"ამისთვის დიდი სასჯელი მივიღე ცხოვრებისგან და ბევრი მტერიც გავიჩინე. თან ისეთი, ვინც ზურგს უკან მძირავს ჭორებითა და შავი პიარით" - კვირის პალიტრა

"ამისთვის დიდი სასჯელი მივიღე ცხოვრებისგან და ბევრი მტერიც გავიჩინე. თან ისეთი, ვინც ზურგს უკან მძირავს ჭორებითა და შავი პიარით"

"ჩემი ბოლო ნავსაყუდელი ოჯახია"

ბესო ზანგური თვლის, რომ ბედისწერამ არაერთი დაუმსახურებელი სასჯელი და ტკივილი არგუნა და ბევრი მტერიც გაიჩინა, თანაც - უღირსი, ზურგს უკან რომ უთხრის ორმოს. ზურგს უკან ორმოს თხრას ჩვენს ნაკლად მიიჩნევს, თუმცა ის, რომ ქართველია და აქ დაიბადა, სიამაყის საფუძველს ყოველთვის აძლევს: "იცხოვრო საქართველოში და გერქვას ქართველი, ეს ნიშნავს, მუდმივად ატარებდე სევდას გულით. როგორც მშობელ დედას ვერ დაივიწყებ, ასე ამ ქვეყანას ვერ მოიწყვეტ გულიდან და ვერ მოშორდები..."

- "ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც მუდამ ჩემ გვერდით იქნებოდა" (ოტია იოსელიანი).

- დედა მთელი სამყაროა ჩემთვის და მგონია, მართლაც მთელი სამყარო რომ აღგიდგეს წინ და ყველამ ზურგი გაქციოს, ის ყოველთვის შენთან იქნება. დედა კვლავაც ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ეს დიდი ტკივილია ჩემთვის და, როგორც ჩანს, ეს ჯვარი მთელი სიცოცხლე უნდა ვატარო...

- "სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული" (ნოდარ დუმბაძე).

- ყველაზე თბილი და ტკბილი მწერალია ჩემთვის. რაც წლები მემატება, სამშობლოს ხსენებაზეც კი რატომღაც სევდა მეუფლება. დედასთან იგივდება, სხვანაირად ვგრძნობ, სხვანაირად აღვიქვამ, ვფიქრობ, რამხელა სევდის მატარებელია ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანი და უფრო შემწყნარებელი ვხდები. იცხოვრო საქართველოში და გერქვას ქართველი, ეს ნიშნავს, მუდმივად ატარებდე სევდას გულით, მუდმივად გინდოდეს რაღაც, მაგრამ თან იცოდე, რომ ის რაღაც, რაც სხვა ქვეყანაში უსრულდებათ ადამიანებს, შენ არასდროს აგისრულდება. მიუხედავად ამისა, მაინც ამაყობ, რომ ხარ ქართველი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან! ეს გულიდან ამოსული სიტყვებია, მართლაც სხვანაირად მიყვარს ჩემი მთაც და ბარიც, რადგან ვიცი, თითოეული გოჯისთვის ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლე გაწირეს. როგორც მშობელ დედას ვერ დაივიწყებ, ასე ამ ქვეყანას ვერ მოიწყვეტ გულიდან და ვერ მოშორდები. ამიტომ კარგად მესმის ემიგრანტების. გასტროლზე რომ ვარ, 3 დღის შემდეგ გაუსაძლისი მონატრების გრძნობა მეუფლება. დუმბაძეს ძალიან სტკიოდა ეს ქვეყანა, სწორედ ამიტომ ვერ გაუძლო მისმა გულმა საქართველოზე ფიქრსა და დარდს.

- "ფარისეველო, გაუტანელო, სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო, ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო, რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო" (აკაკი წერეთელი).

- "ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით! ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო..." - ეს არის ქართველების სენი, გაუტანლობა, ფარისევლობა და სხვისთვის ორმოს გათხრა. მაშინაც იყვნენ ადამიანები, ვისაც სძულდათ თავიანთი ქვეყანა. რამდენ სიკეთესაც აკეთებ, იმდენი ორმო გხვდება უკან, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა. რამდენჯერაც სიკეთე გავაკეთე, იმდენჯერ მიმტრეს. ვერ ვხვდები, რატომ უყვართ შენი მტერი ან ადამიანი, რომელსაც შენს თანასწორად მიიჩნევ და დახმარების ხელს უწვდი, გულს რატომ გტკენს?!. მართალია, გველივით ჭრელი და მრავალსახოვანია ადამიანი, რომელიც სარგებლობს შენით და ძირს გითხრის. აღარაფერს ვიტყვი იმ ხალხზე, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს.

- "კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის, მისი ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე... მაგრამ იგივე კაცი მეორედაც რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, ეს მხოლოდ მისი ბრალი არა, შენი ბრალიცაა. ხოლო მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა, ან ტუტუცი ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო" (ოტია იოსელიანი).

- ვეთანხმები ამ გამონათქვამს, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველას ენდობა. ამის გამო არაერთხელ მივიღე ალიყური ცხოვრებისგან. ალალი კაცი ვარ, დღეს კი სიალალე და სიკეთე გოიმობად ითვლება. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ხდება ასე, მაგრამ არაფერია, მე დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ. რაკი უფალმა ყველას თავისი მისია დააკისრა, მეც მაქვს ჩემი მისია - სიკეთეს გავაკეთებ, სამაგიეროს კი არასდროს მოვითხოვ. ჩვენს შვილებს დახვდებათ წინ ჩვენი გაკეთებული საქმეები - კარგიც და ცუდიც.

- "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ" (უინსტონ ჩერჩილი).

- საერთოდ პოლიტიკას უნდა შეხედო იუმორით. ეტყობა, ჩერჩილი გაურბოდა "ისტობას". ჩვენ კი, როგორც ჩანს, მოგვწონს პოლიტიკოსების სიყვარული, ქართველებისაც და უცხოელებისაც. ჯერ "ზვიადისტები" იყვნენ, მერე შევარდნაძეს დაუდგნენ მუხლზე, სააკაშვილზე ხომ დღემდე აფანატებენ, რაც სიგიჟეა. ორ მომდევნო პრეზიდენტს ასეთი სიყვარული აღარ ხვდა წილად. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებამ გამოიწვია. შეხედეთ, რა ხდება "ფეისბუკზე". რამდენი მეგობარი მყავს და ყველა წერს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკაზე; აგრესიისა და სიძულვილის მეტს ვერაფერს ნახავ, ეს ბოლო 2 თვე - განსაკუთრებით. ერთი სიტყვით, მართალს ამბობს ჩერჩილი, თუ პოლიტიკოსი შეგიყვარდა, აუცილებლად უნდა მიმართო ფსიქიატრს თუ არა, ფსიქოლოგს მაინც.

- "ძალადობის ყველა ფორმა, განსაკუთრებით ომი, ყოვლად დაუშვებელია, როგორც ერებს, ჯგუფებსა და ადამიანებს შორის დავების გადაწყვეტის საშუალება" (დალაი ლამა).

- XX საუკუნეში, როდესაც ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია, ომი წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ჯერ პანდემია იყო, ახლა - ომი. ეს ყველაფერი რამდენიმე ადამიანის ნებაა და ისე ათამაშებენ მთელ მსოფლიოს, როგორც თეატრში თითებზე წამოცმულ თოჯინებს - ასეთი წარმოდგენა მექმნება, როგორც მსახიობს. უკრაინა შემოვლილი მაქვს და გული მიკვდება, რას დაამსგავსეს ეს ლამაზი ქვეყანა, რა დარჩა იმ ქალაქებისგან. საქართველომ თვითონ გაიხადა და ჩააცვა უკრაინას; ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ მაინც ჩვენკენ გამოიშვირეს თითი. ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ვფიქრობ, სწორად იქცევა ჩვენი მთავრობა, რომ არ ეგება პროვოკაციებს.

- "არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის" (ილია ჭავჭავაძე).

- ილია ყოველთვის მიგვითითებდა და გვეუბნებოდა, არაფერი გვეშველება ქართველებს, თუ ერთმანეთის ფასი არ გვეცოდინება და სამშობლო ერთმანეთზე მეტად არ გვეყვარებაო. ოჯახიდან იწყება შენი ქვეყანა! დიახ, საკუთარი ოჯახიდან უნდა დაიწყო საქართველოს შენება, მაშინ მიაღწევ დასახულ მიზანს და ნათელ მომავალს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამონათქვამს, ცილისწამებაზე დიდი ცოდვა ჩემთვის არ არსებობს. ეს ჩემს თავზე ვიწვნიე და ბევრი რამაც მასწავლა, სხვა კუთხით დამანახვა ადამიანები. მათ იაპონური ანდაზით ვუპასუხებ: "ვზივარ მდინარის პირას და ველოდები, როდის ჩამოატარებს ჩემი მტრის გვამს".

- "თუ ზურგს უკან გაფურთხებენ, ე.ი. თქვენ წინ ხართ" (კონფუცი).

- სხვათა შორის, რუსთაველის თეატრში ახალი მისული რომ ვიყავი და პირველად ჩემზე რაღაც ცუდად დაწერეს, რობიკომ მითხრა, რა კარგია, ესე იგი, შენი სპექტაკლი ძალიან მოეწონათო... მაშინ რატომ მლანძღავენ-მეთქი? - გამიკვირდა. ეს ყველაფერი დამღლელია, ფსიქოლოგიურად მაინც გთრგუნავს, რაც უნდა ძლიერი იყო. როდესაც ზურგს უკან გაფურთხებენ, ამ დროს ვიღაც აუცილებლად უნდა გეუბნებოდეს, რომ ასე არ არის. ეს "ვიღაც" არის ჩემი ოჯახი და მეგობრები, რომლებიდანაც ზოგი ხან გაქრება და ხან გამოჩნდება. დავეცი - გაიცინეს, ავდექი - გამიცინეს, ძირითადად ასე ხდება.

- "მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო" (რობინ უილიამსი).

- მგონი, ჩემზეა დაწერილი. როდესაც საჭიროა გაჩუმება, მაშინ ვერ ვითმენ და მაშინ ვჩუმდები, როდესაც უნდა ვიყვირო. ყოველთვის იმას ვამბობ, რაც და როგორც არის. ამისთვის დიდი სასჯელი მივიღე ცხოვრებისგან და ბევრი მტერიც გავიჩინე. თან ისეთი, ვინც პირდაპირ არ მოდის და ზურგს უკან მძირავს ჭორებითა და შავი პიარით. ეს ძალიან ცუდია, მით უმეტეს - მსახიობისთვის.

- "მსახიობობაზე ოცნება უფრო საინტერესოა, ვიდრე მსახიობობა" (მერილინ მონრო).

- ასეა, მსახიობობა ლამაზ ფერებში წარმოუდგენიათ, არადა, სინამდვილეში შიდა სამზარეულო არც ისე მიმზიდველი და საოცნებოა - ეს არის დიდი შრომა; ტკივილი, შური და მტრობაც დგას ამ ყველაფრის უკან.

- "ვერანაირი რასა ვერ აყვავდება, სანამ არ შეიტყობს, რომ მინდვრის დამუშავებაში ისეთივე ღირსებაა, როგორიც ლექსის წერაში" (ბუკერ ვაშინგტონი).

- განდიდების მანიამ შეიპყრო ყველა, არადა, სჯობს, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. პოეტების ქვეყანა პოლიტიკოსების ქვეყანა გავხდით. ყველა პოლიტიკოსია, ექსპერტია, მეომარია და, რაც ყველაზე უცნაურია, ყველა დარწმუნებულია, რომ საუკეთესოა, საბოლოო ჯამში კი სრულ დომხალს ვიღებთ. ლექსის წერა კი მართლაც საოცარი რამეა - ეს არის თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, შენი გრძნობების, ფიქრების, ვნებების გადმოტანა ფურცელზე. ჩემი ერთი ლექსიდან წაგიკითხავთ ნაწყვეტს: "ამდენი სიცრუის მოსმენა, რაც მიწევს,/ ამდენი ღალატი სხვის უცხო ნაპირზე./ ზურგის ქარისგან, თუ ვინმე წაიქცა/ რატომ ააყენეთ? მე გირჩევთ - ჩაწიხლეთ!/ გახსენით, ვერ ვსუნთქავ და გულიც არ მიძლებს/ და ნუ შეეცდებით, ოდესმე დავმშვიდდე!/ კმარა ლექსის წერა მარტსა და აპრილზე,/ გახსენით ფანჯარა: მე უნდა გავფრინდე". განწყობებს საუკეთესოდ გადმოვცემ ლექსებით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მამშვიდებს; მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს ისვენებს, ნიკო გომელაურის არ იყოს: "სანამ არ დამმარხავენ, მშვიდს მე ვერსად მნახავენ".

- "მიუთითე საყვარელ მამაკაცს ნაკლზე და მოსისხლე მტერს შეიძენ" (დოროთი პარკერი).

- თვალდახუჭული რომ ვენდობი ყველას, აბსოლუტურად უცხო ადამიანსაც რომ შემიძლია გავუხსნა გული, გვანცა ამის გამო ხშირად მსაყვედურობს. ზოგჯერ ოჯახშიც არ ვიცით, რაც ხალხმა იცის შენზეო.

- "უკანასკნელი, რაც ყოველთვის რჩება, არის ოჯახი" (მარლონ ბრანდო).

- ჩემი ბოლო ნავსაყუდელი ოჯახია - ჩემი ცოლი და შვილები, სადაც ყოველთვის მიმეჩქარება მისვლა; სადაც ყველაზე კარგად ვარ და სადაც ყოველთვის მინდა, რომ ვიყო.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"