რამდენად სანდოა პუტინის განცხადება, რომ მან უარი თქვა ორეულზე? - კვირის პალიტრა

რამდენად სანდოა პუტინის განცხადება, რომ მან უარი თქვა ორეულზე?

1980-იანი წლების ბოლოა, საბჭოთა კავშირში გაგანია “პერესტროიკაა”, მოსკოვში, არბატის ქუჩაზე ადამიანების ჯგუფი რკალად შემორტყმიან . . . ლენინს, სტალინს, პეტრე I და კიდევ სხვა ისტორიულ პერსონაჟს. მაშინ ეს ორეულები ლუკმაპურს გარეგნული მსგავსებით შოულობდნენ. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ეს უცხო ხილი იყო, დღეს კი ბევრი სატელევიზიო შოუ სწორედ “ორეულების ეფექტზეა” აგებული. განსაკუთრებით რუსეთში განვითარდა ეს ბიზნესი. 2000 წლების დასაწყისში ინტერნეტში შეიძლება ამგვარი სარეკლამო განცხადებაც გენახათ: “გსურთ პოლკოვნიკ ძმას დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყოთ? მაშინ შეგიძლიათ ინტერნეტით გამოიწეროთ ცოცხალი პრეზიდენტი პუტინი”. ბუნებრივია ეს პუტინის ორეული იქნებოდა. ამ „ხუმრობისთვის“ დღეს უკვე „პუტინი“ კია არა, ეფ–ეს–ბე მიაკითხავს იუბილარს. თუმცა „პუტინს მიმსგავსებული“ მსახიობები რუსეთის ტელევიზიის კომედიურ არხებზე ხშირად ჩანან და ხელისუფლების მიერ სანქცირებულ ვითომ პაროდიებში, პუტინისა “ნიჭსა” და რუსეთის უძლეველობას უწევენ რეკლამას.

სტალინის ორეულები

2-1651558585.jpg
ფელიქს დადაევი და იოსებ სტალინი

საბჭოთა დიქტატორის გულის მოგება ძნელი საქმე იყო და არც ორეულებს უმართლებდათ. სტალინი თავად აფასებდა მსგავსებას და საბოლოო გადაწყვეტილებასაც თვითონ იღებდა. სხვადასხვა ვერსიით მას რამდენიმე ორეული ჰყავდა. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით საიდუმლო გადაწყვეტილება “სტალინის ორეულების შესახებ” 1935 წელს, სერგეი კიროვის მკვლელობის შემდეგ იქნა მიღებული.

ერთ-ერთი, ვინიცელი ბუღალტერი ევსეი ლუბიცკი წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმებს ესალმებოდა სტალინის მაგივრად, იღებდა უცხოეთის დელეგაციებს და საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციების დროს “სათადარიგო ბელადის” ფუნქციას ასრულებდა. ამ ვერსიის თანახმად ლუბიცკი გადაურჩა სისხლიან რეპრესიებს და ღრმად მოხუცებული მოსკოვში 1981 წელს გარდაიცვალა.

სხვა ვესიით სტალინის ორეულად ასახელებენ დაღესტანის მკვიდრს, ფელიქს დადაევს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის ფარაჯაში გამოწყობილი მოულოდნელად მოსკოვის ქუჩებში გამოჩნდებოდა და ავტომობილიდან მოსახლეობას ესალმებოდა.

„სტალინელები“ ალბათ შეიცხადებენ: „დიდი ბელადი“ იმდენად მამაცი და უშიშარი იყო ორეულის ზურგს არ ამოეფარებოდაო. თუმცა ფაქტები მეტყველებენ, რომ სტალინს ორეულების, როგორც სახელმწიფოს მეთაურის დაცვისა და მოწინააღმდეგის დეზინფორმაციის ერთ–ერთი ხერხის, ნამდვილად სჯეროდა. აშშ–ის პრეზიდენტების: ფრანკლინ რუზველტისა და ჰარი ტრუმენის სპეციალური წარმომადგენელი ჰარი ჰოპკინსი იხსენებს, რომ 1945 წლის 6 ივნისს კრემლში სტალინთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ის საბჭოთა დიქტატორს შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: „. . ხვალ მოსკოვიდან მივფრინავ, ჯერ ბერლინში შემდეგ ფრანკფურტში... . . იქნებ ბერლინში ჰიტლერის ცხედარიც ვიპოვოთო“, რაზედაც სტალინმა უპასუხა: „მე დარწმუნებული ვარ ჰიტლერი ჯერ კიდევ ცოცხალიაო“. თუმცა სტალინმა კარგად იცოდა, რომ 1945 წლის 5 მაისს სმერშის სპეცრაზმმა. ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ცხედრები აღმოაჩინა. ნეშთების იდენტიფიკაციისთვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, რომელსაც გენერალი ტელეგინი ხელმძღვანელობდა, ჰიტლერის კბილის პროთეზების გამოკვლევით დაადგინა, რომ ცხედარი ჰიტლერის იყო. თუმცა სტალინმა არც ტრუმენს და არც ჩერჩილს მაშინ არ გაუმხილა ეს ფაქტი. სიცოცხლის ბოლომდე სტალინს სჯეროდა, რომ ჰიტლერი ცოცხალი იყო და სამხრეთ ამერიკაში იმალებოდა, ხოლო ბერლინში, რეიჰსკანცელარიის ეზოში აღმოჩენილი გვამი ჰიტლერის ორეულის იყო. “კიდევ გაგვაცურა ამ არამზადამ და ახლა ალბათ უკვე არგენტინაში იმალებაო” - ხშირად იმეორებდა სტალინი. მას ვერ წარმოედგინა, რომ მის კოლეგას - ჰიტლერს, ორეულის დახმარებით მიმალვის შანსი ჰქონდა და არ გამოიყენა!

როდის გარდაიცვალა ბორის ელცინი?

შეიძლება მკითხველს გაუკვირდეს: ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის პირველი პრეზიდენტი, „მუდამ ფხიზელი ბორისი“, 2007 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა. თუმცა ნუ იჩქარებთ. ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, სტეფან სესტანოვიჩი მოგონებებში საინტერესო ფაქტს იხსენებს.

3-1651558702.jpg
ელცინი, 1997 წელი

1998 წლის აგვისტოში მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტი ბილ ქლინტონი უნდა ჩასულიყო ოფიციალური ვიზიტით. მაგრამ გამგზავრებამდე სამი დღით ადრე ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოსკოვიდან მიიღო საიდულო ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი მოულოდნელად გარდაიცვალა. უნდა ითქვას, რომ ამერიკის მხარეს ეს ინფორმაცია არ გაჰკვირვებია, რადგანაც მათ კარგად იცოდნენ, რომ განუკურნებელი ალკოჰოლიკი ელცინი მძიმედ იყო ავად. ამ ფაქტის დამალვა კი კრემლში პრეზიდენტის პოსტისთვის დაწყებული ბრძოლით ახსნეს. მთელი ძალით ამოქმედდა დიპლომატიური არხი.

რუსეთის მხარე კატეგორიულად უარყოფდა ელცინის გარდაცვალების ფაქტს და ამერიკელებს რუსი ექიმების სამედიცინო დასკვნას, ელცინ-ქლინთონის პირდაპირ სატელეფონო საუბარს ან სულაც ელცინის რუსეთის ტელევიზიით გამოსვლის ვიდეოკადრებს სთავაზობდა. ამერიკელები კი მოითხოვდნენ მოსკოვში მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტროუბ ტელბოტი 24 საათში შეახვედრეთ ელცინს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქლინთონის ვიზიტი არ შედგებაო. მეორე დღეს ელცინი მართლაც შეხვდა ტელბოტს და აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტიც აღარ ჩაიშალა.

ამ რეალურ ფაქტში ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ამერიკელებს ეჭვი ჰქონდათ ელცინის მაგივრად მისი ორეული არ “შემოგვაპარონო”. ამის საფუძველი მართლაც არსებობდა, რადგანაც რუსი პოლიტოლოგები და ექსპერტები ჯერ კიდევ 1996 წელს ამტკიცებდნენ, რომ ელცინი გარდაიცვალა და რუსეთს მისი ორეული მართავსო. ამიტომ ამერიკელებისთვის აუციელებელი იყო ელცინის პირადად ნახვა და მისი შეფასება, რაც სტროუბ ტელბოტს დაევალა, რომელიც კარგად იცნობდა ბორის ელცინს.

ჰყავს თუ არა ორეულები ვლადიმერ პუტინს?

ამ თხუთმეტი წლის წინ პუტინი მოსკოვის ქუჩაში დაცვის გარეშე, რომ გამოსულიყო შეიძლება უცბად ვერც ეცნოთ: ტიპიური რუსი “მუჟიკის” გარეგნობა ჰქონდა. თუმცა ამჟამად ძალზე რთულია დღევანდელ „დაბოტოქსებული“ სახის ნაკვთებიან პიროვნებაში 10–15 წლის წინანდელი პუტინი ამოიცნოთ. ხელოვნურად „გაახალგაზრდავების“ მცდელობებში პუტინი თავის უფროს მეგობარს, მასავით ავანტიურისტ სილვიო ბერლუსკონის ბაძავს. დღეს ნათელია არაა მხოლოდ ბოტოქსის შედეგია პუტინის სახის ცვლილებები, თუ რუსეთის დიქტატორს ორეულები ჰყავს? პუტინის ორეულებზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მის გარეგნობა და სახე უკანასკნელი წლების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა.

4-1651558792.jpg
რომელია პუტინი?

რუსეთში და საზღვარგარეთ იმდენად ბევრი ვერსია გაჩნდა „პუტინის შეცვლის“ შესახებ, რომ „ორეულის ვერსიის“ გასაქარწყლებლად 2020 წლის 27 თებერვალს სპეციალურად ორგანიზებულ ინტერვიუში ჟურნალისტმა პუტინს პირდაპირ შეკითხვა დაუსვა მისი ორეულის არსებობის შესახებ. პუტინის თქმით, მას არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია ორეული, თუმცა ასეთი შეთავაზება გაჩნდა „ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე რთულ პერიოდში“, ანუ 2000-იანი წლების დასაწყისშიო. "მაშინ მე უარი ვთქვი ორეულზე", - განაცხადა ინტერვიუს დროს პუტინმა. რუსეთის რეჟიმის პირობებში ვერც ერთი ჟურნალისტი ამ კითხვის დასმას ვერ გაბედავდა დიქტატორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ასე, რომ პუტინის ორეულების თემის ინიცირება, თავად დიქტატორის მიერ, სწორედ იმ შემთხვევას ჰგავს, როცა „ქურდს ქუდი ეწვის.“ რუსეთის ხელისუფლებას, რომლისთვისაც ტყუილი სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და როდესაც მათი პრეზიდენტი სიმართლეს ფაქტიურად არ ამბობს, რამე დაეჯერება? რა თქმა უნდა, არა!