"დასავლური ტექნიკა“ რომ გაჩნდა, ამანაც კი გამოიღო შედეგი, უკვე ეტყობა რუსეთის ტაქტიკას, ცოტ-ცოტა უკან იხევენ" - კვირის პალიტრა

"დასავლური ტექნიკა“ რომ გაჩნდა, ამანაც კი გამოიღო შედეგი, უკვე ეტყობა რუსეთის ტაქტიკას, ცოტ-ცოტა უკან იხევენ"

ტერმინი "დასავლური ტექნიკა“ რომ გაჩნდა, ამანაც კი შედეგი გამოიღო, უკვე ეტყობა რუსეთის ტაქტიკას, ცოტ-ცოტა უკან იხევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა კედელაშვილი "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის თანამედროვე ტიპის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე საუბრისას განაცხადა.

შოთა კედელაშვილის განცხადებით, უკრაინელები თავდაუზოგავად იბრძვიან და ეს იქიდანაც ჩანს, რომ 2 თვეზე მეტია ომია და დიდი პოზიციები არ დაუთმიათ.

"მძიმე შეიარაღება, რომელიც ახლა ჩვენკენ მოემართება, ნაწილი უკვე მიღებულია და ზოგან გამოიყენება. მაგრამ ძირითადად ჯერ ვერ ვიგრძენით რას ნიშნავს დასავლეთიდან მოწოდებული იარაღი იმიტომ, რომ სრული მასშტაბი არ არის, მაგრამ მალე გამოჩნდება და შედეგებსაც ვიხილავთ. ეს არ იქნება რაღაც ახალი ამოსუნთქვა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის და ზოგადად თავდაცვის სამინისტროსთვის, ჩვენ ისედაც მაქსიმუმს ვაკეთებდით. ეტყობა კიდეც, ორ თვეზე მეტია რაც ბრძოლა მიმდინარეობს და დიდი პოზიციები არ დაგვითმია. შევძელით იმ საბჭოთა იარაღით ამდენი დღის განმავლობაში გამკლავება, რასაკვირველია ათი თაობით უფრო წინაა ეს იარაღი.

რუსეთის ფიზიკური ძალა უკვე აღარ არის იმ მდგომარეობაში როგორი ხალისითაც იყვნენ თავიდან, რომ დაეპყროთ. თვითონ რუსეთის ჯარში გაჩნდა უკვე შიში რომ აქ უკვე ის უკრაინა არ არის და ის იარაღი აღარ იქნება მათ წინააღმდეგ, რომელიც ახსოვთ“, - განაცხადა შოთა კედელაშვილმა.

შოთა კედელაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

"არაერთი პოლიტიკოსი, სამხედრო ექსპერტი დასავლელებიც და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც, ალაპარაკდნენ იმაზე, რომ შესაძლებელია ქიმიური იარაღი გამოიყენოს რუსეთმა. მე ვიზიარებ ამ აზრს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა ჭურვებს იყენებენ, რით ბომბავენ უბრალო მოსახლეობას, ბავშვებს და ქალებს, რომელთაც არასდროს იარაღი ხელში არ აუღიათ. არ გამოვრიცხავ, რომ მივიდეს საქმე ქიმიურ იარაღამდეც“, - განაცხადა შოთა კედელაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"