ვოლოდიმირ ზელენსკი რადას: "დღეს ჩვენ ერთი პარტია გვაქვს - უკრაინა, ერთი ფრაქცია - უკრაინა, ერთი მონოუმრავლესობა - უკრაინა" - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკი რადას: "დღეს ჩვენ ერთი პარტია გვაქვს - უკრაინა, ერთი ფრაქცია - უკრაინა, ერთი მონოუმრავლესობა - უკრაინა"

ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა.პრეზიდენტის თქმით, ახლა დეპუტატებმა დრო არ უნდა დაკარგონ მეორეხარისხოვან კანონებზე და უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი უდიდესი ქვეყნის პარლამენტარები არიან.

„ამ თითქმის 10 კვირის განმავლობაში მე მივმართავდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მაგრამ თქვენთვის არ მომიმართავს. ეს არ გამოხატავს უპატივცემულობას, უფრო პირიქით - ეს დიდი ნდობაა თქვენდამი. თქვენ აქ ხართ, თქვენ იცით, რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში და თქვენ მშვენივრად იცით, რა უნდა გააკეთოთ.

თქვენ თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოს სახალხო დეპუტატები ხართ. თქვენ უკრაინის სახალხო დეპუტატები ხართ. საკვანძო სიტყვებია ხალხი და უკრაინა ! უმაღლესი რადას დღის წესრიგი ცხადია, საკვანძო სიტყვა - წესრიგი. არ არის სპამის, ჩხუბისა და პიარის დრო. თქვენ ისედაც ყველა გიცნობთ. დღეს მნიშვნელოვანია ბრძნული რაციონალიზმი და ჯანსაღი ნაციონალიზმი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, დეპუტატები დიდი უკრაინული ჯარის ნაწილი არიან და მათი ფრონტი საკანონმდებლო ველია, რომელზეც მათ უნდა იმუშაონ ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და გამარჯვებისთვის 24/7-ზე.

„დღეს ჩვენ ერთი პარტია გვაქვს - უკრაინა, ერთი ფრაქცია გვაქვს - უკრაინა, ერთი მონოუმრავლესობა - უკრაინა, ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი. ყველაფერი რაც მას არ ეხმარება, ან ვნებს წარსულში უნდა დარჩეს.

დღეს დეპუტატის არყოფნას უმაღლეს რადაში ამართლებს მხოლოდ 2 რამ: მისი მუშაობა საზღვარგარეთ ან რეგიონებში ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის ან მისი სიკვდილი - ასევე სახელმწიფოს ინტერესებისთვის, სხვები მას არ სჭირდება, სხვები უნდა გაყვნენ რუსული გემის კვალს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

IPN