"რა შეიძლება იყოს რუსეთის სტრატეგიული წარმატება? ხალხის განადგურებული სიცოცხლე და დამწვარი თუ მოპარული ქონება რუსეთს არაფერს მისცემს" - კვირის პალიტრა

"რა შეიძლება იყოს რუსეთის სტრატეგიული წარმატება? ხალხის განადგურებული სიცოცხლე და დამწვარი თუ მოპარული ქონება რუსეთს არაფერს მისცემს"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ომის 67-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში რუსეთის ჯარების მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, რუსეთის ჯარები შეტევებს განაგრძობენ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსულ მხარეს ხალხის განადგურებული სიცოცხლე და განადგურებული ქონება მათ არაფერს მოუტანს გარდა იმისა, რომ მათ ტოქსიკურობასა და იზოლირებას გაზრდის.

,,დღეს, რუსეთის ჯარებმა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარტყმები გააგრძელეს. სამიზნე სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საწყობები იყო. მათ ხარკოვის რეგიონის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა განაგრძეს, დონბასის და ა.შ. ისინი ძალებს ქვეყნის სამხრეთში აგროვებენ, რათა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმა სცადონ. რა შეიძლება იყოს რუსეთის სტრატეგიული წარმატება? მართალი გითხრათ, არ ვიცი. ხალხის განადგურებული სიცოცხლე და დამწვარი თუ მოპარული ქონება რუსეთს არაფერს მისცემს. ეს მხოლოდ რუსული სახელმწიფოს ტოქსიკურობასა და იმათ რიცხვს გაზრდის, ვინც რუსეთის იზოლაციაზე იმუშავებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები დამპყრობლების ყველა თავდასხმას პასუხობენ და ისინი რეაგირებას გააგრძელებენ მანამ, სანამ ჩვენს მიწას არ დატოვებენ. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დამცველის, ვინც სახელმწიფოს 24 თებერვლიდან და 2014 წლიდან იცავს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ვიდეო მიმართვაში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ნენსი პელოსისთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, პელოსისთან ლენდ-ლიზის პროგრამის, უკრაინის დახმარებისა და სხვადასხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.

,,მე და ქალბატონ პელოსს, ოთხსაათიანი საკმაოდ არსებითი მოლაპარაკებები გვქონდა. კერძოდ, თავდაცვის მიწოდების, მაკროფინანსური დახმარების, სანქციების პოლიტიკასა და აშშ-სთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. ისტორიული ,,ლენდ-ლიზის" პროგრამის აღორძინებისთვის მადლობა გადავუხადე, რომელიც ოდესღაც ევროპაში თავისუფლებისთვის დაცვას დაეხმარა და რა თქმა უნდა, ამის გაკეთება მეორედ შეიძლება. განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები, თუ როგორ შეიძლება, პროგრამამ ჩვენი სახელმწიფოს მაქსიმალურ გაძლიერებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დასახმარებლად იმუშაოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პელოსისთან საუბარი რუსეთის წინააღმდეგ მომავალ სანქციებსაც შეეხებოდა. უკრაინის პირველმა პირმა სპიკერი პელოსი პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა.

IPN