"მან ცხადად უნდა შეიგრძნოს, რომ თუ ასე მოიქცევა, ბუნკერი ვეღარ გადაარჩენს" - კვირის პალიტრა

"მან ცხადად უნდა შეიგრძნოს, რომ თუ ასე მოიქცევა, ბუნკერი ვეღარ გადაარჩენს"

ინტერვიუ ექსპერტ ხათნა ლაგაზიძესთან

- ბოლო ხანს რუსეთიდან ისევ გახშირდა ბირთვული მუქარა. დასავლეთისთვის პუტინის რეჟიმის ამგვარად პასუხის საფრთხე რეალურია?

- ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, პუტინმა ნათლად დაინახოს, რა პასუხს მიიღებს ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. მან ცხადად უნდა შეიგრძნოს, რომ თუ ასე მოიქცევა, ბუნკერი ვეღარ გადაარჩენს. აშშ-ისგან უკვე მოვისმინეთ, ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებები და ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართო, ასე რომ, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ნაკლებად სავარაუდო ჩანს, თუმცა არა - გამოსარიცხი. აქვე ვიტყვი, როგორი საინტერესო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიძლება გამოიკვეთოს ამ ომის შემდგომ ევროპაში, სადაც მთავარ ღერძს შექმნიან აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები. ამ ახალ რეალობაში, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს როლი აუცილებლად გაიზრდება. უპირველესად იმიტომ, რომ რაც უფრო დამოუკიდებელი გახდება ევროპა რუსული ენერგორესურსებისგან, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება სხვა წყაროების მოძიების საკითხი და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ და გაზსადენები, რაც ალტერნატიული წყაროების ერთ-ერთი ნაწილია, უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. საქართველოს ფუნქციას ასევე გაზრდის ტვირთების მოძრაობის ახალი მარშრუტები. იმისთვის, რომ საქართველო ამ პროცესში მასშტაბურად ჩაერთოს, აუცილებელია დიდი ინვესტიციების ჩადება ლოჯისტიკური სისტემებისა და ახალი საერთაშორისო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ეს შეეხება როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო თუ საავტომობილო მიმართულებებს.

იმისთვის, რომ რუსეთის მარცხი ბოლომდე მიიყვანონ და მართლაც მოხდეს ამ ქვეყნის დემილიტარიზაცია, აუცილებელია რუსეთის ეკონომიკის სრული ჩამოქცევა. ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ რუსეთზე გამავალმა აზია-ევროპის დამაკავშირებელმა სავაჭრო გზებმა აქტუალურობა დაკარგოს. რუსეთში გამავალ მარშრუტებზე დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ამბობს უარს, შესაბამისად, ალტერნატივის მოძიებაც დაწყებულია. ის დერეფანი, რომელიც საქართველოზეც გადის, არის ყველაზე მოკლე გზა ჩინეთსა და ევროპას შორის, თუმცა ლოჯისტიკური თვალსაზრისით რთულად ითვლება, ამიტომ საჭიროა საქართველომ სწრაფად დაიწყოს ზრუნვა თავის ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკურ რესურსებზე. გარდა ამისა, რუსეთში რყევებმა შესაძლოა წარმოშვას ახალი საფრთხეები, მაგალითად, რადიკალური ისლამის მომძლავრება, ამიტომაც ვლაპარაკობ საქართველოს როლის ზრდაზე, განსაკუთრებით - რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ევროპის უსაფრთხოების ერთიანი სარტყლის ფარგლებში. მოკლედ, მსოფლიო სრულიად ახალ რეალობაში გადადის, სადაც რუსეთის გამარჯვება გამორიცხულია! თუ საქართველოს სურს არსებობა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მას სხვა არჩევანი არ აქვს: ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლური სივრცისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ნაწილი.

- გეთანხმებით, რომ ჩვენი ხელისუფლების განცხადებები და ის მართლაც გაუგონარი კამპანია, რომელსაც ისინი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ, სრულიად მიუღებელია, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ომისკენ მოწოდება, თუნდაც არესტოვიჩის განცხადება, რომ თურმე ეს ხელისუფლება არ არის ომის დამწყები და ეს მიხეილ სააკაშვილს შეეძლო გაეკეთებინა, განა ნორმალურია?

- დავიწყოთ იმით, რომ ომზე ლაპარაკი აბსურდია! საკუთარი ტერიტორიების ომით დაბრუნების მცდელობა დღეს საქართველოსთვის თვითგანადგურება იქნება. საქართველოს პოზიცია ომს უნდა გამორიცხავდეს და ასეც არის. რაც შეეხება მოწოდებებს, მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი სამარცხვინო კინკლაობა კი არ უნდა გაეჩაღებინა, არამედ ოფიციალურად უნდა მიემართათ უკრაინის ხელისუფლებისთვის და ეთხოვა, ზოგიერთ ოფიციალურ პირს შეეწყვიტა ამგვარი განცხადებების კეთება; აეხსნათ, რომ ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია, დაგვაპირისპიროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რასაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის სამხედრო აგრესია. რა ედგა წინ ამგვარ განცხადებას? საქმე ის არის, რომ მანამდე იმდენი არასწორი რამ თქვეს, ამგვარი მიმართვის უფლება აღარ დაიტოვეს. სამწუხაროდ, ასეთი ურთიერთობის საშუალებას აღარ ტოვებს ვითარება, როდესაც მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებასთან საინფორმაციო ომში ხარ ჩართული. გარდა ამისა, ეს შიდა მოხმარებისთვის ხელს აძლევს კიდეც "ქართულ ოცნებას", რომელიც ქვეყნის მოსახლეობას მშვიდობის მტრედად წარუდგენს თავს.

შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი განცხადებებით უკრაინელებიც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს "ქართული ოცნების" გარშემო ადუღაბებენ. ამ ქვეყანაში ომი არავის უნდა, შესაბამისად, ის რეიტინგი, რაც მმართველ პარტია აქვს მაშინ, როცა ოპოზიციას პულსი არ ესინჯება, გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ "ქართული ოცნება" მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად წარმოაჩენს თავს და უკრაინელების ასეთ რიტორიკასაც ოსტატურად იყენებს საკუთარი მშვიდობისმყოფელი იმიჯის გასამყარებლად. წაიკითხე სტატია სრულად