"არასდროს მითქვამს, რომ ივანიშვილი არის პირდაპირ პუტინის შეკვეთების შემსრულებელი. ის არის პროივანიშვილისური" - კვირის პალიტრა

"არასდროს მითქვამს, რომ ივანიშვილი არის პირდაპირ პუტინის შეკვეთების შემსრულებელი. ის არის პროივანიშვილისური"

პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანური, პოლიტიკური და ყველანაირი გაგებით სააკაშვილის გაშვება დასავლეთში სამკურნალოდ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაგზავნა სასარგებლოა ქვეყნის იმიჯისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის.

„ეს ბევრი თვალსაზრისით მომგებიანია - მათ შორის ძალიან მწარე ანტიმიშისტისთვის, რომელიც იტყვის „ერთი მოგვაშორე რა ეს, წავიდეს“. მიშა, რომელიც არ არის საქართველოში და ციხეში და არ არის სერიოზული ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ, ნაკლებად ძლიერია საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, ვიდრე მტრის ხატად დანიშნული, რინგზე წასაგებად, გასალახად ამდენი წლის განმავლობაში მდგარი მიშა სააკაშვილი. სანამ მიშა იქნება, ქოცები ერთი ერთში ყოველთვის მოუგებს. ამომრჩეველთა ორი მესამედი არის პრინციპულად წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების. ამას აჩვენებს არჩევნების ყველა შედეგი და ყველა კვლევა. სანამ ხელისუფლება ახერხებს, „მიშა მოდის, მიშა მოდის“ მტრის ხატის შექმნას, მანამ ის ახერხებს რინგზე გამარჯვებას“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან ასევე ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი „არ არის კრემლის შეკვეთის პირდაპირი შემსრულებელი“.

„2012, 2013 და 2014 წლებში სისულელე რომ იყო დაჯერება, რომ „არიქა, ხელისუფლებაში მოვიდა პირდაპირ პუტინის შეკვეთის შემსრულებელი“. არასდროს მითქვამს, რომ ივანიშვილი არის პირდაპირ პუტინის შეკვეთების შემსრულებელი. ის არის პროივანიშვილისური. ჩვენი პოლიტიკური კომპასი მხოლოდ ორ მიმართულებას ცნობს. ჩვენ არ ვიცით რა არის სამხრეთი და აღმოსავლეთი, ჩვენ ვიცით დასავლეთი და ჩრდილოეთი. ქართული პოლიტიკა არის დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის, ის ქანქარებს. ხანდახან, როდესაც ბიძინას გაუჭირდება, მისი ისარი გადაიხრება დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.