"პუტინი და პარკინსონის დაავადება: რას ამბობენ სამედიცინო ექსპერტები?" - კვირის პალიტრა

"პუტინი და პარკინსონის დაავადება: რას ამბობენ სამედიცინო ექსპერტები?"

„ბოლო დროს ბევრი ლაპარაკობს ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე - ამერიკელი სენატორებითა და პოლიტოლოგებით დაწყებული, ბრიტანული ტაბლოიდებით დამთავრებული, მაგრამ ამ კაკაფონიაში მედიცინის ექსპერტების ხმა არ ისმის“, - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გავრცელებულ სტატიაში სათაურით - "პუტინი და პარკინსონის დაავადება: რას ამბობენ სამედიცინო ექსპერტები?" (ავტორი - კლერ რუთი).

„ყველამ დაინახა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ 12-წუთიან ვიდეოკლიპში ვლადიმერ პუტინი სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს, თითქოსდა, საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა, თუმცა ფეხს არ აჩერებდა და მისი სახეც შესამჩნევად გასივებული ჩანდა. ვიდეომ აალაპარაკა ზოგიერთი ონლაინ-კომენტატორი. მაგალითად, ყოფილმა დეპუტატმა ლუიზა მენშმა, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან, დაასკვნა, რომ ვლადიმერ პუტინს პარკინსონის დაავადება სჭირს.

რასაკვირველია, ბრიტანულმა ტაბლოიდებმაც თავიანთი სიტყვა თქვეს: სტატიების ავტორები არიან პოლიტოლოგი-პროფესორები, პოლიტიკური ანალიტიკოსები... მოკლედ, ყველა, ექიმების გარდა. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის.

არავითარი დიაგნოზი გამოკვლევის გარეშე

„ნამდვილი ნევროლოგები ავადმყოფის მდგომარეობას კომენტარს არ გაუკეთებენ და დიაგნოზს გამოკვლევების გარეშე არ დაუსვამენ, თუ ის მათი პაციენტი არ არის“, - ამბობს „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ჯონ ჰარდი, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დემენციის პრობლემების შესწავლით არის დაკავებული. იგი ხაზს უსვამს, რომ თვითონ სპეციალობით ნეიროგენეტიკოსია და არა - ნევროლოგი, ამიტომ ვლადიმერ პუტინის მდგომარეობაზე თავის აზრს ტვინის დაავადების კუთხით გამოხატავს.

„ჩემი შეხედულებით, რუსეთის პრეზიდენტს პარკინსონიზმის არავითარი ნიშნები არ აქვს“, - ამბობს ჯონ ჰარდი, - „დიახ, იგი საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს პარკინსონის დაავადების შედეგი არ არის“.

რეი ჩადჰური, ნევროლოგი ლონდონის უნივერსიტეტიდან, ჯონ ჰარდის ნათქვამს ეთანხმება: „იმ ვიდეოკლიპში მე ვერ ვპოულობ რამე ისეთ ნიშანს, რომ ვთქვა - ვლადიმერ პუტინი პარკინსონის დაავადებით არის ავად-მეთქი“, - ამბობს იგი „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან საუბარში, - „პარკინსონის დაავადება და პარკინსონიზმი ძალიან რთულად დიაგნოსტირდება და მისი დადასტურება მხოლოდ რიგი ნევროლოგიური გამოკვლევებით ხდება, რომლებიც პაციენტს უნდა ჩაუტარდეს“.

რეი ჩადჰურის განმარტებით, „გასივებულ სახეს და სხვა გარეგნულ ნიშნებს, ვთქვათ, სხეულის ნაწილების - ფეხის რიტმულ მოძრაობას (ტრემორს) შეიძლება ბევრი სხვა მიზეზი განაპირობებდეს. საერთოდ, მე ვთვლი, რომ ფეხის მოძრაობა ამ შემთხვევაში პარკინსონის დაავადებას არ ნიშნავს“.

ქეროლაინ რასელმა, მედკომპანია Parkinson's UK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, როცა მას ვიდეოკლიპის შესახებ საექსპერტო თვალსაზრისის გამოხატვა ვთხოვეთ, ფაქტობრივად, ჯონ ჰარდის ნათქვამი გაიმეორა. მან აღნიშნა, რომ პარკინსონის დაავადება რთული მოვლენაა, რომელსაც 40-მდე სიმპტომი აქვს - დაწყებული ფიზიკურით, დამთავრებული ფსიქიკურით, ამიტომ მისი დიაგნოსტირება 12-წუთიანი კლიპით შეუძლებელია. „რასაკვირველია, ყველას უფლება აქვს თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ ჭეშმარიტების დადგენა მაინც სპეციალისტების პრეროგატივაა. მასმედია ხშირად სპეკულირებს ამ თემაზე“, - ამბობს ქეროლაინ რასელი.

რუსეთის დუმილი ხელს უწყობს სპეკულირებას

ადამიანებს ხშირად აინტერესებთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათზე ბევრს ლაპარაკობენ. ყველას ახსოვს, როგორ ფართოდ აშუქებდა მასმედია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დადებით ტესტს კორონავირუსთან მიმართებით 2020 წელს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის „გულის წასვლებს“ 2019 წელს და რომის პაპის - ფრანცისკეს მდგომარეობას, როცა მას გასულ ზაფხულს სწორ ნაწლავზე ოპერაციას უკეთებდნენ.

კრემლი კი მრავალი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობაზე სრულ სიჩუმეს იცავდა, რაც ჟურნალისტებს და პოლიტოლოგებს უბიძგებდა, რომ რუსეთის ლიდერის მოქმედებაში, მოძრაობაში, ლაპარაკში რაღაც სისუსტისა თუ ავადმყოფობის ნიშნები ეპოვათ. ვრცელდებოდა ხმები, რომ მას ფარისებრი ჯირკვლის კიბო ჰქონდა, ზურგის ტვინის დაავადება და - ფსიქოზიც კი. იმართებოდა რეგულარული ონლაინ-დისკუსიები პრეზიდენტის არარსებული ავადმყოფობის გამო.

სიტუაცია კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი სრული იზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა და მსოფლიოს ლიდერებს მასთან მიახლოება არ შეეძლოთ. და თუ იგი ვინმესთან შეხვედრას გადაწყვეტდა, სტუმარს ათასნაირად ამოწმებდნენ, მაგიდასთან კი ორივე დისტანციურად იჯდა.

რუსეთის არმიის შეჭრამ უკრაინაში საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ანალიტიკოსებმა ვარაუდი გამოთქვეს - პრეზიდენტი იზოლაციაში იმყოფება, ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე ადამიანისაგან იღებს, რომლებიც მას ან ეუბნებიან სრულ სიმართლეს, ან უმალავენ. შესაბამისად, პრეზიდენტი პუტინი, ალბათ, ნარცისული ფსიქოზის მდგომარეობაში იმყოფებაო.

ჟურნალისტები, როგორც ჩანს, ამ იდეას ჩაეჭიდნენ უკრაინაში რუსეთის პროვოკაციული შეჭრის მიზეზების ასახსნელად, რომლის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა და უკრაინას დიდი ნგრევა მოუტანა.

იმის მიუხედავად, იმყოფება თუ არა ვლადიმერ პუტინი „სასიკვდილო სარეცელზე“ ან ისარგებლებს თუ არა ამ ომით საკუთარი სახელის ისტორიაში უკვდავსაყოფად, ან მას მართლაც ფსიქოზი სჭირს - თუ კრემლი ამას არ დაადასტურებს, ყველაფერი მაინც სპეკულაციად დარჩება.

და ბოლოს, სპეციალური გამოკვლევების გარეშე ვერავინ - ვერც Twitter-ის კომენტატორები, რომლებიც კრემლის მიერ გავრცელებულ ვიდეოკლიპს უყურებენ და ვერც ე.წ. რუსეთის ექსპერტები ვერ მიხვდებიან, რა ტრიალებს პუტინის თავში და რა ხდება მის ტვინში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ