"თუ შენში არის სექსის ენერგია, ქალური საწყისი, მაშინ ყველას მოხიბლავ" - კვირის პალიტრა

"თუ შენში არის სექსის ენერგია, ქალური საწყისი, მაშინ ყველას მოხიბლავ"

"სიბერე არ არსებობს! არსებობს ცხოვრებისგან დაღლა, სურვილების გაქრობა, გაბეზრება. რომ იციან თქმა, დავბერდიო და ჩაიცვამენ რაღაც დაჯოჯილ სამოსს, ეს სიბერე კი არა, უპატივცემულობაა საკუთარი თავის და ცხოვრების! ადამიანი ყოველთვის უნდა გაიზარდოს! კი არ უნდა ბერდებოდეს, არამედ ბრძენდებოდეს!" - ამბობს მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც გემოვნებასთან დაკავშირებულ საკუთარ შეხედულებებს ნიუ-იორკიდან გვიზიარებს...

- გემოვნება ოჯახში ყალიბდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაბადებიდან, ბავშვობაში რას ხედავ, როგორ მუსიკას უსმენ, როგორ წიგნს კითხულობ და ა.შ. ყოფილან თვითმყოფადი გენიოსებიც, რომლებიც სადღაც ღრმა სოფელში გაიზარდნენ, მაგრამ უმაღლესი გემოვნება ჰქონდათ. ეს იშვიათი შემთხვევაა. უფრო ხშირად, გემოვნება შესაბამის გარემოში ყალიბდება. თუმცა, მისი გამომუშავებაც შეიძლება, თუ ადამიანს რაღაცას აუხსნი, აჩვენებ, სწორ მიმართულებას მისცემ... მაღალი ხელოვნება გემოვნების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. ხელოვნება ის ძალაა, რომელსაც ადამიანზე პირდაპირი ზემოქმედება შეუძლია.

- მოგზაურობას როგორ ქვეყნებში ამჯობინებთ?

- ვგიჟდები ლათინური ამერიკის ქვეყნებზე - კუბა, ურუგვაი... მხიბლავს კანარის კუნძულები, იამაიკა, სენ-მარტენი... კუბაში ჯერ არ ვყოფილვარ და ოცნებად მაქვს, როდის წავალ. ძალიან მიყვარს ლათინურამერიკული მუსიკაც...

ურუგვაი ნამდვილი სასწაულია! სანაპიროზე ფაფუკი, მუქი ყვითელი ქვიშაა. ქუჩები გამდიდრებულია ცოცხალი, ულამაზესი ხეებით, რომელზეც ასევე ულამაზესი, დიდი ყვავილები იზრდება. მსგავსი რამ მხოლოდ ურუგვაიში ვნახე... პატარა ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადადიხარ - მოვლილი, გაპიწკინებული სახლები და საოცრად მყუდრო ატმოსფეროა. ალბათ, იქაც აქვს ხალხს პრობლემები, მაგრამ ირგვლივ სიმშვიდე იგრძნობა.

იამაიკაზე, ბაჰამის კუნძულებზე მე და ჩემი მეგობარი ტურით ვიმყოფებოდით. იქ ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა მდიდარ და ღარიბ სამყაროს შორის. ქალაქში გემით რომ მივედით და პორტიდან ცენტრისკენ შევდიოდით, პატარა ოთხკუთხედი, ლამაზი სახლები, სიგარას მაღაზიები დავინახეთ, გარშემო კი ძალიან არომატული ყავის სურნელი იყო, ლათინურამერიკული მუსიკა ისმოდა და ყველაფერი მართლაც ძალიან თავბრუდამხვევი გახლდათ... ჩვენთან მოვიდა ერთი მაღალი კაცი და გვითხრა: თუ გინდათ ქალაქს დაგათვალიერებინებთო. ცოტა არ იყოს შეგვეშინდა, მაგრამ შემოთავაზებას მაინც დავთანხმდით... თავიდან ულამაზესი პატარა ქუჩები გავიარეთ, შემდეგ უკიდეგანო სიღარიბეში აღმოვჩნდით. საშინელი სიღატაკე იყო, ბავშვები პირდაპირ მიწაზე დაგდებულ საკვებს იღებდენ და ჭამდენ, თავი რაღაც ფილმში მეგონა... ეს ქუჩები რომ გავიარეთ, ამ კაცმა უცებ გაზს ფეხი მიაჭირა, სწრაფად გაიჭრა. ვუთხარით, უკან მიბრუნებულიყო, რადგან მალე გემთან უნდა მივსულიყავით, მაგრამ გვთხოვა, სულ ერთი წუთით წამომყევით, პატარა გორაზე ავალ, სულ იქ ვლოცულობ და ახლა ლოცვის დრო მოდისო... მე და ბელას ძალიან შეგვეშინდა, ერთმანეთს დამფრთხალი ვუყურებდით...

გორაკზე რომ ავედით, ამ კაცმა მანქანა გააჩერა, პატარა ნოხი გადმოიტანა, მუხლებზე დადგა, დაყირავდა და ლოცვა დაიწყო... საოცარი რამ მოხდა! როგორც კი ლოცვა დაიწყო, მე ავტომატურად გულში "მამაო ჩვენოს" კითხვა დავიწყე. ბელა ებრაელია და რომ გავხედე, ისიც თავის ლოცვას კითხულობდა... უცებ იმდენად ჯადოსნური რამ დატრიალდა, ალბათ იმ მომენტში დედამიწაზე ვიღაც ძალიან ცუდს გადავარჩინეთ. წარმოიდგინეთ, სამი ადამიანის მეშვეობით მსოფლიო სამი რელიგიის ჭეშმარიტი ლოცვა ერთდროულად აღევლინა. იმდენად ზღაპრული მომენტი იყო, ცრემლებმორეულმა "ლაივი" ჩავრთე და ეს ყველაფერი მოვყევი. ვიდეოშიც ვამბობდი, რომ მომავალი სამყაროს გადარჩენა, დედამიწაზე არსებობა თუ გვინდა, ამ პოსტულატით, ასეთი ერთობით უნდა ვარსებობდეთ-მეთქი...

- ნუცა, ცნობილი ქართველებიდან ვინ გახსენდებათ მისაბაძად გემოვნებიანი?

- დედაჩემის ახლო მეგობარი, ბავშვობიდან რომ ერთად იზრდებიან, ჩვენი ოჯახის ყველაზე ახლობელი - ნანი ბრეგვაძე! უბერებელი ქალია. ნანი არის სტილი, რომელსაც ხედავ და ცხოვრების არ გეშინია! მომავალ წლებთან შეხვედრა გიხარია! ულამაზესად გადადის ასაკში. როგორ უვლის თავს, ხმას, როგორი მაღალი კულტურა აქვს, როგორ დგას სცენაზე, როგორი სტატუსით! არაჩვეულებრივია!

ზოგადად, თბილისში მაღალი გემოვნება იგრძნობა! გენიოსი სერგო ფარაჯანოვი ამბობდა, მთელ კავკასიაში არავისი არ უნდა შეგშურდეთ, არც აზერბაიჯანელებს და არც სომხებს, საქართველო წარმომადგენელია თავის რაფინირებული, ლამაზი კულტურითა და გემოვნებით, ხალხიც ულამაზესიაო...

- მამაკაცებიდან ვინ გახსენდებათ ამდენად გამორჩეული?

- გამორჩევა გამიჭირდება, თუმცაღა ასევე უდიდესს პატივს ვცემ ბუბა კიკაბიძეს, რომელიც მუდმივად ღირსეულ ფორმაშია.

არაჩვეულებრივი, ნამდვილი მამაკაცი, რომ შეხედავდი "დაეცემოდი", ასეთი იყო ალექსანდრე (ბუთხუზი) ბასილაია... ერთმანეთს მოსკოვში შევხვდით, სიმღერა დამიწერა და არასოდეს დამავიწყდება, როგორ გამოიყურებოდა... სასწაული, მაღალი, ორმეტრიანი, აწყობილი ჭაღარა კაცი, უზარმაზარი ლამაზი ხელებით. თუ შეიძლება რომ დაახასიათო ბრგე ვაჟკაცი, აი, ეგ იყო...

ჩვენი შეხვედრიდან ერთი წლის მერე საშინელი სენი შეეყარა, სწრაფად მოერია და გარდაიცვალა.

- ზემოთ ახსენეთ, ნანი ბრეგვაძის დანახვისას ადამიანს წლების მატება არ გაშინებსო... ყველა ქალი განიცდის ასაკის მატებას და ამაზე რას იტყოდით?

- სიბერე არ არსებობს! არსებობს ცხოვრებისგან დაღლა, სურვილების გაქრობა, გაბეზრება. რომ იციან თქმა დავბერდიო და ჩაიცვამენ რაღაც დაჯოჯილ სამოსს, ეს სიბერე კი არა უპატივცემულობაა საკუთარი თავის და ცხოვრების! ადამიანი ყოველთვის უნდა გაიზარდოს! კი არ უნდა ბერდებოდეს, არამედ ბრძენდებოდეს! ლანა ღოღობერიძე ოთხმოცდაათ წელს გადაშორებულია და ახლაც ყოველდღე ჩოგბურთს თამაშობს, აუზზე დადის. აპლოდისმენტები მას ჩემგან!

- თავად ჩაცმულობის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

- სცენაზე სხვადასხვანაირ სამოსს ვიცვამ, რომელსაც საგანგებოდ მიკერავენ. ჩემს პირველ კონცერტზე კოსტიუმები კარლ ლაგერფილდის სახელოსნოდან იყო გამოტანილი, რომლებიც ჩემთვის შეუკვეთეს... სცენაზე განსხვავებული, არაორდინარული კოსტიუმები მაქვს. ყოველდღიურად კი სპორტულად ვიმოსები: კედი, ბოტასი... როგორც მოგახსენეთ მიყვარს ნაცრისფერი, შავი, მუქი ლურჯი, მწვანე... ესენი სულ ნიუ-იორკის ფერებია...

- საქართველოშიც განსაკუთრებულად უყვართ შავი, ნაცრისფერი...

- შავი - უდავოდ! სხვათა შორის, ეს ფერი საფრანგეთშიც ძალიან უყვართ... შავს აქვს თვისება, რომელიც შენს გარეგნობას გამოხატავს. ქართველები ლამაზები ვართ და გვიყვარს ამის ხაზგასმა... ჭრელა-ჭრულა, ფერადები ადამიანის გარეგნობის აღქმას გაკარგვინებს. წარმოიდგინეთ, ლამაზ ადამიანს რომ აცვია ერთად: წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი, მერე ფერებს უფრო უყურებ, ვიდრე ადამიანის სახეს და სხეულს... თუმცა, მუდმივად გადაწყვეტა ტრაგიკულ, სიცილურ შავებშიც მაინცდამაინც სასურველი არ არის.

- აქსესუარებზე, სამკაულებზე რას იტყვით?

- იმ სამკაულებს ვიყენებ, რომლებიც ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა მაჩუქეს... არ ვიხსნი ხელიდან ულამაზეს, ალმასებით და ძვირფასი ქვებით შემკულ ბეჭედს, რომელიც ოპერის ქალღმერთმა - ელენა ობრაზცოვამ მაჩუქა. მან სპექტაკლის ბოლოს თითიდან მოიხსნა ბეჭედი და მისახსოვრა.

ასევე, მაქვს ბრილიანტის ულამაზესი ბეჭედი, რომელიც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, ბანკირმა ქალბატონმა მაჩუქა. ფლორიდაში კონცერტის დროს სცენაზე ამოვარდა, ხელიდან მოიხსნა და თვითონ გამიკეთა...

ძალიან ძვირფასია ჩემთვის არაჩვეულებრივი მხატვრის, მინანქრის პროფესიონალის - ნინო ანთელიძის ნაჩუქარი სამკაულები. მან ჩემი სურათები დახატა ბეჭედზე, საყურეებსა და კულონზე... ფატი კახნიაშვილმა ძალიან ლამაზი "ყურძნები" მაჩუქა. ქართული სტილისტიკით შექმნილი ულამაზესი საყურეებია.

- ინიექციების, პლასტიკური ქირურგიის, ხელოვნური ჩარევების მომხრე ხართ?

- აბსოლუტურად ვემხრობი! თავად ერთადერთი, რაც გაკეთებული მაქვს, ის არის, რომ 25 წლის წინ ზედა ტუჩი შევივსე... მერე ცოტა ფორმა შეეცვალა და ექიმი მეხვეწებოდა, - ნუ მარცხვენ, მოდი და გავალამაზებო, მაგრამ აღარ მივედი... ბევრს უთქვამს, როგორი ბუნებრივად სექსუალური და ლამაზი ტუჩები გაქვსო... ახლა შუბლზე ორი პატარა ნაოჭი მაქვს, რომელიც შეიძლება ფილერით გასწორდეს, მაგრამ ჯერჯერობით, ინიექციების ნაცვლად, სახე ტონუსში მასაჟებით მომყავს, ეს არის მკურნალობის უნიკალური მეთოდი! ალბათ მოვა დრო, როცა სახის მასაჟები საკმარისი აღარ იქნება და მაშინ რასაკვირველია, სხვა პროცედურებს ჩავიტარებ! თუმცა ყოველთვის ვეცდები ნატურალური მასალით გავიკეთო.

ახლობლებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ძლიერ პროფესიონალს უნდა მიენდო! ვერ ვიტან დასივებულ სახეს. როდესაც ადამიანი ბევრ ბოტოქსს და ინიექციებს იკეთებს, ნაოჭი ივსება, მაგრამ სახეც სივდება და სათამაშოს ემსგავსები. თუ კანი დეფორმირდება, ზედმეტ გადაბოტოქსებულ და გადაფილერებულ სახეს მირჩევნია, პლასტიკური ჩარევა...

ხშირი ინიექციებით აზარტში შედიან და ვეღარ ჩერდებიან, მე კი ერთნაირი, კარიკატურული გარეგნობა მომკალით და არ მელამაზება!

შინაგანად თუ გაცისკროვნებული ხარ, თუ შენში არის სექსის ენერგია, ქალური საწყისი, მაშინ ყველას მოხიბლავ... ხალხო, იცოდეთ, რომ კაცს ყოველთვის ენერგია იზიდავს და არა პლასტიკა-ბოტოქსით გადაუთოებული სახე. ის ენერგიით იკვებება, ხოლო ფაიფურის სახეს დიდი-დიდი, ერთი საათი უყუროს... როგორც პეპლები სინათლეზე, ისე მოდიან კაცები ქალის ენერგიაზე...

- როგორ შეიძლება ქალი მუდმივად გემოვნებიანად გამოიყურებოდეს, მიუხედავად დუხჭირი ყოფისა?..

- ჩემი პედაგოგი, რომელიც ჩინურ ვარჯიშებს მასწავლის, ძალიან სოლიდურ ასაკშია და აბსოლუტურად არაფერი შესამჩნევი არ აცვია. თუმცა ისეთ გამოიყურება, რომ ვხედავ, მსურს, ასაკში მეც ისეთი ვიყო. ნავარჯიშევი, მუდამ სიცოცხლით სავსეა. თხელი აღნაგობისაა და მისი თვალებიდან საოცარი სინათლე მოდის. მისი ნაოჭებიც კი ლამაზია... ჩემი რჩევაა, ადამიანი დილით რომ გაიღვიძებს, აუცილებლად ივარჯიშოს! მე წონას ვარჯიშით ვინარჩუნებ და ბალანსით. ერთ დღეს თუ გადავაჭარბებ, მეორე დღეს სწორი კვებით ვაბალანსებ...

ყველანაირი დეპრესია სიყვარულით უნდა დაიძლიოს... დეპრესია საერთოდ არ მახასიათებს, პირიქით, რადიკალურად ბედნიერი ადამიანი ვარ! უბრალოდ ზოგჯერ ნერვები მეშლება და შეიძლება ცუდი სიტყვა ვთქვა, ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენო. ცხოვრებაში ადამიანმა ცხოვრების დანახვა უნდა შეძლოს. თავად უნდა შეეძლოს საინტერესო ცხოვრების მოწყობა საკუთარი თავისთვის! ისე უნდა ჩაიცვას, რომ თავი კომფორტულად იგრძნობს... უამრავი ჟურნალია, ინტერნეტში ათასნაირი რჩევაა, როგორ შევიმოსოთ, მაგრამ აუცილებელი არ არის, იგივე ბრენდების შეძენა, რაღაც სასწაული თანხების გადახდა. "მეორადებში" 5 ლარად შეიძლება ისეთი სილამაზე შეიძინო, ჟურნალიდან გადმოსულს ჰგავდე... ნიუ-იორკში, "სეილზე" ჩემს შვილს ხუთ დოლარად ნაჭრის ფანტასტიკური კედი ვუყიდე. შემდეგ უძვირფასესი ადიდასის ბოტასიც შევუძინე და რაც უნდა პარადოქსული იყოს, ხუთდოლარიანი ბევრად კარგი ხარისხის აღმოჩნდა...

მთავარია ვიცოდეთ, რა არის ხარისხიანი და მერე ყველაფერი ბევრად ადვილია!

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"