"მიხეილ სააკაშვილს უნდა საკვების მიღება, მაგრამ ორგანიზმი არ იღებს - ძალით კვება შეუძლებელია" - რას ამბობს ექიმი ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს უნდა საკვების მიღება, მაგრამ ორგანიზმი არ იღებს - ძალით კვება შეუძლებელია" - რას ამბობს ექიმი ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, სააკაშვილს საკვების მიღება სურს, თუმცა, ორგანიზმი ვერ იღებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გრიგოლიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

როგორც გრიგოლია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება კუნთოვანი ნაწილის ხარჯზე ხდება, რაც სახიფათოა.

მედიკოსის თქმითვე, ყოფილ პრეზიდენტს ძალიან სერიოზული და კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება, რაშიც ის მედიკამენტოზურ მკურნალობას არ გულისხმობს.

როგორც ექიმი აცხადებს, ანორექსია სერიოზული დიაგნოზია, რომლის მკურნალობის გამოცდილებაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ არის.

„მიხეილ სააკაშვილი განზრახ არ იღებდა საკვებს ოქტომბერში და ნოემბერში, მაშინ მწვავე შიმშილი მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დღეს, მას უნდა საკვების მიღება, მას არ გამოუცხადებია ხმამაღლა, რომ ის შიმშილობას აპირებს, ან განაგრძობს, ან თავიდან დაიწყო, მას უნდა საკვების მიღება, არის მთელი რიგი საკვები, რომელიც მას უყვარდა და ალბათ, ახლაც უყვარს, მაგრამ ორგანიზმი ამას არ იღებს, ეწყება გულისრევა, კუჭნაწლავის ტრაქტის ტკივილი და ა.შ. არ მინდა, დეტალებში ჩავიდე, მაგრამ რაც ყველაზე სახიფათოა, მაინც და მაინც, ცილოვან პრეპარატებს ვერ იღებს, ანუ იმ პრეპარატებს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რომ მას უჯრედოვანი სტრუქტურები არ დაეშალოს. როცა მწვავე შიმშილობის დროს ვნახეთ, მაშინაც ჰქონდა წონის კლება, მაგრამ მაშინ ეს იყო ცხიმების ხარჯზე, რაც საშიშია, მაგრამ ნაკლებად. ბოლო ერთ თვეში, 8 კგ-ს დაკლება არის კუნთოვანი ნაწილის ხარჯზე, რაც საშიშია.

ორგანიზმს სჭირდება უჯრედების განახლება, რასაც ენერგია და ცილა სჭირდება. გარკვეული უჯრედები სხვადასხვა ორგანოების სხვადასხვა პერიოდი ცხოვრობენ, ამიტომ, თუ განახლების მასალა არ არსებობს ცილების მეშვეობით, ორგანიზმი საკუთარი მასალის მოხმარებას იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იწყება ორგანიზმის განლევა კუნთების ხარჯზე, ჯერ არ ვართ ტერმინალურ სტადიაში, მაგრამ საკმაოდ გამოხატული სტადიაა დაავადების, რომელსაც სჭირდება ძალიან სერიოზული და კომპლექსური მკურნალობა, ეს არ არის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც ის მეტ-ნაკლებად სულ იღებდა.

მას არ ეხსნება სტრესი, არ ეძლევა ფსიქოთერაპია, ძალით კვება შეუძლებელია, თვითონ საკვების მიღება არ შეუძლია, ახლა უნდა ჩაერთოს ექიმების ფართო სპექტრი - ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები, ფსიქოთერაპევტები - შესაძლებელია თუ არა, ამ დაავადების აქ მკურნალობა. მე არ ვარ ძალიან ღრმად ჩახედული, ანორექსიის დიაგნოზი ძალიან სერიოზულია, დღევანდელ დღესაც, საუკეთესო კლინიკებში, სადაც არის ამის გამოცდილება და მინდა გითხრათ, ბევრი კლინიკაც არ არსებობს, სადაც ანორექსიის მკურნალობის გამოცდილება აქვთ, 20%-მდე აღწევს ლეტალობა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

"ინტერპრესნიუსი"