არც ერთი იყო უკრაინული და არც მეორე რუსული - "ბაირაქტარმა" ორი "რაპტორი" შავ ზღვაში "მოსკვას" გზას გაუყენა.. - კვირის პალიტრა

არც ერთი იყო უკრაინული და არც მეორე რუსული - "ბაირაქტარმა" ორი "რაპტორი" შავ ზღვაში "მოსკვას" გზას გაუყენა..

~

ლამაზი გოლის გატანა მოწინააღმდეგის კარის „ცხრიანში“ ფეხბურთის მატჩის დროს კი მინახავს, მაგრამ ომის დროს ბომბის ლამაზად, მტრის „ათიანში“ მორტყმაც, თურმე, არანაკლებ სასიამოვნო სანახავი ყოფილა...

უყურეთ ამ ვიდეოკადრებს (იხილეთ ვიდეო სტატიის ქვემოთ) და თავად დარწმუნდებით - უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შეირაღებაში არსებული სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქტარი“ 13 წუთის ინტერვალით, ერთმანეთის მიყოლებით, ორ ზეზუსტ დარტყმას აყენებს და აფეთქებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „რაპტორის“ ტიპის ორ საპატრულო კატარღას...

ეს საჰაერო დარტყმები ზეზუსტი იმიტომ იყო, რომ „ბაირაქტარმა“ 7 კმ-ის სიშორიდან დააზიანა სულ რაღაც 17 მ სიგრძის კატარღები, თანაც მეორე რუსული „რაპტორის“ ეკიპაჟმა შეამჩნია რა, რომ უკრაინული „ბაირაქტარის“ ლუკმა ხდებოდა, თავის გადასარჩენად კატარღის სვლას მკვეთრად მოუმატა, მაგრამ - ამაოდ...

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ არც „ბაირაქტარია“ უკრაინული წარმოების და არც „რაპტორი“ - რუსეთში შექმნილი - „ბაირაქტარი“ თურქულია, ხოლო „რაპტორი“ კი - შვედური კატარღის რუსული ასლი...

რუსული „რაპტორი“ საოცრად ჰგავს შვედურ საერიშო-სადესანტო კატარღას Combat Boat 90-ს, რაც არც არის გასაკვირი, რადგან 2011-12 წლებში შვედი კონსტრუქტორები ნახევრად ოფიციალურად ეხმარებოდნენ რუს კონსტრუქტორებს „რაპტორების“ შექმნაში.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტს შეიარაღებაში ექვსი „რაპტორი“ ჰყავდა, მაგრამ 13 წუთში ორი მათგანი დაკარგა და მათ დიდი სადესანტო ხომალდის - „სარატოვისა“ და სარაკეტო კრეისერის - „მოსკვას“ არასახარბიელო ბედი გაიზიარეს...

საგულისხმოა, რომ უკრაინელი სამხედრო მეზღვაურების მორიგი წარმატებული საჰაერო დარტყმები კარგად ცნობილი კუნძულ ზმეინის (საიდანაც ომის დასაწყისში ჯერ სიტყვით სამ ასოზე გაუშვეს რუსული „მოსკვა“, ხოლო მოგვიანებით - საქმითაც განამტკიცეს...) სიახლოვეს მოხდა - პირველი რუსული „რაპტორი" კუნძულიდან 80 მ-ში, ხოლო მეორე - 700 მ-ში იმყოფებოდა.

სულ რაღაც 23 ტონა წყალწყვის რუსული „რაპტორების“ მოქმედების რადიუსი მხოლოდ ასიოდე საზღვაო მილით შემოიფარგლება და არც დიდი ღელვისთვისაა გათვალისწინებული, მაგრამ რუსი ადმირლები იძულებულნი გახდნენ, დაპყრობილ უკრაინულ კუნძულ ზმეინიზე სწორედ ეს მომცრო კატარღები გაეგზავნათ, რადგან ფრეგატებისა და კორვეტების გამოჩენა იმ რაიონში, სადაც ორმა უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნმა“ უკვე იმსხვერპლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე - ფლაგმანი,186 მ-ის სიგრძის სარაკეტო „მოსკვა“, უბრალოდ ეშინიათ, ხოლო 17 მ სიგრძის რუსული კატარღის აღმოჩენა ზღვის ტალღებში „ნეპტუნების“ აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების „ჭკვიან“ თავაკებსაც კი ძალიან გაუჭირდებათ...

2-surati-1651490043.png
მიუხედავად იმისა, რომ 2 მაისის მონაცემებით, 7 ერთეული უკრაინული „ბაირაქტარის“ ჩამოგდების დამადასტურებელი ფოტოვიდეომასალა არსებობს, „ბაირაქტარები“ უკრაინის არმიის ყველაზე ეფექტიან საბრძოლო საშუალებას წარმოადგენენ...

ასე რატომ დაჰფოფინებენ და თავს არ ანებებენ რუსი ოკუპანტები შავ ზღვაში მიკარგულ ერთ პატარა და გადახრიოკებულ კუნძულ ზმეინის, რომლის სახელიც კი ცუდ განწყობაზე დააყენებს ადამიანს?

საქმე ის არის, რომ სულ რაღაც 20,5 ჰექტარის ფართობის ეს კუნძული უკრაინა-რუმინეთის სახმელეთო საზღვრიდან 40-ოდე კმ-ში იმყოფება და წლების წინ კიევსა და ბუქარესტსაც ჰქონდათ გარკვეული უთანხმოება მასთან დაკავშირებით.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველსავე დღეს კი რუსმა ადმირლებმა ამ კუნძულის სასწრაფო დაკავება მოინდომეს და რამდენიმე დღის შემდეგ საწადელსაც მიაღწიეს, რადგან ზმეინის უკრაინელი დაცველები ვერაფერს დაუპირისპირებდნენ კუნძულს მიმდგარ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ესკადრას, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ მეთაურობით... რა თქმა უნდა, გარდა იმ ცნობილი სიტყვებისა...

რუსი სამხედროების მიერ კუნძულ ზმეინის სასწრაფო ოკუპაციას წმინდა პრაგმატული მნიშვნელობა აქვს - კუნძულზე გადასროლილი მძლავრი რადიოლოკაციური სადგურებისა და „ს-400“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით რუსეთის გენშტაბი არანაკლებ 400 კმ-ის რადიუსში შეძლებს საჰაერო სივრცის გაკონტროლებას - ამ რადიუსში კი ხვდება, როგორც უკრაინის მთელი შავი ზღვის სანაპირო, ოდესის პორტის ჩათვლით, ისე მოლდოვა, თავისი სეპარატისტული დნესტრისპირეთითა და, რაც მთავარია, ნატოს წევრი რუმინეთი დედაქალაქ ბუქარესტთან და კონსტანცას საზღვაო პორტთან ერთად.

ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დახმარების უწყვეტ ნაკადებს ომში მყოფი უკრაინა, პოლონეთისა და სლოვაკეთის გარდა, რუმინეთის ტერიტორიიდანაც იღებს და ამიტომაც რუსეთის გენშტაბისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, გააკონტროლოს საჰაერო სივრცე რუმინეთის თავზე...

რუსეთის გენერალიტემა ჯერჯერობით ვერ გაბედა მძლავრი, მაგრამ ამასთან - დიდი გაბარიტებისა და, შესაბამისად, ადვილად აღმოსაჩენი „ს-400“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაში შემავალი სარაკეტო და დამხმარე დანადგარების გადასროლა კუნძულ ზმეინიზე, რადგან ისინი უკრაინელების „ბაირაქტარების“ ნუგბარი ლუკმა შეიძლება აღმოჩნდნენ, მით უმეტეს, თუკი დავუჯერებთ უკრაინის ოფიციალურ წყაროებს, რამდენიმე დღის წინ მათ კუნძულ ზმეინიზე უკვე ააფეთქეს (ეტყობა ისევ „ბაირაქტარმა“ გამოიჩინა თავი) რუსი ოკუპანტების მიერ ჩატანილი „სტრელა-10“-ის ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარი...