უკრაინაში ნაალაფარი "სტინგერით" სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდება - კრემლის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაცია? - კვირის პალიტრა

უკრაინაში ნაალაფარი "სტინგერით" სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდება - კრემლის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაცია?

ომში მოწინააღმდეგე მხარეები დიდი მონდომებით აჩვენებენ ხელში ჩაგდებულ მტრის შეიარაღებას, თუმცა დუმილს ამჯობინებენ იმაზე, თუ რამდენი ტანკი და ჰაუბიცა „წაასხა“ ალაფად მეორე მხარემ...

უკრაინის ომიც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, პირიქით, 700 კმ-ზე უფრო მეტ მანძილზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე გამართულ ინტენსიურ საბრძოლო შეტაკებებში, მოწინააღმდეგე მხარეები ყოველდღიურად კარგავენ საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების სხვადასხვა სახეობას - ბევრი ბრძოლაში ნადგურდება, არც თუ ცოტა ნაწილს კი... უბრალოდ ტოვებენ უკანდახეული მებრძოლები.

როგორც უკრაინელ მეომრებს უხარიათ მორიგი მიტოვებული, მაგრამ გამართული რუსული ტანკის „პრივატიზება“, ისე რუსი ოკუპანტები აპიარებენ ალაფად აღებულ ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინებსა“ თუ საზენიტო „სტინგერებს“...

რუსეთ-უკრაინის ომის მესამე თვისთვის რუსმა ოკუპანტებმა ხელში ასზე მეტი გამართული „ჯაველინი“, „სტინგერი“ და „NLAW“ ჩაიგდეს. ეს რიცხვი არაფერია იმ ათი ათასობით რაკეტასთან, რაც დასავლეთმა უკრაინის არმიას მიაწოდა.

2-1651481221.jpg
რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ომში ალაფად აღებული „ჯაველინების“, „ნლავებისა“ და „პანცერფაუსტების“ მცირე ნაწილი

ამასთან, იმის შიში, რომ ნაალაფარი ამერიკული რაკეტების შეწავლას დაიწყებენ რუსი კონსტრუქტორები და ამით მალე რუსეთის არმიას ანალოგიურ რაკეტებს დაუმზადებენ, არ ღირს, რადგან პირველი „სტინგერები“ კრემლმა ჯერ კიდევ 36 წლის წინ მოიპოვა, ავღანეთის ომის დროს, ხოლო „ჯაველინის“ ეგზემპლარი კი პუტინის დაზვერვამ ამ საუკუნის დასაწყისში ჩაიგდო ხელში...

მაგრამ რჩება სხვა საფრთხე, კერძოდ, დასავლეთის მიერ უკრაინის არმიისთვის გადაცემული, მაგრამ რუსი ოკუპანტების მიერ ალაფად აღებული კონკრეტული მოდელისა და საქარხნო ნომრის მქონე შეიარაღების გამოყენება მაღალრეზონანსული საერთაშორისო დონის ტერორისტული აქტის ჩასადენად, რუსული სპეცსამსახურების მიერ, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენონ - ამერიკელებო, ბრიტანელებო, თქვენ მიერ უკრაინელებისთვის გადაცემული „სტინგერით“ ტერორისტებმა სამგზავრო „ბოინგი“ ჩამოაგდეს, ხოლო „ჯაველინით“ კი ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტის შეჯავშნული ლიმუზინის სახურავი „ჩახვრიტესო“.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამო საერთაშორისო ტერორიზმის ხელშეწყობის დაბრალება დასავლეთისთვის, პუტინის რუსეთისთვის ერთ-ერთი დიდად წარმატებული საერთაშორისო დონის სვლა გახდებოდა...

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1 მაისს გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დააკავა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს -„გე-ერ-უს“ აგენტები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული დაცვის ერთ-ერთი რაზმისგან საზენიტო „სტინგერის“ ყიდვას აპირებდნენ და ნდობა რომ დაემსახურებინათ, უკრაინის დაზვერვას „კადიროველების“ ჯგუფის ზუსტი ადგილსამყოფელიც კი გაუმხილეს...

ცოტა უცნაურია, რაში უნდა დასჭირვებოდათ რუს სამხედრო მზვერავებს „სტინგერის“ ყიდვა უკრაინელი „პარტიზანებისგან“, როდესაც ფრონტის ხაზზე ისედაც ჩაიგდეს ხელში რამდენიმე ათეული ასეთი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, მაგრამ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის განცხადებაში კიდევ ერთ, ძალზე საინტერესო დეტალს აზუსტებს - რუსი სამხედრო მზვერავი, სახმისით „მორპეხი“ თურმე მანამდეც ატყუებდა თავის კანტორას - „გე-ერ-უს“ და დიდ თანხებს აწერდა, ვითომ დივერსიების მოწყობისთვის უკრაინელების ზურგში - გაბერილი ფასით „სტინგერის“ ყიდვასაც შეიძლება პირადი გამორჩენის მიზანიც ჰქონოდა.

ალაფად აღებული საზენიტო რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკვე გაუკეთებია, როდესაც აგვისტოს ომის დროს ფოთის სამხედრო პორტში ნაალაფარმა პოლონურმა „გრომმა“ 2014 წელს უკვე უკრაინის დონბასში ამოყვინთა, როდესაც მისი საშუალებით, სავარაუდოდ, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს აეროდრომზე დაშვების მომენტში.

სხვათა შორის, ის, რომ შევარდნაძის დროს ამერიკელი მხარე თავს იკავებდა „სტინგერების“ ქართული არმიისთვის გადმოცემაზე, იმითაც იყო განპირობებული, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში შიშობდნენ, ეს „სტინგერები“ ჩეჩნეთის მეორე ომში არ აღმოჩენილიყო - ამერიკული „სტინგერით“ ჩეჩნეთის მთებში რუსული მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ვაშინგტონი მოსკოვთან სიტუაციის გართულებას უფრთხოდა... (ისე, თუ არ ვცდები, ამერიკული „სტინგერები“ ჩვენთვის დღემდეც არ გადმოუციათ?)

ნებისმიერი ომი, განსაკუთრებით კი - დროში გახანგრძლივებული, აყალიბებს გამოცდილ მებრძოლს, რომელსაც უკვე პროფესიულ დონეზე შეუძლია ამა თუ იმ კლასისა და ტიპის შეიარაღების გამოყენება.

ამერიკული საზენიტო „სტინგერები“ თუ რუსული „იგლები“, ისევე, როგორც ტანკსაწინაააღმდეგო „ჯაველინები“ ან „NLAW“, ისედაც არ განეკუთვნებიან რთულად ასათვისებელი შეიარაღების კატეგორიას, რადგან მოქმედებენ პრინციპით - „გაისროლე-დაივიწყე“ და უკრაინის ომის შეტაკებებში დაკარგული ან ალაფად აღებული ეს ძალზე კომპაქტური, მაგრამ ამასთანავე მაღალი საბრძოლო ეფექტიანობის მქონე იარაღი, რომელზეც სახელმწიფო კონტროლი დაიკარგა, ადრე თუ გვიან შეიძლება მართლაც იქნეს გამოყენებული რამე დიდი მასშტაბის ტერორისტული აქტისთვის...