10-კილოტონიანი ბირთვული ბომბის ძალა ექნება, თუკი ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო საწყობი იფეთქებსო...
კობასნა მოლდოვას ერთი პატარა სოფელია, მაგრამ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენაა მიპყრობილი - ემანდ არ იფეთქოსო!
კობასნაში მდებარეობს ევროპაში ყველაზე დიდი საბრძოლო მასალის სამხედრო საწყობები, სადაც დღეს 20 ათას ტონამდე საერთო მასის ჭურვები, საავიაციო ბომბები, რაკეტები, ნაღმები, ხელყუმბარები და ვაზნები ინახება, რომელთა დეტონაციის შემთხვევაში აფეთქების ძალა შეიძლება ათკილოტონიანი ტაქტიკური ბირთვული ბომბისას გაუტოლდეს ტროტილის ექვივალენტებში, რადიაციის გამოყოფის გარეშე...
იმის შიშმა, რომ კობასნას უზარმაზარმა საბრძოლო მასალების საწყობმა შეიძლება მართლაც იფეთქოს, იმიტომაც მოიმატა, რომ ეს სოფელი მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთშია და თანაც უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც ორიოდე კმ-ითაა დაშორებული.
ამ სამხედრო საწყობის ოფიციალური დასახელებაა, „საარტილერიო საბრძოლო მასალების 1411-ე საწყობი“ და ის ამ ადგილას გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს შეიქმნა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე.
ეს საწყობი სტრატეგიგიული მნიშვნელობის გახლდათ, რომელსაც საარტილერიო საბრძოლო მასალებით უნდა უზრუნველყო საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სამხრეთ-დასავლეთი მიმართულების სარდლობა, დიდი ომის დაწყების შემთხვევაში.
ვარშავის ხელშეკრულების პაქტის დაშლისა და აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის პროცესში, კობასნას სამხედრო საწყობში დამატებით იქნა შეტანილი რამდენიმე ათეული ათასი ტონა სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო მასალა.
ამის შემდეგ კობასნაში დასაწყობებული საბრძოლო მასალის საერთო რაოდენობამ 42 ათასს ტონას გადააჭარბა და ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო საწყობის პირველობაც მოიპოვა.
დნესტრისპირეთელი სეპარატისტები და იქ დისლოცირებული რუსეთის მე-14 საერთო საჯარისო არმია, რომელსაც არც თუ უცნობი გენერალი ლებედი მეთაურობდა, კობასნას სამხედრო საწყობებიდანაც იღებდნენ ჭურვებსა და რაკეტებს მოლდოვის ახალშექმნილ არმიასთან საბრძოლველად 1992 წლის ზაფხულში.
2000-2004 წლებში რუსეთმა თავის ტერიტორიაზე გაიტანა და ამასთან ადგილზევე გააუვნებელყო კობასნას სამხედრო საწყობის ნახევარი და დღეს იქ შეიძლება 20 ათას ტონამდე საბრძოლო საჭურველი თუ დარჩა.
მაგრამ ამ საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილის გამოყენებაც შეუძლებელი ხდება მისი დიდი ხანდაზმულობის გამო: 50-60 წლის წინ გამოშვებული ჭურვის ჰაუბიციდან გასროლა კი არა, მისი ტრანსპორტირებაც კი შეიძლება საფრთხესთან იყოს დაკავშირებული, ამიტომაც წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კობასნას უზარმაზარი სამხედრო საწყობები ნაკლებად მიმზიდველია.
თუმცა, რაღაც-რაღაცების ამორჩევა მაინც შეიძლება და ეს ამორჩეული იმ რაოდენობის აღმოჩნდეს, რაც უკრაინის არმიას რამდენიმე თვეს აომებს.
უკრაინის არმია ორთვიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მართლაც განიცდის საბრძოლო მასალის დეფიციტს (ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინელები 2014 წლიდან ომობენ დონბასში და ამასთან, მათი იარაღის საწყობები რამდენჯერმე აფეთქდა, დიდი ალბათობით რუსული დივერსიების შედეგად), განსაკუთრებით კი საბჭოთა სტანდარტის მსხვილკალიბრიანი ჭურვებისა.
ამიტომაც უკრაინელი სამხედროებისთვის მიმზიდველ მსუყე ლუკმად უნდა მოჩანდეს მათი საზღვრიდან ორიოდე კმ-ში აღმართული საარტილერიო ჭურვების ხის ყუთების „მთები“...
მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთში ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია - ადგილობრივი მოსახლეობა ავტოტრანსპორტით ტოვებს იქაურობას, მოლდოვასა და უკრაინის ოდესის მიმართულებით.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ტირასპოლელებს ომში და დაბომბვის ქვეშ მყოფი უკრაინის ოდესისთვის ურჩევნიათ თავის შეფარება, ვიდრე სამშობლოში - სეპარატისტულ დნესტრისპირეთში დარჩენა...
ეს კი შეიძლება მხოლოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ დნესტრისპირეთში უახლოეს პერიოდში მართლაც რაღაც დაიწყება - ან რუსეთი ეცდება საჰაერო დესანტი გადასხას ტირასპოლის აეროდრომზე და ადგილობრივ რუსული სამხედრო ბაზა გააძლიეროს სეპარატისტების „არმიასთან“ ერთად და იქიდან დასცხოს უკრაინას, ან უკრაინის არმია ზურგში არსებულ ამ საფრთხის ძალისმიერი გზით აღმოფხვრას შეეცდება, კობასნას სამხედრო საწობებიდან სასურველი საბრძოლო მასალის ამორჩევით...
პ.ს.
თავის დროზე ამ ბლოგის ავტორს, ადგილობრივ მოლდაველებთან ერთად მოუწია მდინარე დნესტრის პატარა კატარღით გადაცურვა და მის მარცხენა ნაპირზე იმ დასახლებული პუნქტის დათვალიერება, სადაც თავის დროზე ბრძოლები მიმდინარეობდა-შენობებს კიდევ ეტყობოდა ტანკის ჭურვების „ნაკვალევი“, თანხმლებნი კი სულ მაფრთხილებდნენ-სნაიპერები ჯერ კიდევ „მუშაობენო“...
წმინდა ტაქტიკური თვალსაზრისით, დნესტრისპირეთის სეპარატისტები ძალიან წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, უკრაინასთან რომ მოუწიოთ შებრძოლება და მოლდოვას სუსტმა არმიამ ხელიც, რომ არ გაანძრიოს.
საქმე ის არის, რომ სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიის სიგრძე კი 202 კმ-მდეა, მაგრამ სიგანე მხოლოდ 40 კმ-ია ანუ უკრაინის არტილერიას მთელი დნესტრისპირეთის სიღრმეში შეუძლია უპრობლემოდ „მუშაობა“, ისე, რომ 7-10 ათასკაციან ადგილობრივი სეპარატისტებისა და 2 ათასიან რუსეთის არმიის ოპერატიულ დაჯგუფებას (რომელსაც არც სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემა და არც საჰაერო მხარდაჭერა ექნება) ძალიან გაუჭირდება ისეთი უხიფათო ადგილების მოძებნა, სადაც უკრაინელების „ურაგანები“ თუ დამრტყმელი დრონები ვერ მისწვდებიან...