"ვუთხარი, - არ წავალ, დაღლილი ვარ-მეთქი!.. სტუდიის ფარდის შეკერვაშიც წვლილი მაქვს შეტანილი" - რას იხსენებს ინტერვიუში ლია მიქაძე, რომელიც დღეს იუბილარია - კვირის პალიტრა

"ვუთხარი, - არ წავალ, დაღლილი ვარ-მეთქი!.. სტუდიის ფარდის შეკერვაშიც წვლილი მაქვს შეტანილი" - რას იხსენებს ინტერვიუში ლია მიქაძე, რომელიც დღეს იუბილარია

ერთ-ერთ პირველი ტელეწამყვანი ქართული ტელევიზიის ისტორიაში ლია მიქაძეა, რომელსაც დღეს 86 წელი შეუსრულდა.

პირველი დიქტორები ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე იყვნენ. მაუწყებლობა კვირაში ექვსი დღე, საღამოს 7 საათსა და 30 წუთიდან ხორციელდებოდა..

აი რას იხსენებს ქალბატონი ლია მის ერთ-ერთ ინტერვიუში:

"პირველ კურსზე ვიყავი, მე და ბატონი მიშა ჩამოვდივართ კიბეებზე და მორბის მერაბ ჯალიაშვილი (ქართული ტელევიზიის პირველი რედაქტორი - თ.ბ.) ისიც ბატონ მიშას ყოფილი სტუდენტი იყო, სარეჟისოროზე სწავლობდა. მიშას უთხრა, თბილისში ტელევიზია იხსნება და ლამაზი გოგონები გვჭირდებაო. მიშამ ახედა და უთხრა, - შენთვის არავინ მყავს, მომშორდი აქედანო. გავიდა ხანი და საპროფესოროში დამიძახეს, რადიო კომიტეტიდან დარეკეს და უნდა მიხვიდეო. გამიკვირდა, ბატონ მიშასთან მივედი და ვუთხარი, - არ წავალ მეთქი, უნდა წახვიდეო, - მიპასუხა. წავედი, მომცეს ქართულ და რუსულ ენაზე შედგენილი ტექსტები და მიკროფონთან წავიკითხე. შემდეგ დავბრუნდი ისევ უნივერსიტეტში. ერთი თვის შემდეგ ისევ დამიძახეს საპროფესოროში, - ფუნიკულიორზე უნდა ახვიდეო. ისევ ბატონ მიშასთან მივედი, როგორც ყოველთვის. ვუთხარი, - არ წავალ, დაღლილი ვარ მეთქი! გამიბრაზდა, რას ჰქვია არ წახვალ, აუცილებლად უნდა წახვიდეო! რადგან მიბრძანა, არ შემეძლო არ შემესრულებინა.

ფუნიკულიორზე ტრამვაით ავედი, მაშინ საბაგირო გზა არ არსებობდა. რაც კი თბილისში ლამაზმანი იყო, ყველა იქ შეკრებილა, ახალგაზრდები, შუახნის, ზოგი წლოვანი. საღამოს კაბებში გამოწყობილები.

მერაბმა დამინახა და პატარა ოთახში შემიყვანა, აქ დაისვენეო. იქ ორი ქალი და ახალგაზრდა ბიჭი რაღაცას კერავდნენ. უსაქმოდ ვერ გავჩერდები, მომეცით, მეც მოგეხმარებით მეთქი, ვუთხარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სტუდიის ფარდა, რომელიც შემდეგ 11 წელი ეკიდა მთაწმინდის სტუდიაში. ასე, რომ ფარდის შეკერვაშიც წვლილი მაქვს შეტანილი. დაიწყო კონკურსი, წაგვაკითხეს ტექსტები... კონკურსში 300 გოგონა მონაწილეობდა. მათგან 9 გოგონა დაგტოვეს, რომელთაგან ცენტრალური კომიტეტის ბიუროს უნდა აერჩია წამყვანები... ასე აღმოვჩნდი ტელევიზორში