ვინ ისარგებლებს 300-ლარიანი დახმარებით? - რას აცხადებს ილია თამარაშვილი? - კვირის პალიტრა

ვინ ისარგებლებს 300-ლარიანი დახმარებით? - რას აცხადებს ილია თამარაშვილი?

რა შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ადამიანებს?

10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავებისთვის სახელმწიფო დაიწყებს სუბსიდიების გაცემას და ამ დახმარებას დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი მიიღებს. სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარზე 300 ლარით განისაზღვრება. როგორც ხელისუფლება ამბობს, პროექტი დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაზე...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი:

"მთელი სპექტრი გვაქვს პროგრამების, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. 300-ლარიანი სუბსიდიის გაცემაზე განკარგულება უკვე დამტკიცებულია და მიმდინარეობს პროცედურული საკითხები. 10 მაისის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ 300-ლარიანი პირდაპირი სუფსიდიის პროგრამას, რომელიც განკუთვნილია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მქონე მცირემიწიანებისთვის. ეს პროგრამა ითვალისწინებს იმ პირების დახმარებას, ვისაც 0,25-დან 1,25 ჰექტარის ჩათვლით, ჯამურ მფლობელობაში მიწა რეგისტრირებული აქვთ..."

niadagis-damushaveba-1651665127.jpg

"ჩვენ გვაქვს მეორე სეგმენტი, სისტემური პროექტი, სადაც წლიური პროცენტის სუბსიდირებას ვახდენთ და ბენეფიციარს ვუფინანსებთ კომერციულ სესხს. 12 თვის განმავლობაში მას 9 პროცენტს გადავუხდით, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ მოვლა-პატრონობას, პროდუქტის დაბინავებას და რეალიზებას. ასეთი ბენეფიციარი მიდის ბანკში, სადაც მის სახელზე სესხი მტკიცდება. სესხი არის 5.000 ლარიდან 100.000 ლარამდე ღირებულების, რაც შეუძლიათ გამოიყენონ ერთწლოვანი კულტურების მოვლა-პატრონობისთვის..."

"სუბსიდიის აღება შეუძლია თანასაკუთრებაში მყოფი მიწის ერთ-ერთი თანამესაკუთრესაც. ის მივა, აიღებს ბანკში ბარათს და დაერიცხება ქულები, მაღაზიაში იყიდის საჭირო მასალას (გვინდა მიზნობრივად დაიხარჯოს ეს თანხა). თუ პირი არ იმყოფება ქვეყანაში, მის წარმომადგენელს შეუძლია მინდობილობით მივიდეს ბანკში..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა