"რატომ უჭერ მხარს ომს? ჩვენ პოლიტიკის ენაზე კი არა, იესოს ენაზე უნდა ვისაუბროთ" - კვირის პალიტრა

"რატომ უჭერ მხარს ომს? ჩვენ პოლიტიკის ენაზე კი არა, იესოს ენაზე უნდა ვისაუბროთ"

იტალიურ გაზეთ „კორიერა დელა სერაში“ (Corriere della Sera) დაბეჭდილია რომის პაპის - ფრანცისკეს ინტერვიუ სათაურით - „პუტინი არ ჩერდება. მე მინდა მას მოსკოვში შევხვდე. კიევში არ წავალ“ (ესაუბრება ჟურნალისტი ლუჩანო ფონტანა).

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე მიმოხილვას, რომელიც ვატიკანის გამოცემა Vatican News-შია გამოქვეყნებული.

ჟურნალისტთან შეხვედრისას რომის პაპმა მოიბოდიშა, რომ სანტა-მარტას სასახლეში მიწვეულ სტუმრებს - ჟურნალისტ ლუჩანო ფონტანას და გაზეთის დირექტორის მოადგილეს - ფორენცო სარზანინს ფეხზე ადგომით ვერ შეხვდა - „იოგები მაქვს გაწყვეტილი და ოპერაციას ველოდებიო“.

რასაკვირველია, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომის თემას, რომელსაც რომის პაპის ყურადღების ცენტრშია განუწყვეტლივ, საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან. ამ დროის განმავლობაში პაპ ფრანცისკეს მრავალი საშუამავლო მცდელობა ჰქონდა, დაწყებული სატელეფონო საუბრებით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, ასევე, წმინდა საყდართან აკრედიტებულ რუსეთის ელჩთან შეხვედრით და ბოლოს, მზადყოფნით - წავიდეს მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტს - ვლადიმერ პუტინს ესაუბროს.

„მიმიღებს რუსეთის პრეზიდენტი?“

„მე ვთხოვე კარდინალ პიეტრო პაროლინს (ვატიკანის სახელმწიფო მდივანს), რომ ვლადიმერ პუტინს შეატყობინოს: მზად ვარ მოსკოვში წავიდე და რუსეთის პრეზიდენტს შევხვდე“, - ამბობს პაპი ინტერვიუში. თუმცა, მისი თქმით, შეხვედრა რომ განხორციელდეს, რუსეთის პრეზიდენტმა ჯერ მოლაპარაკებისათვის „დროებით ფანჯარა უნდა გააღოს“. „შეიძლება მას არ სურს ჩემთან შეხვედრა, მაგრამ მოლაპარაკება აუცილებელია. მაშ, როგორ უნდა შეჩერდეს ეს ულმობელი ომი? 25 წლის წინათ რუანდაშიც ასე ხდებოდა“.

პონტიფიკოსის თქმით, ამ დროისათვის მას კიევში ვიზიტი დაგეგმილი არ აქვს. იგი ფიქრობს, რომ უმჯობესია, ჯერ მოსკოვში წავიდეს.

„ჯერჯერობით კიევში არ მივდივარ. ვგრძნობ, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. თავდაპირველად მოსკოვში წასვლა უფრო უმჯობესია, ჯერ პრეზიდენტ პუტინს უნდა შევხვდე... სხვა რა გავაკეთო? მე ხომ სასულიერო პირი ვარ, მღვდელი. რაც შემიძლია, ყველა ძალისხმევაზე თანახმა ვარ. მთავარია, რომ პუტინმა კარი გამიღოს“.

საუბარი კირილესთან: „რატომ უჭერ მხარს ომს?“

პაპმა აღნიშნა, რომ იგი რუსეთის პატრიარქს - კირილეს ესაუბრა: „მე მას ვუთხარი, რომ არ მესმის, რატომ უჭერს იგი მხარს ომს. ჩვენ ხომ სახელმწიფო ჩინოვნიკები არ ვართ, არც - პოლიტიკოსები. ჩვენ პოლიტიკის ენაზე კი არა, იესო ქრისტეს ენაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ყველა უფლის მრევლი ვართ. უნდა ვეძებოთ გზები ომის შესაწყვეტად და მშვიდობის დასამყარებლად, იარაღი გვერდზე უნდა გადავდოთ. პატრიარქი პუტინის მსახური არ უნდა იყოს“.

„ნატოს ყეფა რუსეთის კართან?“

კონფლიქტის მიზეზებზე საუბრისას პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, კრემლის განრისხება იმითაა გამოწვეული, რომ „ნატო რუსეთის კართან ყეფდა“, ამით მოსკოვის პროვოცირება მოახდინა და „რუსეთს კონფლიქტის ინიცირებისკენ უბიძგა“. „არ ვიცი, ზუსტად როგორ მოხდა, ამაზე საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები, თუმცა ვგრძნობ, რომ ვიღაცამ აშკარად ხელი შეუწყო რუსეთის განრისხებას“.

იარაღით ვაჭრობა: „ეს სამარცხვინო საქმეა“

„კორიერა დელა სერასთან“ საუბრის დროს რომის პაპი შეეხო „იარაღით ვაჭრობას“, რომელსაც იგი „სამარცხვინოდ“ მიიჩნევს. სამწუხაროდ, იარაღის ვაჭრობის წინააღმდეგ ძალიან ცოტა ვინმე თუ გამოდის.

„მე არ ვიცი, როგორ ვუპასუხო ამ კითხვას... ძალიან ვარ დაშორებული ამ თემისაგან - სწორია თუ არა ის, რომ ახლა უკრაინელებს იარაღით ამარაგებენ. ერთი რამ ნათელია: იქ იარაღის გამოცდა ხდება. რუსებმა ახლა იციან, რომ ტანკები გამოუსადეგარია და სხვა იარაღზე ფიქრობენ. ამიტომაც ხდება კონფლიქტები, რათა იარაღი გამოსცადონ. იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ მეტი ძალისხმევა უნდა განხორციელდეს“, - ამბობს პაპი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ