პირველი ლენდ-ლიზით მსოფლიომ ომი ჰიტლერს მოუგო, მეორით კი პუტინი უნდა დაამარცხოს... - კვირის პალიტრა

პირველი ლენდ-ლიზით მსოფლიომ ომი ჰიტლერს მოუგო, მეორით კი პუტინი უნდა დაამარცხოს...

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დაუჭირა „ლენდ-ლიზის“ პროგრამის განახლებას, სწორედ იმ ლენდ-ლიზის, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებაში უდიდესი როლი შეასრულა და რომელმაც ახლა არ უნდა გაამარჯვებინოს 21-ე საუკუნის ჰიტლერს - ვლადიმირ პუტინს. ლენდ-ლიზი ითარგმნება, როგორც „სესხის მიცემა, იჯარით გაცემა.

კანონი „ლენდ-ლიზის“ შესახებ აშშ-მ პირველად 1941 წლის მარტში მიიღო და ის ითვალისწინებდა ომში ჩართული იმ ქვეყნების სამხედრო დახმარებას, რომელთათვის ხელის შეშველებას აშშ-ის პრეზიდენტი, თავისი სამშობლოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვლიდა.

ლენდ-ლიზის“პროგრამით გადაცემული და ბრძოლებს გადარჩენილი სამხედრო ტექნიკა თუ სამოქალაქო პროდუქცია ომის დამთავრების შემდეგ, წესით, უკან უბრუნდებოდა აშშ-ს, თუმცა დარჩებოდა იმ ქვეყანას, რომელიც მას მთლიანად ან ნაწილობრივ გამოისყიდდა, მათ შორის - ხანგრძლივი უპროცენტო ამერიკული სესხის საშუალებით, ომში აფეთქებული ტანკები, თვითმფრინავები თუ საზღვაო ხომალდები კი ჩამოიწერებოდა და მათი საფასურის გადახდას თეთრი სახლი არ მოითხოვდა.

რომ არა„ლენდ-ლიზის“პროგრამა, სტალინს ძალიან გაუჭირდებოდა ან საერთოდ ვერ შეძლებდა ჰიტლერის არმიის მოგერიებას 1942-43 წლებში, როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთში ევაკუირებული საბჭოთა ქარხნები ჯერ კიდევ ვერ უშვებდა ფრონტისთვის საკმარის საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველს.

მიუხედავად ასეთი უზარმაზარი დახმარებისა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა უარი თქვა ლენდ-ლიზით მოწოდებული და ომს გადარჩენილი სამხედრო ტექნიკისა და მასალების საფასურის გადახდაზე, მიუხედავად იმისა, რომ 11 მლრდ დოლარის (მაშინდელი ფასებით) ღირებულების საერთო დახმარების სანაცვლოდ, ამერიკელები თავდაპირველად მხოლოდ 2,7 მლრდ-ის კომპენსაციას ითხოვდნენ, შემდეგ კი ეს თანხა 800 მლნ დოლარამდე შეამცირეს. მოსკოვი მხოლოდ 300 მლნ დოლარის გადახდაზე იყო თანახმა.

ლენდ-ლიზის ვალის პირველი ნაწილი - მხოლოდ 48 მლნ დოლარი - საბჭოთა კავშირმა აშშ-ს მხოლოდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, 1972 წელს დაუბრუნა.

აშშ-ის ლენდ-ლიზის“ დავალიანების საბოლოო ანგარიში უკვე საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთმა გაასწორა - 2006 წელს მან ვაშინგტონს კიდევ 674 მლნ დოლარი გადაურიცხა.

ინფლაციის გათვალისწინებით, გამოვიდა, რომ მოსკოვმა 1946 წლის კურსის მიხედვით აშშ-ს მხოლოდ 100 (!) მლნ დოლარი დაუბრუნა იმ 11 მლრდ-დან, რომლის ღირებულების დახმარებამ მაშინ მოსკოვი გადაარჩინა როგორც პოლიტიკურად, ისე - ფიზიკურად.

ახალი „ლენდ-ლიზი“ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ხელ-ფეხს უხსნის, უმოკლეს ვადაში, კონგრესთან შეთანხმებისა და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, უკრაინის არმიას მიაწოდოს ნებისმიერი დასახელების საბრძოლო ტექნიკა და საჭურველი, რომელსაც არ კრძალავს საერთაშორისო შეთანხმებები. მაგალითად, აკრძალულია 300 კმ-ზე შორი მოქმედების რაკეტების გადაცემა, ასევე - ბირთვული იარაღის მიწოდება.

სიმართლე რომ ითქვას, ვაშინგტონს ახალი ლენდ-ლიზის დამტკიცებამდეც დაწყებული ჰქონდა უკრაინის არმიისთვის ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინებსა“ და საზენიტო „სტინგერებზე“ შორს მოქმედი და შემტევი დანიშნულების შეიარაღების, მათ შორის - მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცების მიწოდება, მაგრამ ახალი „ლენდ-ლიზი“ უკრაინაში შეჭრილ რუსეთის არმიას ახლო მომავალში, ალბათ, ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს - უკრაინის დამცველები "ლენდ-ლიზის უწყვეტი ნაკადით ახალ და თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას მიიღებენ, მაშინ, როცა სანქციებდადებულ რუსეთს ახალი სამხედრო ტექნიკის წარმოების შეჩერების გამო უფრო და უფრო ძველი, გაუმართავი და ნაკლებად ბრძოლისუნარიანი შეიარაღების ძებნა მოუწევს სამხედრო საწყობების ჩაბნელებულ კუთხეებში.

P. S. აშშ-ის პრეზიდენტისთვის ახალი „ლენდ-ლიზის“ პროგრამის ჩაბარება მხოლოდ უკრაინის სამხედრო დახმარებას როდი გულისხმობს! ის შეიძლება გავრცელდეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომლის სამხედრო-პოლიტიკური დახმარება თეთრი სახლის ინტერესებს შეესაბამება. მე-11 წელია, საქართველოსთვის აშშ ოფიციალურად არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ახალი „ლენდ-ლიზის“ "საჩუქრების კალათიდან" ქართულ არმიასაც თავისი წილი რომ შეხვდეს, მოულოდნელი და გასაკვირი არ იქნება.