"მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა" - რას ამბობს ექიმის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა" - რას ამბობს ექიმის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე?

გადაუდებელი მდგომარეობა არ არის, მაგრამ წონის ისეთი დანაკარგია, რომ დროზე ჯობს მდგომარეობის გამოსწორება, - ამის შესახებ ექიმმა, კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც წულაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს იღებს, თუმცა საკვებს - ვერა.

მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ანორექსია აქვს.

როგორც წულაძე აცხადებს, ადაპტაციის აშლილობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა, რაც პათოლოგიური მდგომარეობაა.

„ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის ადაპტაციის აშლილობა, რასაც პენიტენციური სამსახური უწერს, ჩვენ რაც ვნახეთ, მას ჰქონდა ანორექსია, რის გამოც, ის იკლებს წონაში და კუნთოვან მასას კარგავს. ადაპტაციის აშლილობა თავის თავში გულისხმობს, რომ ის იმ გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა, ეს პათოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად, გარემოს, რომელსაც ვერ შეეგუა, უნდა მოხდეს ცვლილება, კონფლიქტი წარმოიქმნება პაციენტის მკურნალობასა და არსებულ მდგომარეობას შორის. ის იღებს მედიკამენტებს, რაც დანიშნული აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ არის. ჩვენ მოგვცა უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვესაუბრა, ამიტომ ამას თავისუფლად ვაკეთებ, თვითონ როგორც ამბობს, მედიკამენტებს იღებს, ისეთი პრეპარატები არაა, რომ ასე უცებ შეწყვიტოს, ვერც შეწყვეტს, მისთვის მნიშვნელოვანად დამაზიანებელი და ძალიან დიდი დისკომფორტის მომცემი იქნება. რასაც ვერ იღებს, ეს არის საკვები, განსაკუთრებით, ცილოვანი საკვები, რომელზეც მას გულისრევა აქვს, შესაბამისად, იღებს ნაკლებ კალორიას, არამხოლოდ ცილოვან საკვებს, სხვა საკვებსაც ნაკლებს იღებს. როგორც შევაფასეთ იმ ჩამონათვალიდან, რაც მან გვითხრა, დაახლოებით, 600-800 კალორიას იღებს, ამაზე 2-3-ჯერ მეტი სჭირდება. ეს არ არის გადაუდებელი მდგომარეობა, ასეთი აზრი მუსირებს, მაგრამ ჩემი აზრი, როგორც ერთ-ერთი ექიმის, ასეთია, რომ ეს გადაუდებელი მდგომარეობა არ არის, მაგრამ წონის ისეთი დანაკარგია, რომ დროზე ჯობს მდგომარეობის გამოსწორება“, - განაცხადა წულაძემ.

კითხვაზე, სააკაშვილი მიმართავს თუ არა თვითდაზიანებს და თავად ამბობს თუ არა საკვებსა და მედიკამენტებზე უარს, წულაძე პასუხობს, რომ თუკი, სააკაშვილი „ამას მიმართავს, მისი დაავადებიდან გამომდინარე მიმართავს“.

„ადაპტაციური აშლილობა ამას გულისხმობს პათოლოგიურად, ასე არ არის, რომ ციხეს ვერავინ ეგუება, თუ ადამიანი დამნაშავეა, ის მისთვის ფსიქოლოგიურად მაინც მისაღები ხდება, თუ ადამიანი არ თვლის თავს დამნაშავედ და თვლის, რომ მას უსამართლოდ მიადგა წყენა, დამცირება, ის ამას შეიძლება ფსიქოლოგიურად არ შეეგუოს და განუვითარდეს ადაპტაციური აშლილობა, რაც თავის თავში გულისხმობს დეპრესიულ განწყობას, სუიციდალურ ქცევას, მადის დაქვეითებას, გენრალიზებულ შფოთვას და ა.შ. ეს არ არის ისეთი ნათქვამი, რომ ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება, არა, ციხეში უმრავლესობა ეგუება იმას, რაც მან დამსახურებულად მიიღო.

ადაპტაციური აშლილობა, რაც მას პენიტენციური სამსახურის ფისქიატრებმა დაუსვეს, თავის თავში გულისხმობს თვითდაზიანებას სუიციდალური ქცევის თვალსაზრისითაც კი, თუ ამას მიმართავს, ამ დაავადებიდან გამომდინარე მიმართავს, აქედან გამომდინარეობს მისი ეს სიმპტომი, მათ შორის, ანორექსიაც. როცა მიმართავდა, ამას სახელი დაარქვა - შიმშილობა და ასე აკეთებდა. ახლა მან შიმშილობა არ გამოაცხადა, ახლა უბრალოდ, ეს ქცევაც მისი ამ დაავადების ნაწილია“, - განაცხადა წულაძემ.

კითხვაზე, აუცილებელია თუ არა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმი პასუხობს, რომ მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, გარემოს შეცვლა სჭირდება.

„ეს თემა ჩემთვის ცოტა ძნელი საპასუხოა. საქართველოში კი არის შესაძლებელი, მაგრამ იმ გარემოში არ არის შესაძლებელი, სადაც არის. საზღვარგარეთ წასვლა თუ იმას გულისხმობს, რომ გარემოს შეცვლა სხვანაირად შეუძლებელია საქართველოს პირობებში, ჰო, მაგრამ საქართველოს პირობებშიც შესაძლებელია გარემოს შეცვლა, გარემოს შეცვლა არის მისთვის მკურნალობა“, - განაცხადა წულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"