"როგორ შეიძლება ამ ხალხს სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებდეს, ეუბნებოდნენ, შიმშილობის შეწყვეტა არ გაბედოო“ - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება ამ ხალხს სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებდეს, ეუბნებოდნენ, შიმშილობის შეწყვეტა არ გაბედოო“

"არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობით სპეკულირება, თუნდაც ეს იყოს პატიმარი სააკაშვილი", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

- რადიკალური ოპოზიცია უკვე აშკარად ცდილობს რაღაც დღის წესრიგი შექმნას, რადგან დღეს არაფერი აქვთ, გარდა გაცხადებული ომის დაწყების მცდელობისა. ეს გახმაურდა უკვე და თან უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა­ დაადასტურა კიდეც და ახლა სურთ ახალი თემა შემოაგდონ. ეს მათი ცნობილი მეთოდია, არ გამოსდით, მაგრამ ცდილობენ. სწორედ იგივე ითქმის ივანიშვილისა და ევტუშენკოვის იმ რაღაც ჩანაწერებზეც. ჯერ ერთი, არ ვიცით, ავთენტურია თუ არა, მეორე - დავუშვათ, ავთენტურია, საუბარია ორი ადამიანის შეხვედრაზე­ და საერთოდ არ ჩანს პრემიერთან შეხვედრის თხოვნა, რაზეც აპელირებენ. მთავარი ის არის, ამას საზოგადოება აღარ იჯერებს და ხედავს ფაქტებს - ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში აღარ ერევა. მათი პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერი კი, რომელიც თან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კარგად ვხედავთ, პროცესებში როგორ ერევა.

- პარტიამ ივანიშვილთან გადამოწმება სცადა, შეესაბამება თუ არა ეს რეალობას?

- საერთოდ არ მიმაჩნია ეს საჭიროდ, რატომ უნდა გადაამოწმოს? მათი მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ თავის მართლების რეჟიმზე გადავიდეთ და ამას რომ არ ვუსრულებთ, გაგიჟებული არიან. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ომის პარტიას, და ეს თავად დაირქვეს, რა საკითხიც უნდა ჰქონდეს, ჩვენ ვერ და არ განვიხილავთ, რადგან პირდაპირ კავშირშია არეულობასა და ომთან. ქვეყანაში უამრავი საქმეა, დიდი საფრთხეები გვაქვს და ჩვენი ამოცანა ეს არის.

- როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, სპეციალისტებისა და არარადიკალური ოპოზიციისგან ისმის, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოები სათანადოდ არ მუშაობენ. თუნდაც ის, რომ ჯერ არ შეკრებილა კრიზისების საბჭო. პარლამენტში ამ მიმართულებით თუ იგეგმება გააქტიურება?

- დანარჩენ ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს შანსი, 2024 წლამდე ოდნავ დამოუკიდებელი სახე მიიღოს. როგორც კი ჯდები ომის და ღალატის პარტიის ნარატივზე,­ "ნაცმოძრაობის" შემადგენელი ნაწილი ხდები და საზოგადოებას ამის გაგონება აღარ უნდა.

- ეს სხვა რაღაცაა. ჩვენ უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ. მხოლოდ კრიზისების საბჭო კი არა, სათანადო დოკუმენტების არარსებობაზეა ლაპარაკი. პარლამენტი არ არის ვალდებული ამას აკონტროლებდეს?

- უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში რომ არ მუშაობდეს, დღეს მშვიდობა არ გვექნებოდა. რა ვქნათ, პაატა მანჯგალაძეს, პირობითად ვამბობ, დაუჯდეს უსაფრთხოების სამსახური და ყოველდღიურად აბაროს ანგარიში? იკრიბება თუ არა უსაფრთხოების საბჭო, რა პარლამენტის საქმეა? კონკრეტულად, რა აინტერესებთ, ხომ უნდა თქვან? მე, მაგალითად, ოპოზიციას რომ ვაკრიტიკებ, კონკრეტულად ვამბობ, რა პრეტენზია მაქვს. კი ბატონო, "ქართული ოცნების" პოლიტიკა არ მოგწონს, მაგრამ შენი ხომ უნდა ჩამოაყალიბო. როგორც კი გაიგონებენ ომის პარტიის ნარატივს, არ ვიცი, შეეშინდებათ თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა აქვთ, გამოდიან და ისევ სააკაშვილის გამოშვებას ითხოვენ. ამომრჩეველი რომ ხედავს ლერწამივით ირხევი, შენს მხარეს არ წამოვა.

- სააკაშვილის ავადმყოფობას არ თვლით სერიოზულად?

- ესეც ცდაა იმისა, როგორმე გადაიტანონ ყურადღება. მათ მიიწერეს და შეირგეს უკვე, რომ ომის პარტია არიან და ახლა სურთ ყურადღება სხვა რამეზე გამახვილდეს. როგორ შეიძლება ამ ხალხს სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებდეს, როდესაც მან შიმშილობა რომ დაიწყო, ეუბნებოდნენ, შიმშილობის შეწყვეტა არ გაბედოო. მაგათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება სურთ.

გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი რაღაცას არ იღებს და რა ვქნათ, აუცილებელია ეს ცილა მაინცდამაინც უცხოეთში და აგარაკებზე მიიღოს? თუ სხვა პატიმრები ციხეში კომფორტულად გრძნობენ თავს? ეს მოცემულობა ხელისგულზე დევს და ამიტომ არის, რომ ამ საკითხით საზოგადოების 0.1%-იც აღარ არის დაინტერესებული, რადგან ეს ფანტაზიები და ფოკუსები ხალხს ყელში ამოუვიდა. არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობით სპეკულირება, თუნდაც ეს პატიმარი სააკაშვილი იყოს, ესენი კი სპეკულირებენ.

- კობახიძემ თქვა, სააკაშვილმა იცოდა, ომი რომ დაიწყებოდა და ამიტომ ჩამოვიდა, რათა აქ მეორე ფრონტი გაეხსნაო.

- ამის მტკიცებულებები არესტოვიჩმა, პოდოლიაკმა და ბარამიძემ პირდაპირ დაგვიდეს და საუბარი აღარ არის იმაზე, რომ ეჭვების დონეზე ვიცოდით რაღაც. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, ომს დაიწყებდა. მათ ომი სურთ და აწყობთ, შესაბამისად, სააკაშვილი რომ ჩამოდიოდა, უკრაინის­ ხელისუფლებამ იცოდა და წრე იკვრება. მეტი რა მტკიცებულება გვინდა? სააკაშვილის ჩამოსვლის მიზეზი, თან შემოპარვით, რა უნდა ყოფილიყო? ჰუმანიტარული ღონისძიებები უნდა ჩაეტარებინა? როგორც მინიმუმ, საუბარი იყო იმაზე, რომ მის ჩამოსვლას არეულობა უნდა გამოეწვია და არეულობას რა მოჰყვება? მოჰყვება იძულებითი ღონისძიებები, მათ შორის ქუჩაში. უკრაინის ხელისუფლებას რუსეთთან პრობლემები რომ ჰქონდა, ეს ისედაც ვიცით. თეორიულ დონეზე რომ კონფლიქტი გარდაუვალი იყო, ცხადია, რადგან რუსეთის ჯარი მაშინაც განთავსებული იყო უკრაინის საზღვართან და ზრდიდა კონტინგენტს. ეს კონფლიქტი როგორ დარეგულირდებოდა და დაიწყებდნენ თუ არა ომს, ეს ვინ იცოდა, მაგრამ ამის საფრთხე რომ იყო, ესეც ხომ ცხადია? შესაბამისად, რა გამოდის, სააკაშვილს არეულობა უნდა გამოეწვია, როგორც მინიმუმ, და თუ რუსეთი უკრაინისკენ გაიწეოდა, ეყოლებოდათ აქ ვარსკვლავბიჭუნა, რომელიც ბრძოლაში კი არა, ომის დაწყებაშია მაგარი. მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო?

- ოპოზიციამ ღარიბაშვილი დაიბარა პარლამენტში. ამაზე რას აპირებთ?

- იმდენიც არ იციან, რა როგორ გააკეთონ. ასე არ არის, რომ მოუნდათ და დაიბარეს. ეს არის ინტერპელაციის წესი, რომლის თანახმად, შეგიძლია თანამდებობის პირს გაუგზავნო შეკითხვა და განსაზღვრულია 4 დრო - მარტის, მაისის, სექტემბრისა და ნოემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევი და თუ მანამდე მოესწრო ადრესატამდე კითხვის მიტანა, ამ შემთხვევაშია ვალდებული თანამდებობის პირი პარლამენტში მოვიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს. ამათ კი ამას დაბარება დაარქვეს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ილუზია შექმნან, თითქოს რაღაცას ფორხილობენ.

რუსა მაჩაიძე