"რა ულტიმატუმზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის?“ - კვირის პალიტრა

"რა ულტიმატუმზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის?“

ბოლო დროს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს, სადაც არსებითი მაინც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებული თემა, პარტიული რეიტინგების დაცემა და სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაა. ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ­ ძაბირაძეს ესაუბრა:

- ჯერ უნდა დადგინდეს, რამდენად ავთენტურია ჩანაწერები. ეს არავისთვის არ არის სასიამოვნო, მაგრამ საერთაშორისო­ ინტერესებიდან უნდა შევხედოთ. დღეს ძალიან რთული ვითარებაა და კაცმა არ იცის, ვის ვინ რა დროს დასჭირდება. შესაბამისად, კავშირები, რომლებიც დღეს შესაძლოა ძალიან მიუღებელი, სახიფათო და წინააღმდეგობრივი იყოს, ძალიან სასარგებლო გამოდგეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვებისთვისაც. ამიტომ ამ პროცესების სწორხაზოვნად შეფასება ძალიან პრიმიტიულია. არის მომენტები, როდესაც პროცესში ვიღაცის ჩართულობა ან არჩართულობა, ვიღაცის კარგი ან ცუდი, ლეგალური ან არალეგალური კავშირები აუცილებელია და გამოსადეგი აღმოჩნდეს. ეს ითქმის კონკრეტულად ივანიშვილის კავშირებზეც. ამიტომ, როცა ასეთ რაღაცებზეა საუბარი, პროცესი სცილდება საქართველოს საშინაო საკითხებს და საერთაშორისო მასშტაბის ხდება, ყოველთვის მაინტერესებს არა ქართული პოლიტიკური სპექტრის, არამედ ჩვენი პარტნიორების რეაქცია. ამიტომ ჩემი შეფასება ასეთია­ - მე პირადად ასეთი კავშირები არ მომწონს, მაგრამ იმისთვის, რომ კატეგორიული ვიყო, დამატებითი არგუმენტები მჭირდება და ეს იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამ თემასა თუ ნებისმიერ ასეთ სხვა საკითხზე.

- როგორც ექიმები ამბობენ, ბოლო დღეებში დამძიმდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენად ადეკვატურად თვლით ამ საკითხზე ორივე მხარის განცხადებებს და რა გავლენას იქონიებს ეს პროცესებზე?

- სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ახლანდელი განცხადებები მის სიკვდილ-სიცოცხლის მდგომარეობის შესახებ უკვე არადამაჯერებელია. მე სამედიცინო სფეროს სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ იმ შეფასებებიდან, რომლებიც, ვთქვათ, ომბუდსმენის ექსპერტებისგან მოვისმინეთ, გამოდის, რომ სააკაშვილი არ იღებს ცილებს, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ეს ყოფილა ნევროზული მდგომარეობა და ამიტომაც აქვს პრობლემები. ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია. როდესაც სააკაშვილის სასამართლო პროცესები იწყებოდა, მას ვურჩიე, რომ პროცესზე ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ გამოსვლის შემდეგ თავი დაენებებინა ამისთვის. ეს მისი რეიტინგისა და მისი, როგორც სერიოზული პოლიტიკური ფიგურისთვის იქნებოდა დამაზიანებელი. ჩემი რჩევა რა მოსატანია და, ალბათ, სხვებიც ურჩევდნენ ამას, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა და მიიღო არასერიოზული ვითარება, რომელიც აზიანებს როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე მის პოლიტიკურ საქმიანობას. კიდევ უფრო საოცარია, როდესაც მისი მომხრეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ.

- რატომ, სხვა რა გზა რჩებათ?

- იმიტომ, რომ რამდენი ხანია, "ნაცმოძრაობა" ერთ წრეზე ტრიალებს და ვერასდროს შეძლო, უფრო უკეთეს გარემოებებშიც კი, მასობრივი საპროტესტო ტალღა აეგორებინა. თუ დააკვირდით, პირველ სასამართლო პროცესზე, სადაც სააკაშვილი გამოვიდა, იქაურობა ხალხით იყო გადაჭედილი, ბოლო პროცესზე კი 15-20 კაცი იყო და ამასაც ხომ შეფასება სჭირდება? რა ულტიმატუმზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის? ვერ შეძლებს საპროტესტო ტალღის აგორებას, არ არის ამის განწყობა საქართველოში და არც საგარეო მხარდაჭერაა. გიული ალასანია რომ ამბობს, უკრაინიდან ყოველ მეორე დღეს რაღაცას ითხოვენო, ძალიან არადამაჯერებელია, რადგან უკრაინელები ყველაფერზე აკეთებენ განცხადებებს და რაღა ამაზე არიან ჩუმად? ეს ყველაფერი ცოტა უცნაური ხომ არის? პრობლემა ის არის, რომ ხალხი ამას ხედავს და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც არ უჭერენ მხარს. ცუდი ის არის, მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი, არანაირად არ მინდა ამ პარტიის რეიტინგი იქამდე დაეცეს, როგორც სხვა წვრილი პარტიების. მაშინ გამოდის, 2024-ში კი არა, 2030 წლამდე იქნება "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, რაც ასევე არ მინდა, რადგან ვთვლი, რომ ქვეყნისთვის ორივე­ ძალიან ცუდი იქნება. ესენი კი ყველაფერს აკეთებენ, რომ "ქართულ ოცნებას" საქმე გაუადვილონ.

- მხარდაჭერა ახსენეთ და, უკვე მეორე საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგები­ გამოქვეყნდა, სადაც ყველას რეიტინგი ძალიან დაცემულია. ფაქტობრივად, პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ მმართველი პარტია და "ნაცმოძრაობაა". ეს რისი მაჩვენებელია?

- ამ გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, 5%-იანი ბარიერის პირობებში "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა აქვს, თანაც ლამის კონსტიტუციური, და ამას ხომ უნდა მიხვდეს რომელიმე პარტია? პროცენტებზე­ შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ამ გამოკითხვამ ძალიან ნათელი სურათი აჩვენა, თუ მოსახლეობაში რა განწყობაა. მოსახლეობის ფაქტობრივად 2/3 უარს ამბობს პოლიტიკურ პარტიებზე. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებას პოლიტიკური სიმწიფე აკლია, რომ ახალი ძალა წარმოშვას, ამიტომ ვჯერდებით იმ სპექტრს, რომელიც დღეს გვყავს. ეს შედეგები ძალიან რეალურია, რადგან ეს ორი მთავარი პოლიტიკური ძალა დაკავებულია მხოლოდ იმით, თუ ვინ მოიპოვებს და ვინ დაკარგავს ძალაუფლებას. საზოგადოების ინტერესი კი ეს არ არის, მას სხვა პრობლემები და ინტერესები აქვს. როდესაც პოლიტიკური სპექტრი ვიწრო წრეშია ჩაკეტილი, ბუნებრივია, ხალხი ვერ ხედავს ძალას, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს. 30 წელია იმით ვართ დაკავებული, როგორ ჩავანაცვლოთ ერთი ხელისუფლება მეორით. არაფერი კეთდება ან დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ან სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის თუ ნორმალური საბაზრო პირობების ჩამოყალიბებისთვის. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. წინა ხელისუფლება იკვეხნიდა, თითქოს სახელმწიფო ააშენა, მაგრამ სახელმწიფო სამართლის გარეშე წარმოგიდგენიათ? იგივე გრძელდება დღესაც. ახლა ოპოზიციამ ისევ პარლამენტის დატოვებაზე დაიწყო ლაპარაკი და დაამატეს, ზეიმით უნდა ჩავანაცვლოთ ხელისუფლებაო. რა ზეიმი, რა პარლამენტის დატოვება, სად არიან საერთოდ?! ცალკე საკითხია წვრილი პარტიები, რომლებიც ხან ერთ მხარეს მიეხეთქებიან, ხან მეორეს და ვერაფრით მოახერხეს, რომ მესამე ძალის რაღაც შუალედი მაინც დაიჭირონ.

- როდესაც ორი მთავარი პარტიის რეიტინგები შემცირებულია, პატარა პარტიები ამ შანსის გამოყენებას რატომ ვერ ახერხებენ?

- პატარა პარტიები ახლა იმას ელოდებიან, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევა თუ არა. თუ დარჩება 1%-იანი ბარიერი, მაშინ თვლიან, რომ ცალკე ყოფნა ურჩევნიათ, თუ იქნება 5%-იანი ბარიერი, მაშინ ან შექმნიან კოალიციას ან წავლენ რომელიმე მხარეს. პრობლემა ის არის, მმართველი პარტია შესწორებებს დღეს არ მიიღებს. თუ კონსტიტუციაში ცვლილებები საერთოდ­ შევა, იქნება ბოლო მომენტში, რადგან თავად "ქართული ოცნებაც" არ არის ჩამოყალიბებული, რა ურჩევნია. ამიტომაც არის ეს გაუგებრობა და პატარა პარტიებიც ვერ რისკავენ, რაც მგონია, მათთვის ძალიან ცუდია. შანსი ყოველთვის უნდა გამოიყენო და თუ ვერ ხვდები, როდის და სად არის შანსი, შედეგიც შესაბამისია.

- სააკაშვილის თემას დავუბრუნდეთ. ამაზე პრეზიდენტმაც ისაუბრა და არის თუ არა შანსი, რომ მის შეწყალებაზე გადაწყვეტილება­ შეცვალოს და თუკი ეს მოხდება, ნიშნავს­ თუ არა, რომ "ნაცმოძრაობა" და ხელისუფლება­ გარიგდნენ თუნდაც სააკა­შვილის პოლიტიკიდან­ ჩამოშორების პირობით,­ რაზეც თავად პარტიის­ ლიდერებიც აკეთებდნენ განცხადებებს?

- ზურაბიშვილმა თქვა, თუ აუცილებლობა იქნება, უნდა გადაიყვანონო და არა მგონია, ეს მის გადაწყვეტილებას შეწყალებაზე ცვლიდეს. მეორე მხრივ, რა გარიგებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? როდესაც­ სააკაშვილი ჩამოვიდა, ის პოლიტიკური ფიგურა გახლდათ და ნამდვილად მოულოდნელი სვლა გააკეთა, რაც სახიფათო­ იყო. ახლა კი ის მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს და არ წარმოადგენს საშიშროებას. რომც გამოვიდეს ციხიდან და არსადაც არ წავიდეს, რას იზამს? გვახსოვს, 2003 წელს პროცესები როგორ ვითარდებოდა, რა ბაზა იყო, საზოგადოებაში რა განწყობები არსებობდა, ვინ უჭერდა მხარს და ვინ არა. იქნებ ვინმეს დაავიწყდა, რომ "ვარდების რევოლუციამდე" ჯერ ბეიკერი იყო ჩამოსული და მერე ივანოვი? მართლაც წალენჯიხიდან წამოსულმა ავტოკოლონამ კი არ გადაწყვიტა აქ ბედი, ვიღაცებიც ჩაერივნენ ამ პროცესში, დღეს კი ვიღაცებს ამისთვის არ სცალიათ.

- კობახიძის განცხადება, რომ სააკაშვილმა იცოდა, ომი დაიწყებოდა და იმისთვის ჩამოვიდა, მეორე ფრონტი გაეხსნაო, რას ნიშნავს?

- ცალსახად პიარია და მეტი არაფერი. კობახიძემაც და ხელისუფლებამაც იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცუდის მოლოდინშია. ყველა შიშობს, რომ შეიძლება პუტინმა ხვალ-ზეგ საქართველოს შემოუტიოს. შესაბამისად, მოსახლეობაში არის განწყობა, რომ ომი რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ. ეს ნათლად ჩანს და შესაბამისად, ხელისუფლება მოწინააღმდეგის გასაშავებლად ამბობს, ომის პარტიააო,­ რომ სააკაშვილმა 7-8 თვის წინ იცოდა, უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ეს განჭვრიტა, ოღონდ ის ვერ განჭვრიტა, რომ ჩამოვიდოდა, დაიჭერდნენო, ეს არის და ეს. წმინდა წყლის გებელსის პიარია და მეტი არაფერი. თუმცა მომგებიანია ხელისუფლებისთვის და იმუშავებს. მიაღწიეს კიდეც მიზანს და ეს ოპოზიციისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაშიც ჩანს...

რუსა მაჩაიძე