"ყველას უსმენენ, ეს ამაზრზენი და ამორალურია... უნდა დამთავრდეს" - კვირის პალიტრა

"ყველას უსმენენ, ეს ამაზრზენი და ამორალურია... უნდა დამთავრდეს"

როცა ვიცით, რომ ფარულად გვისმენენ...

ბევრი წელია, ფარული მოსმენები ჩვენს ქვეყანაში აქტუალური პრობლემაა. ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანებთან კონტაქტის საშუალებას აიოლებს, მაგრამ სინამდვილეში, ზოგიერთი ჩვენგანი თუნდაც მეგობართან სატელეფონო ან სოციალური ქსელით საუბრისას ისეთი გულახდილი ვერ არის, როგორიც პირისპირ შეხვედრისას, რადგან იმის განცდა აქვს, რომ შესაძლოა, მის საუბარს არასასურველი ადამიანებიც უსმენენ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნინო მუმლაძე:

"ჩემს დამოკიდებულებებს სხვადასხვა მოვლენის, პრობლემის მიმართ ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ და საახლობლო წრეში არ ვჩურჩულებ. ახლობლებთან საკონტაქტოდ რა მეთოდებსაც აქამდე ვიყენებდი, ისევ იმას ვიყენებ - საფრთხე არ მიგრძნია. სოციალურ ქსელებში ანგარიშის გატეხის შემთხვევები ნებისმიერ ცნობილ ადამიანს ჰქონია, რადგან ვიღაცები ისეთ ანგარიშებს ტეხავენ, რომელსაც ბევრი "გამომწერი" ჰყავს. ჩემი ანგარიშის გატეხის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს მიაღწიეს - დროული რეაგირება მქონდა..."

დიმიტრი ტატიშვილი:

"ყველას უსმენენ. ეს არასწორი, ამაზრზენი და ამორალურია. ადამიანს აქვს უფლება, ნორმალურ ქვეყანაში (სამწუხაროდ, ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში არ ვართ), საკუთარი პირადი სივრცე დაცული ჰქონდეს - ტელეფონით საუბრის დროსაც და სოციალურ ქსელებში ურთიერთობისასაც. ვიცით, ასე არ არის. ჩვენთან ეს უფლება დარღვეულია ისე, როგორც ბევრ ჩვენნაირ ქვეყანაში, მაგალითად - რუსეთში. ეს უნდა დამთავრდეს, მდგომარეობა გამოსწორდეს..."

ზურა ნიჟარაძე:

"მგონია, ამ ფონზე, საზოგადოება მაინც მორიდებულად იქცევა - ცდილობს, ტელეფონით სათქმელი ბოლომდე არ თქვას, არ მისწეროს... ჩემს შემთხვევაშიც ასეა: მაინც მორიდებული ვარ. დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ ბოლომდე "გახსნილიც" არ ვარ. ყველაფერს ვწერ, ვკითხულობ და ყველა თემაზე ვსაუბრობ, მაგრამ შეიძლება, კონკრეტულ სიტუაციაში რაღაცის თქმისგან თავი შევიკავო, რადგან წინა მთავრობის დროსაც და ახლაც ბევრი ფარული ჩანაწერი გავრცელდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი