"2 შვილის სიკვდილს მოესწრო. ბოლშევიკებმა დამაქციეს ბებიაო..." - კვირის პალიტრა

"2 შვილის სიკვდილს მოესწრო. ბოლშევიკებმა დამაქციეს ბებიაო..."

ორი "ესკიზი", რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "გზა", გურიის კოლორიტულ იუმორსა და დარდს მოიცავს.

ნინო სივსივაძისა და კატო ჩულაშვილის მონათხრობი, ვფიქრობთ, იმ შტრიხებით ხატავს საქართველოს იმ მხარეს, რომელზეც წაიმღერებენ ხოლმე - "რა ყოფილა გურია..."

ნინო სივსივაძე:

- საქართველოს სხვა კუთხეში არ ვიცი, როგორ მრავლდებიან ინდაურები, მაგრამ გურიაში ამ საქმეზე საკმაოდ საინტერესო რიტუალი ტარდებოდა. ბებია ინდაურების კვერცხის დების დაწყების დროს იტყოდა "ინდოურმა კვერცხი მეიწყო" და დედალ ინდაურს დაამწყვდევდა, სადმე გარეთ რომ არ დაედო კვერცხი. მოგვიანებით მიუყვანდა მამალს, რომელიც იმპერატორივით, ამაყად დეიბრიქებოდა ეზოში, მის დანახვაზე მუდამ მეღიმებოდა, მაგონდებოდა ერთი ანეკდოტი:

გურული ყაბალახით და აზიაცკებში გამოწკიპული რკინიგზის სადგურის ბაქანზე დეიჯგიმებოდა ამაყად, ეგონა მე ვარ და ჩემი ნაბადიო. მატარებლის გასვლის წინ, სალაროსთან მივიდა ბილეთის ასაღებად და ბრძანების კილოთი უთხრა მოლარეს:

- მომეცი ერთი ბილეთი!

- სად მიბრძანდებით, ბატონო?

- მაი არაა შენი საქმე! - უთხრა განცვიფრებულ მოლარეს.

სწორედ ასეთი გაბღენძილი დადიოდა ეზოში მამალი ინდაური, თავაწეული, სისხლივით წითელი ბიბილოებით და ასეთივე შეფერილობის გრძელი ხორთუმით, ალმაცერად იცქირებოდა, დაშვებულ ფრთებს დაახოხიალებდა მიწაზე მუხლუხა ტრაქტორივით. ნებისმიერ გახმაურებაზე ხმამაღლა და ბრაზიანად ხლიჩინობდა. ბებია შორიახლო დაუსვამდა პატარძალს და სტვენით იხმობდა სასიძოს. ისიც ფრთების ფხაკუნით რამდენჯერმე შემოუვლიდა, მიუქურუჟდებოდა, კარგად ახედ-დახედავდა და "ეწვეოდა" მორჩილ პატარძალს. ბებიაც წყვეტდა სტვენას. ზოგჯერ ამაყი მამალის თავშეკავება ბებიას წყრომას იწვევდა. სტვენისგან ძალაგამოცლილი წყევლაზე გადადიოდა:

შენ არ გეიარე ზეითმიწას, შეგჭამა ტურამ ადრე და მალე, შენ სასიკვტილე, დამელია სული ფშიტინში და აი, ვითამც აფერი... გამიხდი ხომ სახვეწარი? მეიცაი პაწაი, მე შენ გიჩვენებ სეირს, უმალეზე (ყველაზე ადრე) შენ წაგაგდებიეფ წალდით თავს და ჩაგასაცივეფ. უყურე ერთი ამას, არ შემიკლა ხელში? აიყვანდა ხელში მადააღძრულ დედალს და მიყავდა მეზობლებში, იქიდან მესმოდა ნაცნობი სტვენის ხმა, მერე კმაყოფილები ბრუნდებოდნენ სახლში.

მეორე დღეს დედალს დაამწყვდევდა, სანამ კვერცხს არ დადებდა. ჯგუფური "მამლიობა" ასე გრძელდებოდა დედლის მოკრუხებამდე. ერთხელ მამალი ინდაურის პასიურობით გაბრაზებულ ბებიას ვუთხარი: - ბებო, დაანებე თავი და გაუშვი მაგი საწყალი დედალი, დევიჯერო ახლა, რომ ასე სასულე კონცერტის გარეშე არ გამრავლდება ინდაურები?!

- ვერ ვენდობი, ცაა! ინდოური ათიდან თოთხმეტ ცალამდე კვერცხს დებს და მერე მეიკრუხებს, უმამლავი თუ დარჩა, რას გამოჩეკავს?

- გარეული ინდაურები როგორ მრავლდებიან ნეტა, ვინ უსტვენს და უქურუჟებს იგენს? - ვიკითხე სხვათა შორის.

- შენი ჭკუის სტავლება მაკლდა სწორეთ, სათუოზე ვერ დავტიეფ... ვეხვეწები და არ შობა სიკეთეს და მისით რაის მქნელია მაი? თამარაის მამალი იმფერია, რომე ერთს არ გაგაწბილებს, ამას რა ღმერთი გუუწყლა, არ ვიცი! - ასეთი ამომწურავი პასუხი გამცა ჩემმა ბებომ.

ასეთ გაწამაწიაში იყო ანიჩქა ბებო ყოველ წელს, მაგრამ მაინც უყრიდა თავს 20-მდე ინდაურს.

- აი, ნენა ორი მოჭვის ნაკეკია, - ამიხსნიდა და ყოველდღე, ახალმოკრეფილი ჯინჭრის ფხალით ზრდიდა. გადაარჩევდა, მოხარშავდა, გაწურავდა, დაუმატებდა ცოტა მჭადის ფქვილს და რძეს. ხელში დაიჭერდა ფხლის გუნდას და აჭმევდა წიწილებს. - ბებო, რძეის მაგიერ ნიორი, მარილი და სუნელები რომ უქნა მაგ ჯინჭარს, მეც კი შევჭამდი...

- დეიღუპე იქით, შე გლახა, ღანჭიპა, რაის მჭამელი ხარ, ცა, შენ? რაცხა საჭმელია, იმას ძვილაი ჭამ... სახე დაეჯღანებოდა ბებოს.

ერთ წელიწადს ბიძაჩემმა ბელორეჩენსკიდან ორი თეთრი ინდაური ჩამოიყვანა, დედალ-მამალი, საკმაოდ დიდი ზომის, საჯიშედ ანუ გამოსანეზურებლად... უცნაურები იყვნენ, ჩვენებთან არ "მეგობრობდნენ". ცალკე ბალახობდნენ ეზოში, ეზოს გარეთაც სულ მარტო დაპენტურობდნენ. მეზობლები იცინოდნენ, ანიჩქაის ინდოურებმა ვერ ისწავლეს რუსული და რუსმა ინდოურებმა ქართულიო. ჩვენი მამლები კი ეკურკურებოდენ, მარა თეთრი მამალი "მედგრად იცავდა" მეუღლეს. კვერცხის დების პერიოდში თეთრი დედალი დაიკარგა. ვეძებეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ბებიამ ხელი ჩაიქნია.

- ნამდვილად ტურამ წეიყვანა, მარა ბურდღაც რომ არ ყრია ეზოში სადმე?! რაცხა ფარცაკი არ ჭირს მაგას. კვერცხი თუ დადო და მეიკრუხა, საჭმელიზა მაინც უნდა მევიდეს...

10 დღის შემდეგ გამოჩნდა ჩვენი თეთრი დედალ-მამალი ერთად, 14 ჭუკი მოიყვანა ყოველგვარი სტვენის გარეშე. ბებიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ხომ გეუბნებოდი, ბებო, არ სჭირდება სტვენა და ხვეწნა-მუდარა მამალს, მისით მოახერხებს რამეს, არ მოსწონს ალბათ შენი გარიგებული "პატარძალი"!

- მიქციე ახლა ყბაი... დავბერდი ქალი და ამფერი არაფერი მომსწრია, სხვას რომ ეთქვა, არაფერობამდი ამას არ დევიჯერებდი. ახალი ამბავი მალე მოედო კუთხეს და მნახველებმა სახელდახელო "თათბირი" მოაწყვეს კარიის წინ. თამარა ბებიამ გამოთქვა თავისი მოსაზრება.

- ანიჩქა, აგენი დაგიზარდოს ღმერთმა, მარა სანეზურედ ანუ საჯიშედ არ გამოგადგება. ჯერ ერთი ფთხუი იქნებიან, ტყეში დაჩეკილები არიან და იმიზა, მეორეც გაგვიფუჭებენ და შეგვიბღალავებ ჩვენი ინდოურების "თავმოყვარეობა"... ხედავ, შუხვეწებელად დამამლა მამალმა, დობირაში

დადვა კვერცხები და გამოჩეკა... არც არაფრის შერცხვენია და არც შეშინებია?

ხედავ, ნახევარზე მეტი ჭრელია, არც ისე პატიოსანი ყოფილა, თავს რომ გვაჩვენებს. შენ ფშიტინში გძრება სული და შენი მამალი დუუპატიჟებლად მამლავდა თურმე ამ თეთრ დედალს. რაფერ გავენ, ცა, მაგენის ქვეყნის ქალებს? არ ჭირიათ დიდი პატიჟი, ისე მამლიობენ.

ბევრი მაგალითი მოიყვანეს დასტურად, მათვის ცნობილი ისტორიებიც გაიხსენეს და სიცილ-კისკისით აიკლეს იქაურობა.

თეთრი ინდაური კი ამაყად იჯდა და ფრთებქვეშ მალავდა თავის "უკანონო" ჭუკებს. ალბათ გულში ფიქრობდა, ვინც რაც უნდა თქვასო, ჩემმა წისქვილმა კი ფქვასო. ბებიას მართლა არ გამოადგა თეთრი ინდაურები, გატყეშელებული ჯიშისაა, ჯინჭრის დანახვაზე ეიბზუენ ნისკარტი, პირდაპირ პურის კეკალის ჭამა დააწყებია დედამისმა, დუუნამცეცა და აჭამა. მაგენის დევნამ შემიკლა ხელში, სოფლის ბოლომდე ჩადიან, არც ხორცად მომწონს, ჩვენებური მირჩონია. უმალეზე აგენს მევიშორებ, დავკლავ და ჩვენებს გუუშობ საამგაისოდ, - ასეთი განაჩენი გამოუტანა ბებომ თეთრ და ხორცსავსე ინდაურებს. მე ვერ მივხვდი განსხვავებას, ძალიანაც მეგემრიელა ბებოს გამოგზავნილი, დაკლული თეთრი ინდაურის ხორცი. მე მიყვარს ეს ერთი ჩვეულებრივი მოგონება, გულს და სულს მითბობს.

კატო ჩულაშვილი:

- ელისაბედ ქერქაძე 13 წლის იყო. "მოსასპობი ილარიონა" კიკვაძე - 15-ის. მღვდელი ჯვარს არ სწერდა, ერთი წელი სოფიოსთან ეძინა, დედამთილთან. დედასავით უყვარდა დედამთილი. ამიტომაც მასთან დარჩა, როცა "ჩოხატაურის მაზრის თვალი" ილარიონა კიკვაძე ბოლშევიკებს გაექცა ცნობილ ამალასთან ერთად. დარჩა დედამთილთან 3 შვილით 18 წლის. ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ ვინ გაუბედავდა? 2 შვილის სიკვდილს მოესწრო. ბოლშევიკებმა დამაქციეს ბებიაო... - ახლა რომ გაიღოს ჭიშკარი და ილარიონა შემოვიდეს, რას იზამო? - ხშირად ვეკითხებოდით ორი კინკილა შვილიშვილი. რა ჯანდაბად მინდა აწი მაგის დასაღუპავი თავი, თქვენ თუ გამოგადგებათ რამეშიო...

ჰოდა, ქსოვდა და ქსოვდა ელისაბედი, სათევზაო ბადესავით, გულდასმით თავის ცხოვრებას. სამივე შვილს ასწავლა, გზაზე დააყენა და ქალაქში დაასახლა. ვაჟიშვილის სიკვდილის მერე "ალაგიდან" ფეხი არ გადაუდგამს, მაგრამ ქორწილი იყო თუ "ტირილი" ბუკისციხეს, ყველა სუფრაზე ელისაბედის ხაჭაპურები, საცივი და ღომი იდგა. სასწაული ყველი ამოყავდა, უფრო სასწაულ თაფლის არაყს ხდიდა, კაცებიც რომ ვერ ხდიდნენ ისეთს. ადესით და ცოლიკოურით სულ ჰქონდა 7 ჭური სავსე დაფნებში. ჰო, კოლექტივში არ უვლია, პროტესტის ნიშნად, - ჩემი შრომა-დღეები ჩემი ბაღნებიზა მინდა მეო! შემოდგომით საჯანჯუხე თხილს ასხამდა გასანთლულ ძაფზე, საგულდაგულოდ დარჩეულს და ყველა იყო "ქრისტეს ასაკის" - 33-თხილიანი.

- ეხ, ბებია, გამოჩერჩეტებული ბებერია, რას პრუტუნობს ნეტაო, მარა ახალგაზრდები რომ აბდლები ხართ თლათო? სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ჩვენს თავებში და გულებშია, ბებია. ადამიანი რომ მეიფიქრებს, იმაზე არც უკეთესი შეიძლება იყოს რამე და არც უარესი, ვისაც რისი ეშინია, ისაა მისი ჯოჯოხეთი. მე უთქვენობის მეშინია ბებია, სიკვდილის კი არაო?!

- ბაღანა არ უნდა ატირო ბევრი, თუ არა, რომ მოკვტები, საფლავზე დასაღვრელი ცრემლი აღარ ექნებაო, - ასე ამბობდა ელისაბედი. არადა, მერე, გვიან გავიგე, პითაგორას უთქვამს მსგავსი რამ, კარგა ხნით დაუსწრია ელისაბედისთვის. ერთი კვირა სამოთხის კარი ღიააო, სამოთხეში ღია კარის კვირეულია. სანატრელი დროა, ღმერთმანი!

ჰოდა, ელისაბედიც ასეთ კვირას მივაბარეთ მიწას, შვილის გვერდით. მაშინაც უსაშველოდ წვიმდა. საფლავი წყლით დაგვხვდა სავსე. მახსოვს, როგორ ხაპავდნენ მეზობელი ბიჭები მუჭით საფლავიდან წყალს, სანამ ბოლომდე არ ამოაშრეს. ყველაზე ამაგი ჰქონდა და ყველას მიმფერებელი იყო ელისაბედი. დედამთილის შორეული პოლონელი ნათესავი შეიკედლა, ან საიდან მიაგნო... სევასტოპოლში დავახვედრე ბიჭები, რომ დევინახე, ლანდი გასდიოდა ყურებში ბაღანასო. სოფელში ვიღაც მოცლილს და "მორიელის ენიანს" უთქვამს, ელისაბედმა ის გოგო მოჯამაგირედ დაიყენაო. წყენოდა ელისაბედს, ძალიან ტკენოდა. არადა იმ ელიჩკამ რომ დაიტირა, ისე საკუთარ შვილიშვილებს არ უტირიათ, დამახასიათებელი გურულ-სლავური აქცენტით, - ჩემი ბაბოია აღარ მყავსო...

როლანდ ხოჯანაშვილი

ჟურნალი "გზა"