სამოქალაქო თავდაცვა - კვირის პალიტრა

სამოქალაქო თავდაცვა

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებად ავხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, პირველ რიგში, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად: იქნება ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი, ავტოკატასტროფა, ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა სახის კატასტროფა. ვუსურვებთ ჩვენს მკითხველს, რომ ამ რჩევების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირვებოდეთ...რუბრიკაში "სამოქალაქო თავდაცვა" დიდი სიამოვნებით ვუპასუხებთ ამ საჭირბოროტო თემებთან დაკავშირებულ მკითხველის კითხვებსაც, რომელთა გამოგზავნა "კვირის პალიტრის" საიტზე:­ www.kvirispalitra.ge გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებში შეიძლება.

ომში მებრძოლების დაღუპვა­ მძიმე დანაკლისია როგორც მათი ახლობლების, ისე ქვეყნისთვის, მაგრამ როდესაც საბრძოლო მოქმედებებს უიარაღო მოქალაქეები­ ეწირებიან, ეს ტრაგედიაა. წესით, ბრძოლები მინდორში, სოფლებიდან და ქალაქებიდან შორს უნდა მიმდინარეობდეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს, მაგრამ თანამედროვე ომები სწორედ დიდ ქალაქებში, სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო, პოლიტიკურ თუ სამრეწველო ობიექტებზე მოულოდნელი საჰაერო და სარაკეტო დარტყმებით იწყება. თანამედროვე ფრთ­ოსანი რაკეტები თუ მართვადი საავიაციო ბომბები მიზანში მოხვე­დრის სიზუსტით კი გამოირჩევა,­ მაგრამ ხშირად სხვადასხვა მიზეზით (დამიზნების სისტემაში ტექნიკური პრობლემის შედეგად ან მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საზენიტო საშუალებებით დაზიანების შემდეგ) ეს "ჭკვიანი" საბრძოლო საშუალებები შეცდომით საცხოვრებელ კორპუსებს აზიანებს და უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას იწირავს, ამიტომ, როდესაც საცხოვრებლად ვირჩევთ ქალაქის ცენტრალურ უბანს, სადაც სამთავრობო, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების სათავო ოფისებია განთავსებული, ან გვერდით სამხედრო ნაწილი მდებარეობს, უნდა ვიცოდეთ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში მისი საცხოვრებელი შეიძლება მოწინააღმდეგის გენშტაბის ოპერატიულ რუკაზე მითითებული აღმოჩნდეს, როგორც უპირველესად გასანადგურებელი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ზონა.

ამ სტატიის წერის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ცენტრში ხუთი რუსული რაკეტა აფეთქდა, რომლებიც რუსმა სამხედროებმა იქ მდებარე სამხედრო ქარხნის გასანადგურებლად გაუშვეს, თუმცა ამ აფეთქებებმა ახლოს მცხოვრები მშვიდობიანი­ მოსახლეობის მსხვერპლიც გამოიწვია (სხვათა შორის, იმ დროს რაკეტების აფეთქების ადგილიდან­ 1 კმ-ში გაეროს გენმდივანი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენციას მართავდა), რაც ზემოთქმულს ადასტურებს.

შორს წასვლა რად გვინდა:­ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გორის დაბომბვისას, რუსული ბომბების აფეთქებას გორის სატ­ანკო ნაწილის გვერდით­ მდებარე კორპუსის მცხოვრებ­ლებიც შეეწირნენ და ამ საშინელების ამსახველი გამაოგნებელი ფოტოებიც მსოფლიომ იხილა...

სამოქალაქო თავდაცვის, იგივე­ სამოქალაქო უსაფრთხოების თემა აქტუალური პირველი მსოფლიო ომის დროს გახდა, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეებმა ერთმანეთის ქალაქების დაბომბვა მსხვილკალიბრიანი საველე ქვემეხებითა და ჰაუბიცებით დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომში ამას მძიმე ბომბდამშენებიდან მოწინააღმდეგის ქალაქების "ხალიჩისებური" მასობ­რივი დაბომბვაც დაემატა, პირველი ცივი ომის პერიოდში კი ჯერ ატომური, შემდეგ თერმობ­ირთვული იარაღის გამოყენების საფრთხემ მოსახლეობა მასობრივი განადგურების რეალური საშიშროების წინაშე დააყენა. სწორედ გასული საუკუნის 50-60-იანი წლები იქცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სისტემების ჩამოყალი­ბებისა და განვითარების დასაწყისად, როდესაც ამოცანა იყო მასობრივი განადგ­ურების იარაღის ზემოქმედებისგან ათეულ და ასეულ მილიონობით მოქალაქის დაცვა-გადარჩენა.მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, მას შემდეგ, რაც ჰიროსიმასა და ნაგასაკში ამერიკული ატომური ბომბების აფეთქებებისას დატრიალებული ტრაგედიის ანალიზის შედეგები გახდა ცნობილი, სტალინმა, საბჭოთა­ ატომური იარაღის შექმნის­ დაჩქარებასთნ ერთად, სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბრძანებაც გასცა.

გვინდოდა თუ არა, 1921 წლის სამხედრო ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებლობადაკარგული საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და ჩვენი პაპა-ბებიები თუ დედ-მამა თითქმის ისეთივე წესებით ცხოვრობდნენ,­ როგორითაც სხვა საბჭოთა მოქალაქეები, ასე რომ, სამოქალაქო თავდაცვა საბჭოთა საქართველოსთვის არანაკლებ აქტუალური იყო, ვიდრე საბჭოეთის დედაქალაქ მოსკოვისთვის.

საქმე ის არის, რომ იაპონიის ატომური დაბომბვის მეორე წელსვე აშშ-ის მაშინდელმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შეიმუშავა საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ახალი დიდი ომის დაწყების შემთხვევაში საბჭოთა კავშირის შვიდ ძირითად ქალაქში ატომური ბომბების ჩამოყრას ითვალისწინებდა და ამ "შესანიშნავ შვიდეულში"“საპატიო მეხუთე ადგილი თბილისს ეჭირა! ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან სწორედ თბილისში იყო განთავსებული ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი და ამერიკელებს არცთუ უსაფუძვლოდ ეშინოდათ, რომ სტალინი სამხრეთ კავკასიიდან­ ირანსა და თურქეთზე­ შეტევით ახლო აღმო­სავლეთში გაჭრას მოინდომებდა, საბჭოთა ურიცხვი სატანკო არმადის­ შეჩერება კი დასავლეთს მაშინ მხოლოდ ატომური ბომბებით შეეძლო... მას შემდეგ თბილისი და საქართველოს ზოგიერთი­ რაიონი, სადაც განთავსებული იყო მნიშვნელოვანი სამხედრო აეროდრომები და ტაქტიკური ბირთვული იარაღის შენახვის ბაზები, ათწ­ლეულების განმავლობაში ნატოს სტრატეგიული დაგეგმარების საიდუმლო დოკუმენტებში ბირთვული დარტყმის სამიზნეებად იყო აღნიშნული.

გასული საუკუნის 60-იანი წლების შუა ხანებში თბილისის მეტროპოლიტენის ამუშავებაც გარკვეულწილად უკავშირდება საკავშირო სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს - მასობრივი განადგურების იარაღის მოქმედების შემთხვევაში მეტრო საიმედო თავშესაფარია. საკუთარი თავშესაფრები ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ბევრ სამრეწველო ობიექტს - ქარხნებს, ფაბრიკებს. რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო ქარხნის პროდუქცია (და თუკი ეს საწარმო შედიოდა საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნუსხაში), მით უფრო დაცული მიწისქვეშა თავშესაფარი ჰქონდა. საბჭოთა ხელმძღვანელობა ხალხზე მეტად იმაზე­ ზრუნავდა, თუკი ვინმე მასობრივი განადგურების იარაღს, კერძოდ, ბირთვულ შეიარაღებას გამოიყენებდა, კვალიფიციურ პერსონალს ომის დროს მიწისქვეშა დაცულ საამქროებშიც­ გაეგრძელებინა სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო პროდუქციის შექმნა. ამისთვის ასეთ საწარმოებში საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და სხვა აუცილებელი ნივთების სამობილიზაციო მარაგი ინახებოდა. ამის დასტურად გამოდგება მარიუპოლის "აზოვსტალის" მეტალურგიული კომბინატიც, რომელსაც, მესამე თვეა, განსაკუთრებული სიმძლავრის საავიაციო ბომბებითა და ჭურვებით დაუნდობ­ლად ბომბავს რუსული ავიაცია თუ არტილერია, მაგრამ "აზოვის" მებრძოლები და იქ თავშეფარებ­ული მოსახლეობა­ მაინც მეტ-ნაკლებად დაცული არიან, რადგან თავის დროზე "აზოვსტალის"“კომბინატის ქვეშ არანაკლებ ოთხსართულიანი­ მიწ­ის­ქვეშა კატაკომბები გაკეთდა, რათა იქ მომუშავე რამდენიმე­ ათას კაცს თავი შეეფარებინა ­და თან საწარმოო პროცესიც გაეგრძელებინა. თუმცა მხოლოდ მიწისქვეშა თავშესაფრების აშენება არ კმაროდა, საჭირო იყო მათი აღჭურვა ვენტილაციის სისტემით, რომ ბირთვული აფეთქების შემდეგ გარედან მომწამვლელ აირებსა და რადიოაქტიურ იზოტოპებს­ არ შეეღწია. ამავე დროს, თავშესაფარში ჩასულ ხალხს გარკვეული პერიოდი საჭირო ოდენობის საკვები და წყალი უნდა ჰქონოდა.

ზოგი ინფორმაციით, საბჭოთა პერიოდში საქართველოშ­ი იყო ოთხ ასეულამდე სხვადასხვა ზომისა და დაცულობის სხვადასხვა დონის მიწისქვეშა თავშესაფარი.

ამ არცთუ მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ დღევანდელ რეალობას დავუბრუნდეთ. არის კი საქართველოში საჭირო რაოდენობის თავშესაფრები, რომლებიც შესაძლებელი მესამე ბირთვული ომისგან თუ არა, რუსეთის საავიაციო ბომბებისა თუ ფრთოსანი რაკეტების შესაძლო აფეთქებებისგან მაინც დაგვიცავს? სამწუხაროდ, ამ მხრივ სიტუაცია არასახარბიელოა. საბჭოთა დროინდელ თავშესაფრებს მუდმივი ყურადღება და მოვლა სჭირდებოდა, რადგან მიწისქვეშა ობიექტზე გრუნტის წყლები ჟონავს, ხოლო სინესტე დროთა განმავლობაში ლითონსაც "ჭამს", თუმცა, მოვ­ლის ნაცვლად, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ასეთი თავშესაფრები თითქმის მთლიანად გაიძარცვა. ზოგან სოკოს მოყვანა დაიწყეს, ზოგან კი რკინის ყველა დეტალი მოჭრეს და ჯართში ჩააბარეს, სავენტილაციო სისტემის გარეშე კი თავშესაფარი იქ ჩასულებისთვის არა გადამრჩენ, არამედ დამღუპველ მიწისქვეშა კოშმარად შეიძლება იქცეს.

ვინ არის დღეს საქართველოში პასუხისმგებელი სამოქალაქო თავდაცვა-უსაფრთხოებაზე და როგორ იცავს კანონი მოქალაქეებს ექსტრემალურ სიტუაციებში, რომლებიც ომების გარდა ბევრია ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების სახით? 1992 წლის 1 მარტს შეიქმნა სამოქალ­აქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 53 წევრი და 18 დამკვირვებელი ქვეყნისგან შედგება. საქართველო ამ ორგანიზაციაში 1995 წლის 12 იანვარს­ გაწევრდა და დღეს "სამ­ოქალაქო უსაფრთხოების შე­სახებ" კანონის­ თანახმად, სამოქალაქო თავდაცვაზე მთავარი პასუ­ხისმგებელი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია. მას ევალება საგანგებო სიტუაციების პრევენცია, ერთიანი სისტემის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება,­ საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი­ სამუშაოების ჩატარება და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელება.­ საგანგებო სიტუაციების დროს ეს სამსახურია მთავარი რგოლი, რომელიც კოორდინირებას უწევს ყველა სახელმწიფო უწყების საქმიანობას. ის ფუნქციურად აერთიანებს სახანძრო-სამაშველო სამსახურს. გარდა ამისა, იცავს ქვეყანაში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებას. კანონმდებლობის თვალსაზრისით ყველაფერი თითქმის იდეალურია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და, თუ საქმე მართლაც მასობრივი განადგურების იარაღის ამოქმედებაზე ან თუნდაც ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენ­ებით დაუნდობელ საავიაციო და საარტილერიო დაბომბვებზე მიდგა, ეყოფა კი ამ სამსახურის ან თუნდაც მთელი ქვეყანის რესურსები მოქალაქეების დაცვას? ყველაფერი­ მაინც მოსახლე­ობის­ დროული გაფრთხილებით იწყება,­ რათა ქვეყანა საყოველთაო პანიკამ არ მოიცვას. ახალი რუბრიკით შემდეგ ნომერში გთავაზობთ თემას: განგაშის სიგნალი­ - ვინ და როგორ უნდა გააფრთ­ხილოს მოსახლეობა ექსტრემალურ სიტუაციებში.“