გამოცხადებული ნადირობა - რუსული "ისკანდერის" აფეთქებას "მოსკვას" ჩაძირვაზე ნაკლები ეფექტი არ ექნება - კვირის პალიტრა

გამოცხადებული ნადირობა - რუსული "ისკანდერის" აფეთქებას "მოსკვას" ჩაძირვაზე ნაკლები ეფექტი არ ექნება

გორის ცენტრის დაბომბვაში "თავგამოჩენილი" რუსული "ისკანდერი" დღეს უკრაინელი სამხედროების დიდ თავის ტკივილად იქცა, რადგან როგორც ბრიტანელები ვერაფერს უხერხებდნენ ჰიტლერის ფაუ-2-ებს, ისე უკრაინელებს არ ძალუძთ პუტინის "ისკანდერების" ჩამოყრა. ამისთვის ულტრათანამედროვე ანტისარაკეტო სისტემებია საჭირო, მაგალითად, „ტჰჰად“-ის ტიპის, მაგრამ ამერიკელების გადასაწყვეტია, ჩაიტანონ ისინი უკრაინაში თავიანთი სპეციალისტების თანხლებით და მესამე მსოფლიო ომის დაწყების ალბათობა გაზარდონ, თუ უკრაინელ სამხედროებთან ერთად სხვა გამოსავალი მოძებნონ. სხვა გამოსავალი კი მართლაც არსებობს - წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით "ისკანდერების" მობილური სარაკეტო დანადგარების განადგურება უშუალოდ... რუსეთის ტერიტორიაზე!

საქმე ის არის, რომ რუსეთის გენშტაბი ძალიან უფრთხის უკრაინის ტერიტორიაზე ძვირად ღირებული "ისკანდერის"" სარაკეტო დივიზიონების შეყვანას, რომ რომელიმე ბუჩქიდან მათ "ჯაველინები" არ ესროლონ, ამიტომაც რაკეტების სტარტს რუსეთის ტერიტორიიდან ახორციელებს, ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს, "ისკანდერის" საბრძოლო ნათლობისას, საქართველოსკენ ორი რაკეტა ჩრდილო ოსეთის ტერიტორიიდან გამოუშვა.

"ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტის მოქმედების მაქსიმალური მანძილი ოფიციალურად 500 კმ-მდე იყო. უკრაინის ტერიტორიის სიღრმე ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე (ყირიმის ნახევარკუნძულამდე) 500-დან 700 კმ-მდეა, ანუ თუ რუსულ "ისკანდერს" უკრაინის შუაგულამდე, მაგალითად, დნიპრომდე ან კრემენჩუკამდე მიღწევა უნდა ისე, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონას არც კი მიუახლოვდეს, მაშინ სტარტი უკრაინის საზღვრიდან ასიოდე კმ-ის მოშორებით მაინც უნდა განხორციელდეს.

120 კმ-ზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური "Nჯხრფ E" ტიპის რაკეტების მარაგი უკრაინელებს კიდევ შემორჩათ, მაგრამ უფრო ეფექტიანი იქნებოდა უპილოტო "ბაირაქტარების" ან იმ დრონი-კამიკაძეების გამოყენება, რომლებსაც წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება შეუძლია.

ძალიან ადვილი დასადგენია, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის რომელი ოლქიდან იღებენ სტარტს "ისკანდერის" რაკეტები, რადგან უკრაინის თავზე გეოსტაციონარულ ორბიტაზე "ჩამოკიდებული" ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრები და სარაკეტო სტარტების ადრეული აღმოჩენის კოსმოსური სისტემა მეტრის სიზუსტით აფიქსირებს რაკეტის სტარტის ადგილის კოორდინატებს და ამ ინფორმაციას რეალურ დროში გადასცემს შტაბს.

ამერიკელები აღარც მალავენ, რომ ისინი ოპერატიულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან უკრაინელ სამხედროებს, ასე რომ, უკრაინის გენშტაბმა, წესით, "ისკანდერის" სტარტიდან ერთ-ორ წუთში უკვე უნდა იცოდეს რუსული სარაკეტო დანადგარის ზუსტი ადგილსამყოფელი.

რა თქმა უნდა, ეს უკრაინელებს ვერ დაეხმარება უკვე გაშვებული რაკეტის ჩამოგდებაში (სტარტის შემდეგ "ისკანდერის" რაკეტა 50 კმ სიმაღლემდე ადის და მიზანში მოხვედრამდე ავითარებს ჰიპერბგერით სიჩქარეს - 2,5 კმ/წმ-ში, რის გამოც ურთულესია მისი ჰაერშივე ჩამოგდება), მაგრამ სამაგიროდ იძლევა მობილური სარაკეტო დანადგარის განადგურების საშუალებას, რომ მან სხვა რაკეტები აღარ გაუშვას.

უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე "ისკანდერის" სარაკეტო დანადგარის განადგურებას რუსულ სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვაზე არანაკლები სამხედრო-პოლიტიკური ეფექტი ექნება.