"ამერიკის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"ამერიკის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება" - რას წერს უცხოური გამოცემა

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 4 მაისის ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით - "ამერიკის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება" (ავტორები - ჯულიან ბარსი, ჰელენ კუპერი და ერიკ შმიტი).

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ვაშინგტონი კიევს დაზვერვის მონაცემებს აწვდიდა, რომლის მეშვეობით რუსი გენერლების ადგილმდებარეობა უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი ხდებოდა. ფაქტობრივად, სწორედ ამერიკის დახმარებით ხოცავდნენ უკრაინელები რუს მაღალჩინოსან ოფიცრებს. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ყველა დარტყმა იმ პუნქტებზე, სადაც რუსი გენერლები იმყოფებოდნენ, აშშ-ის დახმარებით არ განხორციელებულა. მაგალითად, 30 აპრილს ქალაქ იზიუმში (დონბასი) უკრაინელებმა ამერიკის მონაცემების გარეშე დაბომბეს ის ადგილი, სადაც მანამდე რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა.

სხვათა შორის, რუსეთს საჯაროდ არ განუცხადებია აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი ვალერი გერასიმოვის გადაადგილების მარშრუტი, მაგრამ ამერიკის დაზვერვამ რამდენიმე დღით ადრე ეს მაინც შეიტყო. თავის მხრივ, უკრაინელები აცხადებენ, რომ ვალერი გერასიმოვი თავისივე გაუფრთხილებლობით მოხვდა საარტილერიო დაბომბვის ქვეშ და მსუბუქად დაიჭრა კიდეც, თუმცა ეს ფაქტი ოფიციალურად არავის დაუდასტურებია - არც კიევს, არც ვაშინგტონსა და არც მოსკოვს.

პუბლიკაციის მიხედვით, ამერიკელები უკრაინელებს ონლაინ-რეჟიმში აწვდიდნენ ინფორმაციას რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტების გეოლოკაციის ცვლილებების შესახებ. თავის მხრივ, უკრაინელები მიწოდებულ ცნობებს თავიანთ მონაცემებს ადარებდნენ, სარგებლობდნენ, აგრეთვე, სატელეფონო საუბრით და რადიომოსმენებით მიღებული ინფორმაციით.

ამერიკელმა ჩინოვნიკებმა, რომლებსაც გაზეთის კორესპონდენტები ესაუბრებოდნენ, უარი განაცხადეს იმის გამჟღავნებაზე, თუ როგორ აგროვებდნენ მონაცემებს, მაგრამ მიანიშნეს, რომ ისინი სარგებლობდნენ როგორც სამხედრო, ისე - კომერციული კოსმოსური თანამგზავრებისაგან მიღებული ცნობებით, რომლებიც ისე არის დაპროგრამირებული, რომ თვალი ადევნოს რუსეთის ჯარების გადაადგილებას უკრაინის ტერიტორიაზე.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინელებს ახალ სამხედრო ტექნიკასაც აძლევს, რომლის მეშვეობით უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ბრძოლის ველზე კონკრეტული რუსი ოფიცრის მოძებნა შეუძლიათ. მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატის - დრონი Switchblade-ის შემცირებული ვერსიით შეიძლება ცალკეული ჯარისკაცის იდენტიფიცირება და მისი განადგურება. რასაკვირველია, იმავე დრონით შეიძლება ავტომანქანში მჯდომი ან წინა ხაზზე მყოფი რუსი გენერლის ლიკვიდაციაც.

„ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ აღიარეს, რომ ვაშინგტონმა ოპერატიული სადაზვერვო მასალების გადაცემა უკრაინისათვის ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე - რუსეთის არმიის შეჭრამდე - დაიწყო. მაგალითად, ამერიკელებმა მოიპოვეს ცნობები, რომ რუსებს კიევთან მდებარე გოსტომელის აეროდრომზე დესანტი უნდა გადაესხათ და ეს უკრაინის არმიას აცნობეს, რომელმაც დროულად მოახერხა აეროდრომის დაცვის გაძლიერება. შესაბამისად, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დესანტი გოსტომელში განადგურდა“, - აღნიშნავენ ავტორები.

სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინას ცნობებს აწვდის არა მარტო ამერიკა, არამედ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოები.

ამასთან, როგორც „ნიუ-იორკ თაიმსის“ წყაროები ამბობენ, ვაშინგტონს არასოდეს ზუსტად არ მიუწოდებია კიევისათვის კონკრეტული რუსი გენერლის ზუსტი ადგილმდებარეობა. „ჩვენ უკრაინას ცნობებს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ვაწვდით და არა იმის განზრახვით, რომ მათ რუსი გენერლები დახოცონ“, - ამბობს ედრიენ უოტსონი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი.

ასეა თუ ისე, უკრაინის მტკიცებით, ომის დაწყებიდან ფრონტზე 12 უმაღლესი რანგის რუსი ოფიცერია დაღუპული, რაც ძალზე ბევრია - ყოველ შემთხვევაში, დასავლური არმიების სტანდარტებით. თავის მხრივ, რუსეთმა ოფიციალურად მხოლოდ ორი გენერლის სიკვდილი დაადასტურა - გენერალ-მაიორების, ანდრეი სუხოვეცკისა და ვლადიმერ ფროლოვის დაღუპვა, რომლებიც რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის სარდლის მოადგილეები იყვნენ.

პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, ხშირად თვითონ რუსი გენერლები იქცეოდნენ ისე, რომ იოლი იყო მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრა - ისინი მობილური ტელეფონებითა და დაუცველი რადიოსადგურებით სარგებლობდნენ.

„ეს მოწმობს მათ დაბალ დისციპლინაზე, არასაკმარის გამოცდილობაზე, მათ ქედმაღლობასა და უკრაინელთა შესაძლებლობების შეფასების უუნარობაზე“, - ეუბნება სტატიის ავტორებს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალი ფრედერიკ ბენჯამინ ჰოჯესი, - რა თქმა უნდა, ტელეფონის მეშვეობით იოლია ადგილმდებარეობის გარკვევა“.

რუსეთის სამხედრო ტაქტიკა ისეთია, რომ უფროსი ოფიცრების, კერძოდ, გენერლების მდგომარეობა საკმაო საფრთხის ქვეშ ექცევა. რუსული სამხედრო იერარქია განსხვავდება დასავლურისაგან, სადაც საველე პირობებში ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა სერჟანტებს და უმცროს ოფიცრებს ეკისრება და არა - სამხედრო მაღალჩინოსნებს. შესაბამისად, რუსი გენერლები იძულებულნი ხდებიან, ფრონტის ხაზზე იყვნენ, ლოჯისტიკური და ოპერატიული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, რითაც მათი სიცოცხლე რისკის ქვეშ ექცევა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ