"როდის და რატომ სურდა საფრანგეთს უკრაინაში სახელმწიფო "ნაპოლეონიდის" შექმნა?" - კვირის პალიტრა

"როდის და რატომ სურდა საფრანგეთს უკრაინაში სახელმწიფო "ნაპოლეონიდის" შექმნა?"

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) აქვეყნებს ინტერვიუს ისტორიკოსთან და პოლიტოლოგთან, შედარებითი სტრატეგიის ინსტიტუტის თანამშრომელ მარტენ მოტთან, რომელიც საინტერესო ფაქტებს იხსენებს ნაპოლეონ ბონაპარტის ეპოქის საფრანგეთის ისტორიიდან. პუბლიკაციის სათაურია „როდის და რატომ სურდა საფრანგეთს უკრაინაში სახელმწიფო „ნაპოლეონიდის“ შექმნა?“. ფრანგ მეცნიერს „ლე ფიგაროს“ კორესპონდენტი ჰიუგ მაიო ესაუბრება.

„მანამდე, სანამ ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინა და დონბასი პრობლემა გახდებოდა, უკრაინით და განსაკუთრებით - დონბასით ბევრი სახელმწიფოს მეთაური იყო დაინტერესებული, ნაპოლეონ ბანაპარტის ჩათვლით“, - ამბობს მარტენ მოტი, რომელიც კითხვაზე, თუ „რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თვალსაზრისით უკრაინას რუსეთისათვის“, პასუხობს:

„უკრაინა უზრუნველყოფდა შავ ზღვაზე გასასვლელს ჯერ რუსეთის იმპერიისათვის, შემდეგ - საბჭოთა კავშირისათვის. უკრაინაზე გადიოდა სატრანზიტო გზები ჩრდილოეთ ევროპიდან ევრაზიის სამხრეთი ნაწილისაკენ და - პირიქით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინა დამაკავშირებელი რგოლია რუსეთისათვის ევროპის სამხრეთისაკენ (ხმელთაშუა ზღვის აუზში), ასევე, ახლო აღმოსავლეთში, ანუ უკრაინის გაკონტროლება რუსეთისათვის საკონტინენტო იზოლაციის გარღვევას ნიშნავს. თავის დროზე უინსტონ ჩერჩილს უთქვამს: „რუსეთი გიგანტია, მაგრამ მას ნესტოები შევიწროვებული აქვსო“. იგი „ნესტოებში“ ბალტიისა და შავ ზღვებს გულისხმობდა. რუსეთის დღევანდელი პოლიტიკაც ამ „ნესტოების“ გაფართოებას ემსახურება.

სხვათა შორის, რუსეთის სწრაფვა „თბილი ზღვებისაკენ“ ჯერ კიდევ პირველი რუსი მმართველების, სკანდინავიელი ავანტიურისტების - ვარიაგების დროს შეინიშნებოდა, რომლებმაც მე-9 საუკუნეში ბალტიისა და შავ ზღვებს შორის ძლიერი სახელმწიფო - კიევის რუსეთი შექმნეს. კიევის რუსეთი დღევანდელი რუსეთისა და უკრაინის შორეულ წინაპარს წარმოადგენს. მე-16 საუკუნიდან მოსკოველმა მთავრებმა ვარიაგების მემკვიდრეობა ხელში ჩაიგდეს და საკუთარი თავი „სრულიად რუსების მეფედ“ გამოაცხადეს. მათ შეძლეს ვარიაგების უკრაინელი შთამომავლების დამორჩილება.

- რატომ იყო აუცილებელი რუსეთისათვის უკრაინისა და დონბასის განვითარებაში თანხების ჩადება? რამდენად მიმზიდველი იყო ეს მიწები წარსულში სხვა ქვეყნებისათვის?

- რასაკვირველია, აუცილებელი იყო. უძველესი დროიდან კიევის რუსეთში მოწეული ხორბალი აინტერესებდათ ბერძნებს, შემდეგ - რომაელებს, ბიზანტიელებს, სკანდინავიელებს, გენუელებს, ვენეციელებს, მონღოლებსა და ოსმალებს, სანამ ამ რეგიონში რუსები მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში გაბატონდებოდნენ. რუსული ექსპანსიონიზმი ევროპას იმ დროშიც ძალიან აშფოთებდა. სწორედ ამ ექსპანსიონიზმის ჩასახშობად გეგმავდა 1710-იან წლებში ფრანგული დიპლომატია უკრაინელი კაზაკებისადმი დახმარებას მოსკოვის წინააღმდეგ. პირველი იმპერიის დროს პარიზში იმასაც კი ლაპარაკობდნენ, რომ უკრაინა საფრანგეთის პროტექტორატად გამოცხადებულიყო სახელწოდებით - „ნაპოლეონიდი“.

- რა მიზანი ჰქონდა ამ ნაკლებად ცნობილ პროექტს?

- პროექტ „ნაპოლეონიდის“ შემუშავება გრაფ ოტერივს (ანუ ალექსანდრე ლენაუტს) მიეწერება, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის პერიოდში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი იყო. ეს მოხდა 1812 წელს, რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანიის დროს. ოტერივი აღნიშნავდა, რომ უკრაინის ტერიტორია მდიდარია სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება-მოყვანისათვის, მაგრამ, პირველ რიგში, ხაზს უსვამდა მომავალი პროტექტორატის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას: „ეს სახელმწიფო იქნება დიდი ბარიერი რუსეთის გეგმების განხორციელებისათვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩასაგდებად. რუსეთი, რომელიც საბოლოოდ იქნება მოკვეთილი შავი ზღვისაგან, იძულებული გახდება უარი თქვას თავის დაპყრობით გეგმებზე“. ნაპოლეონის დამარცხებამ, რასაკვირველია, ალექსანდრე ლენაუტის გეგმები ჩაშალა.

ყირიმის ომის დროს (1853-1856 წლები) ფრანგულ-ბრიტანულ ინტერვენციასაც თითქმის იგივე მიზნები ჰქონდა: დაებლოკათ რუსები შავ ზღვაზე იმისთვის, რომ მათ ხელი შეშლოდათ ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელად. 1855 წელს ფრანგებისა და ინგლისელების გაერთიანებულმა ჯარმა სევასტოპოლი აიღო, რომელიც იმ დროსაც რუსეთის მნიშვნელოვან სამხედრო-საზღვაო ბაზას წარმოადგენდა, მაგრამ მათ იმდენი ძალები არ აღმოაჩნდათ, რომ ყირიმის მთელი ტერიტორია გაეკონტროლებინათ. ამიტომ შემოიფარგლნენ მხოლოდ იმით, რომ შავი ზღვის აკვატორიის დემილიტარიზება განახორციელეს ანუ რუსეთის იმპერიას შავ ზღვაზე ფლოტის ქონა აეკრძალა. თუმცა 1870 წელს რუსეთმა წართმეული უფლება კვლავ დაიბრუნა.

- როგორც ცნობილია, დონბასი ქვანახშირით და რკინის მადნით არის მდიდარი. იმავე 1870 წელს ერთ-ერთმა ინგლისელმა მეწარმემ უელსიდან -ჯონ იუზმა ქალაქი დონეცკი დააარსა (სწორედ ამიტომაც უწოდებდნენ დონეცკს იუზოვკას). 1879 წელს კი, ამერიკული კაპიტალის დახმარებით, მარიუპოლში პირველი მეტალურგიული ქარხანა აშენდა. რატომ სურდათ დასავლელ ინვესტორებს დონბასში ფულის ჩადება?

- თავდაპირველად ინგლისელები და ამერიკელები თვითონ რუსებმა მიიწვიეს, რათა ის სამრეწველო ზარალი აენაზღაურებინათ, რაც ყირიმის ომის დროს იწვნიეს. რუსები დარწმუნდნენ, რომ მოძველებულმა იარაღმა და რკინიგზების არარსებობამ მათ „დათვური სამსახური“ გაუწია. დონეცკში პირველი მეტალურგიული ქარხანა ამერიკელმა მრეწველმა ჯონ ჰიუზმა ააგო. რაც შეეხება მარიუპოლის ფოლადსადნობ ქარხნებს, რომლებშიც დღეს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები არიან გამაგრებულები, ისინი ჯერ კიდევ 1897 წელს ავსტრიელმა ადოლფ როტშტეინმა და ამერიკელმა ედმუნდ სმიტმა ააგეს.

დასავლელი ინვესტორებისათვის დონბასი მიმზიდველი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით: ქვანახშირი, რკინის მადანი - თუჯისა და ფოლადის გამოსადნობად და მარიუპოლის ნავსადგური - პროდუქციის ექსპორტისათვის. ეს ფაქტორი ბოლო დრომდე (და, ალბათ, მომავალშიც) პრივილეგირებულ როლს ასრულებდა მათთვის, ვისაც რუსულ და უკრაინულ ბაზარზე შესვლა სურს.

თავის მხრივ, ამ რეგიონში საფრანგეთსაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჰქონდა ჩადებული 1914 წლისათვის, რათა თავისი მოკავშირის - რუსეთის სამხედრო მოდერნიზაცია დაეჩქარებინა საერთო მოწინააღმდეგის - კაიზერის გერმანიის საფრთხის წინაშე. ფრანგული კაპიტალი იმდროინდელ უკრაინაში მთელი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარს შეადგენდა. სწორედ ამიტომ გაგზავნა პარიზმა თავისი ჯარები 1918 წელს უკრაინაში. რასაკვირველია, საკითხი ეხებოდა, როგორც ე.წ. თეთრგვარდიელების (ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის) დახმარებას ბოლშევიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე - დონბასში საფრანგეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

არც გერმანია აკლებდა თავის მზერას დონბასს, რომელსაც თავისი მიზნები გააჩნდა პირველი მსოფლიო ომის დროს, თუმცა მას უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი შედარებით მცირე ხნით ჰქონდა დაკავებული: გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ჯარები დონბასს 1918 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე აკონტროლებდნენ, „უკრაინის დერჟავის“ შემადგენლობაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც ადოლფ ჰიტლერი დონბასის განვითარებული სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის რეგიონს „გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა“, - წერდა თავის მემუარებში მარშალი ფონ მანშტეინი, არმიის „დონის“ ჯგუფის სარდალი 1942-43 წლებში.

- შეინარჩუნებს თუ არა დონბასი თავის მიმზიდველობას ამ დამანგრეველი ომის შემდეგ? ხომ არ გახდება ის ზედმეტი ტვირთი რუსეთისათვის?

- რა თქმა უნდა, რეგიონის ეკონომიკური აქტივები ისეთი აღარ არის, როგორიც მე-19 და მე-20 საუკუნეებში იყო. ქვანახშირის ბევრი შახტი დღეს არაკონკურენტულია, ბევრი კი - უპატრონოდ მიტოვებული. 1990-იან წლებში უკრაინის ხელისუფლებამ მსოფლიო ბანკის ზეწოლით ბევრი შახტი და ქარხანა დახურა, რის შედეგადაც უმუშევრობა გაიზარდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ადგილობრივმა რუსულენოვანმა მოსახლეობამ უკრაინის მთავრობის მიმართ ნეგატიური განწყობა გამოამჟღავნა და რუსეთს დაუახლოვდა. 2014 წელს დაწყებულმა კონფლიქტმა კი, რომელმაც 14 ათასი დონბასელის სიცოცხლე შეიწირა, სიტუაცია მხოლოდ დაამძიმა... ომი, რომელიც ახლა გრძელდება და ის შეტევა, რომელიც მზადდება, მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. მოკლედ, დანგრეული დონბასი რუსეთისათვის ზედმეტი ტვირთი იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ