"11 მაისს, 8 წლის დათიკოსთვის საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება" - რას ჰყვება ემიგრანტი ისრაელიდან - კვირის პალიტრა

"11 მაისს, 8 წლის დათიკოსთვის საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება" - რას ჰყვება ემიგრანტი ისრაელიდან

8 წლის დავით (დათი) ქოქრაშვილს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, დღეს ისრაელში მეექვსე ოპერაცია გაუკეთდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. როგორც დათის დედა, ქრისტინე, "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ექიმებმა ჯანმრთელობის გართულების გამო შეწყვიტეს, რადგან ბავშვს ჰემოგლობინი დაუვარდა. დღეს კი ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. პატარა დათი მართლაც ყველამ შეიყვარა, დღეს ყველა ამ ბიჭის გამოჯანმრთელებაზე ლოცულობს და მასზე ახალი, სასიხარულო ინფორმაციის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, 31 მარტს, პატარა დათი, შარტავას ქუჩაზე ავტოავარიის დროს დაშავდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ, რომელიც „BMW“-ს მარკის ავტომობილს მართავდა, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს და მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი განახორციელა, რა დროსაც მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მართვადაკარგული „BMW“ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ავარდა ტროტუარზე და ქვეითად მდგომ არასრულწლოვანს დაეჯახა. ცნობილია, მოზარდი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს ხუთი ურთულესი ოპერაცია იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, რის შემდგომ სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს. ახლა ისრაელის კლინიკის ექიმები ყველაფერს აკეთებენ დათის გამოსაჯანმრთელებლად. მას ისრაელში 6 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

როგორც დათის დედა, ქრისტინე ჩვენთან საუბარში ამბობდა, ბავშვს კიდევ სჭირდება რამდენიმე ქირურგიული ჩარევა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ოჯახს ისევ საზოგადოების დახმარება სჭირდება. დედა თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის ვინც გულთან მიიტანა მისი შვილის ამბავი. უზომოდ მადლიერია ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტების და ქართველი ებრაელების გვერდში დგომით და თითოეულ ადამიანს, ვინც მისი ოჯახის გასაჭირი გულთან მიიტანა მადლობას უხდის.

dati-3-1651144220.jpg

"გავერთიანდეთ დათიკოსთვის" ამ ლოზუნგით ისრაელის ქალაქ აშდოდის საკონცერტო დარბაზში 11 მაისს, საღამოს 20 საათსა და 30 წუთზე, საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება და კონცერტიდან შემოსული თანხები მთლიანად მოხმარდება ისრაელის კლინიკაში მყოფი 8 წლის დავითის ჯანმრთელობას.

ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თეა ცხადაძე ძალიან აქტიურობს და ერთ ერთი ინიციატორია საქველმოქმედო კონცერტის, რომელიც ისრაელში გაიმართება.

თეა ცხადაძე:

- ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და როცა გავიგეთ, დათიკო ჩამოყვანილი იყო ისრაელის კლინიკაში, საავადმყოფოში მაშინვე წავედი. გულთან მივიტანე ჩემთვის უცხო, პატარა ქართველის ამბავი. მეექვსე წელია უცხოეთში ვცხოვრობ, აქ ბევრი ცნობილი მომღერალი გავიცანი, ბევრი ჩემი მეგობარია. ცნობილი მომღერალი კაკული გურიელაშვილი ქართველი ებრაელია, მას საქართველოში ძალიან კარგად იცნობენ. მას დავუკავშირდი და დათის ამბავი ვუამბე. კაკული პირველი იყო, რომელმაც მითხრა კონცერტი გავაკეთოთო, მაგრამ უარი ვუთხარი. იმ დროს ქართველი ემიგრანტები მთლიანად გადართული ვიყავით საავადმყოფოს ამბებზე და ჩქარ-ჩქარა ყველა ვაგროვებდით თანხებს, რადგან ბავშვს ზედიზედ ამდენი ოპერაცია სჭირდებოდა. ისრაელში მას დღეს მეექვსე ოპერაცია ჩაუტარდა და კიდევ იგეგმება ოპერაციები. ძალიან ძვირია აქ მკურნალობა, მით უმეტეს, ის კლინიკა, სადაც ბავშვი წევს ყველაზე ძლიერი და ძვირადღირებულია ისრაელში.

datiko-1651134892.jpg

ამდენი თანხის შეგროვება რომ ვერ შევძელით, ისევ კაკულის დავუკავშირდი და ყველა მომღერალი დაგვთანხმდა კონცერტი გაგვემართა. ერთიანად გადაწყდა კონცერტის გამართვა. საქველმოქმედო კონცერტი 11 მაისს ისრაელში, ქალაქ აშდოდში გაიმართება. აქ დარბაზი რომ იშოვო, თვეები სჭირდება, მაგრამ აშდოდის ვიცე-მერი ძალიან დაგვეხმარა, რომელიც ბევრ სიკეთეს აკეთებს. ხშირად ჩამოჰყავს აქ ქართველი ებრაელებისთვის მომღერლები საქართველოდან და კონცერტები იმართება. ბატონი მოშე ბორეთაშვილი დაგვეხმარა დარბაზის მოძიებაში. ყველა გაყიდული ბილეთის თანხა და კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა დათის ოჯახს მისი მკურნალობისთვის. დარბაზში დავდგამთ ყუთსაც და თითოეულ იქ მოსულ ადამიანს შეეძლება კონვერტი ჩააგდოს და პატარა ბიჭს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს. უკვე ცნობილია, რომ საქართველოდან სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოდის მომღერალი გიორგი წერეთელი და ასევე მსახიობი და მომღერალი გიორგი ცაავა. ბევრმა ქართველმა მომღერალმა გამოთქვა ისრაელში ჩამოსვლის და ამ კონცერტში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ მოგეხსენებათ, აქ შემოსვლის პრობლემებია და ამიტომ ვერ ჩამოდიან, თორემ მსურველი ბევრია.

ასე რომ, 11 მაისს, 20 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ აშდოდის საკონცერტო დარბაზში ,,იად ლებანიმ", ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი 8 წლის დათიკოსათვის.

კონცერტში მონაწილეობენ: კაკული გურიელაშვილი, სივან გურიელაშვილი, მიშელ გურიელაშვილი, შაბი კორენი, მორის ჯანაშვილი, ბადრი ჯანაშვილი, ფიქრია მეგრელაძე, გვანცა შალვაშვილი, მაია ვერძეული, ვასო მელექსიშვილი, იოსი მაგორი, იგალ გინატი, გიორგი წერეთელი, გიორგი ცაავა და JNB თამაზ ციციაშვილის ხელმძღვანელობით.

ამ დარბაზში 400 კაცამდე ეტევა და იმედი მაქვს, მთლიანად შეივსება. ბილეთების ნახევარზე მეტი თითქმის გაყიდულია - ფასი 150 შეკელია, პირველი ათი რიგის და ბოლო 4 რიგი 100 შეკელი ღირს.

tea-cxadadze-1651558418.jpg

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გვერდში დგომისთვის აშდოდის მერს, ბატონ მოშე ბოთერაშვილს და კონცერტში მონაწილეებს, რომელთაც გულთან მიიტანეს ჩვენი დათიკოს ჯანმრთელობის ამბავი.

ამას გარდა, მე და მორის ჯანაშვილმა, რომელსაც ქართული ტელევიზია აქვს ისრაელში, დავგეგმეთ კლინიკაში მისვლა და იქიდან რეპორტაჟის გაკეთდება, რაც გავა აქ ტელევიზიით, მივუთითებთ ბავშვის დედის ანგარიშის ნომერს და იმედი გვაქვს, იქიდანაც შემოვა გარკვეული თანხები და ყოველი გაღებული შეკელი იქნება, ლარი თუ დოლარი, დათის ჯანმრთელობას დაეხმარება. ყველა თანხა მნიშვნელოვანია. აქამდეც იყო საზოგადოების აქტიურობა. ახლაც ვაგროვებ თანხებს და მერე ყოველ ხუთშაბათს მიმაქვს დათის დედასთან, ქრისტინესთან.

წარმოუდგენელია, ადამიანმა გულთან არ მიიტანო ეს ამბავი. თბილისი პატარაა, ბევრი მეგობარი მყავს და დათის დედა რომ გავიცანი, ჩვენ ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა. ვცდილობ, ამ ოჯახს გვერდში დავუდგე. ყოველ დღე ინფორმირებული ვარ დათის ამბით, ვეკონტაქტები მის მშობლებს, ირაკლის და ქრისტინეს. მათ დღეს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ.

dati-1649835888.jpg

ამ საოცრად კარგი ბიჭის ამბავი მართლაც ყველამ გულთან მიიტანა. ქართველმა ებრაელმაც, ემიგრანტებმა და ისეთებმაც კი გამოთქვეს მისი დახმარების სურვილი, რომლებმაც ქართულიც კი არ იციან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მათგანს და უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთე გადამდებია.

დახმარების პარალელურად ვილოცოთ ყველამ, რომ დათიკო გამოჯანმრთელდეს და ასე დაბრუნდეს საქართველოში. მადლობა თქვენ ჩემო ქართველებო და ქართველო ებრაელებო, ღმერთმა დაგლოცოთ ამ ოჯახის გვერდში დგომისთვის.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ დედის ანგარიშზე.

ჩვენ კი დათის გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483

(სპეციალურად საიტისთვის)