იყო ჩეჩნების აფხაზეთში გაშვება.­ იმხანად ჩეჩნეთში ტელეარხი "კავკაზი" იყო და მახსოვს, 2 თუ 3 აფხაზი ტირილით გამოვიდა ეთერში­, ჩვენც და თქვენც მუსლიმანები ვართ, ქართველი ქრისტიანები გვხოცავენ და დაგვეხმარეთო. ამ ვიდეოს მთელი თვე ატრიალებდნენ. მაშინ მივხვდი, რომ ისინი ეფ-ეს-ბეს გამოგზავნილი იყვნენ, რათა ჩეჩნები ქართველების წინააღმდეგ აემხედრებინათ. არადა, რა გვქონდა გასაყოფი? რუსებმა კავკასიაში ყველა ერთმანეთს გადაჰკიდეს და ეს ორი ერიღა დარჩათ... რაღაც­ ჯგუფი შეიკრიბა და წავიდა აფხაზეთში საომრად. ამის წინააღმდეგი იყო ჯოჰარ დუდაევი და უთხრა მათ, თუ ქართველების­ წინააღმდეგ წახვალთ, ერის მოღალატეებად ჩაითვლებითო. თუმცა ყველა ერშია ცუდიც და კარგიც... ისინი მაროდიორობდნენ, ყველგან კრიზისი იყო, სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდნენ და ამით ახსნეს მათი ქმედება.

- 2003 წელს გაერომ გროზნოს "პლანეტის ყველაზე განადგურებული ქალაქის" სტატუსი მიანიჭა, ჩეჩნეთის რესპუბლიკა კი, სამწუხაროდ, დაიშალა და რუსეთს დაექვემდებარა...

- დიახ, გროზნო, ფაქტობრივად, განადგურდა, მთავარი ქუჩები აღარ არსებობდა. ახლა უკრაინაში ვხედავთ იმავეს.

- თქვენი ძმა ზელიმხანი ამ ომის შემდეგ გახდა კადიროვის სამიზნე?

- ჩემი ძმა პატრიოტი კაცი იყო, მასაც შეეძლო რუსების მხარეს­ გადასვლა, მაგრამ კარგი ცხოვრების­ გამო არ გაყიდა თავისი ერი. ზელიმხანსა და კადიროვს­ შორის ურთიერთობა ცხინვალის ომის შემდეგ უფრო დაიძაბა, მას არ აწყობდა, რუსეთთან ომგამოვლილი და გამოცდილი ადამიანი რომ ჩაერთო ბრძოლებში. ზელიმხანი რუსების წინააღმდეგ 3-4 წელი ტყე-ტყე იბრძოდა, პარტიზანულ ომებში მონაწილეობდა, მისი ეშინოდათ რუსებსაც და კადიროვსაც.

- რა აქვს საერთო საქართველო-ჩეჩნეთ-უკრაინის ომებს?

- ყველაფერი ერთი სცენარით მიდის. უბრალოდ, უკრაინელები მუსლიმანები რომ ყოფილიყვნენ, ტერო­რისტული დაჯგუფებების გასანადგურებლად შესვლას მოიმიზეზებდა კრემლი, რადგან ასე არ იყო, ნაციზმი დააბრალეს. იმ ქალაქებში, სადაც რუსები ცხოვრობენ, ომის დაწყება ნაცისტების არსებობით "გააპრავეს",­ მათ უკრაინელები ავიწროებენო. დარ­წმუნებული ვარ, თვითონ ბომბ­ავდნენ და მერე უკრაინის მთავრობას დააბრალებდნენ. არაა გამორიცხული, საქმეში რამდენიმე უკრაინელიც ჩართეს... რასაც სჩადიან ბუჩაში, მარიუპოლში, ჩეჩნეთშიც ასე იქცეოდნენ. მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით, ომში ჩეჩნეთს საერთაშორისო დახმარება არ ჰქონია... იმედია, უკრაინის ომში პუტინს ბოლო მოეღება, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. მაგრამ რუსეთის მთავრობა თუ შენარჩუნდა, ეს ჩვენთვის საზიანო იქნება. ბირთვული ომის შიშით დათმობაზე თუ წავა მსოფლიო, რუსეთი­ ისევ მოიკრებს ძალას და არც უკრაინა გადარჩება, არც საქართველო და არც ზოგადად კავკასია. ეს ომი 99%-ით­ წყვეტს კავკასიის ბედს. უკრაინელ ხალხს­ გამარჯვებას და ერთობის შენარჩუნებას ვუსურვებ, ერთიანობა თუ დაირღვა, არ იქნება მათი საქმე კარგად.