უკრაინა მოლდოვას სეპარატისტული დნესტრისპირეთის დაბრუნებას სთავაზობს... „მეორე ფრონტის“ გახსნის სანაცვლოდ? - კვირის პალიტრა

უკრაინა მოლდოვას სეპარატისტული დნესტრისპირეთის დაბრუნებას სთავაზობს... „მეორე ფრონტის“ გახსნის სანაცვლოდ?

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე გავრცელებულ ინფორმაციებში, რომლებიც დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურებიდანაც ჟონავდა, მითითებული იყო, რომ კრემლი უკრაინაზე შეტევისთვის ოთხივე მიმართულებას გამოიყენებდა, მათ შორის - დასავლეთიდან, პრორუსული სეპარატისტული დნესტრისპირეთიდანაც ეცდებოდა შეჭრას.

რუსეთმა მართლაც ყველა მიმართულება გამოიყენა, გარდა დნესტრისპირეთისა, თუმცა ორთვიანი სიჩუმის შემდეგ სიტუაცია სეპარატისტულ დნესტრისპირეთშიც დაიძაბა - ტირასპოლში ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებით ადგილობრივი "კაგებეშნიკების"“ ოფისი დაცხრილეს, ააფეთქეს მძლავრი რადიოსადგურების ანტენები, რომლებითაც რუსული რადიოგადაცემების ტრანსლაცია ხდებოდა, თავს დაესხნენ სეპარატისტების სამხედრო ნაწილსაც...

ამ ყველაფერში, როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივმა სეპარატისტებმა ბრალი უკრაინის სპეცსამსახურებს დასდეს, თუმცა ის გარემოება, რომ არც ერთ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, შეიძლება რუსული ეფ-ეს-ბეს ხელწერაზე მიუთითებდეს - თავად ააფეთქებენ და სხვას დააბრალებენ... რუსეთს მართლაც სურს სახმელეთო დერეფნის გაჭრა სეპარატისტულ დნესტრისპირეთამდე, რომელიც მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვარზეა "ჩაჭედილი"“ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს მასთან არც სახმელეთო, არც საზღვაო და არც საჰაერო კავშირი არ აქვს, მაგრამ ომის ქარცეცხლში აღმოჩენილ ოფიციალურ კიევს აძლევს კი ხელს ღრმა ზურგში პრორუსული სეპარატისტული დნესტრისპირეთის სახით მუდმივი თავის ტკივილი?

რა ძალები ჰყავს სეპარატისტულ დნესტრისპირეთს და როგორ შეიძლება იქიდან დაემუქრონ უკრაინას?

სეპარატისტული დნესტრისპირეთის „არმიის“ რაოდენობას 7-დან 15 ათასამდე ვარაუდობენ, თუმცა უფრო რეალური, ალბათ, პირველი რიცხვია. სამობილიზაციო რესურსი 80 ათასი კაცით არის განსაზღვრეული, მაგრამ მეტისმეტად არარეალური ჩანს, სეპარატისტულმა ტირასპოლმა ამდენი ბრძოლისუნარიანი მამაკაცის მობილიზება შეძლოს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ერთი კვირაა, არ წყდება ავტომობილების ნაკადი, რომლითაც სეპარატისტული დნესტრისპირეთის მოსახლეობა (სულ ამ რუსულ სეპარატისტულ ანკლავში 465 ათასი ადამიანი ცხოვრობდა) მოლდოვის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადადის, ანუ გაურბის მოსალოდნელ ომსაც და მობილიზაციასაც. დნესტრისპირელებს გულის სიღრმეში არ სურთ, სეპარატისტული დონბასის სიტუაციაში აღმოჩნდნენ და „დიდი რუსეთის“ იმპერიის აღსადგენ ომებს თავი შესწირონ.

სეპარატისტული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის ჯარების ოპერატიული დაჯგუფებაც, დაახლოებით 2 000 სამხედროს შემადგენლობით. როგორც დნესტრისპირელი სეპარატისტების „არმიის, ისე რუსული ოპერატიული დაჯგუფების დანაყოფები, ძირითადად, მოტომსროლელია, არ გააჩნიათ საავიაციო, საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსატანკო და საარტილერიო ძლიერი კომპონენტები და საბრძოლო თვალსაზრისით ძალიან საშიში ძალაც არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკრაინის არმია იძულებულია, თავის საზღვართან ორი ბრიგადა და ჯავშანტექნიკის გარკვეული რაოდენობა "აყურყუტოს", არადა, როგორ სჭირდება ეს ძალები ფრონტის სხვადასხვა უბანზე!

სწორედ ამიტომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები, ვისარგებლოთ შექმნილი სიტუაციით და ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ დნესტრისპირეთიდან პრორუსი სეპარატისტების ჩვენს ზურგში შესაძლო თავდასხმის საშიშროებაო.

უკრაინელი გავლენიანი პოლიტიკოსები მოლდოველ კოლეგებს კულუარებში, სავარაუდოდ, სთავაზობენ ასეთ გარიგებას: უკრაინა ძალისმიერი მეთოდებით ახერხებს სეპარატისტული დნესტრისპირეთის „დემილიტარიზაციას“ და მოლდოვას უგვარებს საშვილიშვილო პრობლემას, სამაგიეროდ კი კიშინიოვისგან ითხოვს... „მეორე ფრონტის“ გახსნას რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან ომში!

უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რომ მოლდოვის არმია ნაკლებად ბრძოლისუნარიანია და ის მაინცდამაინც ვერ დაეხმარება უკრაინის არმიას სეპარატისტული დნესტრისპირეთის განიარაღებაში, მაგრამ კიევისთვის ეს პრობლემა არ არის - მთავარია, მოლდოვის ხელისუფლებამ ოფიციალურად გახსნას მეორე ფრონტი...ორი წლის წინ ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაწყებაში აზერბაიჯანს განსაკუთრებით დაეხმარა თავისი მოძმე, ნატოს წევრი თურქეთი. ანალოგიურ სიტუაციაშია მოლდოვა - მასაც ჰყავს ნატოს წევრი მოძმე რუმინეთი, რომლის სამხედრო დახმარება მართლაც გამოადგება კიშინიოვს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, თუმცა სწორედ აქ არის ჩამალული მთავარი პრობლემა: ბრძოლაში ნატოს წევრი რუმინეთის არმიის ჩარევის შემთხვევაში რუსეთი ამას, ყარაბაღის სიტუაციისგან განსხვავებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ომის დაწყებად აღიქვამს.