„საზოგადოებაში მაღალი პოლარიზაციის ხარისხი და ტოტალური ნიჰილიზმია“ - კვირის პალიტრა

„საზოგადოებაში მაღალი პოლარიზაციის ხარისხი და ტოტალური ნიჰილიზმია“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 31%„"ქართულ ოცნებას" ასახელებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს: "ნაციონალური მოძრაობა"“ - 16%; „"საქართველოსთვის" - გიორგი გახარია“- 4%; „"დროა" - ელენე ხოშტარია“- 2%; „"სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე“- 2%; ლეიბორისტული პარტია - 2%; „"ხალხისთვის" - ანა დოლიძე“- 2%; "ლელო"“- 2%; "პატრიოტთა ალიანსი"“- 1%; "კონსერვატიული მოძრაობა" - ალტინფო“- 1%; "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1%; "მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი“- 1%; სხვა - 2%; არ ვაძლევ ხმას - 4%; ბიულეტენს გადახაზავს - 11%; არ ვიცი - 12%. ამ ფონზე გამოკითხულ რესპონდენტთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია; 60%-ს სურს მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს. საინტერესოა პოლიტიკოსების პირადი რეიტინგებიც. გამოკითხულთა 53% თბილისის მერ კახა კალაძის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ხოლო 43% უკმაყოფილოა. 52%-ს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსწონს, 45%-ს კი არა; პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ 47% დადებითადაა განწყობილი, 48% - ნეგატიურად. ანა დოლიძე 44%-ს მოსწონს, მაგრამ 35%-ს არ მოსწონს. გამოკითხულთა 40% გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, 55% - უარყოფითად. დავით უსუფაშვილი 39%-ს მოსწონს, 48% კი მას უარყოფითად აფასებს. 39% დადებითადაა განწყობილი ელენე ხოშტარიას მიმართ, მისით უკმაყოფილო 52%-ია. ირაკლი კობახიძე 38%-ს მოსწონს, უკმაყოფილო კი 56%-ია. გიორგი ვაშაძის რეიტინგი 37%-ია, მისით უკმაყოფილებას 56% გამოხატავს. 37% დადებით განწყობას გამოხატავს თეა წულუკიანის მიმართ, 57% - უარყოფითს. ნიკა მელიას მიმართ დადებითად განწყობილია 37%, 58% - უარყოფითად; შალვა ნათელაშვილი 33%-ს მოსწონს, 63% უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. რაც ყველაზე უცნაური და თვალში საცემია, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 31-31%, უარყოფითად - 60-60%. როგორც ჩანს, მათ დღეს ხალხის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ; შალვა პაპუაშვილის მიმართ დადებით განწყობას 27% გამოხატავს, უარყოფითს - 39%. მამუკა ხაზარაძე გამოკითხულთა 27%-ს მოსწონს, მის მიმართ უარყოფითად განწყობილია 61%; ალეკო ელისაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 27%, უარყოფითად - 64%. ნინო ბურჯანაძის რეიტინგია 25%, ის 69%-ს არ მოსწონს. ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადებითად განწყობილია 23%, უარყოფითად - 58%. ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძის მიმართ დადებით განწყობას 23% აფიქსირებს, 69% - უარყოფითს. გიგა ბოკერიას მიმართ დადებითად განწყობილია 18%, უარყოფითად - 76%. ხათუნა სამნიძის მიმართ დადებითად განწყობილია 16%, ხოლო 45% უარყოფითად. რას გვეუბნება კვლევა საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- ყველაზე მნიშვნელოვანი სააკაშვილისა და ივანიშვილის რეიტინგებია და გვაჩვენებს, რომ საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი ძალიან მაღალია. კვლევაში­ წარმოდგენილ პარტიებსა თუ პოლიტიკოსებს­ მაღალ პოზიტიურ რეიტინგებთან ერთად ასევე მაღალი ნეგატიური რეიტინგები აქვთ. ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ პარტიას ან პოლიტიკოსს უარყოფითი რეიტინგი უფრო დიდი აქვს, ვიდრე დადებითი. ეს ნიშნავს, რომ პოლარიზაციის ძალიან სახიფათო სპირალში ვართ შესული. მეორე ასპექტი ის არის, რომ საზოგადოება პოლიტიკური ელიტის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი და დისტანცირებულია მისგან. 60% ამბობს, რომ მისი არჩევანი მომავალს უკავშირდება. ასე რომ, კვლევამ ორი მნიშვნელოვანი რამ გამოკვეთა: საზოგადოებაში მაღალი პოლარიზაციის ხარისხი და ტოტალური ნიჰილიზმი.

- როგორ ახსნით, რომ პოლიტიკოსებში­ "ოცნების" წევრი კახი კალაძე ლიდერობს.

- ხელისუფლებამ თავისი პროპაგანდით ოპოზიციას აჯობა, საზოგადოების განწყობაზე კარგად ითამაშა - პოლიტიკური ოპონენტები ომის პარტიად გამოაცხადა, საკუთარი გუნდი კი სტაბილურობის გარანტად. საზოგადოება, რომელსაც არც თავისუფლება აქვს და არც კეთილდღეობა, ერთადერთ სიკეთეს - სტაბილურობას ხავსივით ეჭიდება. ხელისუფლებამ ვირტუალური ფსევდორეალობა შექმნა და პროპაგანდით ძალიან კარგად შეფუთა. ოპოზიცია კი საზოგადოებაში ვერ ქმნის განწყობას, რომ მას სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლია.

- პოლიტიკას, რომელიც მშვიდობის გარანტია პრემიერი ღარიბაშვილი განსაზღვრავს, რომელსაც კალაძე მნიშვნელოვნად უსწრებს.

- მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილს მაქსიმალურად ფუთავენ, პირადი ავტორიტეტის მოპოვება მაინც ვერ მოახერხა. ყველამ იცის, რომ ის სხვისი აჩრდილია.

- მაშ როგორ ახსნით, რომ პრეზიდენტი­ კალაძეს მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება?

- საზოგადოებაში ხელისუფლება დაწინაურდა, მაგრამ ამავე საზოგადოებაში­ ძალიან მაღალია უკრაინის ხელისუფლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. ჩვენს საზოგადოებას ომი არ სურს, მაგრამ სურს უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს ნიშა პრეზიდენტმა კარგად დაიჭირა.

- რაზე მეტყველებს ის, რომ ანა დოლიძეს 44% აქვს, მაგრამ მის პარტიას 2%.

- ეს არის ნდობის რეიტინგი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება პოლიტიკური რეიტინგისგან. როგორც ჩანს, საზოგადოება ანა დოლიძეს ენდობა, მაგრამ ხმას არ აძლევს. ამ ლოგიკით მე ჩემს ძმას ამქვეყნად ყველაზე მეტად ვენდობი, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერად ვერ აღვიქვამ.

- გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას მაღალ რეიტინგს ამჯერად რა დაემართა?

- გახარია პოლიტიკურმა პოლარიზაციამ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა, მელია კი პროპაგანდის მსხვერპლია. ხელისუფლებამ ხალხი დაარწმუნა, რომ ოპოზიციის სხვა წევრებს­ ომის სურთ, თანაც ისე ძალიან, რომ სიზმარშიც კი ელანდებათ. საზოგადოებას კი, რომელსაც შია, თავზე ბომბების ცვენა აღარ უნდა.

ხათუნა ბახტურიძე